საზოგადოება

როგორ გადაუხადა მადლობა შალვა გაწერელიამ თბილისს

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 18.06

შალვა გაწერელია
დაკოპირებულია

„არ ვამბობ, რომ რაღაც ახლის შემქმნელი ვარ, უბრალოდ, ძველს ვემშვიდობები“, – ამბობს შალვა გაწერელია. ეს სახელი და გვარი ქართულ თეატრალურ სამყაროში ყველასთვის კარგად ნაცნობია. ის გახლდათ თანამედროვე ქართული თეატრალური რეჟისურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენიდან ათეული წლების განმავლობაში მაყურებელს სიყვარულსა და სიხარულს ჩუქნიდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელესტუდიაში, სადაც ყველა მისი დადგმა წარმატებული იყო: კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, „ირინეს ბედნიერება“, მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები“...

გამოგონილი „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“

„...მამაჩემი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, კოჯრის გზაზე თოფის გახეთქვამდე რომ ისროდა ტყვიებს... მერე ბათუმში გაიქცა, საფრანგეთში, ბიძაჩემთან აპირებდა წასვლას, მაგრამ აქაც მოტყუვდა და მას შემდეგ სულ ციხეში იჯდა. ყოველ 7 ნოემბერსა თუ 1-ელ მაისს დედაჩემი პატარა ჩემოდანში ტანსაცმელს ჩაულაგებდა და „ჩეკაში“ თვითონ მიდიოდა. 1938-ში დაიჭირეს, ცოტა ხნით გამოუშვეს, ბოლოს 1941 წელს დაიჭირეს და 1956 წლამდე, სანამ ამნისტია არ გამოცხადდა, თვალიც არ მოგვიკრავს. გამოვიდა და ჩვენ გაზრდილები დავხვდით... ომისდროინდელ თბილისში ყველა ერთნაირად გაჭირვებული და მშიერი იყო. თითო-ოროლა თუ ცხოვრობდა ასე თუ ისე უკეთესად, მაგრამ ისე არა, რომ ვინმე გაღიზიანებულიყო. ბოღმა, შური და მტრობა არ არსებობდა. ომი ყველასთვის ომი იყო და ხალხი ერთმანეთს გვერდში ედგა. დიდი გაჭირვება იყო. ნავთის ტალონებზე ფინიკს გვაძლევდნენ, შაქრის ტალონებზე – სახარინისაგან გაკეთებული მორსი იყიდებოდა, იმას ვსვამდით... სიხარბემ მაშინ იძალა, როცა მოპარვა დაუშვეს. იპარავდნენ და იპარავდნენ სახელმწიფოსგან... ამბობდნენ, - ხომ არსად მიგვაქვს, აგერ, აქვე ვაშენებთო, მაგრამ ამასობაში ქურდობა გამეფდა. თუმცა, ქურდობას მაშინ ასპარეზი არ ჰქონდა და ვცდილობდით, როგორღაც გადავრჩენილიყავით! იდეალები მოგვიანებით გაჩნდა, ომი რომ დამთავრდა, როცა გაჭირვებამ გადაიარა... ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს და ადამიანებს, თითქოს დაუჯერებელიც არის, ბარნოვის ქუჩაზე ჩვენი სახლის კარს ღამით სკამს მივადგამდით ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ ვინმე შემოიპარებოდა, მეზობელი თუ შემოვიდოდა, ხმა რომ გაგვეგო, ანდა, უბრალოდ, ქარს არ შემოეღო... მერე კი საერთოდ უბინაოდ დავრჩით. კონტრრევოლუციონერის ოჯახს ბინას ვინ დაუტოვებდა? ვინ აპატიებდა მამაჩემს თუნდაც იმას, რომ ერთი ძმა 1924 წელს დაუხვრიტეს. განა ცნობილი არ იყო, რომ თვითონაც სხვანაირად აზროვნებდა? ასე, თითქოს კანონზომიერად, ნაქირავებში აღმოვჩნდით მე, დედა და და. ომის დროს პურს ტალონებზე ვიღებდით, შემდეგ სამ ნაწილად ვიყოფდით. ყველაზე დიდ ნაჭერს დას ვაძლევდით, მერე – მე და ყველაზე პატარა დედას ერგებოდა ხოლმე. დედაჩემს, ფალავანდიშვილის ქალს გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, განათლებული იყო, ოღონდ ხშირად ავადმყოფობდა და არ მუშაობდა. სახლში ცხვირსახოცებს, თავსაფრებს ხატავდა. მეც ვეხმარებოდი ხოლმე. დედამ შეგვაყვარა წიგნის კითხვა...

ჩვენი სკოლა ბარნოვის ქუჩაზე იყო. მახსოვს, ომის დროა, მე, ალბათ, მეორეკლასელი ვარ და ის-ის იყო „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ წავიკითხე. ერთ ზამთარს, მეორე ცვლიდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, საკმაოდ ბნელოდა, ვიღაც დიდმა ბიჭებმა გამაჩერეს და წაკითხული მომაყოლეს. მეორე დღესაც დამხვდნენ, მესამე დღესაც და ასე მაყოლებდნენ წაკითხულს. მაგრამ წიგნი დამთავრდა და რაღა მექნა? ერთი ოხერი ბიჭი იყო, მისი სახე დღემდე შემომრჩა მეხსიერებაში, ამ ბიჭებს უთხრა, – იქ კიდევ სხვა ამბებია და ეს არ გიყვებათო... გინდა თუ არა, მოყევიო და თავშიაც წამომარტყეს. იძულებული გავხდი ტყუილები მეამბნა, ვიგონებდი და ვთხზავდი ახალ ისტორიებს. ეს ამბავი კარგა ხანს გაგრძელდა, სანამ ის ოხერი ბიჭი ისევ არ მივიდა იმ უფროსებთან და არ უთხრა: გატყუებთ, თვითონ იგონებსო... კიდევ წამომარტყეს თავში და გამომიშვეს. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება...

გამოგლოვებული პალტო

1941 თუ 1942 წელია. ამერიკელებმა სკოლის ბავშვებს დახმარება გამოუგზავნეს – ტანსაცმელი, პალტოები... მაშინ ვერის ბაზრის წინ, მე-18 სკოლაში ვსწავლობდი, დღეს რომ 51-ე საჯარო სკოლაა. ღმერთმა აცხონოს ჩვენი კლასის დამრიგებელი ლარისა გაბუნია. მე, როგორც ყველაზე გაჭირვებულს, პალტო მომცა, საერთოდ რომ არ ვიცოდი პალტო რა იყო. მთელ ეზოს უხაროდა, პალტო აქვსო! ჩემს მეზობლებს თავადაც უჭირდათ, მაგრამ საჭმელს რომ გააკეთებდნენ, თითო ულუფა კერძს შემოგვიტანდნენ ხოლმე. იქნებ თვითონ არ ჭამდნენ, მაგრამ ჩვენ გვიწილადებდნენ. მეორე დღეს სკოლაში მისულს ის პალტო გამხადეს, – შენ თურმე კონტრრევოლუციონერის შვილი ყოფილხარო... თუმცა, ამ საქციელს გამართლება მაშინვე მოეძებნა. პალტო იმისთვისაა განკუთვნილი, ვისი მშობელიც ომში იბრძვისო. სახლში ატირებული რომ მოვედი, მთელი ეზო გლოვობდა...

თეატრალური ნათლობა, მძიმე სამუშაო და... მამა დაბრუნდა!

მე-18 სკოლაში შედგა ჩემი პირველი თეატრალური ნათლობა. პირველ თუ მეორე კლასში ვიყავი, პიესა დადგეს. ამბავი ასეთი იყო: ვიღაც მავნებელი სადღაც შეიპარება და საიდუმლო სურათებს იღებს, ამ ამბავს მისი შვილი შეესწრება. ხვდება, რომ მამამისი მტერია, იღებს მის პისტოლეტს, ესვრის და კლავს. რეპეტიციებს ბრწყინვალედ გავდიოდი, სულ ვისროდი... პრემიერაზე კი პისტოლეტი სცენაზე დავაგდე და ვიბღავლე, – მამაჩემს ვერ მოვკლავ-მეთქი და ბღავილითვე გავიქეცი. იმავე წუთს სკოლაში ერთი ამბავი ატყდა, დირექტორ პარმენ ქაჯაიას შენიშვნა მისცეს, – ბავშვი ასეთ როლში რატომ დააკავეთო? მე არც დამსაჯეს და არც არაფერი მითხრეს. ის კი არა, თანაგრძნობითაც მომეკიდნენ, მაგრამ – პატიმრის შვილს რად მიეცით ეს როლიო?!. მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ გაჭირვება იყო, შიმშილი. ამ გაჭირვების გამო სკოლაც არ დამიმთავრებია. შვიდი კლასის შემდეგ, 14 წლისა უკვე ვმუშაობდი, ვალეს მაღაროებში მუხლამდე წყალში ვიდექი. 17 წლისა, რუსეთში ელექტრომემონტაჟე ვიყავი და საკმაოდ მაღალი თანრიგიც მქონდა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაასახლეს თათრები – მესხები. ქართულად კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ თათრები იყვნენ. ღამით ერთ-ერთ სახლს საბარგო მანქანა მიადგა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანებმა და ჯარისკაცებმა ამ ოჯახის ავლადიდება მანქანაში ჩაყარეს და ეს ხალხი სადღაც გახიზნეს. იქვე ახლოს ვცხოვრობდი და ამ ყველაფრის მხილველს შემეშინდა, ვაითუ დედაჩემი და ჩემი დაც ასე გაასახლონ. ჰოდა, სადაც ისინი იქნებიან, მეც იქ ვიქნები-მეთქი. დავკარი ფეხი და ვალედან თბილისში ჩუმად გამოვიპარე. ახალციხეში რომ ჩამოვედი, რკინიგზაზე ის ეშელონი ვნახე, რომლითაც თათრები გზას გაუყენეს. არ ვიცი, გამოპარვა რამ გამაბედვინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ახლობლების დაკარგვის შიში, რომ არაფერს დაგიდევდით. ვალეში აღარ დავბრუნებულვარ, დანაშაულად არ ჩამითვალეს გამოქცევა და იქაურობას, სადაც ამდენ ხანს იძულებით ვშრომობდი, თავი დავაღწიე. მაშინ ბევრი ჩემნაირი დაიკარგა, ბევრიც დაიღუპა. ეს პერიოდი ტაბუდადებულია ჩემთვის, მისი გახსენება არ მინდა ხოლმე. 1945-იდან შავი წლები დაგვიდგა, მამა დაჭერილი იყო. როცა 1956-ში სრულიად მოულოდნელად დაბრუნდა, აღარც კი ველოდით. მარჯანიშვილის თეატრში ერთი მოკარნახე ქალი იყო, თან მკითხაობდა, იმან გვითხრა, ამა და ამ დღეს დაბრუნდებაო. საოცარია, რომ სწორედ იმ დღეს გამოვიდა. მრგვალ ბაღთან, სარდაფში ვცხოვრობდით, ღამით კაკუნი მოგვესმა. წამოვხტით და პირველი, რაც ვიკითხე, – რა დღეა-მეთქი? თითქოს არ ვიცოდი და უცებ ყველანი მივხვდით, რომ მამა მოვიდა... ამის შემდეგ ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. სანამ მამას დაიჭერდნენ, სახლი გვქონდა, ფრანგულს, მუსიკას ვსწავლობდით, განათლებას ვიღებდით... ბევრი რამ გადამხდა თავს, მაგრამ იმ ადამიანების წყალობით, რომელთა წრეშიც მოვხვდი, ყველაფერს თავი დავაღწიე. ომის ბოლო წლები ვისთან ერთადაც გავატარე, შემდეგი წლებიც მათთან მეგობრობით ვიცხოვრე და მათი მეგობრობით გავძელი. ყველა მახსოვს: ჩემი ლევან ცინცაძე, თამაზ მამალაძე, რამაზ გოგიაშვილი, გოგი ვახანია, ოთარ ჩიგოგიძე, გოგიბერიძე... ამ ბიჭებმა, ახლა რომ, სამწუხაროდ, შემომეცალნენ, მაიძულეს, სკოლა ექსტერნად დამემთავრებინა...

მე რეჟისორი გავხდები, შენ კი – ვინ?

თეატრალურ ინსტიტუტშიც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ვიღაცამ იხუმრა, მე რეჟისორი გავხდები, შენ კი – ვინაო? ჰოდა... იმის ჯინაზე მისაღები გამოცდები ჩავაბარე და იმავე წელს მოვეწყვე. საინტერესო ცხოვრება დაიწყო. ძალიან გამიმართლა, რომ მთელი სამი წელი მსახიობის ოსტატობას ლილი იოსელიანი მასწავლიდა. ასევე ძალიან გამიმართლა, რომ მთელი წელი მიხეილ თუმანიშვილთან ვიყავი. ყველაზე „ცოტა“, რაც მათ გააკეთეს, ის იყო, რომ ეს ხელობა შემაყვარეს და შრომას მიმაჩვიეს, თუმცა შრომა ადრეც მიყვარდა და ჯიუტიც ვიყავი. 1952 წელი იდგა. ჯგუფში ხუთნი ვიყავით: გიზო ჟორდანია, ალეკო ნინუა, მე, ვახტანგ რჩეულიშვილის მამა – შალვა, მერე რომ ადვოკატი გახდა და ერთიც ქალი. მერე შემოგვემატნენ: რეზო მირცხულავა, ნუგზარ გაჩავა, თამაზ მესხი, ნანა მჭედლიძე. პირველი ორი წელი რეჟისურას კოწო ანდრონიკაშვილი გვასწავლიდა, მესამე კურსზე ვასო ყუშიტაშვილი მოვიდა. აი, მასთან კი კონფლიქტი მომივიდა. მე ჩემი შეხედულებები მქონდა კომუნისტურ იდეოლოგიაზე... დედაჩემი ძილის წინ პირჯვარს გადაიწერდა ხოლმე: ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ყველა გაჭირვებულს და ჩემს შვილებს მიხედეო. ასე გავიზარდე. ყუშიტაშვილი კომუნისტი არ იყო, უბრალოდ, მე ეჭვი გამოვთქვი სარტრის ერთი პიესის, „ლიზი მაკკეის“ გამო. ვასო ძალიან აღელდა და კონფლიქტიც მოგვიხდა. ჯგუფი დავტოვე და გარეთ რომ გამოვედი, სწორედ თუმანიშვილი შემხვდა. მან თავის გაკვეთილზე წამიყვანა, არბუზოვის პიესას დგამდა. მთავარ როლებს თაზო ქვარიანი და ნუნუ ხეთერელი თამაშობდნენ. ეს მოქმედება არა მაქვს გაკეთებული და შენ იმუშავეო, – მითხრა თუმანიშვილმა. დავთანხმდი და მთელი მესამე კურსი რეჟისურაში მის გვერდით ვიყავი, ვუყურებდი, ვმუშაობდი... ბატონი მიშა კარგად ხატავდა, წერდა, განათლებული იყო. ძალიან დავმეგობრდით. თეატრზე ვსაუბრობდით, ხვალინდელ დღეზე. იგი ჩემთვის კერპად იქცა. მან ამიხსნა რეჟისურის არსი: თუ შენი მსოფლმხედველობა არა გაქვს, შენი პოზიცია, გემოვნება, განათლება, რეჟისორი ვერ გახდები და თუკი ეს ყველაფერი ერთად გაქვს, ესე იგი, ნიჭი გაქვსო! მუდმივ შემოქმედებით პროცესში ყველაფერს მავალებდა და მეც ყველაფერს ვაკეთებდი. ჩვენ შორის თითქმის ათი წლის სხვაობა იყო, ტოლები მერე გავხდით, როცა ასაკი მომემატა. ბოლო, მეხუთე კურსზე ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ვასაძე გახდა. საკურსოდ ფრანგი დრამატურგის, მერლის პიესას – „სიზიფე და სიკვდილს“ ვდგამდი. სიკვდილს კარლო საკანდელიძე თამაშობდა, სიზიფეს – გურამ საღარაძე, თამილა ლასხიშვილი კი – შეყვარებულს. დაკავებული იყვნენ ჯემალ ღაღანიძე, ოთარ ზაუტაშვილი – უკვე თეატრის მსახიობები. აუდიტორიაში ვიკეტებოდით და გვიანობამდე ვმუშაობდით. ძალიან კარგი მხატვარი მყავდა, ირინე შტენბერგი, რატომღაც სცენაზე წითლად შეღებილი სკამები დავდგით და კომისიას არ მოეწონა. რეპეტიციის ბოლოს, ბატონ აკაკისთან ერთად, ფეხით მივდიოდით მისი სახლისკენ. გზად უამრავ რამეს ჰყვებოდა. მერე მე ფეხით ვბრუნდებოდი საბურთალოზე, ძალიანაც ვბრაზობდი ამის გამო, მაგრამ თანდათან მივხვდი, რამდენი რამ ვისწავლე ამ საუბრებით, რამდენი რამ დაილექა ჩემში.

სადიპლომო სპექტაკლი ჰიუგოს „ანჟელო“ ქუთაისში დავდგი. დიდი გატაცებით ვიმუშავეთ, შემომთავაზეს კიდეც იქ დარჩენა, მაგრამ არ დავრჩი..

„მძიმე“ ხასიათის რეჟისორი

ერთხანს ჭიათურაში ვიმუშავე და ის იყო, თბილისში დავბრუნდი, ქუჩაში კუკური პატარიძე და ილია თავაძე შემხვდნენ, ინსტიტუტში მისვლა შემომთავაზეს. მეორე დღესვე მივედი, განცხადება დავწერე და შევედი ჯგუფში, რომლის ხელმძღვანელიც აკაკი ხორავა იყო. ერთი წელი ამ ფანტასტიკურად საყვარელ კაცთან ვიმუშავე. რამდენ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში, მაგრამ იგი სრულიად განსაკუთრებული იყო. ერთხელაც საფრანგეთში წავიდა, დამიტოვა ჯგუფი, – რაც გინდა გააკეთეო. მართლაც, როგორც მინდოდა, ისე ვიმუშავე. რომ ჩამოვიდა, ეტყობა, ვიღაცებმა რაღაც უთხრეს, ოთახში შემოვიდა, მაგიდას მუშტი დაარტყა, – ეს რა სისულელე გაგიკეთებიაო?! მეც ჩავთვალე, რომ ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ მომიბრუნდა: აბა, შენ იცი, მუშაობა გააგრძელეო და... კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. თითი თითს არ დავაკარე, ყველაფერი ისევ ისე დავტოვე. ჩამოვიდა და აბა, დავიწყოთო! მსახიობებმა ძველებურად გაიარეს სცენები და რომ მოეწონა, მაშინღა ვუთხარი, – ხელი არაფრისთვის გვიხლია-მეთქი. ბევრი იცინა. ჩემზე ამბობდნენ, მძიმე ხასიათისაა, მასთან მუშაობა ძნელიაო. იმიტომ იყო ძნელი, რომ სცენურ სიმართლეზე მათი ყალბი შეხედულებები ჩემთვის მიუღებელი იყო. ვეუბნებოდი, ტყუილი თამაში არ შეიძლება, მთავარი გამომსახველი საშუალება სიტყვა არ არის-მეთქი. მათ კი ყურადღება სიტყვაზე გადაჰქონდათ, რეპეტიცია მათთვის სიტყვის გასავარჯიშებელი პერიოდი იყო და არა მოქმედების დასამკვიდრებელი. კარგი თეატრი ემოციებზე ზემოქმედებს არა მარტო სიტყვით, მოქმედებითაც უნდა იგრძნო სრულყოფილება, თანაგანცდა. „კუკარაჩას“ როცა ვდგამდი, თავიდან არც მიფიქრია, ეს სპექტაკლი თბილისზე თუ იქნებოდა. ვერაც კარგად ვიცოდი, კუკარაჩაც, ბაბაიანციც და ერთგვარი ვალის მოხდა იყო იმ ჩემი თბილისისთვის. ყველაფერი იბადება, იზრდება და კვდება...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული