საზოგადოება

როგორ გახდა ერთი უბრალო, ხულიგანი ქუჩის ბიჭი პოპულარული მსახიობი

№51

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 29.12, 2021 წელი

კახი კავსაძე
დაკოპირებულია

ბევრ სიხარულთან, მრავალ წარმატებასთან ერთად ცხოვრებამ სევდა და ტკივილიც მოუტანა. კახი კავსაძეს მაინც არასდროს დაუკარგავს სიკეთისა და სიყვარულის უნარი, რაც მის თვალებში სულ ჩანდა. ასეთად დარჩა ბოლომდე და ხალხის უზომო სიყვარულიც თან გაიყოლა.

გათელილი ბავშვობის წლები

„ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა მე და ჩემს ძმას, მძიმე ბავშვობა გამოვიარეთ... დედაჩემი ექიმი გახლდათ. როდესაც სამუშაოდ სოფელში გააგზავნეს, წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, და საერთოდ, ომის პერიოდში თუ საქართველო ფიზიკურად გადარჩა, სწორედ სოფელმა გადაარჩინა, რადგან იქ იყო ნატურალური პური, კვერცხი... უმძიმესი სიტუაცია იყო.

რაც შეეხება მამას, ის ფრონტზე იბრძოდა. ფაქტობრივად, მე და ჩემი ძმა დედამ გაგვზარდა. როცა დედაჩემს ეკითხებოდნენ, შენი შვილები როგორ არიანო, პასუხობდა: რა ვიცი, იზრდებიან და ვირდებიანო... დედაჩემი ხან დაგვიყვირებდა, მამაჩემი მკაცრად გვსჯიდა, მაგრამ ისე აკეთებდა ამას, რომ ჩვენს ღირსებას არ ლახავდა, ისე გვტუქსავდა, რომ ეს მისთვის უფრო ძნელი იყო, ვიდრე ჩვენთვის. ერთხელ ჩემს შვილს, ირაკლის, 5 წლის რომ იყო, წამოვარტყი და დღესაც მახსენებს ხოლმე, იმდენად შეეხო მის ღირსებას, რომ სერიოზულად დაამახსოვრდა...

დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. როდესაც გულის შეტევა დაეწყო, თვალები სხვანაირი გაუხდა და ძალიან ფხიზლად დაიძახა: „დ ა თ ა შ კა“! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მამამ მოაკითხა, რომელიც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. დახუჭა თვალები, წავიდა... მეც ხმამაღლა დავუძახე: „გმადლობთ, დედა!“ რათა გაეგო.

უმცროს ძმად დარჩენილი იმერი

კიკეთში ყოფნისას სულ ვიტყუებოდი, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი და გოგონებიც, ალბათ, იჯერებდნენ. ტანით დიდი ვიყავი, ვერავინ იტყოდა, რომ მე-7 კლასელს ვგავდი. იმერი ჩემზე 2 წლითა და რამდენიმე დღით უმცროსია, ორივე ივნისში ვართ დაბადებული. როდესაც ის 15-ის გახდა, შემდეგ 20-ის, მაგრამ მაინც უმცროს ძმად რჩებოდა. ახლაც კი ჩემთან უმცროსის პოზიციაშია, ჩემს ძმას, ისევე, როგორც ადრე, ბავშვობის ძმაკაცებიც, როგორც უმცროსს, ისე უყურებენ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ხუმრობით უთხრა: „იმერ, მომაწოდეო“, მან კი უპასუხა: „რამე ხომ არ გეშლებაო?“ „კი არ მეშლება, დამავიწყდა, რომ შენ მოხუცი ხარო...“

„ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მიზანი და წესია“

დაახლოებით, 1 წლის წინ, ახალგაზრდა რეჟისორთან, რუსეთში ფილმი გადავიღეთ, ფილმს ჰქვია „ჩე-ბე“ (ფ¸ðíî-ბåëûé). როდესაც გადაღება დამთავრდა, მან ასეთი რამ მითხრა: „კახი დავიდოვიჩ, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილების კაცი ბრძანდებით, ბევრი გინახავთ, ბევრ ფილმში გითამაშიათ, რას მირჩევდით ცხოვრებაში?“ მე ვუპასუხე: „არასდროს, არავისი, არაფერი შეგშურდეს. შენ კარგი რეჟისორი ხარ, მაგრამ როგორც კი სხვისი შეგშურდება, მაშინვე ცუდი რეჟისორი გახდები. თუ სხვა რეჟისორის ნამუშევარი მოგეწონა, აღიარე ეს! არ მოინდომო, რომ მან ცუდი გააკეთოს. შენ თუ მოგეწონება სხვისი კარგი, დააფასებ და შეაფასებ, შენც შეძლებ კარგი ფილმების გადაღებას“.

ცოტა ხნის წინ თვალების ოპერაცია გავიკეთე. პროფესორმა მკითხა: „ბატონო კახი, ძალიან კარგად გამოიყურებით და ხომ ვერ გვეტყვით, რაშია საქმე?“. იქვე დაუფიქრებლად ვუპასუხე – „არასდროს, არავისი, არაფერი არ მშურს.“ ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მიზანი და წესია. ისე მინდა ვიცხოვრო, რომ არავისი არაფერი არ შემშურდეს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან შემშურდა ავთო მახარაძის მიერ ნათამაშები როლი „ჯაყოს ხიზნებში“. იმდენად მომეწონა მაგის ნამუშევარი, იმ წუთას ვუთხარი, რომ მისი მშურდა. მაშინ ბათუმში თენგიზი „მონანიების“ გადაღებას იწყებდა, ვქეიფობდით და ავთოს ვუთხარი, – დავიბოღმე ისე შეასრულე-მეთქი.

მსახიობობა, როგორც სულისა და გულის ტკივილი

ერთხელ, ბავშვობაში ჩემთვის რაღაცას ვხატავდი. დედაჩემმა მითხრა: ასე არაო და ცხენი დამიხატა, მერე ლომი და დაიწყო ხატვა. მერე დრო რომ გავიდა, მითხრა, მე სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინაო. თურმე, მას არაფრით არ მისცეს ამის უფლება. ბებიაჩემი, რობაქიძის ქალი, ეუბნებოდა, ექიმი უნდა გამოხვიდეო. დედაჩემი კარგი ექიმი იყო, მაგრამ ამაზე გული სწყდებოდა.

რაც შემეხება მე, არტისტობას არ ვაპირებდი. ეს კარგად მახსოვს, ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრი ვიფიქრე, რა მეკეთებინა ცხოვრებაში და გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. ძალიან ცუდი მეტყველება მქონდა, ქუჩის ბიჭი, ხულიგანი ვიყავი. ხორავა და ვასაძე იყვნენ კომისიაში, თორემ არც მიმიღებდნენ, ისეთი საშინელი მეტყველება მქონდა. კოტე მახარაძე აღმოჩნდა ძალიან კარგი პედაგოგი. ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო არტისტისთვის? ამისთვის საჭირო იღბალია. თუ ნიჭიერიც ხარ, ძალიან კარგი. იღბალი ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიჭიერება. იღბალი ის კი არ არის, თავიდანვე მეფე ლირს ითამაშებ თუ არა. იღბალი არის ის, თუ ვინ იყო შენი პირველი რეჟისორი და შენ, როგორც არტისტს, ვინ დაგელაპარაკა. მეორე – შენი პირველი პარტნიორი ვინ იყო, ანუ ვინ დაგელაპარაკა როგორც არტისტი არტისტს. მესამე – შენი პირველი პედაგოგი ვინ იყო, ვინც შენ არტისტობა შეგასწავლა. აქაც იღბლიანი აღმოვჩნდი. მახსოვს, იღებდნენ ფილმს: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, ჩემს გმირს ვეფხია ერქვა. როდესაც ამ ფილმზე დამამტკიცეს, სასინჯი გადაღებები დაიწყო. კამერასთან დადგომა პირველად მომიწია. ამ ფილმზე ცნობილი რუსი რეჟისორი ვარპახოვსკი მუშაობდა. ეს პირველი რეჟისორი იყო, რომელიც დამელაპარაკა, როგორც რეჟისორი - არტისტს. მივხვდი, რასაც მთავაზობდა. ეს იყო რეჟისორი, რომელმაც მითხრა, თუ რა უნდოდა ჩემგან. დროდადრო მხვდებოდნენ რეჟისორები, რომლებიც ვერ მაგებინებდნენ, რა უნდოდათ... მე სულ არ მაინტერესებს, რას ვთამაშობ, მთავარია როგორ ვითამაშებ. რაც შეეხება ჩემს პირველ პარტნიორს, ეს ჟორა შავგულიძე გახლავთ, რომელიც, ჩემს ბაბუას თამაშობდა. რაღაც დიალოგი გვქონდა, რითაც მოვიხიბლე. ეს იყო კაცი, რომელიც დამელაპარაკა, როგორც ნამდვილი ბაბუა, ეს არ დამავიწყდება... წასვლისას კი ვარპახოვსკის უთხრა: „რა სწორად მიპასუხაო“, რა კარგად კი არა, რა სწორად მიპასუხაო. ლეილა აბაშიძეც იყო ჩემი პარტნიორი. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იქ თამაში ვეღარ გავაგრძელე. ვეღარ ვითამაშე, მაგრამ კინოს ჟინი დამრჩა. ამ როლზე რომ დამამტკიცეს და მერე ვეღარ ვითამაშე, გულში ჩამრჩა.

რეჟისორობის სურვილი

რეჟისორობაც მოვინდომე და სცენარებსაც ვწერდი. მოსკოვში წასვლას ვაპირებდი, „ვგიკში“. თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძეც ყველა „ვგიკისტები“ არიან. ახალი თაობა როცა წამოვიდა, თითქმის ყველამ ჩვენი ინსტიტუტი დაამთავრა. დავალებად ნაწარმოებების „გასცენარებას“ მაძლევდნენ. პირველ სცენარს „ïî÷åìó?“ ერქვა. ეს მამაჩემის ისტორიას უკავშირდება. როდესაც მამაჩემი დაიჭირეს, დედა გვეუბნებოდა, რომ იქიდან ვეღარ ჩამოვიდოდა, ეგრეც იყო. ხშირად მამასთან „პერედაჩა“ მიგვქონდა. ერთხელაც, უკან გამოგვატანეს. როდესაც მიზეზი ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ უკვე გადასახლებული იყო ციმბირში. დედა, მე და იმერი ვისხედით, დედამ თქვა: „ის წავიდაო“. როდესაც ვკითხე, ხომ ჩამოვა-მეთქი, დედამ მიპასუხა, ის უკან აღარ ჩამოვაო, მე კი ვკითხე „რატომ?“. სცენარსაც სწორედ ამიტომ „ïî÷åìó?“ (რატომ) დავარქვი. ერთხელ ანა კარენინაც „გავასცენარე“. როდესაც ანა კარენინა გადაიღეს, ზუსტად ისე იწყებოდა, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. მერე ჩემთვის გავაანალიზე, თუ რა მომწონდა ამ რეჟისორში. ხშირად ვხმარობ ამ სიტყვებს, რომ რეჟისორმა არტისტს თავისუფლება და მუშაობის დროს იმპროვიზაციის უფლება არ უნდა წაართვას, იმ მომენტში უნდა გავაკეთო ის, რაც თავში მომივა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მას მოუვიდა თავში. მე, როგორც არტისტს, უნდა მქონდეს ის თავისუფლება, რისთვისაც ვიბრძვი. მე უნდა ვგრძნობდე, რომ მას, რეჟისორს ვუყვარვარ, კეთილგანწყობილი თვალით უნდა მიყურებდეს. რეზო ჩხეიძესთან მქონდა ომი, ვეუბნებოდი, ამ ხმალს გაგირჭობ-მეთქი...

თეატრში მომხდარი სასაცილო შემთხვევა

სერგო ზაქარიაძე ჩემი მეტყველების მასწავლებელი გახლდათ. ნუგზარ ჯუღელთან ერთად ინდივიდუალურ გაკვეთილებს გვიტარებდა. ოთახები მორთული იყო დეკორაციებით. ჩვენ სამნი ვიყავით. სერგოს ერთ-ერთი ცნობილი მოთხრობის წაკითხვა უნდა ესწავლებინა. დაიწყო განცდებით კითხვა. „მაინც მომიხდა წასვლა“ თქვა და ცრემლები წამოუვიდა, ერთი საათი კითხულობდა. აბა, ახლა შენ წაიკითხეო. მე შემეშინდა, მის მერე როგორ შეიძლებოდა რამე წაგეკითხა?! ავიღე მოთხრობა და დავიყვირე! დავიყვირე და სკამებს წიხლი დავარტყი, ავღელდი, ერთი სკამი წავაქციე, მეორე გადავაგორე. რა ქენიო, – მეკითხება, წავიკითხე, ბატონო სერგო-მეთქი. ეს წაიკითხეო? თავისი ყველაფერი მოაგროვა, აკრიფა, დაადო თავი და წავიდა. იმის მერე ჩემთან აღარ შემოსულა. როდესაც ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი გახდა, მე უკვე არტისტი ვიყავი. მე და სერგო კარგი ძმაკაცები ვიყავით. ძალიან ვუყვარდი ბატონ სერგოს. როცა გადაღებაზე ვარ, როგორც მინდა, ისე ვიქცევი. მთავარია, სხვას გული არ ატკინო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მთავარი როლი არ გაქვს.

უცხოელი და ქართველი დიდი არტისტები

... აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა დიდი არტისტები იყვნენ, ეს ხომ „გიჟების“ თაობა იყო. სერგო ზაქარიაძე მეტყოდა ხოლმე: როცა სცენაზე გამოსასვლელად დამიძახებენ, მათ დაზუსტებით იციან, რომ მე მზად ვარო. დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რომ ამას მიაღწიო. შესაძლოა, ორმოცი წელიწადიც კი. ხანდახან ვფიქრობ, არტისტები პოლიტიკაში რატომ მიდიან?! სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია აკლიათ. ჩვენი არტისტების მთავარი ამოცანა კი მაყურებელთან ურთიერთობაა. მე რომ მაყურებელთან სცენაზე გავდივარ, მე ხომ მათი ნაწილი ვარ, მე ხომ მათთან კავშირს ვამყარებ. თუ დამოუკიდებლად დაიწყებ ბლუკუნს, მაშინ შენი ფასი ნულია. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით, არტისტებმა უფრო იციან ხალხთან კომუნიკაცია. ეს ჰიტლერმა კარგად იცოდა. გრიგოლ რობაქიძე ხშირად ამბობდა ჰიტლერზე, რომ, როცა ის გამოვიდოდა სიტყვით, ყველაფერს აზანზარებდა. დააკვირდით, ხელს რომ გაშლიდა, შემოატარებდა ხალხს და მათ აჰიპნოზებდა. არტისტებიც იმიტომ მოდიან პოლიტიკაში - ეჩვენებათ, რომ ხალხთან კავშირში ყოფნა შეუძლიათ. რამაზმა იცოდა თქმა, – მაყურებელს რომ დავიჭერ, რასაც მინდა იმას ვუზამ, სადაც მინდა, იქ მივარტყმევინებ თავსო (ავტორი – თ. ცუცქირიძე) ეს კი მხოლოდ დიდ არტისტს შეუძლია.

ბელა, როგორც დიდი ტკივილი

მე ახლა ის ბეჭედი მიკეთია, რომელიც ბელას ეკეთა. ხანდახან ვიკეთებ, ხანდახან – არა. რატომ მომინდა? რაღაც კავშირის ბრალია. სასაფლაოზე როცა მივდივარ, ვუყურებ, ვუყურებ და ვხვდები, რომ აგერ არის, მეტრ-ნახევარშია ჩემგან, მაგრამ ვერაფრით ვერ შევდივარ კავშირში, იმიტომ რომ ის იქ არ არის. ის სხვაგან არის. მმფარველობს იქიდან. როდესაც უკვე მიდიოდა, ასეთი ფრაზა თქვა: „ Я только буду благославлять тебя от туда.“ (მე იქიდან მხოლოდ დაგლოცავ).“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი