საზოგადოება

როგორ გახდა 20 წლის სანდრო გეგეჭკორი მსოფლიოს უძლიერესი მუსიკალური კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებული

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 09.08, 2021 წელი

სანდრო გეგეჭკორი
დაკოპირებულია

კონსერვატორიის ბაკალავრიატის სტუდენტმა, 20 წლის სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში გამართულ „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე“, 400 მონაწილეს შორის გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო გეგეჭკორი: „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი“ 1954 წელს დააარსა თავად მარია კანალსმა, რომელიც იყო პიანისტი, მაგრამ უფრო მეტად – მეცენატი. იგი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ და უნდოდა, შეექმნა კონკურსი, რომელიც გააერთიანებდა მუსიკოსებს მთელი მსოფლიო მასშტაბით. ამ მიზნით დაარსდა ეს კონკურსი ბარსელონაში, კატალონიაში. მალე იმდენად ცნობილი და პოპულარული გახდა, რომ უკვე 1958 წელს ერთ-ერთი პირველი იყო ჩაიკოვსკისა და სხვა დიდ კონკურსებთან ერთად და დამსახურებულად შევიდა მსოფლიო მუსიკალური კონკურსების საუკეთესო ათეულში და დღემდე მყარად ინარჩუნებს პოზიციებს. ძალიან პრესტიჟული და ძლიერი კონკურსია, ასეთივე ჟიურითა და კონკურსანტებით.

– რამდენად მაღალი იყო დუღილის ტემპერატურა, დაძაბულობა და კონკურენცია იგრძნობოდა?

– კონკურსი ტარდება უმაღლესი ხარისხით. როგორც კი ჩავფრინდი, გრაფიკი წუთების მიხედვით დამხვდა გაწერილი. კონკურსანტებს იზოლირებულ კლასში გვქონდა რეპეტიცია, პანდემიიდან გამომდინარე, ყველა ნორმა დაცული იყო და ჟიურისთან მიმართებით ნამდვილად „კაგებეს“ მეთოდებს იყენებდნენ (იცინის). ისე მოჰყავდათ, რომ კონკურსანტებს მათთან შეხების წერტილი არ გვქონოდა. მხოლოდ სცენაზე უშუალოდ შესრულების დროს ვხედავდით, ისიც ძალიან დიდი დარბაზის ბოლოში ისხდნენ. საიდუმლო შემოსასვლელიდან გაჰყავდათ და შემოჰყავდათ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ კონკურსანტებს მათთან ვიზუალური კონტაქტიც კი არ გვქონოდა. მეორე ტურის დასრულებისას ფოტოგრაფი მოვიდა, რომელიც თურმე, წლებია, ამ კონკურსს იღებს. ვკითხე, როგორ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი გამოსვლა-მეთქი და მიპასუხა, უფლება არ მაქვს, შედეგებამდე ჩემი აზრი დავაფიქსიროო. დასაფასებელია ეს მიდგომა, რადგან ასე ყველა მონაწილეს თანაბარი მდგომარეობა აქვს, იმისთვის, რომ ვიღაც ზედმეტ ეიფორიაში არ ჩავარდეს.

– როგორი იყო მოლოდინი?

– ყოველი ტურის შემდეგ გამარჯვების მოლოდინი მემატებოდა, რადგან როგორც ჩემმა პროფესორმა და ბევრმა პროფესიონალმა მუსიკოსმა მითხრა, ჩემი შესრულება უფრო და უფრო უმჯობესდებოდა და ამასთან, იზრდებოდა უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. ჩემი ახლობლები და მეგობრები, ვისაც ვესაუბრებოდი, ყველა მეუბნებოდა, არ ვფიქრობთ გამარჯვებასა და პრიზზე, ვფიქრობთ კარგ შესრულებაზეო. მეც ასეთი განწყობა მქონდა და შედეგიც სახეზეა.

– საოცარი შედეგი დაიდო. რა ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ გაიმარჯვეთ?

– პირველი ხუთი წამი მართლა არ მახსოვს, გავითიშე. შემდეგ უდიდესი ეიფორია მქონდა, ძლივს გამოვედი ამ მდგომარეობიდან. იმდენად პრესტიჟულია ეს ყველაფერი, ამ კონკურსზე პირველი ადგილის აღების შემთხვევაში, ჩემს ადგილას ზოგს შეიძლება, სუფრები ეშალა და მთელი წელი ექეიფა. თუმცა, მოვახერხე, ერთ კვირაში ისევ ჩვეულ ფორმას დავბრუნებოდი და ახლა უკვე ახალ პროგრამაზე ვმუშაობ. იმიტომ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 17 კონცერტი მაქვს დაგეგმილი ევროპისა და აზიის მასშტაბით. ამას დამატებული კონცერტები საქართველოში და მიწვევები სხვა ფესტივალებიდან.

– ამ კონკურსს ფინანსური სარგებელიც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს – 25 ათას ევროზეა საუბარი, თუმცა, არა მხოლოდ...

– ასევე, პრიზებია კონცერტები, რომლებიც ჰონორარით იქნება ანაზღაურებული, ასევე ბილეთითა და სასტუმროთი მადრიდში, ბარსელონაში, სევილიაში, რომში, ჩინეთში, ამსტერდამში და ასე შემდეგ. აქედან ექვსი – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დანარჩენი სოლო კონცერტებია. ასევე, უნდა ჩავწერო სიდი ორ კომპანიასთან. ერთია Naxos CD – მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმაა კლასიკური მუსიკის სფეროში და მეორე SOLFA RECORDINGS CD.

– ასეთი დონის კონკურსი როგორი ტრამპლინია თქვენი პროფესიის ადამიანისთვის?

– ბევრი პიანისტი ამბობს, რომ ასეთი კონკურსის მოგება კონკურსების ისტორიის დასრულებას ნიშნავს. ეს არის კულმინაცია. ახლა მშვიდად დასხედით, ჭიქა კონიაკი დალიეთ და გამართეთ კონცერტები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მარტო კონცერტების გამართვა არ არის საკმარისი. მე იმდენად პატარა ასაკში მოვიგე ასეთი კონკურსი, რომ დაახლოებით, 30 წლამდე კიდევ მაქვს დრო კონკურსებში მონაწილეობისთვის.

– დავუკონკრეტოთ მკითხველს, რა ასაკზე გვაქვს საუბარი?

– ეს კონკურსი ტარდება 19-დან 32 წლის ჩათვლით პიანისტებში. წელს მე ვიყავი ყველაზე პატარა კონკურსანტი – 20 წლის. ჩემ მერე ყველაზე უმცროსი 22 წლის იყო. კიდევ ის მიხარია, რომ ამ კონკურსის ისტორიაში, მხოლოდ პირველად კი არ დაიკავა ქართველმა პირველი ადგილი, საერთოდ, პირველად გავიდა ფინალში და გაიმარჯვა კიდეც. 1954 წლიდან დღემდე ეს არის პირველი შემთხვევა.

– მერე როგორ შეგაფასათ ჟიურიმ?

– მეუბნებოდნენ, ამ კონკურსზე გამორიცხულია პირველ ტურამდე მოვიდეს პიანისტი, რომელსაც მაღალი დონის ტექნიკა და ოსტატობა არ აქვსო. ამით აქ ვერავის გავაკვირვებდი. მაგრამ ჟიურის ყველა წევრი მეუბნებოდა, როცა თქვენ უკრავდით, ყოველთვის გვინდოდა, მეტი და მეტი გვესმინა, იმდენად გვასიამოვნეთ. ჩვენ ვუსმენდით არა კონკურსატს, არამედ პიანისტს, რომელმაც უზომოდ გვასიამოვნა და დაგვავიწყდა, რომ კონკურსზე ვისხედითო. მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას და ჩემს პროფესორს.

– რა ასაკში გაჩნდა ინტერესი მუსიკისადმი?

– დედამ ექვსი წლის ასაკში მიმიყვანა ფორტეპიანოზე ჩემს უსაყვარლეს პედაგოგთან, ლუდა ნადირაძესთან, თუმცა მე თავიდან არ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი. შემდეგ დაიწყო კონკურსები და გამარჯვებები, რაც ჩემს ბავშვურ ბუნებას ძალიან მოეწონა და ინტერესი გამიღვივა. შემდეგ ვლადიმერ შერმაზანიშვილი მასწავლიდა, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, ვერ შევდგებოდი, როგორც პიანისტი. სწორედ, მან დამაკავშირა ალექსანდრე გარბერთან, რომელმაც იმხელა გარღვევა მოახდინა ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, რომ ალბათ, ძეგლი მაქვს დასადგამი მისთვის.

P.S. ფოტოების ავტორია Oliver Adel და Adell.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული