როგორ გადაუძახა მამუკა კიკალეიშვილმა ფილმის სცენარი ნაგვის ბუნკერში და რატომ ჰქონდა მას ტრაგიკული ბედი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:13
ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ გიორგი დანელიას ფილმი „პასპორტი“, რომელიც რეჟისორმა 1990 წელს გადაიღო. დღეს მამუკა კიკალეიშვილზე გიამბობთ, რომელიც ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გიამბობთ იმაზე, თუ რატომ იყო იგი ამ ფილმისთვის იდეალური მსახიობი და საერთოდ, როგორი ადამიანი იყო, რა სტკიოდა, რა უხაროდა. მამუკა იმ მსახიობთა რიგს ეკუთვნოდა, ვინც კომედიას ტკივილით თამაშობდა. მას ხომ ძმა გარდაეცვალა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე საშინლად განიცდიდა და სულ დადარიდანებული იყო. მამუკაც იმ სენმა შეიწირა ისე, როგორც ბევრი, ვინც რეალობიდან გაქცევა სცადა. ძალიან უნდოდა ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს გულახდილად მოუყვებოდა, რა ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ აღარ დასცალდა, რომ ეს იდეა განეხორციელებინა.
ეკრანზე მამუკა კიკალეიშვილი იყო „ჩვეულებრივი კაცი“, თავისი ტრაგიკული ბედით შინაგანად ძალიან გატეხილი. დანელიამ ერთხელ პირდაპირ თქვა: „მამუკას სახე არ თამაშობს – ის ცხოვრობს კადრში“. „პასპორტის“ სცენები ძალიან რეალური აღმოჩნდა მამუკასათვის, თავად ყვებოდა, რომ გადაღებებზე რაღაც სიტუაციებზე ხშირად ეცინებოდათ, მაგრამ მონტაჟის დროს დუმდნენ, საერთოდ ჩუმად იყვნენ მამუკას შემყურე. ამბობდა, „ეს ფილმი სიცილით დავიწყეთ და სიჩუმით დავამთავრეთო“. ეს იმიტომ, რომ ბევრი სცენა ცხოვრებაში რეალურად ჰქონდა ნანახი, საზღვარზე აბსურდული კითხვები, არასწორად დასმული ბეჭედი პასპორტში და ასე შემდეგ. იმპროვიზაცია მამუკას ძლიერი იარაღი იყო. დანელიამ მამუკას სრული თავისუფლება მისცა ტექსტში, იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი რეაქცია: თვალების მოძრაობა, გაჩერებები, სიჩუმე, ირონიული ღიმილი უსამართლობის დროს... ეს სცენარში არ ეწერა, ეს იყო მამუკას პირადი გამოცდილება, გადმოტანილი ეკრანზე. თავად მამუკა ამბობდა, „ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ გვასწავლეს, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ უბრალოდ არსებობისთვის“. მამუკას როლი ფილმში კიდევ ერთი შრე იყო – ქართველი კაცი უცხო გარემოში, სისტემაში, რომელიც ეროვნებასაც ფორმალობად, ქაღალდად აქცევს. ეს იყო ადამიანი, რომელიც ფილმში სისტემამ „გააქრო“, ცხოვრებაში იმავე სისტემამ დაივიწყა და ეს არის „პასპორტის“ ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება.
ფილმ „პასპორტს“ დღესაც ისე უყურებენ, როგორც მსუბუქ კომედიას საბჭოთა აბსურდზე. სინამდვილეში გადასაღებ მოედანზე ეს ფილმი გაცილებით მძიმე, დუმილით სავსე და ადამიანურად მტკივნეული პროცესი იყო – განსაკუთრებით მამუკა კიკალეიშვილისთვის. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას (სასაზღვრო სცენა, სადაც მის პერსონაჟს აბსურდულ კითხვებს უსვამენ) მამუკამ გადაღება შეაჩერა და დანელიას უთხრა – „ეს თუ კომედიაა, მაშინ მე ამ ეპიზოდს ვერ ვითამაშებ, რადგან აქ სასაცილო არაფერია“. დანელია ცოტა ხანს გაჩუმდა, სცენარი დახურა და თქვა: „მაშინ, არ ითამაშო. უბრალოდ, იდექი“. საბოლოო ვერსიაში სწორედ ეს სცენა დარჩა – უსიტყვოდ, უხერხული დგომა. ერთხელ, როდესაც ასისტენტმა ჰკითხა, სცენარს დეტალურად რატომ არ კითხულობ და არ სწავლობო, მან უპასუხა – „ეს ყველაფერი ნანახი მაქვს, მე არაფერს ვიგონებ და ვამატებ“. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო ფილმის დასრულებისას, როცა მსახიობებს შავი მონტაჟი აჩვენეს. არავინ იცინოდა, არავინ ლაპარაკობდა, მამუკა ბოლოდე იჯდა, არ წამომდგარა. როცა შუქი აინთო, მხოლოდ ერთი წინადადება თქვა - „ეს ფილმი ჩვენზე მეტხანს იცოცხლებსო“. დანელიამ თქვა: მამუკა არ იყო მსახიობი, რომელსაც სცენა, გადასაღები მოედანი სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა მთავარი – სიმართლეო. არის ერთი მოკლე ეპიზოდი, რომელიც პირველსავე დუბლში შევიდა ფილმში. მეორე დუბლი ვერ გადაიღეს, რადგან მამუკა ემოციურად გაითიშა. დანელიამ გადაღებები გააჩერა და თქვა: „კმარა, ეს უკვე აღარ არის კინო“. საბჭოთა კინოში ეს იშვიათი შემთხვევა იყო, სადაც პირველი დუბლი დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე დუბლი აღარ იყო ეთიკური. მამუკა თამაშობდა არა გმირს, არამედ მდგომარეობას და ამიტომაც, როცა ამ ფილმს ვიხსნებეთ, მისი პერსონაჟი ემოციურად ძალიან გვეხება. ხშირად ამბობდა ახლობლებთან, ყველაზე ცუდი ის არის, როცა სისტემა გრთგუნავს და როცა შენ იწყებ, საკუთარი თავის მართლებასო. „პასპორტის“ გადაღებებზე მისი ეს ფრაზა არავის ჩაუწერია, მაგრამ მთელი ფილმი სწორედ ამ აზრზე იდგა. რუსულ კინემატოგრაფიაში მამუკაზე ხშირად ამბობდნენ, რომ ის არასოდეს ითხოვდა მსხვილ კადრში მოხვედრას. ის არასოდეს კითხულობდა, როგორ გამოიყურებოდა კადრში, არ აინტერესებდა, იყო თუ არა მისი მთავარი სცენა „მთავარი“. ხშირად კამერის მიღმაც რჩებოდა, როცა სხვები საკუთარ სცენებს უყურებდნენ, ამოწმებდნენ. ის იქ იყო, მაგრამ თითქოს თავისთვის ცხოვრობდაო. ის არ იცნოდა საკუთარ ხუმრობებზე. რუს მსახიობებს ახსოვდათ ერთი უცნაური დეტალი: როცა ჩვენ ვიცინოდით, ის უბრალოდ უყურებდა, ესმოდა, რომ ეს ისტორია არ იყო სასაცილოო. მისი ასეთი თვისებები განსაკუთრებით ფასობდა დანელიას გარემოცვაში, სადაც ხშირი იყო ხელოვნურად „გათანაბრებული“ მსახიობები. რუსულ კინოკრიტიკის ნაწილში პირდაპირ წერენ, რომ მამუკა კიკალეიშვილი არაკომფორტული იყო სისტემისთვის. ის არ იყო კარიერისტი, არ ითხოვდა როლებს, არ დადიოდა სამეგობრო წრეში, არავისთან იყენებდა საჭირო ტონს. მისი კოლეგები დღემდე იხსნებენ, რომ იგი არასოდეს აწყობდა სკანდალს როლის გამო. თუ ხედავდა, რომ სცენარი მას შიგნიდან არ „ეჯახებოდა“, ანუ არ იყო მისი, არ კამათობდა, არაფერს აპროტესტებდა, არ ხსნიდა მიზეზებს, უბრალოდ, გადიოდა იმ გადასაღები სივრციდან. ამ ჩუმ „უარს“ ბევრმა კარიერულად ძვირი ფასი დაადო. სხვა ფილმების გადასაღებ მოედანზე კი მამუკა ყოველთვის ადრე მიდიოდა, თუმცა დასრულებისთანავე შეამჩნიეს, რომ სწრაფად ტოვებდა იქაურობას. არ იყო ქეიფის, ხმაურისა და სუფრასთან მჯდომი კაცი. ერთმა მსახიობმა თქვა: თითქოს არ უნდოდა, რომ კინო მის პირად ცხოვრებაში გადმოსულიყოო. მას ჰქონდა უცნაური დამოკიდებულება საკუთარი ეკრანული სახის მიმართ. პრემიერაზე ის არ უყურებდა საკუთარ ფილმებს ბოლომდე, დგებოდა და დარბაზიდან გადიოდა ან ჩუმად დადიოდა უკანა რიგებში აქეთ-იქეთ. როცა ჰკითხავდნენ, რა გჭირსო, ამბობდა: „მე იქ უკვე ვიყავი, ახლა სხვამ ნახოს“. ეს დამოკიდებულება სრულიად უცხო იყო მსახიობურ გარემოში, სადაც საკუთარი ნამუშვერის ყურება ხშირად თვითდამკვიდრების ფორმაა. ის არ იყო მენტორის ტიპი, არ იჯდა და არ არიგებდა რჩევებს. ერთხელ, ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა თქვა მამუკაზე, მის გვერდით ყოფნა საკმარისი იყო, რომ თავი მოგერიდებინა ზედმეტობისთვისო. საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე არასოდეს არსად ლაპარაკობდა, არ ჩიოდა, არც თავს იმართლებდა, არც ვინმეს ადანაშაულებდა რამეში. კოლეგებმა შემთხვევით გაიგეს, რომ სახლში არ ჰქონდა გათბობა, შეამჩნიეს, რომ რეპეტიციებზე ზამთარში თხლად ეცვა. როცა დახმარება შესთავაზეს, თქვა: გავძლებ. ახლა გადაღებაა მთავარიო. ეს დღემდე ახსოვს ბევრს.
არ იყო კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ არც ზედმეტად თბილი. მისი ურთიერთობა ადამიანებთან იყო მოკლე, ზუსტი, ზედმეტი ემოციების გარეშე და სწორედ ამიტომ ახსოვდათ და ახსოვთ მამუკა კიკალეიშვილი. ერთმა ოპერატორმა ასე შეაფასა იგი. „ის არ ცდილობდა, მოგწონებოდა, მოსწონებოდი, მაგრამ გრძნობდი, რომ პატივს გცემდა“. მამუკა კიკალეიშვილის ცხოვრება ამრიგად არ იყო ხმამაღალი ბიოგრაფია, ის იყო პატარა კრებული პატარა ცხოვრებისა, რომელმაც შექმნა მისი ეკრანული სახე და სახე ეკრანს მიღმა. თავად მამაუკა ერთ ამბავს იხსენებდა:
„1998 წელს „მოსფილმში“ კინოცდებზე ვიყავი მიწვეული და გადაღების მერე ჩემს „მოსფილმელ“ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ პავილიონში მთელი ღამე ვიქეიფე. დილით კი, ყველას რომ ჩაეძინა, ცალ ხელში ნასუფრალი ნაგვით სავსე პარკი დავიჭირე, მეორეში – სქელტანიანი სცენარი და კინოსტუდიიდან გამოვედი. იქვე უზარმაზარი ნაგვის ბუნკერი იდგა და ინსტინქტურად, ნაგვის მაგივრად ბუნკერში სცენარი გადავუძახე. რა უნდა მექნა, ეს ამხელა კაცი ბუნკერში ჩავეყუდე, რომ ჩემი სცენარი როგორმე ამომეღო. თითქმის მივაღწიე კიდეც მიზანს, როდესაც მოულოდნელად ზურგიდან ვიღაცამ ძლიერად მომქაჩა და მიწაზე დამაგდო. თავი რომ ავწიე, ჩემ წინ ორი ჯანიანი უსახლკარო იდგა და მიბღვერდა.
– აბა, გაეთრიე აქედან! ეს ჩვენი ტერიტორიაა და სხვაგან „იჩალიჩეო“, – დამიყვირა ერთმა.
მივხვდი, რომ მათ კონკურენტი ვეგონე და შევეცადე, სიტუაცია ამეხსნა, მაგრამ ჩემი მოსმენაც არ მოინდომეს და საცემრად წამოიწიეს. ისე გამოვიდა, რომ „ბომჟები“ სანაგვე ბუნკერში ჩავყარე და მხოლოდ მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი სცენარი, როდესაც მორიგე მილიციის ჯგუფი მოგრიალდა. ერთ-ერთმა მათგანმა მიცნო და კოლეგებს უთხრა, – ეს ხომ სანჩო პანსააო…“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





