საზოგადოება

როგორ გადაწერა ირაკლი ფარჯიანმა საბჭოთა კავშირის დროს სახარებები და რა ოცნება აუხდინა მას შვილმა

№45

ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 03.11, 2023 წელი

ირაკლი ფარჯიანი
დაკოპირებულია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემები წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფარჯიანი სახარებაზე იმ პერიოდში მუშაობდა, როცა საქართველოში რელიგია იკრძალებოდა. უფრო ვრცლად ამ საკითხზე მისი ქალიშვილი, სოფი ფარჯიანი გვესაუბრა.

სოფი ფარჯიანი: 21 წლის იყო ირაკლი, როცა დედა გარდაეცვალა და სწორედ მაშინ ეზიარა სახარებებს. ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა რელიგია აკრძალული და ტაბუდადებული თემა იყო. შეიძლება ითქვას, დედის სიკვდილმა დააახლოვა ღმერთთან – მისმა სიყვარულმა და მასთან კონტაქტის არდაკარგვის სურვილმა მიიყვანა სულიერ ცხოვრებამდე. 27-28 წლისამ დაიწყო სახარებების გადაწერა და დასურათება. თავდაპირველად შეისწავლა ქართული მინიატურები, შრიფტები, ქართველი გადამწერები და შემდეგ შეუდგა მუშაობას. ზოგადად, ფარჯიანების წინაპრები იყვნენ პირველები, ვინც სახარება სვანეთისთვის გადაწერეს და დაასათაურეს. ამ ტრადიციის გაგრძელების სურვილი გაუჩნდა ირაკლის და ხელნაწერთა ინსტიტუტში შეისწავლა: კალიგრაფია, ქართული მინიატურა, ბიზანტიური მინიატურა, სვანური და ქართული ფრესკები... მერე მის აღქმის პრიზმაში ეს ყველაფერი გარდაიქმნა მისებრ დანახულ მინიატურებად, რასაც უკვე ჩვენ ფარჯიანის სტილს ვეძახით. ირაკლის ყველა დიდი ნამუშევარი რელიგიური თემატიკისაა: ჯვარცმა, ხარება, საიდუმლო სერობა და ასე შემდეგ. ამას აკეთებდა ახალგაზრდა ბიჭი მაშინ, როცა ხალხს რელიგიის გამო დევნიდნენ. თან, ამ საქმეში მსოფლიოში საუკუნოვანი წყვეტა იყო – ირაკლი ხდება მსოფლიოში ბოლო ხელოვანი, რომელიც ასურათებს და გადაწერს სახარებებს. სწორედ ეს აღნიშნეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. დღეს ეს ხელოვნება, ფაქტობრივად, გამქრალია და ამან გამოიწვია დიდი ფურორი – ეს პრეცედენტი ქართველმა მხატვარმა შექმნა.

ირაკლის უნდოდა, ეს წიგნები მის სიცოცხლეში ენახა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს, მაგრამ იმ პერიოდში ვინ დააბეჭდინებდა სახარებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი არ იყო ტექნოლოგია, რომელიც ერთი ერთში გადმოიტანდა ამ ნამუშევრებს. ბევრი მცდელობა გვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ნამუშევრები სტანდარტულ ბეჭდვას ვერანაირად ვერ დაექვემდებარა. მასში ბევრი ოქროსა და ვერცხლის პიგმენტია, განსაკუთრებული ფერებია, რომელიც ამ მინიატურებისთვის შეიქმნა და ფაქსიმილე სტანდარტის გარეშე მისი წიგნად გამოშვება წარმოუდგენელი იყო. შეიძლება ითქვას, მისი ორი ოცნებიდან ერთი მე და ჩემმა გუნდმა შევასრულეთ. მათ გარეშე მარტო ვერაფერს შევძლებდი.

– როგორ ახერხებდა საბჭოთა კავშირის დროს რელიგიურ თემატიკაზე მუშაობას? რა სირთულეებს აწყდებოდა?

– ძალიან რთული იყო. დედას მონაყოლიდან ვიცი, ჩუმად მოდიოდა ხალხი მისი ნამუშევრების სანახავად. მაშინდელ უშიშროების სამსახურს წაუღია კიდეც ეს წიგნები, მაგრამ მამას იმდენად კარგად ჰქონდა გაკეთებული, რომ ძველი სახარების ხელნაწერები ჰგონებიათ. ირაკლი იმდენად ნათელი იყო, არავინ ერჩოდა, ყველას სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ – ძალიან უყვარდათ. გარდა იმისა, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთა და ამხელა წყვეტის შემდეგ შექმნა ორი კულტურული ძეგლი, ის ამ ქმედებით სისტემის წინააღმდეგაც წავიდა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინდელ დოგმებს, დაამტკიცა, რომ ღმერთისადმი სიყვარულს ვერავინ აუკრძალავდა.

– ეს იყო მისი სულიერი ამბოხი მაშინდელი სისტემის წინააღმდეგ?

– დიახ. მაშინ, როცა ლენინისა და სტალინის პორტრეტები უნდა გეხატა, შენ კიდევ სახარებას იწერდი, ნამდვილად სისტემის წინააღმდეგ მიდიოდი. იმ ეპოქაში ღმერთის ხსენების დროსაც კი იჭერდნენ ხალხს. მთელი თბილისისთვის იყო ცნობილი, რომ ახალგაზრდა მხატვარი ამ საქმეს აკეთებდა. საერთოდ ცალკე საკითხია მისი კალიგრაფია – შეასრულო ორი წიგნი განსხვავებული ხელნაწერით იმ დროს წარმოუდგენელი მოვლენა იყო. დღეს ბევრი ცდილობს, კალიგრაფიის ხელოვნებას დაეუფლოს, მაგრამ მაშინ ირაკლისთვის ეს თავისებური სისტემის ნგრევა იყო.

სისტემასთან დაკავშირებით – ირაკლიმ აკადემია რომ დაამთავრა, პირველი დიპლომი არ ჩაუთვალეს, რადგან მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო პასტორის ოჯახი, აქაც რელიგიური თემატიკა გაიტანა. ზუსტად იცოდა, რომ არ ჩაუთვლიდნენ, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რაც სურდა. მერე მეორე სადიპლომი ნამუშევარი დახატა: ოჯახი – მისი სამი ძმა და მამა. მამას ეს ხასიათი მეც გამომყვა, შიშის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. ბავშვობიდან ჩამძახოდნენ: სად მიდიხარ ასეთი მამის შვილი, თან, გოგო, თან ხატავ, მაგრამ რაც უფრო მეტად მაბრაზებდნენ, ბევრად წინ მივდიოდი (იცინის).

– მაშინ „ჩაშვებების ინსტიტუტი“ არსებობდა. ამ ხალხს, როგორ იგერიებდა?

– კი, იყვნენ ადამიანები მსგავსი განზრახვით, მაგრამ ვინც ირაკლისთან მოდიოდა, სახელოსნოდან სულ სხვა ადამიანი გადიოდა. თითქოს იმ სინათლეში სრულიად გარდაიქმნებოდნენ. ამ სახარებებს საკმაოდ რთული გზა აქვთ გავლილი, ბევრჯერ წაართვეს და ყოველთვის მეგობრების დახმარებით დაიბრუნა. ეს ხდებოდა მის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც. ჩვენ ბერლინში ვცხოვრობდით, იქ მუშაობდა ირაკლიც. მაშინ, როცა საქართველოს რთული პერიოდი ჰქონდა და ქართველები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, მამა სამშობლოში დაბრუნდა, გერმანიაში ვერ გაჩერდა – მე იქ უნდა ვიყოო. საბოლოოდ აქციაზე გაზით მოიწამლა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა და გარდაიცვალა... მისი სახარებები და ნამუშევრები იქაურმა გალერისტმა მიიტაცა. რომ არა გოგა ხაინდრავას დახმარება, ალბათ, ვერ დავიბრუნებდით. ოჯახი მისი დიდი მადლობელი ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა