საზოგადოება

როგორ გაიყვანეს მიხეილ გარსევანოვის ხელმძღვანელობით გზატკეცილები და რკინიგზის ხაზები კავკასიაში

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 14.08

მიხეილ გარსევანოვი
დაკოპირებულია

ინჟინერ-მშენებელი და მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი (გარსევანიშვილი) 1830 წელს ხარკოვის გუბერნიის სოფელ ნიკოპოლში დაიბადა. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1845 წელს კი ჩაირიცხა პეტერბურგის მთავარ სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში.

მიხეილმა სწავლა საველე ინჟინერ-პრაპორშჩიკის ჩინით დაამთავრა, მაგრამ როგორც გამორჩეული კურსდამთავრებული, ის კიდევ ორი წლით დატოვეს სასწავლებელში და 1851 წელს სამხედრო ინჟინერ-პორუჩიკის წოდება მიანიჭეს.

მიხეილ გარსევანოვი მსახურობდა კიევის ციხესიმაგრის საინჟინრო რაზმში. ეს წლები ახალგაზრდა ინჟინრისთვის პრაქტიკული საქმიანობის კარგი სკოლა იყო. მალე ის ლექტორად მიიწვიეს საინჟინრო სასწავლებელში. პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებამდე კი ერთი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ – გერმანიაში, ინგლისში, ბელგიასა და ჰოლანდიაში, სადაც ეცნობოდა ნავსადგურების მშენებლობის საკითხებს.

1857 წელს გარსევანოვი რუსეთში დაბრუნდა. ამ დროიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელსა და სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, სადაც მიჰყავდა სამშენებლო ხელოვნების კურსი. მალე ის ადიუნქტ-პროფესორად აირჩიეს.

1862 წელს მიხეილ გარსევანოვი, მთავრობის განკარგულებით, დროებით გადაიყვანეს საზღვაო ჰიდროტექნიკურ მშენებლობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა რთული საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და აგებას. თავისი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობით მან საფუძველი ჩაუყარა გამოყენებით საზღვაო ჰიდროტექნიკურ მეცნიერებას, თეორიულად დაამუშავა საზღვაო ნაგებობათა და გარემოს ურთიერთმოქმედების პროცესი.

მიხეილ გარსევანოვი იყო კრონშტადტის, ნიკოლაევის, ქერჩის, ოდესის ნავსადგურების მშენებლობის კონსულტანტი. 1862 წელს მას მიანიჭეს კაპიტნის, 1863 წელს – პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1867 წელს – პოლკოვნიკის წოდება.

1868 წელს, კავკასიის მეფისნაცვლის მიწვევით, ინჟინერ-პოლკოვნიკი მიხეილ გარსევანოვი სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. ის კავკასიის სამოქალაქო ნაგებობათა და გზატკეცილების მშენებლობის მთავარ ინჟინრად დანიშნეს. საქართველოში გარსევანოვი 1883 წლამდე მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით კავკასიაში გაიყვანეს გზატკეცილები, რკინიგზის ხაზები, ააგეს საირიგაციო-ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

აღსანიშნავია მიხეილ გარსევანოვის ღვაწლი საიმპერატორო რუსული ტექნიკური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ შორის, მისი პირველი პროვინციული განყოფილების, კავკასიის ტექნიკური საზოგადოების საქმიანობაში, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდათ.

მიხეილ გარსევანოვის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა მთელ კავკასიაში. ის, ასევე, იყო თბილისის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1883 წლიდან 20 წლის განმავლობაში მიხეილ გარსევანოვს პეტერბურგის გზათა მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ამ პოსტზე ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებას. მისი ინიციატივით, ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები მივლინებით იგზავნებოდნენ საზღვარგარეთ, სადაც ეცნობოდნენ მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტებს; ძირფესვიანად გადახალისდა ინსტიტუტის ლაბორატორიული ბაზა; ინტენსიურად წარიმართა ცემენტის, სამშენებლო ქვისა და სხვა საშენ მასალათა შესწავლა. პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად მიხეილ გარსევანოვი სამეცნიერო საქმიანობასაც განაგრძობდა, რასაც მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომი, რომელთაგან უმეტესობა ნავსადგურების მშენებლობას ეძღვნება.

მიხეილ გარსევანოვის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის პერიოდული ორგანოს დაარსება. 1899 წელს გამოცემული ინსტიტუტის შრომათა კრებული მეცნიერის საინჟინრო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავს მიეძღვნა.

1876 წელს მიხეილ გარსევანოვს მიენიჭა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის, 1886 წელს – საიდუმლო მრჩევლის, 1899 წლის 26 მაისს კი – ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება.

1901 წელს გარსევანოვი მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის დირექტორის პოსტიდან გადადგა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად მას მიანიჭეს ინსტიტუტის საპატიო მზრუნველის წოდება. დაარსდა მისი სახელობის პრემია.

მიხეილ გარსევანოვი გარდაიცვალა 1907 წლის 16 მაისს სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ხელოვნების მოღვაწეთა ნეკროპოლში. მისი ვაჟი, ინჟინერ-მშენებელი ნიკოლოზ გარსევანოვი, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გამოყენებული მასალების წყარო: „ვიკიპედია“; ჯავრიშვილი ვ. მიხეილ გარსევანოვის დაბადების 150 წლისთავის გამო // მეცნიერება და ტექნიკა.; მახვილაძე ნოდარ. მიხეილ გარსევანიშვილი (გარსევანოვი) (1830-1907) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძველესი დროიდან 21-ე საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავით გიორგიძე; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა