საზოგადოება

როგორ გადაურჩა მიქაელ ტარივერდიევის დედა დაპატიმრებას და როდის აუგორეს მას პლაგიატის სკანდალი

№9

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

მიქაელ ტარივერდიევი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ამ ადამიანის მუსიკალური კარიერა მოსკოვში განვითარდა და შედგა, ის თბილისით, მისი ეშხითა და მოგონებებით ბოლომდე მოხიბლული დარჩა და ამაყობდა, რომ ოდესღაც მისი ნაწილი იყო. მე გიყვებით ადამიანზე, რომელმაც საოცარი მელოდიები შექმნა და ეს ისტორია დაიწყო თბილისიდან, როცა ის 19 წლის იყო და პირველადი მუსიკალური განათლება თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო შალვა მშველიძის კლასში. მეტისმეტად მცირე ასაკში შექმნილი ადრეული მისი ნამუშევრები, ეტიუდები, ნიჭის სიგნალი და ხიდი იყო თბილისურ სივრცესა და მუსიკალური გენიოსის, მიქაელ ტარივერდიევის პირველ ნაბიჯებს შორის. მისი კარიერა, როგორც გითხარით, თბილისის პირველი სამუსიკო სკოლიდან დაიწყო, სადაც ერთი წელი ისწავლა და მსოფლიო კინომუსიკით დასრულდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რომ სამუსიკო სკოლა ერთ წელიწადში დაასრულა. ამ პერიოდში მან უკვე დაწერა ორი ერთმოქმედებიანი ბალეტი, რომლებიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სტუდენტების შესრულებით დაიდგა. ანუ, იგი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი მუსიკა უკვე დიდ სცენაზე ჟღერდა. ტარივერდიევის ძირითადი შემოქმედებითი ცხოვრება მოსკოვში შედგა, თუმცა, მეგობრები ამბობდნენ, რომ მისი ბინა თბილისურ სტილში იყო მოწყობილი და თვითონაც აღნიშნავდა, რომ შინაგანად, ბოლომდე თბილისელ ბიჭად დარჩა. მოსკოვში გადასვლის შემდეგ ამბობდა: დიდხანს ვერ შევეგუე, ჩვენი სახლის ფანჯრიდან მთები რომ არ მოსჩანდაო. ეს ქალაქი მისთვის მხოლოდ ლანდშაფტური მეხსიერება არ იყო. მას ხშირად მოიხსენიებენ დღესაც, როგორც მთაწმინედელ გენიოსს. მისი ადრეული მოგონებები პირდაპირ უკავშირდება თბილისურ გარემოში ბავშვობის იმ ხმებსა და ქალაქის ატმოსფეროს, მეგობრებს, სიტუაციებს. ტარივერდიევი 132 კინომუსიკის ავტორია. შექმნილი აქვს 100 რომანსი, 5 ოპერა, 4 ბალეტი და მუსიკა ორღანისთვის. მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნიც – „მე, უბრალოდ, ვცხოვრობ“, სადაც თბილისი მუდმივად ჩნდება არა როგორც ადგილი, არამედ როგორც ემოციური ფონი.

„გაზაფხულის მე-17 გაელვება“

ტარივერდიევს თავიდან საერთოდ არ უნდოდა ეს პროექტი. უარს ამბობდა. ეგონა, ჩვეულებრივი, „ჯაშუშური“ სერიალი იქნებოდა. მხოლოდ მას მერე დათანხმდა, რაც სცენარის ფსიქოლოგიური სიღრმე ნახა. ეს იყო ისეთი მუსიკა, რომელმაც ქალაქები გააჩერა. დიახ, ამ სერიალის ჩვენებისას ქუჩები ცარიელდებოდა. ფილმის ჩვენება რომ იწყებოდა, ოჯახებში ერთდროულად იმდენი ტელევიზორი ირთვებოდა, ელექტროსადგურებს დამატებით ელექტროენერგია სჭირდებოდათ – ასეთი წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ამ სერიალზე და ამაში დიდ როლს ტარივერდიევის მუსიკა ასრულებდა. იყო პლაგიატის სკანდალი. საერთაშორისო ტელეგრამა მოვიდა - „გილოცავთ ჩემი მუსიკის გამიყენებას!“ საუბარი იყო ფრანგ კომპოზიტორზე ფრანსის ლეიზე, ამბობდნენ კიდეც, თითქოს მისი მელოდია „გაზაფხულის მე-17 გაელვებას“ ჰგავდა. ამ მუსიკამ ოåñíÿ ჯîჰჭ-ს ყველაფერი მოიგო და მეორე დღეს უკვე ტარივერდიევს პლაგიატორის ბრალდებით იბარებენ – კომპოზიტორს უწყებიდან ურეკავდნენ, გთხოვთ მობრძანდეთო. მისი მოგონებებით ეს მომენტი ასეა აღწერილი: „ცივი ოთახი, მაგიდაზე ბევრი არეული ფურცელია, რამდენიმე კაცი მისმენს და არაფერს ამბობს. პირველი კითხვა იყო: „აღიარებთ, რომ მუსიკა სხვისია?!“ ეს ფსიქოლოგიური წნეხი და ხრიკი იყო. ჯერ ბრალდებას პირდაპირ მიყენებენ, მერე ელიან, რომ დავიბნევი და...“ საათობით ისმის ერთი და იგივე კითხვები – ვისგან აიღეთ თემა?... სად მოისმინეთ პირველად?.. ვინ დაგეხმარათ?.. ეს იყო დაკითხვის მთავარი ნაწილი „საბჭოთა სტილში“, არა სკანდალი არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. ტარივერდიევმა თქვა: გინდათ, რომ მე თვითონ დავეჭვდე საკუთარ თავში?.. შემდგომ კომპოზიტორმა მოითხოვა, რომ მოეტანათ ორივეს ნოტები. მუსიკათმცოდნეებმა შეადარეს: ჰარმონია განსხვავებული, მელოდიური, განვითარებული, უფრო დახვეწილი, სრულიად სხვაა ანუ მსგავსება მხოლოდ ემოციურ ატმოსფეროში იყო. ოფიციალურად საქმე დაიხურა. არანაირი ბრალდება არ დაუმტკიცდა, მაგრამ როგორც თქვა, ამის მერე დიდხანს ვეღარ წერდა მუსიკას მშვიდად. მუდმივად ჰქონდა შიში – ახლა რას მეტყვიან?.. რატომ იყო ეს ამბავი მისთვის ასეთი მძიმე, იმიტომ რომ დილით აჯილდოებენ, საღამოს საათებში კი დაკითხვაზე იჯდა. ეს იყო საბჭოთა პარადოქსი, აბსურდი. გმირი დიდ ეკრანზე, ცხოვრებაში კი – ეჭვმიტანილი. ამ საეჭვო ხუმრობას შედეგად მოჰყვა ის, რომ რადიო თუ ტელეგადაცემებიდან ტარივერდიევის მუსიკალური ნაწარმოებების ამოჭრა დაიწყეს, ხოლო კონცერტებზე კომპოზიტორს გამუდმებით უსვამდნენ კითხვას, მართალია თუ არა, რომ ამ „ქურდობისთვის“ ჯარიმად ათასი დოლარი გადაგახდევინესო... ჭორი საოცარი სისწრაფით მოედო ქვეყანას და ტარივერდიევს წარმატების სიხარული ჩაუშხამდა. მაშინ გადაწყვიტა, მოეძებნა ფრენსის ლეი, აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა. ამაში მას პარიზში „სოვექსპორტფილმის“ წარმომადგენელი, ოთარ თენეიშვილი დაეხმარა. მიქაელმა ფრანგი კომპოზიტორი იპოვა და საქმე გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ფრენსის ლეის არანაირი ტელეგრამა არ გაეგზავნა საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირში და რომ ეს ვიღაცის ბოროტი „ხუმრობა“ იყო. აი, ამ ტექსტის შემცველი ტელეგრამა კი მართლა აფრინა ფრანგმა მუსიკოსმა მოსკოვში და ყველაფერი კარგად დამთავრდა…

მუსიკა, როგორც ფილმის პერსონაჟი

ფილმზე კომპოზიტორს თავის აზრი ჰქონდა: ამბობდა, რომ შტირლიცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, ნაჭუჭში ცხოვრობს. მუსიკაც ასე ააწყო, სიუჟეტს მიჰყვებოდა, როგორც შიდა მონოლოგი ანუ მუსიკა გახდა მთავარი პერსონაჟი. ამ სერიალის შემდეგ ტარივერდიევი საბჭოთა კინოს მთავარი კომპოზიტორი გახდა. მისი მელოდიები იყო მთელი ეპოქის გამოძახილი, სევდისა და ლოდინის სიმბოლო, არა პოლიტიკის, არამედ ადამიანური ისტორიების. ეს მუსიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ცალკე შემსრულებლები კონცერტებზე მღეროდნენ. ბევრი სერიალს მუსიკის გამო უყურებდა.

სკანდალური ავარია

ახალგაზრდობაში ავტოავარიაში მოხვდა, რომელზეც წლების განმავლობაში დადიოდა ჭორები. ამბობდნენ, თვითონ დიდხნას არ საუბრობდა ამ თემაზე, არა იმიტომ, რომ რაღაცას მალავდა, არამედ არ უნდოდა, პირადი ტრავმა საჯარო სპექტაკლად ექცია. ამ ამბის მერე ხასიათი მკვეთრად შეეცვალა. მისი ცხოვრება უფრო ჩუმი, დაკვირვებული, ნაკლებად ხმაურიანი წრეებით გარშემორტყმული გახდა. და მაინც, რა მოხდა. 1960-იან წლებში ტარივერდიევი მძიმე ავტოავარიაში მოხვდა. მანქანაში იყო ცნობილი მსახიობი – ლუდმილა მაქსაკოვა. დაიღუპა ფეხით მიმავალი ადამიანი. თავდაპირველად ბრალი პირდაპირ მასზე გადავიდა. საზოგადოება, პრესა ჩუმად იყო, მაგრამ კულტურულ წრეებში მასზე ღიად საუბრობდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ საჭესთან თავად ის მსახიობი იჯდა, მაგრამ... ტარივერდიევმა დაკარგა სიმშვიდე და კარგა ხანს არ ჯდებოდა საჭესთან. „ავარიის შემდეგ ადამიანებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი უაზრობაა, რომ სიცოცხლე ძალიან მყიფეა. ადრე ვცხოვრობდი ჩქარი ტემპით, მერე გავჩერდი. პირველად ვიგრძენი პასუხისმგებლობის წონა თუ ფასი. ყველაზე რთული იყო არა ის ბრალდებები, არამედ საკუთარი თავის ამოცნობა: რას ვაკეთებდი, ვინ ვარ, სად ვიყავი, რატომ მოხდა ეს?.. დიდხანს ვერ ვმართავდი მანქანას. როცა საჭესთან ვჯდებოდი, თითქოს მაშინვე წარსული ბრუნდებოდა“ ამბობდა, რომ სწორედ ამის მერე გახდა უფრო ჩუმი და დაკვირვებული.

რთული ბუნების ადამიანი

მოსკოვში ცხოვრების მიუხედავად, ხშირად ამბობდა, რომ თბილისი მისი „შიდა ტემპერატურაა“, ქალაქი, სადაც მუსიკალური რიტმი ჩამოუყალიბდა. როცა ცუდი პერიოდები ჰქონდა, თბილისურ ეზოებს იხსენებდა, ხმაურიან მეზობლებს, კაფეებს, ქუჩის ხმაურს. მის ცხოვრებაში იყო ერთი ისეთი პერიოდიც, როცა მას ოფიციალურ წრეებშიც არ ენდობოდნენ, ასე პირდაპირ არ იყო აკრძალული, მაგრამ პროექტებზე უარს ეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ გამგზავრებაზე პრობლემები ჰქონდა... იყო პერიოდებიც, როცა დიდხანს არ ჩნდებოდა საზოგადოებაში. ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა საკუთარ ნამუშევრებს, თუ არ მოსწონდა. ამბობდა, რომ ჩემი ყველაზე მკაცრი ცენზორი, თავად მე ვიყავიო. ერთხელ, რეპეტიციაზე თქვა, თუ ემოცია არ გაქვს, საერთოდ ხმა არ ამოიღოო. ამის გამო მასთან მუშაობა ყველას არ შეეძლო და არც უნდოდათ. ზოგი გენიოსად მიიჩნევდა, ზოგი – რთულ ადამიანად. თავად ხალხში ყოფნის დროსაც თავს მარტოდ გრძნობდა. „საზოგადოებაში ვიჯექი და ვგრძნობდი, რომ საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. უფრო სწორად, ადამიანები ლაპარაკობდნენ, მე კი მხოლოდ ჩემს შიდა ხმას ვუსმენდი... იყო დრო, როცა საერთოდ არავისთან მინდოდა ლაპარაკი, ბევრს ვკითხულობდი, ვუსმენდი სიჩუმეს და ველოდი, საიდან დავიწყებდი ისევ ცხოვრებას. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული ბუნების ადამიანი ვარ. მე, უბრალოდ, არ შემეძლო მუშაობა ემოციის გარეშე, თუ გულით არ აკეთებ, რატომ აკეთებ საერთოდ?.. მეუბნებოდნენ, შენთან მუშაობა რთულიაო. შეიძლება, მართლებიც იყვნენ. მე ვერ ვმუშაობ ნახევრად. თუ ადამიანი ემოციის გარეშე მოდის, ვერ ვუსმენ. ჩემთვის მუსიკა პროფესია კი არა, მდგომარეობაა. ხშირად უთქვამთ, ადრე უფრო მარტივი ადამიანი იყავიო. მე არ ვიცი როგორ უნდა იყო მარტივი...“ ტარივერდიერი აღიარებდა, რომ მისი სიმკაცრე ზოგჯერ ადამინებს აშორებდა. „ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მე ცივი ვიყავი. სინამდვილეში მე მიყვარდა ხალხში ყოფნა. უბრალოდ, ამ დროს მე ვფიქრობდი.“

აბრეშუმის წინდები

თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის, ევგენი პრიმაკოვი – მე-20 საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ვლადიმირ ბურაკოვსკი, რომელმაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც უძლიერესმა კარდიოქირურგმა. მიქაელ ტარივერდიევის მამა ლევონ ნოვასარდოვიჩი, რომელიც სახელმწიფო ბანკის დირექტორად მსახურობდა, რეპრესიებში მოყვა. დედამ გაჭირვებით დააღწია თავი პატიმრობას. წლების მერე მიქაელი მემუარებში ჩაწერს: „სტატისტიკის სამმართველოში, სადაც დედა მუშაობდა, პარტიულ კრებაზე რომელიღაც „პარტაიგენოსემ“ განაცხადა, რომ დედაჩემი აბრეშუმის წინდებს ატარებდა, რომ კარგი იქნებოდა გახსენება, რა ოჯახიდანაც ბრძანდებოდა – ანუ, სრულიად არაპროლეტარულიდან, და რომ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე დამსახურება რევოლუციაში… თითქოს სასაცილო ბრალდებაა, მაგრამ მაშინ, იმ წლებში ამაში სასაცილო არაფერი იყო. ამ განხილვას შედეგად შესაძლოა, პარტიიდან გარიცხვა მოჰყოლოდა, ხოლო პარტიიდან გარიცხვას ავტომატურად თან სდევდა დაპატიმრება. ეს კი ოჯახს „ხალხის მტრის“ რანგში აყენებდა. ასე რომ, სასაცილოდ მართლაც არ გვქონდა საქმე… მახსოვს, როგორ ჩურჩულით განიხილებოდა სამზარეულოში საკითხი: ღირს მონანიება თუ არა? საბოლოოდ დედამ განაცხადა, არაფერიც არ მაქვს მოსანანიებელიო და ასეც მოიქცა… უბედურებამ მაშინ გვერდი აგვიარა და დედაჩემიც მაინც დადიოდა აბრეშუმის წინდებით“.

კომპოზიტორად გახდომა სრულიად შემთხვევით გადავწყვიტეო, – უთქვამს ტარივერდიევს. თბილისში ერთი მეზობელი ჰყოლია, რომელსაც შინ, თურმე, როიალი ედგა. პატარა მიქაელი ხშირად შედიოდა მასთან და ინსტრუმენტზე „ხელების ბარტყუნით“ ერთობოდა. ბოლოს ამ დაუსრულებელი სავარჯიშოებით თავგაბეზრებულ მეზობელს უთქვამს, მოდი, რა, მშობლებმა პიანინო მაინც გიყიდონ და მერე იმაზე რამდენიც გინდა დაუკარიო. ასეც მოხდა. მშობლებმა პიანინო შეიძინეს და ბიჭი მუსიკაზეც შეიყვანეს. გაკვეთილებზე მიქაელს უცნაური ეტიუდების შესრულება უწევდა. ერთ-ერთ ნაწარმოებს „თოჯინის დაკრძალვა“ ერქვა. მომავალ კომპოზიტორს საშინლად აღიზიანებდა ეს სახელწოდება. ჰოდა, გადაწყვიტა, თავად შეექმნა კარგი მუსიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი