როგორ გახდა გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე და რის გამო მიიღო მან ბერლუსკონის საპატიო პრიზი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 09.08, 2023 წელი
21 წლის გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელია და ოჯახის ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. გიორგი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავეა და წინ საოცარი წარმატებებით მიიწევს.
გიორგი ფოცხიშვილი: არც კი მახსოვს, როგორი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ცეკვის სამყაროში. მე ამ გარემოში გავიზარდე. ბაბუის – გელოდი ფოცხიშვილის, მშობლებისა და მთელი ოჯახის დამსახურებით. ცოტა გააზრებულ ასაკში უკვე სარეპეტიციო ფორმა მეცვა და დარბაზში ვიყავი. კულისებში გავიზარდე, სულ ქართულ ცეკვას ვუყურებდი და აქედან გამომდინარე, მეც ქართული ცეკვით დავიწყე სწავლა ჩემი ოჯახის ცეკვის აკადემიაში. ქართული ცეკვა ქართველისთვის ძალიან ორგანული და ძვირფასია, ამიტომ მისი შესრულების დროს თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. დასაწყისშივე მივხვდი, რომ ჩემი მომავალიც ცეკვასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მაშინ ბალეტზე არ ვფიქრობდი. ცოტა დრო რომ გავიდა, მეც და ჩემმა მშობლებმაც, გადავწყვიტეთ, რომ კლასიკური მიმართულებითაც მეცადა ბედი. გვინდოდა, ცეკვის სამყროში თვალსაწიერი გამეფართოებინა. ამიტომ, უკვე 13 წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში შევედი. საბალეტო სკოლა დედას აქვს დამთავრებული და სავარაუდოდ, მისმა გენეტიკამაც თავისი გავლენა იქონია.
ქართული ცეკვით აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ კლასიკურმა ბალეტმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, მიმიზიდა და მალევე დამაინტერესა. თუმცა, ქართული ცეკვისთვის თავი არ დამინებებია, ორივეთი ერთდროულად ვიყავი დაკავებული და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან წამადგა – ორივე მათგანის დახვეწასა და ზოგადად, წინსვლაში დამეხმარა. ბალეტის ცეკვა აზარტული პროცესია, დღემდე აღმოჩენებში ვარ, მუდმივად ვვითარდები.
– გამოდის, თავიდანვე კარგად აუღე ალღო. პირველი წარმატებები როგორი იყო?
– ქართულმა ცეკვამ თავდაჯერებულობა შემძინა, კარგი გამოცდილება მომცა და ეს ბალეტშიც გამომადგა. თან, მოგეხსენებათ, საბალეტო სკოლაში ბევრი ბიჭი არ არის. ბოლოს, კლასში, ბიჭი მარტო მე ვიყავი, სულ მარტო ვვარჯიშობდი. აქედან გამომდინარე, ბევრი ცეკვა მიწევდა და დიდი გამოცდილება მივიღე. ბალეტი ადვილი არ არის, განსაკუთრებით, როდესაც ქართული ცეკვის ბაზა გაქვს, კლასიკურ მიმართულებაზე გადასვლა რთულია, რადგან ორგანიზმი ჩამოყალიბებული გაქვს, როგორც ქართული ცეკვის მოცეკვავეს და ბუნებრივია, რომ ფიზიკური ცვლილება მარტივიად არ ხდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პირველი წარმატებაც ეს იყო – ჩემგან ბალეტის მოცეკვავე შედგა.
– ჯერ კიდევ 17 წლის იყავი, როცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექეცი და ბერლუსკონის საპატიო ჯილდოც დაიმსახურე. ეს როგორ მოხდა?
– მაშინ საბალეტო სკოლის გამოსაშვებისთვის ვემზადებოდი და დარბაზში ცეკვის დროს მეგობრმა გადამიღო ვიდეო, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნეთ. ყველასთვის მოულოდნელად, უცებ ამ ვიდეომ ისეთი ადამიანების ყურადღება მიიქცია, რომ გაოცებული ვიყავით. ჩემ მიმართ დიდი ინტერესი წამოვიდა. მაშინ მივიღე პირველი მიწვევა იტალიიდან, ბერლუსკონის სახელობის კონკურსიდან. კონკურსი მილანში გაიმართა. ჩავედი, ვიცეკვე, გავიმარჯვე და ბერლუსკონის საპატიო პრიზი ავიღე. ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული შემძინა. მაშინ ნახა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძემ ჩემი გამოსაშვები საღამო და ლონდონში, თავის საზაფხულო სკოლაში მიმიწვია. საკმაოდ საინტერესო პერიოდი იყო. ზუსტად იქ მივხვდი, რა იყო ევროპული სკოლა ბალეტში. მილანსა და ლონდონში მიღებული გამოცდილების შემდეგ, კიდევ უფრო დავინტერესდი და მეტ დროს ვუთმობდი ბალეტს. ვფიქრობდი, რომ საზღვრებს გავცდებოდი. იქ კიდევ უფრო კარგად დავინახე, რამდენად მრავალმხრივი იყო ბალეტი და აქედან გამომდინარე, ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
– ამიტომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება ევროპაში, კერძოდ კი ამსტერდამში?
– დიახ. სწავლა ამსტერდამში გავაგრძელე. უნივერსიტეტი, სადაც ბალეტს უმაღლესის დონეზე გვასწავლიდნენ, ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტთანაა მიბმული. ჩემი ვიდეოები რომ გადავუგზავნეთ, მაშინვე დაგვთანხმდნენ მიღებაზე. აქ განსხავავებულ სტილს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მეც, ჩემდაუნებურად, ქართული ცეკვის წყალობით, ბალეტში საკმაოდ განსხვავებული სტილი ჩამომიყალიბდა.
– რაც შეეხება უკვე ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტს, იქ მიღება, ალბათ, განსაკუთრებული ემოციებით გახსენდება.
– ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა და ყველაფერი თეორიულად ხდებოდა. ძალიან მიხაროდა, რომ თეატრში მიმიღეს, მაგრამ თითქმის ერთი წელი სახლში ვიყავი, ყველაფერი გაჩერებული იყო, საერთოდ არაფერი ხდებოდა და ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა, რომ უკვე ამხელა თეატრის ნაწილი ვიყავი. მჯეროდა, რომ კოვიდი ოდესმე დასრულდებოდა და ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდებოდი. აქ სულ გიწევს იმის მტკიცება, რომ კარგი არტისტი ხარ და აქ ყოფნას იმსახურებ. ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის თეატრია და მისთვის მზადება სკოლიდანვე იწყება. ფორმიდან არ უნდა ამოვარდე, რომ მაღალ სტანდარტებს არ ჩამორჩე. ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
– არაჩვეულებრივი დებიუტი გქონდა დიდ ბალეტში – საოცარი პრემიერა წამყვანი როლით და თავიდანვე განსაკუთრებული პარტნიორი.
– როცა ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და ჩვენც მივედით თეატრში, მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს დრო გამომეყენებინა და ფორმაში შევსულიყავი. საბედნიეროდ, სანამ მთავარ როლამდე და დიდ ბალეტამდე მივიდოდი, თავიდანვე, ძალიან კარგი პარტიების ცეკვის შანსი მომცეს. სკოლიდან მოსულს პირდაპირ დიდ ბალეტს არ გაცეკვებენ, ამისთვის პრაქტიკა არის საჭირო. როდესაც უკვე დიდ ბალეტზე მიდგა საქმე, ყველაფერი საოცრად მოხდა, გეგონებოდა, სცენარი წინასწარ იყო დაწერილი. აქ ბევრი წყვილია, ვისაც უკვე ნაცეკვი აქვს ეს ბალეტი და მე, უბრალოდ, შემომთავაზეს, მოდი, შენც ისწავლეო. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. წარმოიდგინეთ, დარბაზში უდიდესი სახელის მქონე მოცეკვავეებთან ერთად რომ ცეკვავ. სიამოვნებით ვსწავლობდი. ერთ დღესაც, უდიდესი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი პრიმაბალერინას, ანა ციგანკოვას პარტნიორი არ მოვიდა. ეს დღე ფილმის სცენარს ჰგავდა. დირექტორმა ანას უთხრა, შეიძლება, გიორგიმ სცადოსო? მე დავიმორცხვე, ხმას ვერ ვიღებდი (იცინის). ისე მოხდა, რომ ეს რეპეტიცია მე და ანა ციგანკოვამ სრულიად უპრობლემოდ ჩავატარეთ. მთლიანი ბალეტი ისე გავიარეთ, გეგონებოდა, ძალიან დიდი ხანი იყო გასული, რაც ერთად ვცეკვავდით. ამ რეპეტიციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბალეტი ჩვენ გვეცეკვა. ასე შედგა ჩემი პირველი პრემიერა – „რაიმონდა“ ანასთან ერთად, სადაც მე ვაჟის მთავარი პარტია შევასრულე.
– როგორი შეფასებები მიიღე?
– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. საერთოდ, წინასწარ არ ვიქმნი მოლოდინებს და მაქსიმალურად ვარ ჩართული პროცესში. თან, ასეთი დონის ბალერინას რომ უწევ პარტნიორობას, პროცესის ნაცვლად შედეგზე რომ იფიქრო, შეიძლება, ფეხი დაგიცდეს. სულ ემოციების კონტროლში ვიყავი. იმის გამო, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, არანაირი შიში და კომპლექსი არ მქონია. ჩემმა დებიუტმა ძალიან თავისუფლად და ლაღად ჩაიარა და ყველამ გაუსვა ამას ხაზი. ამბობდნენ, საერთოდ ვერ შევამჩნიეთ, რომ გიორგისთვის ეს პირველი დიდი ბალეტი იყო. გვეგონა, უკვე ორ გამოცდილ მოცეკვავეს ვუყურებდით, რომლებიც წლები ცეკვავდნენ ერთადო. ეს ყველაზე მეტად გამიხარდა. არ მინდა, ვინმემ იმის გათვალისწინებით შემაფასოს, რომ ჯერ პატარა ან გამოუცდელი ვარ. სცენაზე რომ გავდივარ, მინდა, არტისტი დაინახონ და არა დამწყები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





