როგორ გახდა ელისაბედ ჯავახიშვილი ბიოლოგიურ ცხრა შვილთან ერთად 12 შვილობილის დედა და რა უმძიმესი ისტორიები გადაიტანეს მისმა აღსაზრდელებმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 02.02, 2021 წელი

ელისაბედ ჯავახიშვილის ცხოვრება სავსეა დაუჯერებელი ისტორიებით. ზოგი ძალიან მძიმეა, ზოგი – ბედნიერებით სავსე, მაგრამ ყველა სიყვარულითა და სიკეთით გაჟღენთილი. პრობლემაც ბევრია, თუნდაც ის, რომ ცხრა შვილის დედას, რომელსაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა აქვს, საკუთარი დაზღვევით ელემენტარული გამოკვლევის ჩატარებაც კი არ შეუძლია.
ელისაბედ ჯავახიშვილი: მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და მარტივი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ ძალიან ხალისიანი ვიყავი და ტრაგედიებისა და ტკივილების გადაფარვას ჩემი სილაღით ვცდილობდი. ახლაც ასეა. მრავალშვილიანი დედა ვარ და დღევანდელ ყოფაში არ არის ადვილი ამ პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა, არც მატერიალურ და არც ემოციურ დონეზე, მაგრამ მე ყოველთვის გულის კარნახს მივყვები და ვცდილობ, ყველა პრობლემა სიყვარულითა და რწმენით გადავჭრა. როცა მეკითხებიან, პროფესიით ვინ ხარო, ვპასუხობ, რომ დედა ვარ. დედობა მარტო სამშობიარო ტკივილებს არ მოიაზრებს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა.
პირველი შვილი რომ შემეძინა 18 წლის ვიყავი. გათხოვებიდან, წელიწადი და შვიდი თვე შვილი არ მიჩნდებოდა და ვხედავდი, როგორ ეშინოდა დედამთილს, უშვილო არ ვყოფილიყავი. ცნობილ პროფესორებთან დამატარებდა, ჩემი გასინჯვის შემდეგ, ყველა ექიმი ერთსა და იმავე დიაგნოზს სვამდა, ამბობდნენ, რომ მე შვილი არასდროს მეყოლებოდა. ისინი ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ მე თითქოს, ვერ აღვიქვამდი ამ დიაგნოზის მნიშვნელობას. შინაგანად მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ მე აუცილებლად გავხდებოდი დედა. დიდი სასწაული იყო, როდესაც პირველად დავფეხმძიმდი. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, როდესაც მეორე შვილზე დავფეხმძიმდი, დედამთილ-მამამთილისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. მათ საოცრად ეგოისტური დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარ, დედისერთა შვილთან. უნდოდათ, მას ყოველთვის უზრუნველად ეცხოვრა ფუფუნებაში და შვილებზე ზრუნვით არ შეწუხებულიყო. ამის გამო მოხდა ჩვენი პირველი უთანხმოება და მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს ოჯახის დატოვება მოგვიწია.
– მეუღლე შეიცვალა ამის შემდეგ?
– ძალიან ცუდად იყო გაზრდილი, საერთოდ არაფრის კეთება არ იცოდა. მხოლოდ ის შეეძლო, გაშლილ სუფრასთან დამჯდარიყო და თუ რამე მოეწონებოდა, მიერთმია. ვის უნდა, ქმარი აღზარდოს, მაგრამ ეს ფუნქციაც შევითავსე. მე უფრო ძლიერი აღმოვჩნდი და საბედნიეროდ, ის ძალიან დამყოლი იყო. კარგსა და ცუდს შორის თავად გააკეთა არჩევანი. რასაც წამოვიწყებდი, ყველაფერში მხარში მედგა. ბუნებით ძალიან რბილი და კეთილი ადამიანია.
– როცა მრავალშვილიანი დედა გახდით და უკვე ოჯახისგან ცალკე ცხოვრობდით, არ გიჭირდათ?
– ურთულესი იყო. თითოეული ლუკმისთვის ვლოცულობდით. ძალიან გვიჭირდა თავის გატანა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი შვილების ცნობიერების ჩამოყალიბება იყო. სულიერ დაპურებაზე უფრო მეტს ვზრუნავდი. უამრავი სირთულის მიუხედავად, ყოველდღე ვცდილობდი, ბავშვებისთვის ზეიმი მომეწყო. ბავშვობაში გოგონები დედაშვილობანას რომ დიდი ხალისით თამაშობენ, ზუსტად იმ განწყობას ვქმნიდი და ასე გავზარდე ჩემი შვილები.
– მერე სახლიც დაკარგეთ, არა?
– კი და დღემდე ქირით ვართ. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ჩემი სახლი ის სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობ-მეთქი. სულ სიდუხჭირეზე რომ მეფიქრა, არა მგონია, ნორმალური ფსიქიკა შემრჩენოდა. ბინის დაკარგვის შემდეგ გურჯაანში ვცხოვრობდით. გურჯაანის ნაყინის ქარხანაში მისულა ჩემი მეორე შვილი და დირექტორისთვის უთხოვია, მუშაობა დამაწყებინეო. იმ კაცს ობოლი ჰგონებია, რაც ჩემმა შვილმა იუკადრისა – მშობლები როგორ არ მყავს, მაგრამ ბევრი და-ძმა ვართ და მინდა, ზაფხულში ვიმუშაო, რომ შემოდგომისთვის შარვალი და ბოტასები ჩემი ფულით ვიყიდოო. მახსოვს, უცხო მანქანა გაჩერდა ჩვენი სახლის წინ და იქიდან ჩემი შვილი გადმოვიდა უცხო კაცთან ერთად. ხუთი ტომარა ფქვილი და მანქანიდან რამდენიმე ყუთი ნაყინი გადმოიტანეს. მედიდურად გამაცნო, ეს კაცი ჩემი ძმაკაციაო. გაოცებული ვუყურებდი, იმ კაცმა გარკვეული თანხაც გადმომცა კონვერტით და მითხრა: მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვისო. მერე მომიყვა, თქვენი შვილი ამ ყველაფერს არაფრით იღებდა ჩემგან და შეურაცხყოფილი მეუბნებოდა, თქვენთან დახმარების კი არა, სამსახურის სათხოვნელად მოვედიო. მე ვუთხარი, წესებს ვერ დავარღვევ და სრულწლოვანი სანამ არ გახდები, მუშაობას ვერ დაგაწყებინებ. ამიტომ, მოდი, მანამდე ვიძმაკაცოთ-მეთქი. ხელი ჩამირტყა და მერე ვუთხარი, რომ ძმაკაცები ერთმანეთს ეხმარებიან ხოლმე და მხოლოდ ამ პირობაზე წამოვიდაო. თქვენს შვილს ძალიან ჯანსაღი ფსიქიკა აქვს და მისგან კაცი დადგებაო – ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იმ ადამიანმა თავისი სიტყვაც შეასრულა. წლების განმავლობაში ჩემს შვილთან მეგობრობდა და ყოველთვის გვეხმარებოდა. ხოლო, როცა ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდა, მართლა დააწყებინა მუშაობა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ კეთილი ადამიანებისგან და დახმარებისგანაც მიწევდა ჩემი შვილების „დაცვა“. მაგალითად, ბავშვთა დაცვის დღეს მოდიოდნენ ტელევიზიები და ჩვენი ოჯახის გაჭირვებაზე სიუჟეტს ამზადებდნენ. „საწყალი გაჭირვებული ოჯახი“ – ძირითადად, ასე მოგვიხსენიებდნენ ეკრანიდან. ადამიანს შეიძლება, მატერიალურად გიჭირდეს, მაგრამ სულიერად ძალიან ძლიერი იყო. სწორად გამიგეთ, ამისგანაც მიწევდა ჩემი შვილების დაცვა. არაჯანსაღი მგონია ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მხრიდან. ის ბავშვებიც ხომ ისმენენ ამ სიტყვებს და წარმოიდგინეთ, როგორ ითრგუნებიან, განსაკუთრებით თანატოლებთან მიმართებაში.
რაც შეეხება ბინის დაკარგვას, მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და ფილტვი დაეჟეჟა. ეს მაშინ დამალა, მაგრამ სამი თვის შემდეგ მოულოდნელად შეტევა დაემართა. თავიდან არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისად, რამდენიმე თვე უშედეგოდ ვმკურნალობდით. მერე ონკოლოგიურში გაგვიშვეს და აღმოჩნდა, რომ რთულად იყო საქმე. უკვე ფილტვზე ჰქონდა სიმსივნური წანაზარდი, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოკვეთილიყო. ოპერაციის თანხის დასაფარავად მოგვიწია სახლის გაყიდვა. ექიმები გვეუბნებოდნენ, მაინც ვერ გადარჩება და ბავშვებს ტყუილად ნუ დატოვებთ უსახლკაროდო, მაგრამ არ დავნებებულვართ. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე გადარჩა და მის ცნობიერებაში რევოლუცია მოხდა. ძალიან მორწმუნე და ეკლესიური გახდა. ადამიანი, რომელიც ერთ დროს მშობლების ქონებას ძალიან უდიერად ეპყრობოდა, ძალიან მშრომელი გახდა და ყველაფერში მხარში მედგა.
ყინვა რომ ფანჯრებს ხატავდა, ანადუღარი ჩაიდნის ორთქლზე ითბობდნენ ჩემი შვილები ხელებს, შუქი რომ გაითიშებოდა, საწოლში შევწვებოდით გასათბობად. ბავშვებს ვეუბნებოდი, თუ ღვთისმშობლის ლოცვას 150-ჯერ ვიტყოდით, ღვთისმშობელი თავის კალთას გადმოგვაფარებდა და აღარც შეგვცივდებოდა და აღარც მოგვშივდებოდა. საღამოს სახლში ტაძრიდან დაღლილი რომ მოვიდოდი და ლოცვას დავიწყებდი, უფროსი შვილი – შალვა ითვლიდა. 50-ჯერ ან 70-ჯერ რომ წავიკითხავდი და დაღლილს ჩამეძინებოდა, მანჯღრევდნენ: დედა, გაიღვიძე, 150-ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ხვალ სითბოც გვქონდეს და პურიცო.
– ამ მოცემულობაში, როგორ გაბედეთ ან როგორ გარისკეთ, რომ კიდევ სხვისი შვილები შეგეფარებინათ?
– მაშინ ყველას თავისებურად უჭირდა, მარტო მე არა, მაგრამ ისე ვიყავი გაზრდილი, რომ სული ფოლადივით მქონდა გამოწრთობილი. თან, როცა შენ გარშემო ამდენი სასწაულია და უფლის არსებობას გრძნობ, ძალა გეძლევა. ჩემი ქმრის დამსახურებაა სხვისი შვილების შეფარება რომ გადავწყვიტეთ. ერთ დღეს პატრიარქმა თავისთან დაგვიბარა, იქ დედა მარიამმა გვითხრა, რომ ქუჩაში აყვანილი ბავშვებისთვის ოჯახებს ეძებდნენ. ბავშვები რომ გვაჩვენეს, იქიდან მე და ჩემი მეუღლე ისეთი დათრგუნულები წამოვედით, მთელი ღამე ვერ დავიძინეთ, ლაპარაკიც კი არ შეგვეძლო. ისეთი მძიმე სურათი ვნახე, ვერ აღგიწერთ. მეორე დილით დავითმა მითხრა, პატრიარქის სიტყვები უნდა შევასრულოთო. იმ დროს ჩემი მეუღლე პატრიარქის პირადი დაცვა იყო. მეც საპატრიარქოში ვმუშაობდი. ასე დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. საერთო ჯამში, 18 ბავშვის გაზრდაში მივიღეთ მონაწილეობა. პატარები ჩვენთან სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ხანგრძლივობით რჩებოდნენ.
– მერე არ გიჭირდათ მათთან განშორება?
– ძალიან მიჭირდა. იმიტომ, რომ უსიყვარულოდ ვერავის მოუვლი. ამას მექანიკურად ვერ გააკეთებ. ღამეები გამიტარებია ტირილში – უფალს ვეხვეწებოდი, შემაძლებინე, რომ მათთან ურთიერთობაში ნამდვილი ვიყო-მეთქი. შინაგანად ვიბრძოდი, ვგრძნობდი, რომ იყო მომენტები, როცა ჩემს შვილებს ვაკლებდი სითბოს. მინდოდა, რომელიმეს მოვფერებოდი, მაგრამ ყველასთან ერთნაირი უნდა ვყოფილიყავი. ეს ბავშვები განსხვავებას და მეტობა-ნაკლებობას არ გაპატიებდნენ, იმწუთას გაგინაპირებდნენ. ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავდა ჩემი მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, რომ შეცდომა არ მომსვლია, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. ბავშვები გულწრფელობით დაშვებულ შეცდომას გპატიობენ, მექანიკურობას – არასდროს. მათ ქუჩის ცხოვრება აქვთ გამოვლილი და შენზე მეტი გაჭირვება უნახავთ, ცხოვრებას კარგად იცნობენ და მხოლოდ წრფელი ემოციებით თუ შეძლებ მათ გულებამდე მისვლას.
– ალბათ, ყველას ძალიან რთული ისტორია ჰქონდა და არაერთი სულისშემძვრელი ამბავი მოგისმენიათ მათგან, მაგრამ ერთი გოგონას ისტორია, რომელიც ცხრა ჯარისკაცმა გააუპატიურა, განსაკუთრებით მძიმეა.
– ეს გოგონა ჩემთან და-ძმასთან ერთად მოიყვანეს. ის უფროსი იყო. მამამისი ციხეში იჯდა მკვლელობის გამო. მერე გავიგეთ, რომ ნამდვილი მკვლელი დედა იყო და მამამ მისი დანაშაული თავის თავზე აიღო, რომ დედა სამ შვილთან დარჩენილიყო. მაგრამ სამწუხაროდ, დედა ალკოჰოლიკი იყო და ბავშვებთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. მაშინ ასეთი დედები ბავშვებს ქუჩაში მათხოვრობისთვის და სასმელის მოსაპოვებლად იყენებდნენ. დროდადრო ბავშვები დედას მიჰყავდა და ჩვენ მისთვის უარის თქმის უფლება არ გვქონდა, სამწუხაროდ, მაშინდელი კანონი ბავშვებს მოძალადე დედებისგან არ იცავდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ან კვირაში ისინი უკან ბრუნდებოდნენ. ყველანაირი უკეთურებისგან დაღლილი პატარები იყვნენ. მათთვის ჩვენი ოჯახი თავშესაფარი იყო, სადაც ყველაფრისგან დაღლილებს დასვენება და სითბოს პოვნა შეეძლოთ. ამ გოგონამ თვითონ მიამბო, რომ დედამ და მამამ ვიღაცას არაყში გაუცვალეს ბავშვი და ქალიშვილობა ასე დაკარგა ცხრა წლის ასაკში. ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე ცამეტი წლის იყო და მისთვის ეს უკვე ჩვეულებრივი მომენტი იყო. აქ მარტო გამოკვება კი არ იყო მნიშვნელოვანი, ვცდილობდით, მის ფსიქიკაზე გვემუშავა. დედამისისგან მობრუნებული, მახსოვს იმასაც ყვებოდა, დედას არაყს თუ არ მივუტანთ, ყინვაში ხელებს დაბლა დაგვაწყობინებს და ქვით გვინაყავსო. ბავშვებიც ხან სად მიდიოდნენ სასმელისთვის, ხან სად და იქ მთვრალ ადამიანებს ხვდებოდნენ, რომელთაგანაც სამწუხაროდ, დაცულები არ იყვნენ. ჩვენთან რომ მოვიდოდა, ვაბანავებდი, სუფთად ვაცმევდი და ვაპურებდი. ერთხელ რომ ვაბანავე, სარკის წინ დადგა და მუცელს უყურებდა. მერე მითხრა, ელისაბედ დეიდა, მე მგონი, ფეხმძიმედ ვარო. მაშინ მომიყვა, რომ ცხრა ჯარისკაცმა გააუპატიურა. გიჟივით გავიქეცი დედაოსთან, ვტიროდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მერე დედათა მონასტერში გადაიყვანეს, ჩათვალეს, რომ მისთვისაც და დანარჩენი ბავშვებისთვის ასე აჯობებდა. ორი წლის წინ შემხვდა, ორი პატარა ბავშვით და მეუღლით. მითხრა, რომ კახეთში შეუქმნია ოჯახი. ისეთი განაწამები სახეები ჰქონდათ, მივხვდი, რომ ისევ იმ წრეში იყო. ერთი გაფიქრება გავიფიქრე, ხომ არ გლახაკობენ-მეთქი, რადგან სამწუხაროდ, ხშირად მეორდება ხოლმე ისტორია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შემეშინდა, ჩავღრმავებოდი. ჩემი ნომერი მივეცი, როცა გაგიჭირდება, ჩემი სახლის კარი თქვენთვის ღიაა-მეთქი, მაგრამ არ გამოჩენილა. შუათანა დაზეც მითხრა, გათხოვდაო. ძმა ერთ-ერთმა შეძლებულმა ოჯახმა წაიყვანა და დღეს ის სტომატოლოგია, კარგი კაცი დადგა.
– თქვენი შვილობილებიდან, დღეს ერთ-ერთი მამაოა.
– დიახ და ის ნამდვილად ადამიანობის მაგალითია. თავად გადარჩა და დღეს სხვებს ეხმარება გადარჩენაში. ძალიან სუფთა ადამიანია. ტანჯვაში გაიზარდა, მაგრამ ძალიან ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნა. მოძალადე მამა ჰყავდა. ცოლზეც ძალადობდა და შვილებზეც. დედა სახლიდან გაიქცა და დღემდე უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მისი უფროსი ძმა ციხეში მოხვდა. თვითონ კი ტაძრის წინ იპოვეს მოძალადე მამისგან გამოქცეული და ჩემთან მოიყვანეს. ბავშვობიდან გამორჩეული ბიჭი იყო და დღეს უკვე მისაბაძი ადამიანია.
ეს ბავშვები მათში ჩადებულ შრომას დღეს უდიდესი სიყვარულით მიბრუნებენ. მათ აღზრდაში მატერიალურად საპატრიარქო გვეხმარებოდა, ეს მე ნამდვილად არ ამიღია საკუთარ თავზე. მე მხოლოდ ფიზიკური შრომა დავხარჯე, მათში ჩემი სული და გული ჩავდე და ბედნიერი ვარ თუ, ამით რომელიმეს დავეხმარე.
თავიდან მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ გავლენას იქონიებდა ჩემს შვილებზე მათთან ერთად ცხოვრება, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემმა შვილებმა ცოდვა-მადლის გარჩევა ამ ბავშვებისგან ისწავლეს. დიდი სკოლა გაიარეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ის გზაა, რომელიც მათ ღმერთთან მიიყვანს.
დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ცხრა შვილი და ცხრა შვილიშვილი, ჩემი შვილებისგან. შვილობილებიდან კი 12 შვილიშვილი მყავს. უკან რომ გავიხედავ, ტკივილითაც მეკუმშება გული, მაგრამ ტკივილს მადლიერების განცდა სჭარბობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან