როგორ გახდა ელისაბედ ბეჟანიძე თურქეთში ქართული სავანის ღირსეული წინამძღოლი და როგორ შემოინახა მისმა გვარმა მეფე თამარის ლექსი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.03, 2023 წელი

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა მონასტრის მონაზონი, ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე, 1879 წელს ბათუმში, თავადიშვილების ოჯახში დაიბადა. ელისაბედის მამა შეძლებული ადამიანი გახლდათ. ის ვაჭრობასა და მრეწველობაში იყო ჩართული, ბათუმში მაღაზიები და რამდენიმე ფაბრიკა ჰქონდა, საიდანაც კარგ შემოსავალს იღებდა.
რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დამთავრების შემდეგ, ბერლინის საზავო ხელშეკრულებით, ბათუმის ოლქი, ქალაქ ბათუმით, რუსეთის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა და საქართველოს დაუბრუნდა. მოსახლეობას ნანატრი ოცნება აუხდა, მაგრამ ხალხის სიხარული მალე დარდად იქცა, რადგან ახალშემოერთებულ მხარეში რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად ცხოვრება ძალიან გართულდა.
მოსახლეობას დიდი გადასახადები დააკისრეს. გადასახადების აკრეფა კი მეფის მოხელეებმა ბარბაროსული მეთოდებით დაიწყეს. ვინც ხმას აიმაღლებდა, სამშობლოს მოღალატედ, თურქული ორიენტაციის მომხრედ მიაჩნდათ და აციმბირებდნენ. ახლად შემოერთებულ რაიონებში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე ხშირად წერდნენ ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, გრიგოლ ორბელიანი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. ცხოვრების პირობები თანდათან აუტანელი ხდებოდა. ამიტომ ახლად შემოერთებული მხარეებიდან მოსახლეობამ ოსმალეთში იძულებით გადასახლება დაიწყო. მათ შორის იყვნენ ბეჟანიძეების გვარის წარმომადგენლებიც.
ელისაბედ (ანა) ბეჟანიძის მამა სტამბოლში გადასახლდა. მაშინ იქ ბევრი ქართველი ცხოვრობდა. სტამბოლში ამ პერიოდში უკვე განთქმული იყო ქართველ კათოლიკეთა ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები. დედათა და მამათა მონასტრებთან შექმნილი იყო ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სადაც სტამბოლელი ქართველების შვილები იღებდნენ განათლებას. დედათა მონასტერთან არსებულ ქართულ-ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს ელისაბედ ბეჟანიძეც. მონასტერს ხშირად სტუმრობდა ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტრების დამაარსებელი, ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავარი, მამა პეტრე ხარისჭირაშვილი. ის მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა. თვალებში ცრემლებჩამდგარი მოძღვრის სანატრელ ქადაგებას თავის ჩანაწერებში ხშირად იგონებდა ელისაბედ ბეჟანიძე. მოძღვრის პიროვნებით შთაგონებულმა გოგონამ გადაწყვიტა სამონსტრო ცხოვრება აერჩია და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა.
სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა და მამათა მონასტრები მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართული კულტურისა და განათლების კერებად გადაიქცა. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყვნენ. ასეთი სიახლოვე მათი ერთსულოვნების საფუძველი იყო. ისინი უანგაროდ ემსახურებოდნენ ოსმალეთში გახიზნული ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს. მონასტერში დაფუძნებულ ქართული კულტურის კლუბში აწყობდნენ საღამოებს, სადღესასწაულო შეხვედრებს, ერთმანეთთან აკავშირებდნენ ქრისტიან და მუსლიმან ქართველობას, აცნობდნენ ქართული კულტურის მიღწევებს. 1908 წელს ჩატარდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა, ყოველწლიურად იმართებოდა ნინოობის, მარიამობისა და საახალწლო დღესასწაულები. აღინიშნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – იმართებოდა 26 მაისისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ელისაბედ ბეჟანიძე ამ შეხვედრების აქტიური მონაწილე გახლდათ. ის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტერთან არსებული ქალთა ქართულ-ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. ამ სასწავლებელში ქართული პოეზიის ცეცხლი ენთო. ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები.
პოეზიისადმი სიყვარული ბეჟანიძეების გვარს ოდითგანვე მოსდევდათ. აჭარელი ბეჟანიძეების ოჯახში „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ ამ გვარის ოჯახებში ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები პოემის ტექსტის ზეპირად მთქმელთა შორის. დიდი თამარ მეფის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ლექსი სწორედ ბეჟანიძეების გვარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის 70-80-იანი წლების საქართველოში მოღვაწე სახელოვანმა პიროვნებამ, პეტრე უმიკაშვილმა ჰუსეინ–ბეგ ბეჟანიძისგან ჩაიწერა ეს ლექსი და 1879 წელს გაზეთ „დროებაში“დაბეჭდა:
„ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა.
ვინც რომ შემება, შევები
ალალითა და ჯიქითა.
აწი თქვენ იცით, მეფენო,
ვინც დარჩით ამას იქითა.”
ელისაბედ ბეჟანიძე სამშობლოს დიდი სიყვარულითა და ამ სიყვარულის გამოხატვით, თავის დიდ წინაპარს – დუდი ხანუმ ბეჟანიძეს, ჰგავდა, რომელიც 1836-1850 წლებში აჭარას მართავდა. მან სამშობლოს აღუზარდა დიდი მამულიშვილი – შერიფ ხიმშიაშვილი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო აჭარისა და ტაო-კლარჯეთის მხარეების დედასამშობლოსთვის დაბრუნების საქმეს. დუდი ხანუმი იყო სამშობლოსათვის თავგანწირული სახელოვანი ერისკაცის სელიმ ხიმშიაშვილის რძალი, ახმედ ხიმშიაშვილის მეუღლე.
საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ელისაბედ ბეჟანიძემ გადაწყვიტა ახალციხესა და ბათუმში ქალთა სასწავლებლების გახსნა. 1920 წლის მაისში მან სწორედ ამ მიზნით იმოგზაურა სამშობლოში, საქართველოს მთავრობას თავისი გადაწყვეტილება გააცნო და თანხმობაც მიიღო. მაგრამ ამ დიდებული მამულიშვილის ოცნებას ფრთები შეაკვეცა საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ბოლშევიკური მმართველობის დამკვიდრებამ.
ელისაბედ ბეჟანიძემ 1921 წლის მარტში საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა. ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე ხანს ცხოვრობდნენ.
ელისაბედ ბეჟანიძე იყო მეტად გულმოწყალე, სათნო, ქველმოქმედი ადამიანი. მან აღზარდა უდედმამოდ დარჩენილი დისშვილები – მარი და ალექსანდრე ჩილინგარიშვილები.
გამოყენებული მასალების წყარო: შუშანა ფუტკარაძე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან