საზოგადოება

როგორ გადადო თავი რამაზ ჩხიკვაძისთვის ნატაშა კობახიძემ და რა სირთულეები გამოიარეს მათ ერთად

№20

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 21.05

რამაზ ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

„ქალი – ნატაშა კობახიძე-ჩხიკვაძე – სწორუპოვარი თეატრალური პროდიუსერი. მისი ეშხი აშტერებდა ყველას“ - ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს: „ნატალია, იმთავითვე, ტიპური მოსკოვური შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობითა და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არანაირ ფათერაკს არ ერიდებიან“... ეს დღიურები ნატაშა კობახიძესა და რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელ წყვილზეა. უფრო ნატაშაზე, ქალზე, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მეუღლეზე, რომ დიდ მსახიობს სრულად გამოევლინა თავისი ნიჭიერება და სწორედ ისეთი დიდი გამხდარიყო, როგორიც ის ხალხმა გაიცნო. მას გვერდში ედგა ქალი, რომელმაც იგი შექმნა როგორც პროდუქტი, ხელოვნების ბრენდი. ისინი ყველგან და ყოველთვის იყვნენ, პირველ რიგში, დიდი, განუყრელი მეგობრები და შემდეგ – ცოლ-ქმარი და ერთადაც წავიდნენ იმიერში. მათი სიყვარულის ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ცხოვრებაშიც იყო ისეთი მომენტები და სირთულეები, რაც, ალბათ, ბევრ თქვენგანს ვერც კი წარმოუდგენია.

ლეგენდა გემზე

ფათერაკები ვერ შეაშინებს რამაზ ჩხიკვაძეს. ლეგენდა გემზე დაიწყება. რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები გურამ საღარაძე და რამაზ ჩხიკვაძე ოდესაში წავლენ ხანმოკლე შვებულების გასატარებლად. წავლენ გემით – ბათუმიდან. იალტაში გემბანზე ავა ავაზასავით ქალი – ნატაშა კობახიძე, მეგობრებთან ერთად. „დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე“, – იტყვის გურამ საღარაძე და გაიცნობს ნატაშას, გაიცნობს და გააცნობს რამაზს. მთელ საღამოს, ღამეს ერთად გაატარებენ სუფრასთან – რამაზი, გურამი, ნატაშა და მისი მეგობარი. საუბარში დაათენდებათ. რამაზი გურამს მიუტრიალდება და ეტყვის – „მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი“. რამაზი და ნატაშა შეხვედრაზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგება. თუმცა, გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. გემზე შეხვედრამდეც და საბოლოო შეხვედრამდეც მათ დიდი გზა გამოიარეს: რამაზი გახდება თბილისური ბოჰემის გული, თბილისელი „მოდნიცების“. დაბადების დღეები წარმოუდგენელი იქნება რამაზის ელვარე იუმორის, სიმღერის, დაკვრის გარეშე. რამაზი გახდება მოტრფე ცხოვრების, დროსტარებისა და თან, შრომის – თავდაუზოგავი შრომის. წარმატებული სტუდენტობის შემდეგ – რუსთაველის თეატრი, სადაც ის კარგა ხანს ჩაიკარგება უღიმღამო როლებში, ორჯერ დააპირებს კიდეც თეატრის მიტოვებას და ოპერაში გადასვლას. შემდეგ იქნება ლეგენდარული „შვიდკაცა“, თუმანიშვილი ათამაშებს „ესპანელ მღვდელში“. წარმატებულ სპექტაკლს ისევ უღიმღამო წლები მოჰყვება, შემდეგ ისევ თუმანიშვილის შედევრი – „როცა ასეთი სიყვარულია“, მერე გაიხსნება მცირე სცენა – სპექტაკლით „ჭინჭრაქა“ და დაიწყება რამაზ ჩხიკვაძე – როგორც შემდეგ რობერტ სტურუა იტყვის – „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება“. და დაიწყო სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემი. მათი შეხვედრა „შეხვედრაში“ შედგება, გაგრძელდება „მზიან ღამეში“, შემდეგ იქნება „ხანუმა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“... და მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრის მშვენება – „კავკასიური ცარცის წრე“, შემდეგ „რიჩარდ მესამე“ – მსოფლიო აღიარება. „კავკასიური ცარცის წრე“ შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში, რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე – ყველა დროის რიჩარდების ათეულში და ყველა ამ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს სწორედ ის ქალბატონი – გემზე გაცნობილი…. „ჭინჭრაქას“ დროიდან ის დაუახლოვდება რამაზს, დაუახლოვდება რუსთაველის თეატრს და „ყვარყვარეს“ დროს თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდება – ნატაშა არაოფიციალურ მენეჯერად მოევლინება რუსთაველის თეატრს. ნოდარ გურაბანიძის თქმით, სწორედ ამ ასპარეზზე გაიფურჩქნება ნატაშას ნიჭი, გონიერება, თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი, აქ პოვებს გასაქანს მისი საარაკო მიზანსწრაფულობა და ტემპერამენტი. რამაზი და ნატაშა ერთად გაივლიან დაბრკოლებებით აღსავსე გზას ცხოვრებაშიც და თეატრშიც. ექნებათ ბევრი მძიმე დღეები, იქნება ბევრი ჭორიც, უბედურებაც – რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან – სად, როგორც თავად იტყვის, 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც – ცოტა ხანს კარლო საკანდელიძის ოჯახში, ედიშერ მაღალაშვილთანაც, ეროსისთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებიც შეიფარებენ… თავის დროზე კი, ნატაშა იტყვის „ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე, რამაზს შევუწყო ხელი“. ამას იტყვის მეცნიერი, მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. „ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ, გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, როცა ქალი ნორმალურად ეჭვიანობს, ასატანია… ნატაშა ძალიან მეხმარებოდა იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაშიტუში არ ვარგა“.

ცხოვრება მხოლოდ რამაზისთვის

ნატაშა შეელევა სამეცნიერო კარიერასაც, არც სამსახიობო კარიერა მოხიბლავს – მას გადაიღებენ ფილმში „ყვავილი თოვლზე“, მაგრამ ეს ფილმი აღმოჩნდება – პირველი და უკანასკნელი (რ. შატაკიშვილი). ის თავს გადადებს რამაზისთვის. რამაზ ჩხიკვაძე, ცხადია, მიაღწევდა დიდ წარმატებას, მაგრამ იქნებოდა კი ისეთი დიადი, როგორიც იყო, რომ არა ნატაშას მხარდაჭერა – ყოველდღიური ზრუნვა, მყუდრო გარემო, იდეალური პირობები მუშაობისთვის? თან, მით უმეტეს, ნატაშას ზრუნვა გასცილდება ცოლურ მასშტაბებს. სწორედ ნატაშას დამსახურება იქნება ის, რომ მაყურებელი იხილავს „ყვარყვარეს“. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთს გამოატარებს თეატრს – 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები მათ წინაშე, დახურულ კარს მიღმა, დაწესდება მკაცრი კონტროლი, ამ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება, მაგრამ... ამ ყველა სპექტაკლს დაესწრება ნატაშა და მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, ვის აზრსაც საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევს. სწორედ ისინი გაავრცელებენ ქალაქში ხმას – სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო, თუმცა, აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული. ასე შეიქმნება საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამ გზით მოუგებს ნატაშა ცეკას. რამაზისა და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები… სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება არა მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების უცხოეთში გაყვანაც… მოკლედ, ის იქნება პირველი ქართველი იმპრესარიო და დიდ წვლილს შეიტანს არა მარტო რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგ ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზრდება და სწორედ ეს დაპირისპირება დაამსხვრევს სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემს.

პაექრობა მაესტროსთან

რობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს. ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას პატივსაცემად ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ არ მიდიოდა სტურუა. „რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო“ (ნ. გურაბანიძე). არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა. „წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები” – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო. სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. „რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო”; – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია. თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები. ამასობაში კი ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია. ლანგარი სერვიზს დაეცა და დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე „გაინავარდეს“. „ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახითა და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ იფიქრებდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა. ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად „კლავდა” ნატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით, თავს იკავებდა. ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია. ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა. ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ჩვენ კი კიბოს ფეხებს ვწუწნიდით. „ტყემალზე შემომსხდარნი” უსიტყვო „მასოვკის” როლს ვასრულებდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს, თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა.

მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა

ბატონ რობერტისა და ქალბატონ ნატაშას „დაჯახებას” ადრეც შევსწრებივარ. ეს მოხდა იერუსალიმში, სასტუმრო „იერუშალაიმ გეიტში”, რამაზის აპარტამენტში. მაგრამ ის უფრო „ღია” დაპირისპირება იყო მსახიობთა ჰონორარის გამო. სწორედ ამ ურთიერთობაში ბზარს მოჰყვა რამაზ ჩხიკვაძის წასვლა რუსთაველის და საერთოდ, თეატრიდან. მაგრამ გამოხდა ხანი. სტურუას თეატრიდან გაშვებამდე კი ქალბატონი ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხდა: „ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი...“ გამოხდება ხანი და მათ ისევ დაუდგებათ ჟამი თანადგომის. ნატაშა ჩხიკვაძე პრაღიდან გამოესარჩლება რობერტ სტურუას და… გულის შეტევვა ჩააქრობს ცეცხლოვანი ქალის სიცოცხლეს, ქალის, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება რამაზის გარეშე. უკურნებელი სენისგან განაწამები, დაუძლურებული ლირი ღმერთს შესთხოვს ძალას, ღირსეულად დაკრძალოს საკუთარი ცოლი. და მართლაც, დაკრძალავს, სამარის პროექტსაც მოაწერს ხელს და გარდაიცვლება. მხოლოდ 56 დღე გასძლებს ნატაშას გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა