საზოგადოება

როგორ გახდა ელენე თაბაგარი „ჯულიარდის“ მაგისტრანტი სრული დაფინანსებით და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მას დღემდე

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 11.05, 2022 წელი

ელენე თაბაგარი
დაკოპირებულია

ელენე თაბაგარი „ჯულიარდის“ მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ქართველი სტუდენტის წარმატებული ნაბიჯი მისმა დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ელენე სწავლას მალე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში განაგრძობს, მანამდე კი ჩვენს მკითხველს მიზნამდე მიმავალი გზის შესახებ მოუყვება.

ელენე თაბაგარი: ახლა ფლორიდის შტატში, სტეტსონის უნივერსიტეტში ვამთავრებ ბაკალავრიატს, ფორტეპიანოს განხრით, სადაც ბოლო ოთხი წელი ასპროცენტიანი დაფინანსებით, სრულიად უფასოდ ვსწავლობდი. ეს კერძო უნივერსიტეტია და ძალიან გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. საბედნიეროდ, ჩემი ორღანის მასწავლებელი დაინტერესდა ჩემი ნიჭით კლავისინთან მიმართებაში, რომელიც ფორტეპიანოს წინაპარია. ძალიან მომეწონა მასზე დაკვრა და შარშან გაზაფხულზე იმდენად კარგად ჩავაბარე გამოცდები კლავისინზე, რომ მე და ჩემი მასწავლებელი შევთანხმდით, ეს ინსტრუმენტი სიღრმისეულად უნდა შემესწავლა მაგისტრატურაზე. ამისთვის მთელი ზაფხული ვემზადებოდი. მაგისტრატურისთვის მზადების პარალელურად, ბაკალავრიატის ფარგლებში, სოლო კონცერტი უნდა მომემზადებინა ფორტეპიანოზე. პარალელურად იყო სხვა კონკურსები და კონცერტები. კლავისინი სპეციფიკური ინსტრუმენტია, ძალიან ფაქიზი, ის თავიდანვე ძალიან შემიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე, მიზნის მისაღწევად ყველაფერი გამეკეთებინა. მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად პროგრამა სამი დიდი კონსერვატორიისთვის დავგეგმე. პირველი იყო „ჯულიარდი“, მეორე ჯონს ჰოპკინის ფიბადი კონსერვატორია და მესამე – იელის კონსერვატორია. სამივე ძალიან დიდ პროგრამას ითხოვდა, მაგრამ როცა დიდი მიზანი გაქვს, საკუთარ თავს ლიმიტს ვერ დაუწესებ. დავუკავშირდი მათ პროფესორებს და ვირტუალური გაკვეთილები მათთან გავიარე, გავეცანი მათ სტილს. შემდეგ შევავსე აპლიკაცია, რომელიც მოითხოვდა ძალიან დეტალურ ინფორმაციას ჩემს შესახებ, ასევე, საჭირო იყო ვიდეოჩანაწერი და თუ ამ ეტაპს წარმატებით გაივლიდი, შემდეგი იყო მოსმენა-ქასთინგი.

– როგორი იყო საბოლოო შედეგები?

– პირველად უარყოფითი პასუხი მომივიდა. სოლო კონცერტის გამოცდა მქონდა, იმეილი ხუთი წუთით ადრე გავხსენი და უარყოფითი პასუხი ვნახე. ძალიან დასტრესილი გავედი გამოცდაზე, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის შემდეგ „ჯულიარდის“ პასუხი მოვიდა. სამსახურში ვიყავი, როცა გავხსენი შეტყობინება და ვხედავ: გილოცავთ, თქვენ ხართ ჩარიცხული, „ჯულიარდის“ ბაროკოსა და რენესანსის ეპოქის მუსიკის სამაგასტრო განყოფილებაზე, კლავისინის განხრით. გადავდივარ დაფინანსებაზე და ვხედავ, რომ ორივე წლის განმავლობაში ჩემი სწავლის საფასური დაფარული იქნება „ჯულიარდის“ მიერ. რაც კი მინატრია, იმ საღამოს ყველაფერი ამიხდა. მაშინვე ჩემს მასწავლებელს დავურეკე და დედას მივწერე, გაიღვიძე-მეთქი. თბილისის დროით, დილის ხუთი საათი იყო და დედა ძლივს მოვიდა გონს (იცინის). მეგონა, სიზმარში ვიყავი. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის „ჯულიარდში“ სრული დაფინანსებით სწავლა არარეალური ოცნება იყო. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ამას ვერც ვინატრებდი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც სხვა ქვეყნის სტუდენტებს დაფინანსებას ნაკლებად აძლევს. ის იმდენად პრესტიჟულია, თუ აქ სხვა ქვეყნიდან მოხვდება სტუდენტი, მის დაფინანსებას ის ქვეყანა იღებს თავის თავზე. ასე სწავლობს ასობით სტუდენტი „ჯულიარდში“ მთელი მსოფლიოდან და ამიტომაც არ თვლიან საჭიროდ, რომ საერთაშორისო სტუდენტებს დაფინანსება თავად დაუმატონ. აქედან გამომდინარეც იყო ასე გამორჩეულად სასიხარულო დაფინანსება, რომელიც მე მომცეს. ზუსტად ორი დღის შემდეგ, ჰოპკინიდანაც მომივიდა პასუხი. იქაც ჩავირიცხე, თითქმის სრული დაფინანსებით. ამას მოჰყვა წერილი პროფესორისგან, რომელსაც უკვე გაეგო, რომ მე „ჯულიარდშიც“ ჩავაბარე. მწერდა, თუ ძალიან გინდა ჩვენთან სწავლა, დაფინანსებაზე შეგვიძლია შეთანხმებაო, უნდოდათ, პირობები „ჯულიარდთან“ გაეთანაბრებინათ. ამაზეც ვიფიქრე, მაგრამ მაინც „ჯულიარდი“ ვარჩიე.

– ალბათ, საოცარი მომენტი იყო.

– დიახ. თითქოს, ვერ იჯერებ, რომ ეს შენს თავს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მართლა სისხლი ღვარე და უამრავი იშრომე. დამიფასდა-მეთქი, ამასაც კი ვერ ვიტყვი, ჩემთვის ეს ჯერ კიდევ არარეალურია. მგონია, რომ ეს სხვა ელენეს თავს ხდება და მე ყველაფერს შორიდან ვუყურებ. თუმცა, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ შემიძლია, ამოვისუნთქო. ბოლო ოთხი წელი რაზედაც ვიოცნებე და რისთვისაც ვიშრომე, ყველაფერი ასრულდა.

– როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ორწლინახევრის ვიყავი, როცა მშობლებმა სახლში პიანინო მოიტანეს. თავის დროზე დედა ოცნებობდა პიანისტობაზე და უნდოდა, მისი ოცნება მე ამეხდინა. მუსიკალურში შემიყვანეს და შვიდწლედის დამთავრების შემდეგ უნდა გადამეწყვიტა, გამეგრძელებინა თუ არა სწავლა. თინეიჯერობის ასაკში კომპლექსები გამიჩნდა, სცენაზე ძალიან ვფორიაქობდი, აღარ მინდოდა იქ დგომა და დაკვრა, ეს ძალიან მანერვიულებდა. დედის ოცნებების ასრულების მცდელობის პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი და თან, მეც ძალიან მინდოდა მუსიკასთან სიახლოვე, ამიტომ, გავუძელი ამ შფოთვებს. ათწლედზე რომ მიდგა საქმე, სწავლა შევწყვიტე, მაგრამ მომენატრა და ისევ დავბრუნდი. 16 წლის ასაკში უკვე რამდენიმე კონკურსი მქონდა მოგებული, მაგრამ სცენის შიშის გამო დიდ კონცერტებს ვერიდებოდი. ყოველი გამოსვლის წინ მასწავლებელს ბოდიშის მოხდით ვთხოვდი, თუ შესაძლებელი იყო, კონცერტიდან გავეთავისუფლებინე. საბოლოოდ მაინც გამოვდიოდი და ვუკრავდი, რაც იმდენად მანერვიულებდა, რომ ეს პროცესი ჩემთვის ფიზიკურად მტკივნეული იყო. მეგონა, ჩემგან მუსიკოსი არასდროს გამოვიდოდა. ვფიქრობდი, რომ სცენაზე ადგილს ვერასდროს დავიმკვიდრებდი. ამიტომ, მინდოდა, სასტუმროს მენეჯმენტი ან კომპიუტერული მეცნიერებები შემესწავლა, რადგან მათემატიკა ძალიან მიყვარდა.

16 წლისა „ფლექ“ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გავხდი და ვაშინგტონის შტატში გავემგზავრე სასწავლებლად. იქ გავხდი ანსამბლის წევრი, რომლის ხელმძღვანელმაც მითხრა: დიდ შეცდომას დაუშვებ, თუ მუსიკას არ გაჰყვები, ამერიკაში შენს ნიჭს ვერ დამალავ, აქ აუცილებლად წარმატებული იქნებიო. საქართველოშიც უთქვამთ, რომ ნიჭიერი ვარ, მაგრამ აქ ვერ ვხედავდი განვითარების პერსპექტივას. ბოლო პერიოდში მხოლოდ ხატია ბუნიათაშვილი იყო მაგალითი, ვინც ცნობილი და წარმატებული გახდა. ვერ წარმომედგინა საქართველოში მუსიკალური კარიერის აწყობა. ამიტომ, როცა დამარწმუნეს, რომ ამერიკაში ეს შესაძლებელი იყო, გამიჩნდა აზრი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იქ ვისწავლიდი.

– პარალელურად კომპლექსიც დაამარცხეთ?

– სცენის შიში დღემდე დამყვება, მაგრამ ბაკალავრის პარალელურად, შიშთან ერთად დაკვრასაც შევეჩვიე. სცენაზე გასვლისას, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ქვემოდან ცეცხლი მიკიდია, მე კი დავფრინავ. დღეს უკეთ ვიქნევ ფრთებს, ვიდრე 14 წლის ასაკში. ახლა ცეცხლს ვერიდები, რადგან გამოცდილებაც დამიგროვდა და თავდაჯერებულობაც მომემატა.

გაცვლითი პროგრამა ერთ აკადემიურ წელს მოიცავდა, მეთორმეტე კლასი ამერიკაში დავხურე და საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთი წელი გამოვტოვე, მაშინვე არ ჩამიბარებია. მუშაობა დავიწყე, რომ ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად ფული შემეგროვებინა და პარალელურად ამისთვის მომზადებაც დავიწყე. აპლიკაციები სამ უნივერსიტეტში გავაგზავნე და სამივესგან დადებითი პასუხი მივიღე. მაგრამ სტეტფორდი ავარჩიე, სადაც სრული დაფინანსებაც მქონდა. ჩამოვედი ფლორიდაში და მას შემდეგ აქ ვარ. საცხოვრებელი ხარჯები ჩემი პასუხისმგებლობაა. ამიტომ მეორე სემესტრიდანვე გავხდი ერთ-ერთი სტუდენტური ლიდერი საერთო საცხოვრებელში. ეს პოზიცია ითვალისწინებს უფასო ოთახს საერთო საცხოვრებელში ოთახის მეზობელთან ერთად და მცირე სტიპენდიასაც გინიშნავენ. მალე კამპუსში სტუდენტური სამუშაოს ძებნაც დავიწყე და დღეს ოთხ სამსახურში ვარ დასაქმებული. შევძელი, თანხა დამეგროვებინა და კამპუსთან ახლოს ქირით გადმოვსულიყავი, რომ უკეთ შემძლებოდა მეცადინეობა და დამოუკიდებლად ცხოვრება. ახლა იგივე გზა ნიუ-იორკში უნდა გავიარო. უკვე დავიწყე საცხოვრებლის მოძიება „ჯულიარდთან“ ახლოს. ეს ყველაფერი ფინანსურად საკმაოდ რთულია, რადგან ეს ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. თუმცა, ოთხი წელია, საკუთარი თავის შენახვას ვახერხებ. რთულია, მაგრამ ვამაყობ, რომ აქამდე დახმარების გარეშე მოვედი. ახლა დედამ გადამაწყვეტინა დახმარების ფონდი გაეხსნა თავის ანგარიშზე და ბევრი კეთილი ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მგულშემატკივრობს, გვერდით დამიდგა. ასე მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ. ღმერთის წყალობთ, ყველაფერი გამოვა. მალე საქართველოშიც ჩამოვალ. 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არ მინახავს. ყველა ძალიან მენატრება. ახლა ვიზის გამო ჩამოვდივარ და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ. ყველას გულში ჩავიხუტებ და ამით უზომოდ ბედნიერი ვიქნები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი