საზოგადოება

როგორ გახდა ლია მიქაძე მხეცების მომთვინიერებლებისა და მათი ცხოველების მასპინძელი საქართველოში

№2

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 17.01, 2023 წელი

ლია მიქაძე
დაკოპირებულია

„...ადამიანი, რომელიც ეკრანზე ჩნდება, ინტელიგენტი უნდა იყოს. მისგან სითბო, სიკეთე უნდა მოდიოდეს. მაყურებელი ტელეწამყვანისგან შინაგან სიმშვიდეს უნდა გრძნობდეს. მე ათეული წლები ვიმუშავე ტელევიზიაში და ბუნებრივია, მასზე შეყვარებული ვარ...“ - ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. 1956 წლის 30 დეკემბრის საღამოს ეთერში გავიდა „თბილისის ტელეხედვის” პირველი გადაცემა. იმ მცირერიცხოვანი თბილისელების ტელევიზორების ეკრანებზე, რომლებსაც სახლში ეს საოცარი ყუთი ედგათ, გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონას ლამაზი სახე და მოღიმარი თვალები. ის მიესალმა მაყურებლებს, შემდეგ კი, თავისი სტუმრები წარუდგინა. იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს ტელევიზიის ისტორია. ლია მიქაძე, ახლა უკვე პირველი ტელევიზიის ისტორიის კუთვნილებაა. იგი ერთი თვის წინ გარდაიცვალა. წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა სასიამოვნო ამბები თავისი სატელევიზიო ცხოვრებიდან. სწორედ ეს წარმომსახველობითი ცნობიერება აცოცხლებს წარსულს და დღეს ჩვენ ამ კარგი ადამიანების დღიურებს გვაწერინებს.

მას ჰქონდა ტკბილ-მწარე, მაგრამ მაინც გამორჩეული ბავშვობა. მამა - შალვა მიქაძე, წლების განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, ფილარმონიის დირექტორის მოადგილე, 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. დედა - ცნობილი ფსიქიატრი ფეხმძიმედ დარჩა. მან მარტომ გაზარდა ერთადერთი ქალიშვილი.

ქალბატონი ელენე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსდამთავრებული იყო, ჰყავდა უამრავი მეგობარი. მამის მეგობრები კი იყვნენ - ლეგენდარული ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი. ასეთი ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა და დიდხანს ფიქრობდა მომავალ პროფესიაზე. დედას სურდა, არქიტექტორი გამხდარიყო, მაგრამ მას მეგობრები შეეწინააღმდეგნენ. მოგვიანებით, თავად გააკეთა არჩევანი - საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. პირველი თეატრალური შთაბეჭდილება ექვსი წლის ასაკში მიიღო. დედამ და დეიდაშვილმა, შემდგომში ცნობილმა თეატრმცოდნემ, ნათელა ურუშაძემ მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანეს. ეს იყო საკმაოდ გახმაურებული სპექტაკლი - „ქალი კამელიებით“ დიდი ვერიკოს (მარგარიტა გოტიეს როლში) მონაწილეობით. დაუვიწყარი იყო ეს საღამო. როცა მარგარიტა გოტიე კვდებოდა, პატარა ლიას ჯერ ცრემლები დასცვივდა, შემდეგ კი, ისეთი ხმამაღალი ტირილი დაიწყო, ვერავინ შესძლო მისი გაჩერება. ბოლოს საგრიმიოროში ჩაიყვანეს ვერიკოსთან. მას შემდეგ სცენის ეს დიდოსტატი მისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი გახდა. ყოველ დაბადების დღეს სტუმრობდა. ვერიკოს საჩუქარი, ვერცხლის ლამაზი კოვზი, მან ავგაროზივით ატარა და ლამის მთელი მსოფლიო შემოატარა. რკინიგზელთა #8 საშუალო სკოლაში ცნობილი ფილოლოგი, ბაბალე მაისაშვილი ასწავლიდა ქართულს, ისტორიაში - პროკლე ტაბიძე, გალაკტიონის ძმა. მასწავლებლის სახლში მას და მის თანაკლასელებს უნახავთ გალაკტიონი, რომელსაც მათთვის წაუკითხავს „გურიის მთები“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“. მოგვიანებით, თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე თავად წარმატებით წაიკითხა „გურიის მთები“ და მიშა თუმანიშვილის ჯგუფშიც ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული სტუდენტი იყო, როგორც ჩანს, შემოქმედებითი ცხოვრება სცენაზე მაინც არ ეწერა. 1956 წლის 16 ოქტომბერს, ფუნიკულიორზე თავი მოიყარა სამასამდე ლამაზმანმა. მათ შორის მხოლოდ ორს, ლია მიქაძესა და შურიკო (ალექსანდრა) მაჭავარიანს ერგოთ წარმატება. ოცდაექვს თანამშრომელთან ერთად ლიამ საქართველოს ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ერთმანეთს ცვლიდა საინტერესო პროგრამები, გადაცემები. პირველი პირდაპირი რეპორტაჟი რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად გადაიცა. იმ წლების განმავლობაში მოსკოველ კოლეგასთან, ირა ლეონტიევასთან ერთად, ის იყო ყველაზე პოპულარული წამყვანი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავშირში. უამრავჯერ შესთავაზეს მოსკოვში სამუშაოდ გადასვლა, მაგრამ წუთითაც არ დაუშვია საქართველოს ტელევიზიის მიტოვება.

მის ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი საინტერესო ისტორია, რომლის შესახებაც საქართველოში საკმაოდ დიდხანს, ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, რაც მთავარია, თავად მას არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი. „რომ არა ბატონი აკაკი ხორავა, ეს ფაქტი საბოლოოდ დაფარული იქნებოდა, - აღნიშნა საუბარში, მაგრამ ახლა უკვე გასახსენებლად სასიამოვნოა“.(წყ. გურიის მოამბე) 1961 წელს 25 წლის საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ლია მიქაძე (და უკვე საკმაოდ პოპულარული წამყვანი) ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ცნობილი კომუნისტი - პარტოკრატი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, კუბაში გაემგზავრა. ჯგუფში იყვნენ ხელოვნების გიგანტები: ვერა მარეცკაია, გიორგი ტოვსტონოგოვი, ოლეგ ეფრემოვი, აკაკი ხორავა, იონა ტუსკია... კუბა რევოლიციის ორი წლისთავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერი, ფიდელ კასტრო მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა. აქ შენიშნა მან ლია მიქაძე. და შემდეგ ,,ბონიტა, ბონიტას” (ლამაზო, ლამაზო) ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას. კასტრო მაშინ უცოლო იყო, არც ლია იყო გათხოვილი, მაგრამ მაინც ვერ დაუშვა საქართველოს მიტოვება. მეორედ მათი შეხვედრა თბილისში შედგა. ,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა”, - ამბობს ქალბატონი ლია. მისი იდეალი პროფესიონალიზმში იყო კოტე მახარაძე, რომელსაც ჰქონდა უამრავი ინფორმაცია, ენერგია, დიდი სიკეთე. სიცოცხლის ბოლო წლებში მან შექმნა წამყვანთა სტუდია, რომელიც ბევრ პროფესიონალს გაუზრდიდა საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა…

ლია, აქ შენი ადგილი არ არის!

„ტელევიზიის დიქტორების შესარჩევად კონკურსი რომ გამოცხადდა, თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ კურსზე (მიხეილ თუმანიშვილთან) ვსწავლობდი. ერთხელაც, ბატონ მიშასთან მისი ყოფილი სტუდენტი, მერაბ ჯალიაშვილი მივიდა და სთხოვა, - თბილისში ტელევიზია იხსნება და ლამაზი გოგონები გვჭირდებაო. მიშამ მკვახედ უპასუხა: მე შენთვის არავინ მყავს, თავი დამანებეო... რამდენიმე ხნის შემდეგ რადიოში დამიბარეს, მაგრამ თუმანიშვილის ნებართვის გარეშე როგორ გავბედავდი წასვლას?! რომ ვკითხე, - რატომ მიბარებენ-მეთქი? მეც მკაცრად მიპასუხა: მე რა ვიციო?. - მაშინ არ წავალ-მეთქი, - აუცილებლად უნდა წახვიდეო. საქართველოს რადიო მაშინ რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის სახლში მდებარეობდა. იქ ვიღაც კაცი დამხვდა დიდი სათვალით. მერე გავიგე, ავთო გაჩეჩილაძე ყოფილა, რომელიც რადიოს საბავშვო რედაქციიდან ტელევიზიის ჯგუფში გადასულა. რაღაც ოფიციალური ტექსტი წამაკითხეს გაზეთიდან, თანაც - ქართულ და რუსულ ენებზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მთაწმინდაზე დამიბარეს. იქ რომ ავედი, კინაღამ გადავირიე: 300-მდე გოგო დამხვდა! ვინც კი თბილისში ლამაზი იყო, ყველა იქ შეკრებილა, საღამოს კაბებში, გრძელი ხელთათმანებით, გეტრებითა და ასე შემდეგ. ვიფიქრე, - ლია, აქ შენი ადგილი არ არის-მეთქი, - და გამოპარვა დავაპირე. უკვე ეზოში ვიყავი გასული, როცა მერაბ ჯალიაშვილმა დამინახა და ძალით შემათრია უკან. ვეხვეწებოდი: დაღლილი ვარ, გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა. სტუდიაში შემიყვანა, კამერის წინ დამაყენა და მითხრა, გამოაცხადეო: „ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით წყდება ფილმის ჩვენება და ცოტა ხანში კვლავ განვაგრძობთ ფილმის დემონსტრირებას”. ყველაფერი ეს ვთქვი ჩვეულებრივად, ნერვიულობის გარეშე. მერე ისევ წამაკითხეს ოფიციალური ტექსტები. მერაბს ისევ ვთხოვე: გამიშვი, დაღლილი ვარ-მეთქი. პატარა ოთახში შემიყვანა, აქ დაისვენეო. იქ ორი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას კერავდნენ. - უსაქმოდ ვერ გავჩერდები, მომეცით, მეც მოგეხმარებით-მეთქი, - ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტუდიის ფარდა, რომელიც შემდეგ 11 წელი ეკიდა მთაწმინდის სტუდიაში. კონკურსი ღია ეთერში გადაიცემოდა და ვისაც უკვე ჰქონდა ტელევიზორი, უყურებდა. რეკავდნენ სტუდიაში: „ეს კარგია… ეს არ ვარგა... ის საერთოდ, რატომ მოვიდა... იმას სარკე არა აქვს სახლში?!” ყველას თავისი აზრი ჰქონდა. ამ 300 გოგონადან პირველ ეტაპზე 9 შეგვარჩიეს, შემდეგ კი უკვე ცეკაში გადაწყვიტეს, რომ პირველი დიქტორები ვიქნებოდით მე და შურიკო მაჭავარიანი (ავტ. გ.ფრანგიშვილი). პროგრამა მე გავხსენი. შემდეგ წარვადგინე ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე აკაკი ძიძიგური, თბილისის პარტიის ქალაქკომის პირველი მდივანი ალექსანდრე მელაძე, აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე, პოეტი იოსებ გრიშაშვილი, ჩემი ნათლია და სოციალისტური შრომის გმირი ანატოლი ზაბოლოტსკი. მათ თბილისელებს მიულოცეს ტელევიზიის გახსნა. გრიშაშვილმა ლექსები წაიკითხა, ხოლო შემდეგ შურიკო მაჭავარიანმა წაიყვანა კონცერტი. მახსოვს, ეთერ გვაზავამ და ციცინო ციცქიშვილმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს... ამ პირველი პროგრამისთვის ჩვენ მთელი სამი თვე ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, გადაცემამდე, სტუდიის სტუმრები მთაწმინდაზე არ ამოგვყავდა და მათ მაგივრად, რეპეტიციებში ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. თავიდან შტატში სულ 28 ადამიანი ვიყავით, ყველანი - სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, ამიტომ აკაკი ძიძიგური კვირაში ან ათ დღეში ერთხელ ცდილობდა, სხვადასხვა მიზეზით შევეყარეთ ერთად ვინმეს ოჯახში ან კაფეში, რომ ერთმანეთს დავახლოებოდით. ბატონი აკაკი ჩინებული ხელმძღვანელი იყო... სტუდიაში სულ ერთი კამერა გვქონდა, რომელსაც მხოლოდ საშუალო პლანით შეეძლო ადამიანის ჩვენება. მეორე კამერა კინოსაპროექციოში იდგა. თანაც, არ მოძრაობდა და მარტო სტატიკას აჩვენებდა. რაც მთავარია, იმ პერიოდში 16-მილიმეტრიანი კინოფირიც არ გვქონდა. ყველაფერს ფოტოაპარატით იღებდნენ. ჩვენი ფოტოგრაფი, რევაზ კეზელი ყველაფერს ასწრებდა. პირველ საინფორმაციო გამოშვებას ერქვა „რა მოხდა დედაქალაქში”, შემდეგ დაარქვეს - „ახალი ამბები”.

უხმო ფირი და საეთერო კაბები

თავიდან ეთერში 5, 7 წუთით გავდიოდით, მერე - 10 წუთით. მოგვიანებით, გაჩნდა 16-მილიმეტრიანი კინოფირიც, ამასთან, გამჟღავნების შემდეგ პირდაპირ პოზიტივს ვიღებდით. ჩვენი რეჟისორი ზენონ კაცია მონტაჟის დიდოსტატი იყო. ასე რომ, გადაღების მომენტიდან ეთერში გასვლამდე სულ ორიოდ საათში ვასწრებდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, ფირი უხმო იყო, გამოსახულება კი - შავ-თეთრი. არ დაგავიწყდეთ, ყველანი არაპროფესიონალები ვიყავით. მაგალითად, პირველი ოპერატორი, ბიჭიკო სულამანიძე კინოსტუდიიდან მოიწვიეს, რევაზ გაბაშვილი და ენრიკო დონდუა კი, თავიდან ჩვეულებრივი მუშები იყვნენ, კინოფირებს ტვირთავდნენ, მერე ოპერატორობა მოინდომეს და ისწავლეს. მე საეთერო კაბებს თავადვე ვყიდულობდი... ორ დიქტორზე - ჩემზე და შურიკო მაჭავარიანზე გამოყოფილი იყო 1 500 მანეთი. გარდა ამისა, მე, როგორც ფრიადოსანი სტუდენტი, ინსტიტუტში ვიღებდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას - 500 მანეთს. ასე რომ, ჩემთვის ეს სავსებით საკმარისი იყო.

დიდი თეთრი მაიმუნი

ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა, მოგვიანებით შევიძინეთ, თუმცა მოსკოვში ზოგიერთი ჩემი ახლობლის ოჯახში ნანახი მქონდა პატარა ტელევიზორები. მოსკოვის ტელევიზიის დიქტორებიც მახსოვს: ვალენტინა ლეონტიევა და ნინა კონდრატიევა. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით და ქალიშვილი რომ შემეძინა, ძალიან თბილი წერილი და დიდი, თეთრი სათამაშო მაიმუნი გამომიგზავნეს.

ცირკის „გიჟი“ და ზაპაშნის ვეფხვი

„ქართული სცენის ოსტატები”, „მწერლები სტუდიაში”, „ახალი წიგნები” და მხატვრული ან დოკუმენტური ფილმები. მწირი სატელევიზიო ტექნიკის მიუხედავად, საინტერესო გადაცემებს ვაკეთებდით. მიხეილ თუმანიშვილმა ისიც კი მოახერხა, რომ 1958 წელს ერთი კამერით სატელევიზიო სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი” დადგა. მაშინ ვიდეოჩამწერი აპარატურა არ გვქონდა, არც მოძრავი სატელევიზიო სადგური (მსს). ის მოგვიანებით შევიძინეთ, მაგრამ იმ მსს-ით მხოლოდ პირდაპირი ტელერეპორტაჟების მოწყობა შეიძლებოდა. მოგვიანებით, კარლო გარდაფხაძის თავმჯდომარეობის დროს, ინგლისური მსს-იც ჩამოიტანეს თბილისში. MAI ერქვა. მაშინ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის გამოფენა მოეწყო და ეს მსს ადგილობრივმა ტელევიზიამ ინგლისელებისგან იყიდა, გარდაფხაძემ კი იმდენი ეხვეწა მოსკოვის ტელევიზიის თავმჯდომარეს, ნიკოლაი მესეცევს, რომ ჩვენთვის დაათმობინა... აკაკი ძიძიგური სულ გვეუბნებოდა: ჩვენ თბილისის ტელევიზია ვართ და არავის არ უნდა მივბაძოთ, ჩვენ ჩვენი პროდუქცია უნდა შევქმნათო. არავის ვბაძავდით და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით. ჩვენს სტუდიას სტუმრობდნენ მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები: მომღერალი დინ რიდი, პიანისტი ვან კლიბერნი, იტალიელი კინოვარსკვლავი ლუჩია ბოსე, ბერძენი მომღერალი იოვანა. მაშინ თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო გუგული ყიფიანი. მოსკოვში თუ ვინმე ცნობილი არტისტი ჩამოვიდოდა, აუცილებლად ჩამოიყვანდა თბილისში. მაშინ ფილარმონია „გოფილექტის ბაღში”, პლეხანოვის გამზირზე იყო და იქ იმართებოდა კონცერტები, რომლებიც მე მიმყავდა. როგორღაც ისე მოხდა, რომ მე მიწევდა მხეცების მომთვინიერებლებისა და მათი ცხოველების მასპინძლობაც. ავთო გაჩეჩილაძე იყო ცირკის „გიჟი” და მას მოჰყავდა ხოლმე სტუმრები: ვალტერ ზაპაშნი, მარგარიტა ნაზაროვა, ირინა ბუგრიმოვა. ზაპაშნის ვეფხვის თავი მუხლებზე მედო, მაგრამ როდესაც მთაწმინდის სტუდიის ვიწრო კორიდორში ბუგრიმოვას ლომის უზარმაზარი თავი გამოჩნდა, ყველანი ოთახებში ჩავიკეტეთ. ირინა მას „ფისუნიას” ეძახდა. ეს „ფისუნია” კი სტუდიურ პიანინოზე აძვრა და ისე გვარიანად გაისეირნა მის კლავიატურაზე, რომ მერე ვეღარც ააწყვეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი