საზოგადოება

როგორ გახდა კალისტრატე სალია ევროპაში სახელგანთქმული ქართველოლოგი და რატომ მოხვდა ის ბედნიერ ხუთეულში

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00 20.09

კალისტრატე სალია
დაკოპირებულია

კალისტრატე სალია სამეგრელოში, სოფელ ჯგალში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯგალისა და ზუგდიდის დაწყებით სკოლებში, ხაშურის გიმნაზიაში. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს. 1922 წელს, მეტეხის ციხეში დატუსაღებულ 62 პოლიტიკურ პატიმართან ერთად, ვლადიმერ ახმეტელის ძალისხმევით, უცხოეთში გაასახლეს. გერმანიაში გაუმართლა და 90 უცხოელი ახალგაზრდიდან იმ ბედნიერ ხუთეულში მოხვდა, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენისა და ლიტერატურის ორწლიან ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. ჩააბარა სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე და წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. იყო „თეთრი გიორგის“ წევრი. შემდგომში გაწევრიანდა „ქართულ ფაშისტურ დარაზმულობაში“. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.

პარიზში გაიცნო პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე ისტორიის განხრით ვარშავის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი, რომელთანაც ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა.

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა რიცხვი. სალიების მოწაფეთა შორის ბევრი გახდა ქართველოლოგი. ევროპაში ქართველოლოგიისადმი ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აკადემიკოსმა ნიკო მარმა აღმოაჩინა ისეთი ლიტერატურული ძეგლები, რომლებიც ბიზანტიურ მწერლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ქართულ თარგმანებში იყო შემონახული. საჭირო გახდა მსოფლიოსთვის კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საფუძვლიანად გაცნობა, რაც 30-იანი წლების მეორე ნახევარში ინგლისურ ენაზე ლონდონში გამომავალმა ბეჭდურმა ორგანომ „გეორგიკამ“ ითავა, მაგრამ მისი გამოცემა მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. 1948 წელს კალისტრატე და ნინო სალიებმა საკუთარი სახსრებით, ასევე, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ფინანსური დახმარებითა და ნებართვით დააარსეს სამეცნიერო ისტორიულ-ლიტერატურული ჟურნალი „ბედი ქართლისა“. თავდაპირველად ჟურნალი მცირე მოცულობის იყო, წელიწადში 4-ჯერ ქართულ ენაზე გამოდიოდა, ემსახურებოდა ვიწრო წრეს. ჟურნალის რედაქცია სალიების ბინაში იყო განთავსებული. 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა „ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართველოლოჟი“. მასში სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, ზოგჯერ იტალიურადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კალისტრატე იყო ჟურნალის სული და გული, რედაქტორი და კორექტორიც კი, ხოლო მეუღლესთან ერთად – გამომცემელიც.

სალიებმა ჟურნალის გარშემო შემოიკრიბეს ქართველი მეცნიერები: მიხაკო წერეთელი, მიხეილ თარხნიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, ელენე მეტრეველი და სხვები. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ მსოფლიოს ცნობილი კავკასიოლოგები და ორიენტალისტები. კალისტრატე სალიას 70-ე საიუბილეო წლის ერთობლივ მილოცვაში უცხოელმა ქართველოლოგებმა ასე შეაფასეს ჟურნალ „ბედი ქართლისას“ წვლილი და მისი რედაქტორის მეცნიერული დამსახურება: „კალისტრატე სალიამ შეძლო, თავისივე დაარესებული ბეჭდვითი ორგანოს – „ბედი ქართლისას“ ირგვლივ შემოეკრიბა ყველა ქართველოლოგი და კავკასიოლოგი, დაემყარებინა აუცილებელი კავშირი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შორის და გაეღვიძებინა მეცნიერთა ინტერესი ამ ლეგენდარული და შთამბეჭდავი მხარის ცივილიზაციის ყოველმხრივი შესწავლისადმი”.

მრავალფეროვანია კალისტრატე სალიას მეცნიერული მემკვიდრეობა. იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს; უცხოურ ენციკლოპედიებში ბეჭდავდა ქართული სინამდვილის ამსახველ წერილებს; ასევე, დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა უცხოელ ქართველოლოგებს. წერდა სამეცნიერო შრომებს, გამოკვლევებს, მონოგრაფიებს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. 1980 წელს ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა კალისტრატე სალიას ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“, წიგნს იმავე წელს მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია. „ქართველი ერის ისტორიას“ მაღალი შეფასება მისცეს ცნობილმა ევროპელმა ქართველოლოგებმა. ჰანს ფოგტი წერდა: „ეს არის შესანიშნავი ნაშრომი, რომელსაც ქართველი ერი იმსახურებს. ფრანგი მკითხველისათვის ის იქნება შესანიშნავი საშუალება ძალზე ნაკლებად ცნობილი ერის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად”.

კალისტრატე სალია, როგორც ევროპაში სახელგანთქმული ქართველოლოგი, არჩეული იყო სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრების წევრად. ის იყო ლუვენის, ოსლოს, ბამბერგის, ბორდოს უნივერსიტეტებისა და პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, პროფესორი, ხმელთაშუაზღვეთის აკადემიის წევრი. ასევე, პარიზის სააზიო, საისტორიო და ლინგვისტური, აგრეთვე, ბიზანტიოლოგიური საზოგადოებების წევრი; საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; 1964 წლიდან, ყოველწლიურად, 15 წლის განმავლობში ირჩევდნენ მეცნიერული პრესის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად.

კალისტრატე და ნინო სალიების სურვილით, 1980 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა მათი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული. დღეს ხელნაწერთა ცენტრში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს.

გამოყენებული მასალების წყარო: კალისტრატე სალია: 1901-1986 // 100 ქართველი უცხოეთში; სალია კალისტრატე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა