საზოგადოება

როგორ გადაურჩა სიკვდილს გეგე სულხანიშვილი და რატომ ითხოვდა ის ადგილს მორგში

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 20.06, 2022 წელი

გეგე სულხანიშვილი
დაკოპირებულია

გეგე სულხანიშვილის ცხოვრება და ქალბატონებთან დაკავშირებული ისტორიები ძალიან მრავალფეროვანია. მასთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ და შემდეგ, მის ცხოვრებაში მომხდარ სასწაულებსაც შევეხეთ.

გეგე სულხანიშვილი: ოჯახი მყავდა და ჩემს ცხოვრებაში ერთი ქალი გამოჩნდა, რომელთანაც ერთი ღამით ვაპირებდი ურთიერთობას, მაგრამ რატომღაც გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მე თვითონ მიკვირდა, რატომ მოხდა ასე, რადგან სხვა დროს მსგავსი რამ არ დამმართნია. ეს გოგო ფერება-ფერებაში სახეზე რაღაცას მისვამდა და თურმე, ამ ადგილებში შავი ღარები გამიჩნდა. ჩემმა ცოლმა გამამახვილებინა ყურადღება, ვერა ხედავ, ვირის ტვინს გისვამენო. არ დავიჯერე მისი ნათქვამი, რა ვირის ტვინი-მეთქი, მაგრამ გონებაში ჩამრჩა ეს სიტყვები. გავიდა ერთი-ორი კვირა და ამ გოგოს დედა მეხვეწება, შენი ჭირიმე, გეგე, სიღნაღიდან რაღაც მაქვს წამოსაღები და წამიყვანეო. სიდედრია არაოფიციალური და როგორ ვეტყვი უარს. წავიყვანე სადღაც სოფელში და ორმა კაცმა გამოიტანა ორი ტომარა და ჩაგვიდეს. ვიფიქრე, რომ სიმინდი ან რამე სოფლის პროდუქტი იყო. მოიტანეს მესამეც და ვხედავ თავი არ აქვს კარგად მოკრული. ჩავხედე და ვირის თავებით არ არი სავსე? თურმე, სამივე „მეშოკში“ ვირის თავები ეწყო. ეს რომ დავინახე, შემეშინდა, არც არაფერი მითქვამს, ოღონდ ესენი მოვიშორო ამ ვირის თავებიანად-მეთქი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე მის შვილთან.

– თქვენს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, თვითონ რა „ჯადოს“ უკეთებდით მათ?

– ჯადო ცხოვრებაში არავისთვის გამიკეთებია (იცინის). ალბათ, ჩემი ცხოვრების სტილით, სითბოთი, ყურადღებით, სიმღერით, იუმორით, სუფრაზე ლექსის თქმით ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვხვდებოდი. თან, ცოტა შეხედულიც თუ ხარ – მით უმეტეს. მე კიდევ კალათბურთს ვთამაშობდი და მოკლედ, პოპულარული ბიჭი ვიყავი. 8 მარტს ვარ დაბადებული და ესეც ხელს მიწყობდა. ქალებს ვეუბნებოდი, მე ვარ თქვენი საჩუქარი-მეთქი (იცინის). ექვსი ცოლიდან ერთთანაც კი არ მქონია ჩხუბი და ხმამაღალი ლაპარაკი. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. არცერთი არ მომიტყუებია. პატარ-პატარა ტყუილებს ვამბობდი, მაგრამ ეს რომ არა, იმ ხუთ ან სამ წელსაც ვერ ვიქნებოდით ერთად (იცინის). ისეთ ტყუილს არ ვამბობდი, ვინმე რომ დაეზარალებინა, მაგრამ ცოლი რომ მკითხავდა, სად იყავიო, სიმართლეს ხომ ვერ ვეტყოდი, ეს ხანდახან საჭირო ტყუილია (იცინის). ამას მე დიდ ტყუილად არ ვთვლი. მთელი ცხოვრებაა, თავისუფალი ვარ და ყველა ქალს ვეუბნებოდი ქორწინებამდე, სად მიდიხარ, სად იყავი და მსგავსი კითხვები ნაკლებად დამისვი-მეთქი. მე არცერთ ქალთან, ოჯახს იქით, ურთიერთობა დიდხანს არ გამიგრძელებია. უცებ იწყებოდა და უცებვე მთავრდებოდა. მხოლოდ ერთხელ გამიგრძელდა და მე თვითონ მიკვირდა, მიზეზს ვერ ვხვდებოდი და მერე გავიგე ზუსტად იმ ჯადოს არსებობის შესახებ. ასეთ ურთიერთობებს სერიოზულ სახეს არასდროს ვაძლევდი. ერთ და ორდღიან გატაცებას მე ღალატს არ ვეძახი. სიყვარულში კი მე არცერთი ცოლისთვის არ მიღალატია.

– ალბათ, ფიქრობენ, სადაც ექვსი, იქაც მეშვიდეო. დღესაც გრძნობთ ქალებისგან ამ დამოკიდებულებას?

– კი, კი, ვგრძნობ. მე ოქროყანაში ვცხოვრობ. მეზობელი მეუბნება, მამიდაჩემს უნდა შენი გაცნობაო. დასავლეთიდან იყო ჩამოსული ეს ქალი. რამდენიმე წლის წინ გარდაცვლია ქმარი. ალბათ, ეკრანზე მნახა და სიმპათია ჰქონდა. დამპატიჟეს, მივედი. შეძლებული ქალია, ქმარი დაეღუპა, შვილები ცალკე ცხოვრობენ. ალბათ, ეგ იფიქრა, აბა სხვა რა... ამბობს, რა სახლ-კარი, რა ცხოვრება, ყველაფერი აწყობილი მაქვსო. მივხვდი, რომ ძალიან მეკურკურება, როდის ჩამოხვალთ, რომ გაჩვენოთ, ესა მაქვს, ისა მაქვსო, ჰყვება. ამასობაში ცოტა მეც შევთვერი და ვეკითხები, რამდენი ხნით ხართ ჩამოსული-მეთქი. სამ დღეზე მეტი არ შემიძლია, საყოლიებელი მყავს დატოვებული და დიდხანს ვერ გავჩერდებიო. გაიარ-გამოიარეთ ქალაქში ეს სამი დღე და თუ არავინ არ მოგიყვანათ ცოლად მე ხომ ნაღდი ვარ-მეთქი. (იცინის). იმის შემდეგ ის ქალი საერთოდ აღარ ჩამოსულა, მგონი, თავის ნათესავიც დაკარგა (იცინის).

– ბატონო გეგე, სიკვდილს თუ გადარჩენილხართ?

– კი, საშინელ ავარიაში მოვყევი. მეგობარი იჯდა საჭესთან, მანქანაში სულ სამნი ვისხედით. ალაზნის ხიდზე გადავდიოდით, მანქანა მოცურდა და რვა მეტრი ვიფრინეთ. მდინარეში ჩავვარდით და ჩაიძირა მანქანა. ზამთარია, ყველაფერი ზედ მაცვია, მაგრამ როგორღაც გამოვძვერი მანქანიდან. მართლა რაღაც ძალამ გამომაძვრინა. გადავრჩი, მაგრამ ვფიქრობ, მე კი გამოვაღწიე, მაგრამ ჩემი მეგობრები? ავდექი, შევედი ისევ ამ გაყინულ წყალში, ჩავყვინთე, მანქანა მოვძებნე და ჯერ ერთი ამოვიყვანე, მერე მეორე. ამასობაში ნაპირზე ხალხი შეიკრიბა და მე რომ გავიყვანე ეს ბიჭები, ისინი ასულიერებდნენ.

– თქვენი მეგობარი ჰყვებოდა, აფთიაქიდან დამირეკეს, გეგე კვდება და მოდით, წაიღეთო. მაშინ რა მოხდა?

– ჩემი მეგობარი, თამაზ ჭეიშვილი, ჟურნალისტი გახლავთ. თურმე, ბრმა ნაწლავი მაქვს გამსკდარი და არ ვიცი. მტკიოდა, მაგრამ რომ დავჯდებოდი, ვიქეიფებდი და დავლევდი, მიყუჩდებოდა. არადა, თურმე პერიტონიტი განვითარდა, უკვე ცუდად არის საქმე. ერთხელაც ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და იქვე აფთიაქში შევედი. დაურეკეს სასწრაფოს და მეკითხებიან, ვინმე თქვენიანს ხომ არ შევატყობინოთო. თამაზ ჭეიშვილის ნომერი მივეცი და დაურეკეს. სასწრაფომ ვერ დაადგინა, რა მტკიოდა, უფრო სწორად ყველაფერი მტკიოდა და ჯერ თამაზმა მომხედა, მერე სხვებიც ჩაერივნენ. ნუ, ჩემი დაუდევრობის ბრალი იყო, ამ მდგომარეობამდე რომ მივედი. ამ ამბავს თამაზი იუმორისტულად ჰყვება ხოლმე.

– ალბათ, რომ დაურეკეს, მომხდარის შესახებ ცოტა უცნაური ფორმით უთხრეს.

– ეს 90-იან წლებში მოხდა. ახლაც ყველაფერს ფული უნდა, მაგრამ მაშინ მთლად რთულად იყო საქმე. სასწრაფოს გამოძახება 15 მანეთი ღირდა. კარგი, გამოვიძახოთ, 15 მანეთი მაქვს-მეთქი, დავთანხმდი. მერე საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო, ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო და რომ მკითხეს, სად წაგიყვანოთო, მე ვუთხარი, რესპუბლიკურში-მეთქი. მაშინ რესპუბლიკურის დირექტორი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ფეხბურთელ არველაძეების მამა – კიჭა არველაძე იყო. ვიფიქრე, ჩემი ბავშვობის ძმაკაცია და მომხედავს-მეთქი. მიმიყვანეს საკაცით და არველაძე ვიკითხე. ვაიმე, ჰოლანდიაშიაო, მეუბნებიან. ეჰ, ოფლმა დამასხა. არავინ ყურადღებას არ მაქცევს, ფული უნდათ, ელოდებიან, რომ ვიღაც მოვიდეს და გადაიხადოს. ქალს, რომელიც შუბლზე ოფლს მწმენდდა, ვეკითხები: ქალბატონო, ეს ოპერაცია რა დაჯდება-მეთქი? დაახლოებით, 800 ლარიო, მეუბნება. რვაასი ლარი არც დღეს მაქვს ჯიბეში და არც მაშინ მქონია. თუმცა, მე ეს პრობლემას არ მიქმნის, რაც მაქვს, ის მყოფნის. მოკლედ, რომ მივხვდი, რომ ამდენ ფულს ვერსაიდან მოვიტანდი, ისევ ამ ქალს მივუბრუნდი და ვეკითხები: ქალბატონო, მორგი რა ღირს-მეთქი? (იცინის). გადავწყვიტე, თუ იაფი იყო, იქ ჩავეყვანე. ამიტომ, ჰყვებოდა მერე ამ ამბავს თამაზი ამ კონტექსტში. წარმოიდგინეთ, ძალიან მიჭირდა, პერიტონიტი მაქვს, ვკვდები და ფული არ მაქვს, რომ თავს ვუშველო, მაგრამ იუმორი მაინც ჩემი კოზირია. აფხაზეთის ომშიც, გაჭირვებაშიც, ტკივილშიც, ყველგან იუმორმა გადამარჩინა.

– სასწაული თუ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

– ამ ოპერაციაზე რომ შემიყვანეს, რა თქმა უნდა, ნარკოზი გამიკეთეს. არ ვიცი ნარკოზის ბრალი იყო თუ რის, მაგრამ უცნაური რამ ვნახე. რომ გამოვედი ნარკოზიდან, ერთი ჩემი მეგობარი მეკითხება, რამე ნახეო? ის ძალიან იყო დაინტერესებული მსგავსი თემებით და სულ იწერდა ამასთან დაკავშირებულ ამბებს. გამიკვირდა, ამ კითხვით რომ ჩემთან მოვიდა, იმიტომ, რომ მართლა ვნახე რაღაც, რაც ძალიან ცხადად მახსოვდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და შეიძლება, ისეთივე სიზუსტით აღარ, მაგრამ დღემდე კარგად მახსოვს, რომ მილში მივფრინავდი. რაღაც გაურკვეველი ხმები მესმოდა, ტირილისა და კივილის მსგავსი. უცებ ეს მილი დასრულდა და ცისფერმა სინათლემ მომიცვა. ვხედავ კიბეებია და დაბლა მივუყვები. უკვე გალობის ხმა მესმის და ვხედავ მდელოს ულამაზესი ყვავილებით. მსგავსი სილამაზე ნახატზეც კი არ მინახავს. ულამაზესი ცაა ზემოთ. კიბის დასასრულს ვუახლოვდები და ვხედავ დედას და მამას. მაშინ ორივე გარდაცვლილი იყო, დედა – ერთი წლის, მამა – დიდი ხნის, მაგრამ ორივე იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე გარდაცვალებისას, ჭაღარის გარეშე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვითმფრინავის ტრაპიდან ჩავდიოდი და დასასრულს რომ ვუახლოვდები, ფეხს ვითრევ. ისინი ხელს მიქნევენ. ბოლო საფეხურზე ჩავედი და ჩემი მშობლების უკან ვხედავ ჩვენს ახლობლებს, რომლებიც დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. ბოლო საფეხურებიდან ფეხის ჩადგმა რომ დავაპირე, დედა მეუბნება: არ ჩამოხვიდე, უკან ადიო. უკან წამოსვლა ან რამე მსგავსი აღარ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გავიღვიძე.

– და სიკვდილს გადარჩით...

– მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ჩირქი მთელ მუცელს ჰქონდა მოდებული. ექიმები სასწაულს ეძახიან ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენას. არ ვიცი, ეს სიზმარი იყო თუ სხვა რამ. საერთოდ, სიზმარს ვერასდროს ვიმახსოვრებ. ვერაფრით გავიხსენებ, ღამე, ძილში რა ვნახე, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, აბსოლუტურად ყველა დეტალი მახსოვდა. 26 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღემდე კარგად მახსოვს.

– ეს ერთი სასწაულია, რაც მაშინ თავს გადაგხდათ, მაგრამ მეორეზეც ვისაუბროთ – ოპერაციის თანხა საიდანღა მოიტანეთ?

– ოო, ესეც კარგი ამბავია (იცინის). უკვე მორგში წაყვანას ვითხოვ, ოცი ლარი ღირს იქ წაყვანა და ვიშოვი ამდენს (იცინის). ამ ჩემს ძმაკაცს – კიჭას სპეციფიკური ხმა აქვს, ყველასგან გამოარჩევ. მოკლედ, რესპუბლიკურის მისაღებში ვარ და მესმის ხმა, ვაკვირდები კიჭაა. არადა, ქალი მეუბნება, ჰოლანდიაშიაო. მე ვეუბნები, კიჭას ხმა არის, ეჭვი არ არის-მეთქი, გაიხედა ამ ქალმა და კიო, აქ არისო. ესეც ბედია. ჰოლანდიიდან რომ ჩამოფრენილა, აეროპორტიდან დაურეკავს ცოლისთვის, მალე მოვალო. ცოლს უთქვამს, შენი ძმაკაცის ცოლი წევს რესპუბლიკურში და სახლში მოსვლამდე შეუარეო. შემოუარა იმ ქალს და დავხვდი მე (იცინის). მერე თან გადამყვა. საოპერაციოდ რომ შევყავდი, ხელი წამავლო და მითხრა: მომისმინე, გეგე, შენ პერიტონიტი გაქვს, ცოტა მძიმე შემთხვევა არის, მაგრამ მე ისეთი კამანდა შეგიკრიბე, ყველაფერს გაგიკეთებენ, რაც საჭიროა და ახლა შენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად უნდა გამაგრდეო. მოკლედ, ძალიან გამიმართლა იმ დღეს. სიკვდილს გადავურჩი, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი