საზოგადოება

როგორ გადარია მედეა ჯაფარიძემ საბჭოთა კავშირის ცნობილი გენერალური პროკურორი - რომან რუდენკო

№1

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 09.01

მედეა ჯაფარიძე
დაკოპირებულია

მედეა ჯაფარიძის არსებობა რომანტიკული ცხოვრების თვალისმომჭრელი სანახაობა იყო. იგი არ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს, ის, თითქოს, რაღაც ღვთიური არსება იყო, რომელიც მხოლოდ ქართველ ერს ეკუთვნოდა. მის ირგვლივ თანაცხოვრობდა დიდი ოჯახური და პიროვნული ტრაგედია. 

ინგლისელებმა მისი ბიძა, დედის ძმა, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს. ამ უბედურებამ სულიერი წონასწორობა დაურღვია დედამისს, ხშირად იწვა საავადმყოფოში, საიდანაც შვილის სანახავად გამოიპარებოდა ხოლმე... პირველი დიდი თეატრალური შთაბეჭდილება მის ცხოვრებაში ქორეოგრაფიით შემოვიდა (როგორც იქნა, „გედების ტბაში“ მარინა სემიონოვა ნახა!). ვერიკოს მეზობლად ცხოვრობდა. მაშინდელი სუმბათაშვილ-იუჟინის (ახლანდელი ვერიკო ანჯაფარიძის) ქუჩაზე, ფიქრის გორაზე, ამდენ საოცრებას რომ იტევდა! ყველასთვის მოულოდნელად მედეა ჯაფარიძე ცოლად მსახიობ გრიგოლ კოსტავას, მერაბ კოსტავას ბიძას, გაჰყვა. მოგვიანებით ასე იხსენებდა: „ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც“. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროსო. ეგონათ, პატრონს გაუჩემდნენ ბედისგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა – გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდა... დიახ, გრიგოლ კოსტავას პოლიტიკური წარსული გაუხსენეს და, ორ მეგობართან ერთად დაიჭირეს, აწამეს... ამას არ დასჯერდა ტოტალიტარული რეჟიმი და სამივეს დახვრეტა მიუსაჯა. ამ დროს მედეა 20 წლის იყო მისი ერთადერთი მიზანი მეუღლის გადარჩენა გახდა. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის დამ, მარგარიტა მუსხელიშვილმა, მოსკოვში წერილი გაატანა ადმირალ ივანე ისაკოვთან, რათა ეშუამდგომლა ვასილ ულრიხთან, რომელიც საბჭოეთში პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს განაგებდა და სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი გამოჩენილი შემსრულებელი იყო. ამ პერიოდისთვის ვ.ულრიხი ერთდროულად იყო როგორც სამხედრო კომისიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ მედეა ჯაფარიძე კრემლის კაბინეტში შეხვდა ფაქტობრივ ჯალათს, რომელიც თითქმის ყველას უარით ისტუმრებდა. მსახიობის არაამქვეყნიური მშვენიერებით დატყვევებულს უთქვამს: „ანგელოზს თხოვნები არ აქვს, მიბრძანეთ!” გასაოცარი და დაუჯერებელი იყო ის, რომ განაჩენი შეიცვალა და სამივე პატიმარს 10-10 წელი მიესაჯა... მის სიკეთეს არ ჰქონდა საზღვრები. ერთი პერიოდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სხვაზე ზრუნვაში დაავიწყდა ოჯახი, თეატრიც კი – საამისოდ დრო აღარ რჩებოდა, რადგან უნდა ეშოვა საბარგო მანქანები, ხე-ტყე, ცემენტი, კოპტონი (საქონლის საკვები ჩენჩო) კოლმეურნეობისთვის, თუმცა არც იცოდა, რა იყო ეს კოპტონი. წლების განმავლობაში მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით 126 ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას. ვინ დაუდგებოდა წინ მის კეთილ ნებას?! ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მედეა ჯაფარიძისგან ასხივებდა ისეთი რაღაც, რასაც სხვაში ვერ იპოვიდი და ეს „რაღაც“ მისი პიროვნების მარკერი იყო. დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო! მხოლოდ მას შეეძლო ეთხოვა გენერალური პროკურორისთვის პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ებრძოლა და მოეთხოვა ყველაფერი, რაც კი სხვას სჭირდებოდა... რომან რუდენკო ცნობილი საბჭოთა ჩინოვნიკი იყო, სრულიად უნიკალური მოვლენა, თუნდაც, იმით, რომ თითქმის 30 წელი (1953-1981) მუშაობდა საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორად. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალზე, ნიურნბერგის პროცესზე, საბჭოთა ბრალმდებლის მოვალეობა დააკისრეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუდენკო საქართველოში ესწრებოდა სტალინური რეპრესიების შედეგად დაღუპულთა რეაბილიტაციის პროცესს მაშინდელ რკინიგზის კულტურის სახლში. სწორედ ამ რუდენკოსთან მივიდა მედეა ჯაფარიძე პოლიტპატიმრის, როგორც ამბობენ, მერაბ კოსტავას, გათავისუფლების თხოვნით. საინტერესოა თავად გენერალური პროკურორის მოგონება (გურანდა გაბუნიას ნაამბობის მიხედვით): „თავჩახრილი ვზივარ კაბინეტში, ვმუშაობ!. უცებ გაიღო კარი და შემოფრინდა ანგელოზი – თეთრ კაბაში გამოწყობილი, თავზე ვარდისფერი ქუდით. ის მოფრინდა ჩემს სამუშაო მაგიდასთან, რაღაც წაიჟღურტულა, შემდეგ წინ დამიდო ქაღალდი და თითით მანიშნა, სად უნდა მომეწერა ხელი. მეც ხელი მოვაწერე. მერე ამ ანგელოზმა, მგონი, მადლობა გადამიხადა, მგონი, რაღაც წამიმღერა კიდეც... აიღო ქაღალდი, შებრუნდა და გაფრინდა... ამის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, ვინ იყო ის ანგელოზი ან, საერთოდ, რაზე მოვაწერე ხელი?! მერე გავიგე, რომ მედიკო ყოფილა”... როცა მერაბ კოსტავა ციხიდან გაათავისუფლა, მედეა ჯაფარიძე უკვე აღარ იყო დეპუტატი!..

სანამ ორკესტრი უკრავდა

...პირადი ცხოვრება მუდამ ზურგს აქცევდა, ვიდრე რეზო თაბუკაშვილს არ შეხვდა (1947 წელი) და არ დაიწყო დიდი და უჩვეულო სიყვარულის ეპოპეა. ისინი რენესანსული ტიპის ხორცშესხმული ადამიანები იყვნენ უგმირო და უსულო რეალობაში. თვალშეუდგამი და მიუაჩრდილებელი ფიზიკური სილამაზე ერწყმოდა სულის მშვენიერებას. ჩვენ წინაშე იყო ანტიკური ხელოვნების მთავარი პრინციპის სახეობა – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული. ყველა მუხლს იყრიდა ამ სილამაზის წინაშე – ნაცნობიც და უცნობიც, ქართველიც და ისინიც, ვინც არაფერი იცოდა ამ ორი ადამიანის შესახებ. ერთხელ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ. ორკესტრი უკრავდა. ვიდრე თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა. მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა, ჯერ აღტაცების ხმები გაისმა, მერე კი ტაშმა იქუხა – იგონებდა მალხაზ აბდუშელიშვილი. არაამქვეყნიურსა და არამიწიერ სილამაზეს დაუკრეს ტაში. მშვენიერების წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია!

ლილიპუტები სტუმრად

რეზო (უმცროსი) თაბუკაშვილი: ცირკისთვის უკვე კარგად დიდი ვიყავი, თოთხმეტი წლისა, როცა ბებიაჩემმა, მედეა ჯაფარიძემ, წარმოდგენაზე წასვლა მომთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ (აზრიც არ ჰქონდა, მუდამ გაჰქონდა თავისი და ცუდს არასდროს შემოგთავაზებდა). მართლაც, შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო ლილიპუტების. „შენ არ იცი, რამხელა შრომას დებენ ეს არტისტები არენაზე გამოსვლისას და იქამდე, რეპეტიციებისას“, – მეუბნებოდა. მეორე დღეს, ჩვენს ფიქრის გორის სახლში დაპატიჟა მთელ მსოფლიოში ცნობილი ლილიპუტების „ტრუპას” ხელმძღვანელი წყვილი. ცოლ-ქმარი ძალიან მოხდენილად ჩაცმულები გვესტუმრნენ – კაცი ჰალსტუხით და პიჯაკით, ქალი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, ყელზე ლამაზი სამკაული ეკიდა, მახსოვს. ორი საათი ვისხედით სუფრასთან მე, დიდი მედეა და ჩვენი სტუმრები. მათი შრომის სპეციფიკაზე ელაპარაკებოდა დიდი მედეა და მათი მოგზაურობების, სხვადასხვას ქვეყნის მაყურებლების შეფასებების განსხვავებებზე ეკითხებოდა.

***

მარიკა ხიდირბეგაშვილი: „ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე ცნობილი ქუთაისელი მსახიობი, გრიგოლ (გრიშა) კოსტავა იყო. ჩემი ბებია, ლილი ნუცუბიძე გრიშას ბიძაშვილი იყო და ხშირად ყვებოდა, როგორ წავიდნენ ნათესავები ახლად მოყვანილი რძლის, მედიკოს გასაცნობად. როცა სახლში შესულან, იქვე გადაკიდებული მედეას კაბა დაუნახავთ და ისეთი ვიწრო წელი ჰქონდაო, ნათესავმა ქალებმა გაოცება ვერ დამალეს – აბა, ამ წელით ამას შვილი როგორ უნდა ეყოლოსო…“

***

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან იხსენებს: „ქალბატონი მედეა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გამაცნო. სწორედ მისი დახმარებით მოვხვდი პოეზიის საღამოებზე, რომელსაც მედეა ჯაფარიძე მართავდა ხოლმე“.

მოხუცთა სახლში

თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე მოხუცთა სახლში გაიმართა შეხვედრა, მისი დირექტორისა და პატრონის, ქალბატონ მერი გოგოლის თხოვნით. აქ იმხანად 30-მდე მოხუცი იმყოფებოდა და როცა დიდ მსახიობს გაანდვეს მათი სურვილი, სულმოუთქმელად ელოდებიან თქვენს მოსვლას და თქვენთან საუბარსო, დიდსულოვნად დათანხმდა.

მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მოხუცების მიმართ, მით უმეტეს, საქართველოში მაშინ იკიდებდა ფეხს ამგვარი პრაქტიკა და საჭიროდ ჩათვალა მათთან სტუმრობა და სიტყვით გამხნევება. ის სათუთად მიეფერა ყველა მოხუცს და ძალზე ბუნებრივად პარიზთან ახლოს მდებარე მოხუცებულთა სახლის ბინადრებზე დაიწყო საუბარი, სადაც მან ხუთიოდე წლის წინათ მოინახულა გალაკტიონის მუზა მერი შერვაშიძე, 90 წელს გადაცილებული ქალბატონი.

ამ ამბავმა განსაკუთრებით გააღვივა აუდიტორიის ინტერესი, ისინი ეკითხებოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ იქაურ პანსიონში? ასევე დაინტერესდნენ, მერი შერვაშიძე პირადად თუ იცნობდა პოეტს? მახსოვს ქალბატონი მედეას მაშინდელი ნაამბობი: „რასაკვირველია, მე მას დავუსვი ეს კითხვა, აშკარად არ ესიამოვნა და ერთგვარი გაბრაზებაც გამოხატა, მსმენია, მაგრამ მე არ ვიცნობდი ასეთ პოეტს… მაშინ მე ასე მივმართე, მართალია, თქვენ მას არ იცნობდით, მაგრამ შესაძლოა, ის თავად გიცნობდათ შორიდან და ისევე გეტრფოდათ, როგორც შეიძლება, პოეტი ეტრფოდეს ყვავილს, ბუნებას, სილამაზეს. ვიგრძენი, რომ ამ სიტყვებით მისი ქედმაღლური ამბიცია საგრძნობლად დავაცხ

რე და თავის ოდნავი დაკვრითა და ღიმილით დამეთანხმა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა