საზოგადოება

როგორ გახდა ანასტასია ლელაძე ჰარვარდის სტუდენტი 95-პროცენტიანი დაფინანსებით და რატომ რცხვენოდა მას საკუთარი მიზნის გაჟღერების

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 02.05, 2022 წელი

ანასტასია ლელაძე
დაკოპირებულია

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე – 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ერთი შეხედვით დაუჯერებელ წარმატებამდე ანასტასიამ რთული, მაგრამ საინტერესო გზა გაიარა.

ანასტასია ლელაძე: მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა დამრიგებელმა, რომელიც ასევე, მათემატიკის მასწავლებელიცაა, კლასში პრეზენტაცია მოგვიწყო საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. მანამდე არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ დავიწყე ამაზე სერიოზულად ფიქრი. მან დამარწმუნა, რომ საამისოდ კარგი მონაცემები მქონდა და შემეძლო, სწავლა კარგ სასწავლებელში გამეგრძელებინა. თუმცა სიმართლე გითხრათ, მაშინ ასეთი გათვლა არ მქონია. ტოპ ორას ან სამასეულში შემავალ უნივერსიტეტში რომ ჩამებარებინა, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა და ობიექტურად რომ შევაფასოთ, ახლაც არის, მაგრამ მაშინ მთლად პირველი ადგილის მფლობელი უნივერსიტეტის სტუდენტობაზე არ მიფიქრია (იცინის). რადგან პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა მინდოდა, ვნახე, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო და ასევე, ჩასაბარებლად ყველაზე რთული, ჰარვარდი იყო. მაშინ გამიჩნდა ჟინი, იქნებ რამე გამოვიდეს-მეთქი, გულის სიღრმეში მჯეროდა ან მინდოდა, მაგრამ რეალურად რომ ჩავაბარებდი, ამას ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, თუ არ ვცდიდი, მერე მთელი ცხოვრება უნდა მენანა. არავის ვეუბნებოდი, რომ ამაზე ვფიქრობდი, დედასაც კი ძალიან გვიან გავუმხილე. სიმართლე გითხრათ, მრცხვენოდა. ამხელა მიზანზე რომ გაქვს გათვლა, ეს, თითქოს, ნიშნავს, რომ შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, ამიტომ თქმისაც კი ძალიან მერიდებოდა (იცინის). როცა უფრო გავიხსენი და ჩემი მიზნის აღიარება დავიწყე, ჩემმა დამრიგებელმა ძალიან კარგად მიიღო და მხარი დამიჭირა, მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა ჰარვარდში ჩაბარებასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონსულტანტებს დავუკავშირდით, ისინი მეუბნებოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან აუცილებლად უარი მოვიდოდა.

– რა იყო მათი პესიმიზმის საფუძველი?

– ნამდვილად ჰქონდათ პესიმიზმის საფუძველი. წელს 61 ათასი აპლიკაცია შევიდა ჰარვარდში და მათგან მხოლოდ 2 ათასი მიიღეს. ეს მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, შენ კარგი ხარ თუ ცუდი. უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ძალიან რთულია მიზანში გარტყმა. ბოლო წლებში ცოცხალი მაგალითი, ვინც ეს საქართველოდან გააკეთა, არ ყოფილა. ახლა გავიგე, რომ ქართველები სწავლობენ ჰარვარდში, მაგრამ არცერთ მათგანს არ ჩაუბარებია პირდაპირ საქართველოდან. ბოლო წლები საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ჰარვარდში იქიდან ჩააბარეს. ასე, რომ ეს მართლა ძალიან რთულია, მაგრამ იმის თქმა – იმდენად რთულია, რომ არც უნდა შეეჭიდო, არასწორი მგონია. შანსი სამი პროცენტი მქონდა, მაგრამ რომ არ გამეგზავნა, ნული მექნებოდა. ნამდვილად ღირდა.

– რის მიხედვით ემზადებოდი?

– ინტერნეტში ძალიან დიდი ოდენობით ვკითხულობდი ინფორმაციას. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვემზადებოდით. უამრავი ძიების შედეგად დავადგინეთ, რა უნდა გვექნა. ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ გამოვიდა. იდეა ორწელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა და მომზადებას ორი წელი დასჭირდა. სამოტივაციო ესეები დავწერეთ, ერთი, რომელიც ყველა უნივერსიტეტში იგზავნება და კიდევ ინდივიდუალური თემები – ყველა უნივერსიტეტისთვის. ხუთი საერთაშორისო გამოცდა ჩავაბარე და ამ გამოცდებზე მიღებული ქულები ყველა უნივერსიტეტში გავაგზავნე. მაღალი ქულები მქონდა და კიდევ უფრო მეტი ამბიცია მომეცა მათი ჰარვარდში გასაგზავნად. თუმცა, შედეგი მხოლოდ გამოცდებზე მიღებულ შეფასებებზე არ არის დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ნიშნები, კლასგარეშე აქტივობები, ნაკლებად, მაგრამ მასწავლებლების დახასიათებებიც. ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ სამოქალაქო თვალსაზრისითაც ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი, სკოლაში და სკოლის გარეთ. ვქმნიდი საინიციატივო ჯგუფებს. მათ შორისაა – „ახალგაზრდები საზოგადოებისთვის“, რომელიც მძიმედ დაავადებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება – მათი პრობლემები იმ ადამიანების ყურამდე მიგვაქვს, ვისაც მათი დახმარება შეუძლიათ. მივხვდი, რომ ამასაც დიდ მნიშვნელობაც ანიჭებენ. გარდა ამისა, დებატების სკოლაში ვიყავი, სადაც არაერთი წარმატება მქონდა – პირველი სპიკერი ვიყავი ქუთაისში. საკმაოდ წარმატებით დავამთავრე მუსიკალური, სკოლაში ბენდი შევქმენით და რამდენიმე წელი ვუკრავდით, საზღვარგარეთაც დავდიოდით გასტროლებზე, წლების განმავლობაში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. გარდა იმისა, რომ იქ ისწავლი, იმითაც ინტერესდებიან, რას შემატებ კამპუსს. ამიტომ, ამ მხრივაც მაქვს გეგმები, ან ორკესტრში დავუკრავ, ან ბენდში, შემიძლია, ქართული ცეკვის წრეც გავაკეთო. მჯერა, რომ იქაც ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო ორ წელიწადში იმდენად მივეჩვიე დაბრკოლებების გადალახვას, რომ არა მგონია, რამეს ვერ გავუმკლავდე.

– როგორი იყო მოლოდინის რეჟიმი და ემოციები, საბოლოო შედეგის გაგებისას?

– გამოცდები ძალიან დიდხანს გაგრძელდა და მაღალი ქულები რომ მივიღე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ, ვერ აღგიწერთ, წელიწად-ნახევარზე მეტი მე და ჩემი მეგობარი რა ინტენსივობით ვმუშაობდით. თან, კოვიდი დაემთხვა და სულ სახლში ვიყავით. მერე სხვები რომ გარეთ გავიდნენ და ჩვეული ცხოვრება განაგრძეს, ჩვენ ისევ სახლში ვისხედით, დილის ექვსზე ვიწყებდი და ღამის ათ საათამდე ვსწავლობდი. საშინელი რეჟიმის მიუხედავად, ის პერიოდი ახლა ისე ტკბილად მახსენდება, თვითონაც მიკვირს (იცინის). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ესეებს, რისი დაწერაც კატასტროფულად გამიჭირდა. ჩემს თავზე უნდა მესაუბრა, რაც არ გამომდიოდა, თუმცა ახლა ეგეც ვისწავლე (იცინის). როგორც იქნა, დავასრულე და ჰარვარდის აპლიკაცია ზუსტად ახალ წლამდე ორი საათით ადრე გავუშვი. პასუხის გაგების დრო რომ მოვიდა, ცოტა უიმედოდ დავჯექი კომპიუტერთან, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, იმიტომ, რომ ინტერვიუც დამინიშნეს, რომელმაც ორმოცი წუთის ნაცვლად საათი და ოცი წუთიც გასტანა და დასასრულს ძალიან კმაყოფილი ვიყავი. რომ ვნახე, ჰარვარდმა მიმიღო, მეგონა, მეჩვენებოდა, თავიდან ვერავის ვეუბნებოდი, ვფიქრობდი, ვაიდა, მეშლება-მეთქი (იცინის).

– ალბათ, ჰარვარდში სწავლა, ყველასთვის განუწყვეტელ მეცადინეობასთან ასოცირდება და მისთვის სამზადისში, სხვა რამისთვის მოცლას როდისღა ახერხებდი?

– სამაგიეროდ, თავისუფალი დრო არ მაქვს (იცინის). პირველი კლასიდან ასე მივეჩვიე. ტყუილად არასდროს ვყოფილვარ. გართობას და მეგობრებთან ერთად ყოფნას არასდროს ვიკლებდი – ეს ჩემთვის განტვირთვის წყარო იყო. მერჩივნა, დღე მეგობრებთან ვყოფილიყავი, ღამე კი მეცადინეობაში გამეთენებინა, ვიდრე მალე წავსულიყავი სახლში, მემეცადინა და დროულად დამეძინა. ჩემი აზრით, ადამიანურ კონტაქტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა მხრივ, ბავშვური თამაშები არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და არც მქონია ამის მოთხოვნილება. სკოლაში რომ დავიღლებოდი, ცეკვითა და მუსიკით ვცდილობდი განტვირთვას. ფიზიკურად ესეც მღლიდა, მაგრამ შინაგანი ბალანსის მიღწევაში მეხმარებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისეთ აქტივობას მივეჩვიე, ახლა ერთი დღე რომ არაფერი გავაკეთო, რაღაც მაინც რომ არ ვისწავლო ან წავიკითხო, ძალიან დიდი დანაკლისის განცდა მაქვს და ვფორიაქობ (იცინის). იყო მომენტები, როცა ფიზიკურადაც გამოვიფიტე, მაგრამ ვიტამინებს ვსვამდი, კარგად ვიკვებებოდი და როგორღაც მოვაღწიე აქამდე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. რაღაც მომენტებში ისე გამიჭირდა, ვფიქრობდი, საერთოდ აღარ გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ მაინც არ დავნებდებოდი, ეს არც განიხილებოდა.

– როგორაა დაფინანსების საქმე – თუ აბარებ, ესე იგი, გაფინანსებენ კიდეც?

– ჰარვარდი თუ გიღებს, ესე იგი, იმდენად მოსწონხარ, რომ მზად არის დაგაფინანსოს. ქართული ოჯახისთვის ცოტა რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია წელიწადში 80 ათასი დოლარის გადახდა. 76 ათასს მიფინანსებენ და დანარჩენს როგორღაც მოვახერხებ. ამ თანხაში ყველაფრის ღირებულება შედის, სწავლა, საცხოვრებელი, კვება, ჩაცმა და ყოველდღიური ხარჯები. მეც ვიმუშავებ და დარჩენილ მცირე ნაწილსაც გავუმკლავდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა