საზოგადოება

როგორ გახდა გიორგი გახელაძე პირველი რეკორდსმენი საქართველოდან მოტოსპორტში და რა სირთულეების გადალახვა დასჭირდა მას

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 16.10

გიორგი გახელაძე
დაკოპირებულია

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კილომეტრი გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გიორგი გახელაძე: საქართველოს ისტორიაში პირველი ვარ, ვინც რეკორდი დაამყარა არა მხოლოდ მოტოსპორტში, არამედ საერთოდ, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია. ამ მიღწევამ ძალიან მაგარი ემოციები მომიტანა, უბედნიერესი ვიყავი, როცა ფინიშის ხაზი გადავკვეთე. იმ წამებში უკვე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა ამის შემდეგ.

– დარწმუნებული იყავი, რომ ასე მოხდებოდა თუ მაინც გქონდა ეჭვი?

– ეჭვები მხოლოდ ტექნიკასთან დაკავშირებით მქონდა. მე ასი პროცენტით მზად ვიყავი და შეჯიბრებაზე საკუთარ თავში დარწმუნებული გავედი. მჯეროდა, რომ ჩემი მიზეზით არაფერი მოხდებდა, წყალში ნამდვილად არ ჩავიძირებოდი, თუმცა, ტექნიკასთან დაკავშირებით ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი, ძრავი რამდენად გაუძლებდა ამხელა დატვირთვას. ვნერვიულობდი, ფინიშამდე არ დაზიანებულიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა – ძრავმაც დიდი პატივი გვცა და ასეთი შედეგი მივიღეთ (იცინის).

– რობი მედისონი მსოფლიო რეკორდს ფოთში დაემშვიდობაო, წერდი. ეს ფაქტი, ალბათ, კიდევ უფრო აძლიერებს გამარჯვების სიხარულს.

– მე მხოლოდ რობი მედისონისთვის არ მიჯობნია, მე ვაჯობე „რედბულის“ უძლიერეს გუნდს. დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და ტესტირებები სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემთან შედარებით, რობი მედისონი ტექნიკურად ძალიან წინ იყო. დიდი გუნდი მუშაობდა მის ტექნიკაზე. ასი პროცენტით შესწავლილი ჰქონდათ, რომელი მასალის თხილამური იყო უკეთესი. უამრავი ცდა ჩაატარეს, სანამ იდეალურ ვერსიამდე მივიდოდნენ. ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ და ტექნიკურ დონეზე ჩვენ შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. რთულია, როცა ამ დონის შეჯიბრებაზე ასეთი სხვაობა გაქვს, როცა მას საუკეთესო აქვს, შენ კი არასაიმედო ტექნიკით გადიხარ.

– სამაგიეროდ, ორმაგად დასაფასებელია ეს შედეგი. როგორ ემზადებოდი ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დონეზე?

– კი ბატონო, ორმაგად დასაფასებელია. თბილისის ზღვაზე გვქონდა ტესტდრაივები. მერე ქობულეთში წავედი. ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი წნეხის გავლა მომიწია. სულ იმაზე მეფიქრებოდა, თუ როგორ გაუძლებდა ჩემი ტექნიკა ამ დატვირთვას. ხალხის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული და ტექნიკას რომ ეღალატა, მთელი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ვისოლი“ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორი – ასი პროცენტით მენდნენ და გვერდით დამიდგნენ.

– მოდი, ენდურო მოტორბოლაზე ცოტა მეტი მოგვიყევით...

– ენდურო მოტოსპორტის ერთ-ერთი სახეობაა. რაც როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი წინაღობების გადალახვებს გულისხმობს. ჩემპიონატები საქართველოში, დაახლოებით, 7-8 წელია, ტარდება. ამ სპორტით დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. პირველი ქართველი ვარ, ვინც საერთაშორისო ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, ქულები ავიღე და ამის საფუძველზე საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციას ლიცენზია გადასცეს. თუ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ქულას ვერ აიღებ, ქვეყანა მოტოსპორტში ლიცენზიას ვერ იღებს. ჩემი შედეგის დამსახურებით, ორი წელია, საქართველოს ლიცენზია აქვს.

– როგორ დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით?

– ამგვარი სპორტის სახეობები ყოველთვის მიზიდავდა. მოტო და ენდურო იმიტომ მომეწონა, რომ ძალიან დიდი ადრენალინთან და ექსტრემთან ასოცირდება, თან უსაფრთხოა. გარდა ამისა, ბუნებასთან ახლოს ხარ და სასიამოვნოა ეს ყველაფერი. 2015 წელს ვიყიდე პირველი მოტოციკლეტი. მაშინ 14 წლის ვიყავი. მოტოსპორტისთვის ეს საკმაოდ დაგვიანებული ასაკია. მით უმეტეს, ამის შემდეგ, დაახლოებით 3-4 წელი ჰობის დონეზე „ვკატაობდი“ და უკვე 18-19 წლიდან დავინტერესდი, როგორც სპორტის სახეობით. საკმაოდ დიდი დრო დავკარგე. გვიან დავიწყე, მაგრამ ამის და კიდევ ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთ რაიდერში შევედი.

– გვიან დაიწყე, ტექნიკის თვალსაზრისით რთულად გვაქვს საქმე და რას ამბობენ, რისი დამსახურებით გაქვს ასეთი შედეგები?

– ალბათ, ნიჭისა და შრომის ერთობლიობით. ყველაფერი მონდომების შედეგია. ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტი ჩავდე, მაგრამ ალბათ, ნიჭიც აღმომაჩნდა, ტექნიკასთან სიახლოვის განცდა მაქვს. ზოგადად, მოტოციკლეტი უნდა იგრძნო. თუ მისი მართვისას ეს გრძნობა არ გაქვს, ამას ვარჯიშით ვერ შეიძენ. ადამიანი ან ხარ ასეთი, ან - არა და გამოდის, მე, თურმე, ძალიან კარგად შევიგრძნობ ძრავის მუშაობას.

ცუდი ის არის, რომ ეს საკმაოდ დაუფასებელი სპორტია. ტოპ ხუთ რაიდერში შევედი, მსოფლიო რეკორდი მოვხსენი, საქართველოს ლიცენზია მოვუპოვე, ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია, არანაირი მხარდაჭერა, ჰონორარზე ზედმეტია საუბარი. სხვა ქვეყნებში სულ სხვანაირი მდგომარეობაა. ზოგადად, ამ სპორტს ფეხბურთს ვერ შეადარებ, არ არის იმდენად ცნობილი, მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩემი დონის რაიდერებს სპონსორზე დარდი მაინც არ უწევთ და არ ფიქრობენ, რომ მათი ვარჯიში შეიძლება, წყალში ჩაიყაროს. მე შეიძლება, მთელი ზამთარი ვივარჯიშო, სეზონის დასაწყებად მოვემზადო, მაგრამ სპონსორი არ გამომიჩნდეს და საერთაშორისო მასშტაბით ვეღარ ვიასპარეზო. ეს ძალიან ცუდია. სპორტსმენისთვის დამთრგუნველია, წინსვლის სურვილს გიკარგავს, მაგრამ მე როგორღაც ვახერხებ, მოტივაცია არ დავკარგო. ახლა ამ მსოფლიო რეკორდის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სპონსორების მხრიდან უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოვქეულიყავი. თუმცა, რომ ვუფიქრდები, მგონი, ჯობდა, ფეხბურთელი ან მოჭიდავე გამოვსულიყავი, სულ რომ ამის ნახევარი შედეგი მქონოდა, უფრო დავფასდებოდი. არა უშავს, ვიცი, რომ საკმაოდ რთული გზა ავირჩიე, გაუკვალავი გზა გავკვალე, პირველი ვარ, ვინც ამ მიმართულებით წავიდა და გზა გაჭრა. მაქსიმალურად ვეცდები, საქართველოს მოტოსპორტის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო.

– მოტოთი დადიხარ ყველგან: წყალში, მიწაზე, ასფალტზე, კლდეებზე, მოაჯირებზე. არის ადგილი, სადაც ჯერ არ გაგივლია?

– აი, ზუსტად ასეთ ადგილებს ვეძებ, სად შეიძლება, კიდევ გავიარო. ჯერჯერობით ყველაფერზე დავდივარ, ვნახოთ, თუ რამე უცხოს აღმოვაჩენ...

– თქვი, რომ ეს სპორტის უსაფრთხო სახეობაა. არადა, ვუყურებ ვიდეოს, როგორ ადიხარ კლდეზე მოტოთი და ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს უსაფრთხოა.

– უსაფრთხოში ვიგულისხმე ის, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უხეშად რომ ვთქვათ, არ მოკვდები ამ სპორტის სახეობით, თუმცა შეიძლება, რაღაც დაიზიანო, მოიტეხო, გაიჭრა – ეს სპორტის ნებისმიერ სახეობაშია მოსალოდნელი. საერთოდ, ამ სახეობისგან განსხვავებით, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ეკიპირება ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს. ჩვენი ეკიპირება, დაახლოებით, 15 ათასი ლარი ჯდება. მარტო ჩაფხუტი 4 000 ლარი ღირს. თუმცა, როგორ არა, დაზიანებებიც მიმიღია, აზერბაიჯანში მენჯის ძვალი გამიტყდა, ერთხელ ორი თითიც მოვიტეხე, მეტი განსაკუთრებული არაფერი მახსენდება.

– რა ხდებოდა 14 წლამდე?

– ბავშვობიდან რაგბისტობა მინდოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე ამ სპორტში ჩემი თავი. ალბათ, შესაბამისად მონდომებული არ ვიყავი და წარმატებას ვერ მივაღწიე, რამაც სურვილი დამაკარგვინა. მერე გადავწყვიტე, მოტოსპორტი მეცადა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომივიდოდა. 5 წლის ვიყავი, როცა ავტომობილს უკვე დამოუკიდებლად ვმართავდი, შესაბამისი კადრებიც არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა