საზოგადოება

როგორ გაჰქონდათ თავი ებრაელების დახმარებით მიხეილ ჭიაურელსა და მის ოჯახს

№15

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 22.04

მიხეილ ჭიაურელი
დაკოპირებულია

„გიორგი სააკაძე“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა მრავალი ფილმის რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ცხოვრების თბილისურ ფრაგმენტებს, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ერთი დაუწერელი წიგნიდან არის. ის თინათინ კობალაძემ შეკრიბა და შეადგინა.

ძველი თაობის კაცი

„ბევრ რამეს, თავიდან რომ დაიწყოს, ახლა სხვანაირად გავაკეთებდი. ეს მაწუხებს, თუმცა, არ იფიქროთ, ვწუწუნებდე. მე არ მიყვარს წუწუნი, არც ის მიყვარს, სამდურავს რომ ამბობენ... აი, მაგალითად, „ოთარაანთ ქვრივი“... (ეს ფილმი მაშინ ახალი გამოსული იყო ეკრანზე) ხომ სულ კარგი რეცენზიები დაიწერა, მაგრამ მე მაინც გული მტკივა. ამას ყველას არ ვეტყვი. ის არ არის, რაც უნდა იყოს. საერთოდ, ლიტერატურული ნაწარმოების და მით უმეტეს, ისეთის, როგორიც ეს მოთხრობაა, ეკრანზე გადატანა, უმეტეს შემთხვევაში, წამგებიანია, მაგრამ ვერიკო კარგია. განსაკუთრებით, ბოლო კადრები პირდაპირ შეუდარებელია. როგორ მიდის, კუბოს რომ მიჰყვება, ერთ ფილმად მარტო ეს ღირს... ძნელია ხელოვანის გზა. დღეს ყველაფერი სულ სხვანაირად, ახლებურად ესმით და მოსწონთ. მე კი ძველი თაობის კაცი ვარ. ჩემი სახლი დღე და ღამე ახალგაზრდებითაა სავსე. არის დავა, კამათი. ვერიკო ჩემზე უკეთ გრძნობს მათ სულს. მუდამ მათ მხარეზეა. ჩემთვის კი ჩინურია მათი საუბარი. მაწუხებს ეს...”

გადმოქექა არქივი... დიდხანს ვათვალიერებდით ქალბატონ ვერიკოს სურათებს, ვკითხულობდით... გაიცინა, თქვენ ბოლოს და ბოლოს, ვერიკოსთან მოხვედით თუ ჩემთანო. დაუძახა: ვერიკო, მოდი, აქ დაჯექი, თორემ თვალები სულ შენკენ აქვთო... იმ დღეს მაგნიტოფირზე ჩავიწერეთ მისი მოგონებები მშობლებზე, სპარტაკ ბაღაშვილზე. ქართულ ბატალიონზე, რომელიც ფილმ „გიორგი სააკაძეში“ გადაღების შემდეგ მთელი შემადგენლობით ქერჩში დაიღუპა. მოგონებები ძველ თეატრზე (ერთხელ რომელიღაც ძველი სპექტაკლიდან სურათი მაჩვენა. ღარიბული სცენა, იატაკზე დაგებული ფარდაგი და ვასო აბაშიძე... სხვები არ მახსოვს. აი, ამათ ვენაცვალე. თეატრის სული აქ იყოო, თქვა), მსახიობებზე, მხატვრებზე, მისი სიმღერები. ეს ჩანაწერები იმდენად ცოცხალი და მიმზიდველია, რომ მინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოესმინა და ენახა... მინდოდა, ყოველივე ფირზეც გადაღებულიყო, რომ შემოგვენახა. ძია მიშაც დაგვთანხმდა. იმ დროს ჯერ კიდევ კარგად იყო.

მახსოვს, ერთი ასეთი ეპიზოდი: უნდა მოგვეყვანა ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე, რომ ძია მიშასთან ერთად ემღერათ რაიმე ძველი თბილისის თემატიკიდან... ძია მიშას ძალიან ესიამოვნა მათთან შეხვედრა... რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ... ცხადია, იმპროვიზებულად. საუბარი, დაახლოებით, ასე წარიმართა:

– ჩემო ბუბა, ძალიან მიხარია, შენ რომ ახლა ჩემთან ზიხარ. მიყვარს შენი სიმღერა, მიდის ძველი თბილისი... ბევრი რამ მიყვარს, მაგრამ ძველი თბილისი სხვა არის (მღერის: „მე თბილისი მისთვის მიყვარს...“), მიმღერე რამე, ძველთბილისური.

– ეს ცოტა ძნელი იქნება, თქვენ ისე მღერით. მოდით, ისევ თქვენ გვიმღერეთ რაიმე საიათნოვასი, ძია მიშა, საიათნოვასი...

– საიათნოვას სიმღერა ძნელია.

„მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო,

მე შენ ვერ გაგიძლებ მიზეზიანო...“

მოდი, ისევ ერთად ვიმღეროთ. დაიწყო: „ძველი თბილისი ისევ მიგონებს...“ აჰყვა ბუბაც და სიტყვებზე „ძნელი ყოფილა მართლა სიბერე“ კი, ძნელიაო, კვერი დაუკრა... ჩანაწერი ასევე დარჩა. ბოლოს გადაცემა აღარ გაკეთდა, მაგრამ ყველა კადრი ისეთი საინტერესო და ემოციური გამოვიდა, რომ გადაწყდა, შექმნილიყო ფილმი. და აი, ოთარ სეფიაშვილმა სასწრაფოდ დაწერა სცენარი. მოვძებნეთ ძველი კინო-და-ფოტომასალები, წერილები, მოგონებები, გამოვიყენეთ რადიოს ჩანაწერები და რამდენიმე თვეში ფილმი უკვე მზად იყო. დიდი შრომა გასწია ამ ფილმზე რეჟისორმა რეზო გამცემლიძემ.

მახსოვს პირველი შეხვედრა... მე და ლამარა კიკალაშვილი ქართული კინოს 40 წლისთავისადმი მიძღვნილ გადაცემას ვამზადებდით და მასთან სახლში მივედით. შეგვიყვანა თავის სამუშაო ოთახში. ახლა მე თქვენ ყავით გაგიმასპინძლდებით, ნახეთ, როგორი ყავის მოდუღება ვიცი და მერე ვისაუბროთო. თვითონ დაფქვა, პატარა ჩაიდანში მოხარშა ირანული ყავა, იქვე, პატარა ქურაზე. თვითონვე მოგვართვა. მკითხაობა ხომ არ იცითო, – გვკითხა. გვიყვებოდა თავის ამბებს... „პირველად ქანდაკება მიტაცებდა. დედაჩემი ტიროდა, მიწის ზელა უსწავლელმაც კი იცის და სახელოსნო სასწავლებელი რაღაზე დაგამთავრებინე. ბედნიერი ვიყავი, ვფიქრობდი, კარგი ზეინკალი გამოხვიდოდი, შენ კი ყველაფერს თავი მიანებე და აი, მთელი ღამეები ტალახსა ზელავ. რა ნახე მაინც მაგ ტალახში, ან რა საქმეა თიხის ზელა, ვერ გამიგიაო...“

ჩემი ბედი

„...ვიზრდებოდი მშრომელი ადამიანების წრეში. ძველი თბილისი, მისი უბრალო, მშრომელი ხალხი სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ხელოვნების სიყვარულ?ი, ალბათ, მაშინ გაღვივდა ჩემში, როცა სრულიად პატარა, ძველი ჟურნალებიდან ვჭრიდი და ვაგროვებდი დორეს, დომიეს, რეპინის, პეროვის, კრამსკოის სურათებს. ამ სიყვარულმა თბილისის სახალხო სახლში მიმიყვანა, სადაც ჩავები სცენის მოყვარულთა წრეში. ჩვენ ვდგამდით მოლიერის, შილერის, გოგოლის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, დავით კლდიაშვილი ნაწარმოებებს. საღამოს, სპექტაკლის გმირთა ცხოვრებით ვცხოვრობდი, დღისით სახელოსნო სასწავლებელში დავდიოდი. იქვე ვმუშაობდი ზეინკლად, მაგრამ ჩემი არსებით სახელოსნოში არ ვიყავი. ვოცნებობდი, რომ ოდესმე შევქმნიდი ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებს, ან მომღერალი ვიქნებოდი, ან დრამატული მსახიობი. სწორედ ამ პერიოდში მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოში მოვხვდი. იქ პირველად გავეცანი მიქელანჯელოს შემოქმედებას. იაკობმა მაჩვენა როდენის ნაწარმოებთა ფოტოები და მისი ოსტატობის საიდუმლოებაზე მიამბობდა ხოლმე. ძალიან გამიტაცა ქანდაკების ხელოვნებამ. ვსწავლობდი ძერწვას. სახლშიც კი მიმქონდა თიხა და მთელი ღამეები ვმუშაობდი. იაკობი მუდამ კეთილად მექცეოდა, მაგრამ მუშაობის დროს ახლოს არ მიკარებდა. მარტო მე კი არა, არავის. რთულია საერთოდ შემოქმედებითი პროცესი. იგი უაღრესად ინდივიდუალურია და ვერ იტყვი, ვერ ასწავლი სხვას. შეუცნობელია. ხშირად იციან თქმა, არ მუშაობს, ზარმაციაო. ბალზაკი ამბობდა, ესეც შემოქმედებითი პროცესიაო... შემოქმედს არ უყვარს, როცა ვინმე უყურებს მის მუშაობას. არც იაკობს უყვარდა, მაგრამ ერთხელ მე შევიქმენი საოცრების მოწმე: ვნახე როგორ იბადება შემოქმედება; რა ემართება ადამიანს, მის თვალებს, სახეს, სულს... ვმუშაობდი სახელოსნოში... უეცრად იაკობი მოვიდა. უჩვეულოდ აღელვებული იყო.

– მიშა, ჩქარა, თიხა მომიმზადე. ახლავე, სადაცაა გუბერმანი მოვა (ეს გუბერმანი მაშინ დიდად სახელმოხვეჭილი ვიოლონჩელისტი იყო და იმხანად თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა). მისი პორტრეტი უნდა გავაკეთო.

მართლაც, სულ მალე მოვიდა ძალზე შეუხედავი კაცი. უცნაური გარეგნობის, გრძელი ხელებით, გაჩეჩილი თმით, სახის ფართო, დაღარული ნაკვთებით. გარდიგარდმო ყრია თვალები, იაკობმა მუშაობა დაიწყო. მეც იქ ვიყავი და ყოველ წამს აზელილ თიხას ვაწვდიდი. მუშაობდა სწრაფად, უსიტყვოდ. გუბერმანმა თვალები დახუჭა. ფიქრში წავიდა, დროდადრო გამოიხედავდა ხოლმე. ბოლოს ვიოლონჩელი აიღო და ჰაერში გასაოცარი ხმები გაიბნა. ეს მახინჯი კაცი ულამაზეს არსებად გადაიქცა. უკრავდა გუბერმანი, ძერწავდა ნიკოლაძე და ოთხი ხელი, ჩემს თვალწინ მთელი სისწრაფით, სინატიფით, შთაგონებით ქმნიდა სასწაულს. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ამ წუთებმა საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი ბედი... მახსოვს 1905 წლის დაუვიწყარ დღეებში ჩემი ოჯახით, თბილისელ მშრომელებთან ერთად ვიდექი თბილისის ქუჩებში. ვხედავდი კაზაკებს, რომლებიც არბევდნენ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს. ღვარივით დიოდა სისხლი უდანაშაულო ადამიანებისა. მახსოვს შავი რეაქციის წლები. ჩემს მშობლიურ სოფელ დიღომში სისხლში ჩაახშეს გლეხთა აჯანყება. დაჭრილები და მომაკვდავები ურმებით მოყავდათ ქალაქის საავადმყოფოში. მათ შორის იყვნენ ჩემი ნაცნობები, ახლობლები, ნათესავები. ვხედავდი, როგორ დაარბიეს დიდგორში სალოცავად მიმავალი გლეხები. ეზოებში ჭერეხივით ეყარნენ ჩემი ახლობლები, ნათესავები, ნაცნობი ბიჭები. იმ წლებშივე ვნახე ერთი უცნაური პროცესიაც: ცხენოსანი პოლიციელებით გარშემორტყმული მუშები ასაფლავებდნენ რუს მუშას – პეტრე მონტინს. ეს დაუვიწყარი სურათი შემდეგ გაცოცხლდა ჩემს ფილმში „უკანასკნელი მასკარადი“.

ეკრანის მიტოვება არ მიფიქრია

„სიჭაბუკის წლებში ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სამხრეთ საქართველოში მოგზაურობამ ჩვენს ცნობილ არქეოლოგ ექვთიმე თაყაიშვილთან და ლადო გუდიაშვილთან ერთად. ჩვენ გადმოვიღეთ ძველი ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლებიდან ფრესკული ფერწერისა და ქანდაკების უბრწყინვალესი ნიმუშები და სამშობლოში ჩამოვიტანეთ... ივანე პერესტიანმა შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო ფილმ „არსენა ჯორჯიაშვილში“. მთელი ღამე არ დამეძინა. არ ვიცოდი, რომელ როლს მომცემდნენ. მე მხოლოდ უბრალო როლზე ვფიქრობდი და მოულოდნელად არსენა ჯორჯიაშვილის როლი დამაკისრეს. ძნელია, გადმოგცეთ ჩემი მღელვარება. ვთამაშობდი სახლში, ქუჩაში, სახელოსნოში, ვფიქრობდი ყოველ მოძრაობაზე, ყოველ სიტყვაზე... ვცდილობდი, რაც შეიძლება, კარგად მეთამაშნა და აი, სურათი გამოვიდა... ერთხელ, ჩემმა ძმამ მამაჩემი წაიყვანა კინოთეატრში. სურათში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მე – ჯორჯიაშვილი – ბომბს ვესვრი გენერალ გრიაზნოვს. „გარადავოები“ მიჭერენ, წამაქცევენ, მცემენ, ფეხით მათრევენ. იმ დროს, კინოგადაღებებისას მართლა სცემდნენ აქტიორს, თუ ამას ეპიზოდის საჭიროება მოითხოვდა. მამაჩემი დიდი ინტერესით უყურებდა სურათს, მაგრამ როდესაც ნახა, რა უღმერთოდ მირტყამდნენ, უეცრად წამოიჭრა სკამიდან და მთელ ხალხში დაუყვირა ჩემს ძმას: რასა ზიხარ მანდ, ვერა ხედავ, რა ამბავია, მოკლეს ბიჭი, მიეშველეო... არსენას გარდა კიდევ რამდენიმე ფილმში გადამიღეს, მაგრამ ჩემი თავი ეკრანზე სულ უფრო ნაკლებად მომწონდა. მსახიობობა მივატოვე, მაგრამ ეკრანის მიტოვება არ მიფიქრია. უკვე ვიცნობდი ეიზენშტეინის, პუდოვკინის ნაწარმოებებს; ვხედავდი, რომ იბადებოდა ახალი, დიდი ხელოვნება – კინოხელოვნება. და გადავწყვიტე, კინორეჟისორი გავმხადარიყავი. ჩემი პირველი სურათი იყო „საათი და ორმოცდახუთი წუთი“. მე მალე მიხვდი, რომ მხატვარი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნული ნიადაგზე, იგი დაკავშირებული უნდა იყოს თავის ხალხთან, მის ზნესა და ჩვეულებასთან, მის კულტურასა და ხელოვნებასთან. მან უნდა გამოხატოს თავისი ხალხის მისწრაფება, მისი სიბრძნე, მისი სულიერი შინაარსი. ჩემს შემდგომ შემოქმედებას ასაზრდოებდა ჩემი ხალხის მდიდარი ფოლკლორი...“

ბევრი რამ შემიძლია, გავიხსენო

„1937 წელს დავიწყეთ „არსენას“ გადაღება. არსენას სახელი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მესმოდა. დედაჩემის პაპისთვის მას ერთხელ ქამარი უჩუქებია, ამიტომ მას ხშირად ახსენებდნენ ჩვენს ოჯახში. მიზანი ჩემთვის ნათელი იყო. მასალაც გვქონდა, მაგრამ შესაფერის მსახიობს თუ ვერ ვნახავდით, ძნელი იყო მიზნის მიღწევაზე ლაპარაკი. ეძიებდე და ჰპოვებდეო, ნათქვამია და მართლაც, ბედნიერმა შემთხვევამ სპარტაკ ბაღაშვილი მაპოვნინა – ეს საოცარი აღნაგობის, ახოვანი, ლამაზი და ნიჭიერი ჭაბუკი. მე მას კინოსტუდიასთან შევხვდი. ზაფხულის საღამო იყო. იგი ორ გოგონასთან ერთად მუშტაიდისკენ მიდიოდა. მისმა გარეგნობამ ისე გამაოცა, ისე ჰგავდა ჩემ მიერ წარმოდგენილ არსენას, რომ არ შემეძლო, არ შემეჩერებინა. მან თითქმის უხეშად მიპასუხა, დაავლო ხელი თავის გოგონებს და წავიდა... მალე გავიგეთ, რომ ის ჩვენთვის კარგად ცნობილი მუშა მსახიობის, ლევან ბაღაშვილის შვილი იყო. ლევან ბაღაშვილი ნიჭიერი კაცი იყო. მე მას კარგად ვიცნობდი, მუშათა სცენაზე ისეთ როლებს თამაშობდა, როგორიცაა ურიელ აკოსტა, თამაშობდა შილერის „ყაჩაღებში“. მალე მან სპარტაკი ჩემთან მოიყვანა. მე გამაოცა მისმა გულუბრყვილობამ. ამის შემდეგ ის ყოველდღე დადიოდა ჩვენთან. ალექსანდრე იმედაშვილი მას კითხვას ასწავლიდა და როცა ორი თვის შემდეგ ოტელოს ორი მონოლოგი წაიკითხა, ჩემს აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა. აშკარა იყო, რომ კინოხელოვნებაში მოვიდა დიდი მსახიობი. ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო ფილმ „გიორგი სააკაძეზე“. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გვეხმარებოდა წითელი არმიის ცხენოსანი ნაწილი, რომელიც მაშინ განჯაში იდგა. ეს ნაწილი 8 ათასი ქართველი მებრძოლისაგან შედგებოდა. თვალწინ მიდგას მათი უფროსი – გიორგი ბატარელი – მოხდენილი ვაჟკაცი, საუკეთესო მოჯირითე. ძალიან უნდოდა ეკრანზე თავისი თავი ენახა, მაგრამ ვერ მოესწრო...“

შეხვედრა წარსულთან

„გახსოვს, რა სწრაფად ირბენდი ვიწროებში, მიშა. სად წავიდნენ ის ძველი ხელოსნები და მეპურეები. რა კარგები იყვნენ, პატიოსნები. ყველას სათითაოდ იცნობდი შენ. იყო მათში სავსებით განუმეორებელი კოლორიტი, ერთგვარად სევდიანი. ამიტომაც აღარ გცილდება მათი ხსოვნა. ახლა ნელა მიჰყვები ამ გზებს. ახლა ძლივს ამოხვედი ამ აღმართზე, მიშა! რას გახსენებენ ეს ფარნები, ეს ვიწრო, მიჯრილი აივნები და ჩრდილებიანი ქუჩები. ვერ სცილდები მათ. რაღაც სხვაგვარი მადლი აქვს აქ ყველაფერს. როგორ გასწირეს სახლები. გული მტკივა, მოდით ჩემთან, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კიდევ ვიაროთ ამ ვიწროებში. შევიხედოთ ჩემს ბავშვობაში.

აი, იქით, დიღმის გზაზე, თეთრ დუქანში მამა მწვანილს ჰყიდის და ნატრობს, ბიჭი მალე გაიზარდოს და ზეინკალი გამოვიდესო. დილით, გათენებამდე დაივლის იგი მახლობელ სოფლებს. მოაქვს მწვანილი, ხახვი, ბოლოკი, სალათა, ტარხუნა, კამა, ქინძი. აი, ახლაც ვხედავ მის მიერ გაწყობილ მწვანილს და ისევ ვფიქრობ, მხატვარი რომ ყოფილიყო, ფიროსმანზე ნაკლებ ნატურმორტს არც ის დახატავდა. ისე იყო ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეფერებული, ვერავინ გაივლიდა, თვალი რომ არ შეეჩერებინა. ყველას უყვარდა, რადგან ვაჭრული ბუნება არ ჰქონდა. დედა უბრალო, მოსიყვარულე, თალხკაბიანი ქალი იყო. მან შენს წინაშე გახსნა სიკეთით სავსე დიდი სამყარო. მისი სითბო და მადლი დღემდე მოგყვება თან. დღემდე გახსოვს მისი ტკბილი იავნანა (მღერის). საუბარიც ნანასავით იცოდა. ახლა რომ ცოცხალი იყოს, ჩავიკრავდი გულში, მოვეფერებოდი, არ მოვცილდებოდი. აქ ხომ ფიროსმანს უვლია. მასაც გული სტკიოდა, ძალიან სტკიოდა, ამიტომაც ორთაჭალელ ტურფებს მხრებზე მტრედებს უხატავდა, ეცოდებოდა. გახსოვს, ყარაჩოხელთა დარბაისლური ქართული, მტკვარზე გასული ტივები და ამ ტივებზე ღამით ანთებული კელაპტრები, სიონი, მეტეხი... რა დიდი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა სიონის ზარს... ნეტა, სად წაიღეს ის ზარი? წაიღეს... წაიღეს... ეჰ, იმდროინდელი თბილისი უამრავი კოლორიტული სახეების ცოცხალი გამოფენა იყო. სწორედ ამ სახეებმა და სურათებმა მომიყვანეს ხელოვნებასთან...“ ეს ჩანაწერი მხოლოდ მიახლოებით გადმოსცემს იმ განწყობასა და შთაბეჭდილებას.

თბილისის ეზოების მეუფეები

„...ძალიან მიყვარდა ხატვა. განსაკუთრებით კარიკატურებისა. იმდროინდელი თბილისი ხომ განსხვავებული სახეების ცოცხალი გამოფენა იყო... ჩვეულებრივი თბილისური ეზო იყო ჩვენი ეზო, ქვაფენილიანი. ხოლო დიღომი, ბავშვობის დროისა, სხვა იყო. იგი ჩემთვის ახლაც სიბერის სავანეა. ღარიბი იყო ჩვენი ოჯახი. მახსოვს ძველი თბილისის ებრაელობა. ისინი ბევრ გაჭირვებას უმსუბუქებდნენ ხალხს. ეზოში მოჰქონდათ წვრილმანი საქონელი. კარგად ლაპარაკობდნენ ქართულად, მახსოვს იაკოფა ურია... მოიტანდა დიდ ბოხჩას, გაშლიდა დედაჩემის წინ ყველა ჯურის საქონელს და ეტყოდა:

– რაც გნებავს, აიღე, როცა გექნება, მომცემ, არ გექნება, არ მომცემ.

თუ ჰქონდა დედაჩემს რაიმე ნუგბარი საჭმელი, გამოიტანდა, ლოცავდა იაკოფა ურია... ეჰ... სადღაა ასეთი სიკეთე... რა გულსატკენია, როგორ შეიცვალა ხალხი, ყველა ერთად შეიცვალა. დიღმელები, ნათესავები, ყველანი აჯავრებდნენ დედაჩემს: აბა, მოგივიდა იაკოფა ურიაო. დედაჩემი უბრალო ქალი იყო, არასოდეს იცოდა რამდენი ვალი ჰქონდა, არც იაკოფამ იცოდა, მაგრამ მშვენივრად ესმოდათ ერთმანეთის… უეცრად საიდანღაც სასულე ორკესტრის ხმა შემოგვესმებოდა... გავცვივდებოდით ბავშვები. დავინახავდით პროცესიას. ესეც სანახაობა იყო. თუ რუსს მარხავდნენ, ტირილი არ ისმოდა, თუ მარხავდნენ ქართველს, იყო გულდამწვარი მოთქმა. ჰანგი ძალიან მოქმედებდა ჩვენზე. ეს მოთქმის ჰანგი იავნანას ჰგავდა. მაშინ მოტირლები იცოდნენ, ვინც კარგი მოთქმა იცოდა, მიიწვევდნენ ხოლმე სატირალში. ამაზრზენი და შთამბეჭდავი იყო ეს სურათი. მისი დავიწყება შეუძლებელია. ისე ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში, რომ შევეცადე, იგი „ოთარაანთ ქვრივში“ გამეცოცხლებინა. მოტირლების მოსვლა ამ შთაბეჭდილების ხსოვნით გავაკეთე. განსაკუთრებული დღესასწაული ეზოს ბავშვებისათვის იყო მეარღნის სტუმრობა. ორი ტიპის მეარღნეები იყვნენ: ყარაჩოხელები, რომლებიც მშვენიერ ახალუხს ატარებდნენ და თბილისის ეზოების მეუფეები.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა