საზოგადოება

როგორ გაიხადეს ანაფორები, მოიხსნეს ჯვრები და ავიდნენ მატარებელში ქართველი სასულიერო პირები

№22

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 07.06, 2023 წელი

კირიონი
დაკოპირებულია

დღევანდელ ნომერში სერგო ვარდოსანიძე კიდევ უფრო საინტერესო ამბებს გიამბობთ, რასაც ასეთი სიზუსტით სხვაგან ვერასად წაიკითხავთ, მაგალითად, როგორ იყო დაკავშირებული ილია ჭავჭავაძე ეკლესიასთან, ვინ იყო ილიას მოძღვარი, ვისთან მეგობრობდა ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ და რა იყო მისი მთავარი ამოცანა ამ დროს, როგორ გამოსტაცეს ქართველმა ეგზარქოსებმა და პატრიარქებმა რუსებს ხელიდან საქართველოს ავტოკეფალია, რა მანიპულაციებით და როგორ აღდგა ის, ვინ შეეწირა ამ ამბებს და ასე შემდეგ.

ილია ჭავჭავაძეს ჰყავდა მოძღვარი, ქართული ეკლესიისგან წმინდანად შერაცხილი ალექსანდრე ოქროპირიძე. ილია ჭავჭავაძე მეგობრობდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (1860-1896 წლები) დიდი პიროვნება იყო ერთიც და მეორეც. ილია ამ დიდი საეკლესიო მოღვაწეებით იყო დაკავშირებული ეკლესიასთან, თუმცა, როცა ბრუნდება, მას საქართველოში სამი მთავარი ამოცანა აქვს. მართალია, ილიას დროშაზე აწერია – მამული, ენა, სარწმუნოება, მაგრამ ამაში რა იდო? პირველ რიგში, ღირსების გრძნობის, ღირსების განცდის აღდგენა. ნებისმიერი დამპყრობელი ყოველთვის ცდილობს, ღირსება წაართვას დაპყრობილ ხალხს, უღირსებო ხალხის მართვა ძალიან ადვილია. როდესაც ილია ბრუნდება, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, რაც გულისხმობს ჯერ კულტურულ-ნაციონალურ ავტონომიას, შემდგომ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობამდე გასვლას. მეორე – საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა და მესამე – ქართული უმაღლესი სასწავლებლის დაარსება. ეს სამი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანის გარშემო ჩვენი დაქსაქსული, გათითოკაცებული ერის გაერთიანება. ილიამ სწორედ ის ახალგაზრდები შეარჩია სასულიერო წრეში, რომელთაც თბილისის რუსული სასულიერო სემინარია ჰქონდათ დამთავრებული. ესენი იყვნენ: კირიონ საძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპირაძე, კალისტრატე ცინცაძე, ამბროსი ხელაია, ნიკიტა თალაკვაძე. და, აი, ეს მოძრაობა იწყება – ბრძოლა ღირსების აღსადგენად. იყო ერთი, სანთელივით კაცი – ივანე კერესელიძე. ეს ის ივანე კერესელიძეა, რომელსაც ჩვენც ვიცნობთ. მისი ლექსი – „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი...“ სიმღერად არის ქცეული. ყველამ იცის ეს ლექსი, მაგრამ ვინ არის მისი ავტორი, შეიძლება, ბევრმა არ იცის. ივანე კერესელიძე „ცისკრის“ რედაქტორი იყო. „ცისკარი“ ვორონცოვის დაარსებულია თავის დროზე. ძველი თაობა, ივანე კერესელიძეც შეგუებულია ამ ყველაფერს. არის ერთი ასეთი საინტერესო ინფორმაცია, რომ ივანე კერესელიძეს პეტერბურგიდან თერგდალეულებმა შემოუთვალეს, რომ მიმართულება შეუცვალე შენს ჟურნალსო. ივანე კერესელიძე, ეს პატიოსანი კაცი რას წერს: აქამდე დარიალით ვაგზავნიდი, ახლა, ფოთით ვაგზავნი. მართალია, ძვირი მიჯდება, მაგრამ სტუდენტებმა ასე მომთხოვესო. ასე რომ, ივანე კერესელიძის თაობას ილია ვერ მოსთხოვდა იმას, რასაც ახალგაზრდობას მოსთხოვდა და ეს არის, ღირსებისთვის ბრძოლა!..

ფსონი პატრიარქებზე

ახალგაზრდა სასულიერო პირებმა, ილიას დავალებით, ქართულ და რუსულ პრესაში დაიწყეს წერილების დაბეჭვდა, რომ საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის ავტოკეფალია და რომ 1811-1812 წლებში ის უკანონოდ არის გაუქმებული. ეს წერილები პირველად პოლემიკური ხასიათის იყო, შესაძლოა, ნაკლებ დამაჯერებელი, მაგრამ მერე თანდათან ამან მეცნიერული სახე შეიძინა. ამ მოძრაობით, ქმედებებით, საბოლოოდ ქართული სამღვდელოება აღმოჩნდა ყველაზე თანმიმდევრული ამ გზაზე. რაში გამოიხატებოდა ეს? 1905 წელს ნიკოლოზ მეორემ გამოსცა მანიფესტი – ვის რა პრობლემები აქვს... აქედან, გამომდინარე სამღვდელოებამ განაცხადა, დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემა – ავტოკეფალია გვინდა და, გადაწყვიტეს, ახლანდელ ვერის ბაღში (მაშინ იქ იყო ვერის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია) შეკრებილიყვნენ, რათა შეედგინათ ტექსტი იმპერატორის სახელზე და მოეთხოვათ ავტოკეფალია. როდესაც ეს ამბავი მაშინდელმა ეგზარქოსმა, ალექსი ოპოცკიმ გაიგო, სასწრაფოდ დაგზავნა დეპეშები რკინიგზის უფროსების მაგალითად, გრაკალის, შორაპნის, მეტეხის, მოლითის და ასე შემდეგ სახელზე: გეკრძალებათ სასულიერო პირებზე ბილეთების გაცემა. თუ დაინახეთ, რომ მატარებელში ამოვიდნენ, პოლიციის ძალით ჩამოიყვანეთო. მაშინ, სასულიერო და საერო პირების უმრავლესობასაც წვერი მოშვებული ჰქონდა. სასულიერო პირებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ანაფორები გაიხადეს, ჯვრები მოიხსნეს და მატარებელში ისე ავიდნენ, როგორც სამოქალაქო პირები. როგორც კი თბილისში ჩამოვიდნენ, ისევ ისე შეიმოსნენ და შეიკრიბნენ ვერის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში. ოთხასზე მეტმა სასულიერო პირმა მოაწერა ხელი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის წერილს. ამ კრების თავმჯდომარე დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი იყო. როდესაც ამ წერილს ხელი მოაწერეს, მთავარმართებელი ვორონცოვ-დაშკოვი ორი კვირის დანიშნული იყო და ახლანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, მაშინდელ მეფისნაცვლის სასახლეში იჯდა. სასულიერო პირები, ვინც პეტიციას ხელი მოაწერეს, ეკლესიიდან გოლოვინის გამზირზე ხატებით, ჯვრებით წამოვიდნენ, რათა ეს პეტიცია მისთვის მიერთმიათ და ეთხოვათ, რომ იმპერატორს გაუგზავნოს. ეგზარქოსი სასწრაფოდ დაუკავშირდა თბილისის პოლიციის უფროსს, კურთხევა გეძლევათ, თავ-პირი დაამტვრიეთ და თავზე დაახიეთ ეს ქაღალდები მაგათო. მართლაც, სასულიერო პირებს მათ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუკეტეს გზა და სცემეს. ვორონცოვ-დაშკოვი ახალი ჩამოსული იყო და მას არ უნდოდა ეს ამბები, შარში გამხვიეს რაღაცო – იფიქრა. ჯერ არ იცოდა აქ რა ხდებოდა. ამას სერიოზული ამბები მოჰყვა. ილია ჭავჭავაძემ პირველი, რაც გააკეთა მთავარმართებელთან მივიდა. ისინი რიგითი სასულიერო პირები იყვნენ და ილიას მიესვლებოდა და უთხრა, აი, რა მოხდა, ეს როგორ შეიძლებოდა? სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომებიო... და რა ზომები მიიღეს? მთავარმართებელი დაუკავშირდა საიმპერატორო ხელისუფლებას და გადაწყვიტეს, რომ პეტერბურგში ჩაენიშნათ სინოდის წინარე სხდომა, რათა განეხილათ ეს საკითხი, რომ ქუჩაში გამოსული სასულიერო პირები დემარშით გამოვიდნენ, თანაც ნაცემნი არიანო... და აი, აქ უკვე, ამ პროცესებში ჩართულია ილია. ილია შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია და როდესაც პეტრბურგში ჩადის, იმ დროისთვის ეპისკოპოსს, კირიონ საძაგლიშვილს ხვდება. კირიონის დღიურებში არის ეს ჩანაწერები. სინოდის წინარე სხდომა (1906 წელი) ექვსი თვე მიდიოდა. ამის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კირიონი, ეპისკოპოსი ლეონიდ ოქროპირიძე, ასევე, ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი. ექვთიმე ელიაშვილი თავიდან კი იყო მათ მხარეზე, მაგრამ შემდეგ კირიონი წერს დღიურებში: ელიაშვილს ვუთხარი, შენი ადგილი საქართველოში არ არის, ძალიან ცუდად იქცევი-მეთქი და გავლანძღე. ის ამის შემდეგ მართლა აღარ ჩამოსულა საქართველოში. როცა ამ საკითხებს იხილავდნენ, იქ ჩართული იყვნენ ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი (პეტერბურგში მოღვაწე მეცნიერები), აგრეთვე, ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი და იყო დისკუსიები. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს ყოფილიყო ორთქლის გამოშვება და არა მართლა ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ მთავარია, რომ ეს საკითხი უკვე გავიდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ამ საკითხზე ემუშავა. ეს ამბები ევროპაში კათოლიკე ქართველ მღვდელს, მიხეილ თამარაშვილს გაჰქონდა. მან ფრანგულად გამოაქვეყნა წიგნი – „ქართული ეკლესიის ისტორია“ და მასში ის ყველაფერი აღწერა, რაც იმ სინოდის წინარე სხდომაზე ხდებოდა. ერთი სიტყვით, ეს ძალიან სერიოზული მოძრაობა იყო. იქ რუსეთის ხელისუფლებამ ერთი გადაგვარებული ქართველიც გამოიყვანა. იყო ასეთი ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე, კარდენახელი კაცი იყო, მაგრამ ქართული არაფერი სწამდა. იმ სხდომაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ დაიჭირეთ კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება, ეგენი არიან რომ აქეზებენ ხალხსო. დიმიტრი აბაშიძე, თავის დროზე, იოსებ სტალინის მასწავლებელი იყო თბილისის სასულიერო სემინარიაში და შემდეგ იგი თეთრგვარდიელთა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას ბოლშევიკების წინააღმდეგ. ცარიცინთან დააპატიმრეს, სტალინთან მიიყვანეს. სტალინმა გაათავისუფლა და გაუშვეს კიევში, კიევ-პეჩორის მონასტერში იყო (დიმიტრი აბაშიძე 1943 წელს იქ გარდაიცვალა). ახლა ის უკრაინის რუსული ეკლესიისგან, ონოფრეს ეკლესიას რომ ეძახიან, წმიდანად არის შერაცხული. ერთი სიტყვით, ამ დავასა და ამბებში აქტიურად იყო ჩართული ილია ჭავჭავაძე. კირიონი დეკანოზ იოსებ სიჯავაძისადმი გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერს: სახლში რომ ვბრუნდებოდი, მოსამსახურემ მითხრა, წერილიაო. გავხსენი და ილიასგან იყო – დღეს თუ შეგიძლია, მოხვიდეო. დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც სასწრაფოდ წავედი და ვისაუბრეთ ჩვენი ეკლესიის ბედზეო. კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: ეგზარქოსი ალექსი ოპოცკი აქედან გაიწვიეს. მან ვერ უზრუნველყო ამ ავტოკეფალიური მოძრაობის განეიტრალება და რუსებმა გადაწყვიტეს, ეგზარქოსად ავტოკეფალიისადმი ერთ-ერთი შეურიგებელი სასულიერო პირი, მთავარი ეპისკოპოსი ნიკონ სოფიისკი გამოეგზავნათ და აქაურმა ავტოკეფალისტებმა ილიას სასწრაფოდ შეატყობინეს, ობერპროკურორი ინახულეთო. მოგესხენებათ, რუსეთის ეკლესიაში მე-18 საუკუნის 20-იანი წლებიდან პატრიარქობა აღარ იყო. პატრიარქობა პეტრე პირველმა გააუქმა და რუსეთის ეკლესიას, ფაქტობრივად, ობერპროკურორი განაგებდა, ობერპროკურორი სამხედრო პირი იყო (ანალოგია სტალინმა გაიმეორა, როდესაც რელიგიის საქმეთა კომიტეტი შექმნა). ერთი სიტყვით, ობერპროკურორთან ილია მივიდა და უთხრა, რომ ქართველები არ მიიღებენ ამას (ამ მოძრაოაბში, ასევე, იყვნენ აკაკი, იაკობ გოგებაშვილი). შემდგომ პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი იხსენებდა ასეთ ამბავს, რომ ქართლში ამილახვარმა (სურამის მახლობლად იტრიის მონასტრის წინამძღვარმა) მომიყვა, ეგზარქოსმა ალექსი ოპოცკიმ დამიბარა და მითხრა: აქ ჩამოვიდა თქვენი მღვდელი და თავჯდომარეობდა რაღაც სხდომას, ხალხი გადამირია და გადამამტერა. რა უნდოდა მაგას აქო. მერე, ამილახვარმა მითხრა, ამდენი მღვდელია თბილისში და რაღა შენ უხელმძღვანელე ამ არევ-დარევასო. მე ვუთხარი: თბილისში, რომ მღვდლები არიან, ისინი თბილად არიან მოკალათებულნი, ეგზარქოსს არ გაანაწყენებდნენ. ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა, რაც სათქმელი იყო და ეს მე ვიყავი. რა უნდა დამაკლოს ეგზარქოსმა, იტრიას წამართმევს? გადმომიგდეს იტრია, ვითომც ერთი კიტრია და ერთი კილო კიტრი ორი კაპიკი ღირდაო. გაღატაკებული იტრია თუ დავკარგე, ეს არაფერს ნიშნავსო. ასეთი პოზიცია ჰქონდა მაშინ ქრისტეფორეს. გამოაგზავნეს მაინც ეს ნიკონ სოფიინსკი და ჩამოვიდა. არცერთი სასულიერო პირი არ დახვდა. სიონში მიდიოდა და წირავდა. დაცვა მიჰყვებოდა და მოჰყვებოდა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე უკვე გარდაცვლილია. გამოვიდა სიონიდან ნიკონი. სადაც ახლა „ქართული ოცნების“ ოფისია, იქ იყო ეგზარქოსის კანცელარია. როსტომ მეფის სასახლეს რომ ეძახიან, იქ არაფერი არ არის როსტომ მეფის დროინდელი. აბანოს ნაშთია მარტო და რატომ დაარქვეს როსტომის სასახლე, არ ვიცი. იქით, მეორე ეგზარქოსის სასახლე იყო, სადაც ახლა კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის რეზიდენციაა. ნიკონმა, როგროც ჩანს, გადაწყვიტა, კანცელარიაში შესულიყო, საბუთებზე მოეწერა ხელი და შემდეგ, შევიდოდა თავის რეზიდენციაში. მას აჰყვა ანაფორაში გადაცმული ერთი ტერორისტი, ბომბი დასცა და მოკლა ადგილზე. მისი მკვლელობა ხელისუფებამ ავტოკეფალისტებს დააბრალა. კირიონიც მკვლელად ჩათვალა. ეს ავტოკეფალისტები ყველა დაფანტეს, გადაასახლეს. მაგალითად, ამბროსი ხელაია სტარაია რუსაში გადაასახლეს, კირიონი – კოვნოში. ყველას მკვლელობაში დასდეს ბრალი და ტერორისტებად გამოაცხადეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ გადასახლებაში ყოფნის დროს არცერთი ავტოკეფალისტი და მათ შორის, უპირევლეს ყოვლისა კირიონი, სულიერად ვერ გატეხეს. გადასახლებაში ყოფნის დროს დაწერა მან უნიკალური წიგნი – „საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“, მესამე ომის თეორიას რომ აკრიტიკებს. წიგნი რუსულ ენაზეა დაწერილი. რომ წაიკითხავთ, გაოცდებით – როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება. ამ დროს წერილებს აგზავნიდა იქიდან: ჩემი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უფრო დამძიმდება, თუ სამშობლოდან ვერაფერს შევიტყობო. ავტოკეფალიის საქმე არ არის ისეთი, რომელიც ერთი ხელის მოსმით გადაწყდება. აქ საჭიროა თანმიმდევრობა, აქ საჭიროა პრინციპულობა, აქ საჭიროა უკომპრომისობა. აი, ასეთი ვითარება იყო (ეს ხალხი, რომლებიც მერე პატრიარქები ხდებიან და დიდი ხალხია საქართველოს ისტორიაში, გადასახლებულები არიან იმიტომ რომ ავტოკეფალიას ითხოვდნენ).

გაგრძელება შემდეგ ნომერში

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა