საზოგადოება

როგორ გახდა გენადი ჟორჟოლიანი ჩინეთის კლუბების ტოპ-ასეულის ლიდერი დიჯეი და რამდენ საიდუმლოს ინახავს ის

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 26.04, 2023 წელი

გენადი ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ყოველ ორშაბათს, „ია ფარულავას კონვერტის“ გადაცემის ბოლო ბლოკში კონვერტი, სადაც სტუმრის დაფარული, გაუხმაურებელი და სკანდალური ამბავი წერია, სტუდიაში ახოვან, სიმპათიურ, ათლეტურ, შავ შარვალ-პიჯაკსა და სათვალეში გამოწყობილ დევის ვერცხლისფერი ქეისით შემოაქვს. იდუმალი „კონვერტის მცველის“, როგორც მას ია ფარულავა მიმართავს, დევის პერსონა მაყურებელს ძალიან აინტერესებს და სოციალურ ქსელში მის ვინაობას ხშირად კითხულობენ. რეალურად იდუმალი „კონვერტის მცველი“, 34 წლის წარმატებული სპორტსმენი გენადი ჟორჟოლიანია, რომელიც სულაც არ არის ისეთი მკაცრი და სიტყვაძუნწი, როგორიც გადაცემაში ჩანს.

გენადი ჟორჟოლიანი: სამტრედიის სოფელ ბაშში დავიბადე და გავიზარდე. გაწონასწორებული ბავშვი ვიყავი, სპორტული. შარიანი და მოჩხუბარი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ჩემი ტოლი ბიჭებისთვის, ყველაფერში მეჯობა, რაც, ხშირად გამომდიოდა. თუმცა, არავის არაფერს ვუშავებდი, ვინდობდი (იცინის). ფეხბურთზე დავდიოდი და საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. შემტევი ნახევარმცველი ვიყავი.

– ფეხბურთს რატომ დაანებე თავი?

– 2009 წლამდე ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზაზე ვცხოვრობდი. ძალიან ცუდი პირობები იყო, ბიჭებს საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა ხოლმე. უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობდი, წარმატებული ვიყავი, თუმცა ძირითადი პრობლემა შემოსავალი იყო, რის გამოც 18 წლისამ საყვარელ სპორტზე უარი ვთქვი, ფეხბურთს თავი დავანებე და რაგბის თამაში დავიწყე. ქუთაისის „ბაგრატში“ ვთამაშობდი, საკმაო წარმატებებიც მქონდა, თუმცა, იმავე პრობლემას შევეჩეხე და ფინანსების უქონლობის გამო წამოვედი. მერე თურქეთში მომიწია ანიმატორად მუშაობა. იქიდან რომ ჩამოვედი, გავიცანი ბიჭი, რომელიც მენეჯერი იყო და დიჯეები კლუბებში სამუშაოდ ჩინეთში მიჰყავდა. მოკლედ, შევკრიბე ხალხი, ჩამოვაყალიბე ჯგუფი და ზუსტად ათ დღეში ათი ცეკვის ქორეოგრაფია გავაკეთე. ეს შოუ გააგზავნა ჩემმა მენეჯერმა ჩინეთში და ორ კვირაში უკვე იქ ვიყავი. რვა წელი ჩინეთში, კლუბებში ვმუშაობდი, როგორც დიჯეი და სხვათა შორის, კლუბური გამოკითხვების შედეგად, რამდენიმე წელი ჩინეთის საუკეთესო ტოპ-დიჯეების ასეულში, პირველ ადგილს ვიკავებდი. თან, დიჯეობასთან ერთად, წამყვანიც ვიყავი.

– რის გამო წამოხვედი წარმატებული დიჯეი ჩინეთიდან და ყოფილი ფეხბურთელი და რაგბისტი შერეული ორთბრძოლების მებრძოლი როგორ გახდი?

– ჩინეთში ცხრა წელი ვიმუშავე და ყოელდღიურად ღამის ცხოვრება, ყელში ამომივიდა, თან დიჯეობაც მომბეზრდა და ცხოვრების წესის შეცვლა მომინდა. ბავშვობიდან სპორტული ვიყავი და მინდოდა, ისევ ჯანსაღი წესით გამეგრძელებინა ცხოვრება. ასეც მოვიქეცი, დავემშვიდობე ჩინეთს და ჩამოვედი. რაც შეეხება საბრძოლო ხელოვნებას, ხშირად მიწევდა ქუჩაში ჩხუბი, არასდროს გამოვდიოდი სიტუაციიდან წაგებული და აქედან გამომდინარე, მჯეროდა, ამ სფეროშიც წარმატებას მივაღწევდი, წინ წავიწევდი. დავიწყე ვარჯიში და დავდე პირობა: თუ ბრძოლას წავაგებ და ისე ვერ ვიასპარეზებ, როგორც საჭიროა, ისევ დიჯეურ ცხოვრებას დავუბრუნდები-მეთქი. თვითონ მოვემზადე, გავეცანი საბრძოლო ხელოვნების წესებს, გავიცანი ბიჭები – გიორგი ტაბატაძე, შოთა ბეთლემიძე. დავიწყე ამ ადამიანებთან ვარჯიში და ჩემი თავის გამოცდა. როგორც კი საჭიროდ ჩავთვალეთ, რინგზე გავედი და მას შემდეგ წარმატებით ვასპარეზობ. ასე რომ, აღარ მომიწია დიჯის სტატუსით დაბრუნება და ვრჩები იმ აზრზე, რომ შემიძლია ამ სპორტში კიდევ უფრო სერიოზულ წარმატებებს მივაღწიო. ბრძოლების თითქმის, ოთხმოცი პროცენტი დროზე ადრე მაქვს დასრულებული.

– მახსოვს, ბათუმში იმართებოდა კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ცეკვა“, კონკურსანტებს შორის შენც იყავი და ნახევარფინალამდეც მიხვედი. ესე იგი, ცეკვაც გიყვარს.

– ცეკვა მიყვარს კი არა, მეხერხება (იცინის). არ ცდებით, ნახევარფინალიდან გამოვვარდი. სხვათა შორის, ჩემი პერფომანსები ძალიან მოსწონდა ჟიურის. ჩემი ცეკვები ძირითადად ემოციებზე იყო გათვლილი. მეწყვილე გოგონაც მყავდა. მოკლედ, ბავშვობიდან მქონდა ეს მიდრეკილება და ჩინეთშიც შოუებს რომ ვდგამდი, მიწევდა წაცეკვება და ჩემი ეს ნიჭიც მადგებოდა. სწორედ იმ პერიოდში, როცა ცეკვების კონკურსზე გამოვდიოდი, ნახევარფინალის წინა დღეს, ბიჭებმა მითხრეს, სანდაში არ გვყავს მძიმე წონა და თუ იჩხუბებ რინგზეო. სანდა, ანუ „არასანქცირებული ბრძოლა” ჩინური ორთაბრძოლის ხელოვნებაა, რომელიც ტრადიციულ კუნ-ფუს სწავლასა და პრაქტიკაზე, თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაზეა დაფუძნებული. ის ითავსებს კიკბოქსინგის სრულ-კონტაქტს, რომელიც შეიცავს ხელითა და ფეხით დარტყმას, ჭიდაობას, პარტერში ბრძოლას, გდებებს, მოცელვებს, დარტყმების დაჭერებს, ზოგიერთ შეჯიბრებაში კი – იდაყვითა და მუხლით დარტყმასაც. ბრძოლა წესების გარეშე, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ისე იბრძოლო, როგორც გინდა. ბრძოლას უნდა გრძნობდე და შენეული ტაქტიკაც გქონდეს. მე ვირჩევ, თავიდანვე გადავიდე შეტევაზე და ვიდრე მეტოქე ჩემს ხასიათსა და ტაქტიკას მიხვდება, ვაჯობო. მოკლედ, იმდენად ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, ვუთხარი – რატომაც არა-მეთქი. საკმაოდ ძლიერ მეტოქეს მოვუგე დამაჯერებლად და პირველი ადგილი ავიღე. ჩემდა გასაკვირად, მედალსა და სიგელში ფული მომთხოვეს, 35 ლარი (იცინის). მაშინ ხელმომჭირნედ კი ვცხოვრობდი და არ მქონდა ფული, მაგრამ რომც მქონოდა, არ მივცემდი. ჩემთვის მთავარი ბრძოლაა და არა თანხით ნაყიდი მედალი.

სხვათა შორის, მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ექვსი უფროსი და მყავს. ოჯახში ყველას უნდა, რომ ამ სპორტს შევეშვა, ძალიან განიცდიან. თუმცა, რომ ვიმარჯვებ, უხარიათ.

– „ია ფარულავას კონვერტში“ რომ გამოჩნდი, მოსწონთ?

– ძალიან მოსწონთ, ეკრანზე კონსერვატიულ ფორმაში რომ მხედავენ და არა დასისხლიანებულს (იცინის). „ია ფარულავას კონვერტი“ ძალიან საინტერესო შოუა, სადაც ჩემი როლი, ერთი მხრივ, უმნიშვნელოა, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი, რადგან ჩემს ხელში მთელი საიდუმლოებები იმალება (იცინის). სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი მყავს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ქასთინგიაო. მივედი, გამესაუბრნენ და მითხრეს: ზუსტად ის ტიპაჟი ხარ, ჩვენ რომ გვინდაო და ასე აღმოვჩნდი შოუს მონაწილე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა