საზოგადოება

როგორ გადაატრიალა კოტე მახარაძემ კოტე მარჯანიშვილი ცხრაჯერ საფლავში

№25

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 26.06

კოტე მახარაძე
დაკოპირებულია

შესანიშნავი მსახიობი და ფეხბურთის საუკეთესო კომენტატორი... სიტყვების ისეთ მარაგს ფლობდა, რადიოსა და ტელევიზორს ყურს ვერ მოაშორებდით. „Кинжальный удар“...“пока мяч в воздухе, объявлю составы...“  ... ამ და და მსგავს ფრაზებს კოტე მახარაძე იგონებდა. ჩვენ კი, დღევანდელ რუბრიკაში მას მოვიგონებთ.

„კაგებეში“ აღმოჩენილი მახარაძეები და ჩუმად შესმული სტალინის სადღეგრძელო

„დიუსელდორფში „დინამოს“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ ვთქვი, ეს ქართველი ფეხბურთელების დიდი წარმატებაა-მეთქი, სიცოცხლის არა, მაგრამ ლამის კარიერის ფასად კი დამიჯდა. მოკლედ, მოსკოვში რომ დავბრუნდი და თბილისში უნდა გამოვფრენილიყავი, „კაგებეს” ოფიცრებმა პირდაპირ ტრაპიდან „მომხსნეს“ და ხელში შემაჩეჩეს ლუბიანკაზე („კაგებეს“ შტაბ-ბინა) გამოცხადების უწყისი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ პირდაპირ გენერალ ფილიპ ბობკოვთან უნდა მივსულიყავი. ბობკოვი იდეოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ოდიოზური ფიგურა იყო და ყველა ცნობილი დისიდენტი – სოლჟენიცინი, სახაროვი, ბუკოვსკი და სხვა „ბობოლები“ მის მიერ იყვნენ რეპრესირებულ-გადასახლებულები. ის მხოლოდ „მსხვილ თევზებს“ იბარებდა თავისთან და მეც რომ მათთან ერთ რანგში გამიყვანეს, ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა. რომ მივედი, რა თქმა უნდა, მიცნეს. ცოტა ხანში მითხრეს: ბობკოვმა ოცდაოთხი საათით გადაიტანა შეხვედრა და ხვალ მოდითო. ეს „კაგებეს“ ნაცადი ხერხი იყო, რომ „სამსხვერპლო“ (მე) მაქსიმალურად დაეთრგუნა მოლოდინს, რათა მისი დამუშავება-განადგურება ადვილი ყოფილიყო. გარეთ ჩემი მეგობარი და კოლეგა ნიკოლაი ოზეროვი მელოდებოდა. იმ დღეს სწორედ მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ჩვენ ტელევიზიაში მივედით. ოზეროვმა „ვოლგა“ დამიტოვა და მითხრა, ჩემთან წადი, მე ტაქსით მოვალო. კალინინის გამზირზე რომ გავედი, ვხედავ, მოხუცი ვიაჩესლავ მოლოტოვი დგას გზის პირას, ტაქსის გაჩერებას ცდილობს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა მრისხანე დიპლომატს არავინ უჩერებს. მე „ვოლგა“ გავაჩერე და სტალინის უახლოეს მეგობარს ვუთხარი:

– დაბრძანდით, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, მიგიყვანთ...

მოლოტოვი დაჯდა და რომ დამინახა, ჩემთვის ყოვლად მოულოდნელად მითხრა:

– ამხანაგო კოტე, ეს ხომ თქვენ ხართ?! მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ვინ მიმიყვანა სახლში, გაუხარდებათო.

ერთი სიტყვით, მოლოტოვმა საუბარი გამიბა და რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, ულვაშებში ჩაეცინა, მითხრა:

– ალბათ, ფილიპთან ხართ დაბარებული, ხომ?

– დიახ, – მივუგე მე.

– მოდი, ასე ვქნათ, დღეს ჩემთან დარჩით სტუმრად. ხვალ კი მე გამოგყვებით ბობკოვთან და ვეცდები, ყველაფერი მოვაგვარო. კარგია, რომ გვარად მახარაძე ხართ, ეს გიხსნით შერისხვისგან. ის ღამე მოლოტოვთან დავრჩი. გვიანობამდე სტალინზე მესაუბრებოდა, მე კი მას ცნობილი რუსი პოეტების ლექსებს ვუკითხავდი. დანიშნულ დროს კი ბობკოვთან მივედით. მოლოტოვს ფურცელი ჰქონდა წამოღებული, რომლის შინაარსი მე არ ვიცოდი. „კაგებეს“ მრისხანე გენერალმა ერთად რომ დაგვინახა, შეცბა. მოლოტოვმა კი „კაგებეს“ იდეოლოგიის მამას ფურცელი დაუდო წინ და უთხრა:

– ფილიპ, ძვირფასო, ხომ გახსოვს, ჯერ კიდევ მაიორი იყავი და ჩემს უწყებაში მუშაობდი, ხრუშჩოვზე აუგი რომ თქვი სტალინის სიყვარულის გამო და უნდა შეერისხეთ, ვინ გადაგარჩინა?

– ვიცი, პოლკოვნიკმა პავლე მახარაძემ, – მიუგო ნირწამხდარმა გენერალმა ბობკოვმა. გაყვითლებულ ფურცელს თვალი შეავლო და დააყოლა, – ეს ხომ ჩემი ხელწერილია, სადაც ვწერ, რომ შევცდი და მეტს აღარ ვიზამ-მეთქი, – პიონერივით დაასრულა ბობკოვმა და დასძინა, – ამხანაგმა პავლე მახარაძემ დამაწერინა ეს.

– კარგი მეხსიერება გქონია. სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა. ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო.

ერთი სიტყვით, ბობკოვმა ქართული კონიაკი გამოიღო კარადიდან და მან, მოლოტოვმა და მე ჩუმად სტალინის სადღეგრძელო შევსვით. ასე ამოიწურა ეს ინციდენტი.

მინდოდა, ხორავა გამოვსულიყავი

7 წლის ვიყავი, ჩემი და კი 8 წლის იყო, დედამ რომ პატარებს ხელი მოგვკიდა და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, საბალეტო სკოლაში წაგვიყვანა. სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე და დადგა საკითხი – სად წავსულიყავი. ამ დროს ვნახე აკაკი ხორავა ოტელოს როლში და ყოველგვარი კერპები დაიმსხვრა – არც ბალეტი მინდოდა, არც არაფერი, მინდოდა, ხორავა გამოვსულიყავი. ჩემი თაობის უმრავლესობა იმიტომ შევიდა თეატრალურში, რომ ხორავობა უნდოდა. ხორავა არც ერთი არ გამოვედით, მაგრამ მსახიობები კი გავხდით. ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, ცუდად თუ კარგად – ეს მაყურებლის შესაფასებელია. ის კი არა, ნორჩი, გიმნაზისტი ვლადიმერ ლენინიც ვითამაშე. მხოლოდ პრიმიტიულ ადამიანებს ჰგონიათ – ეს როგორ უნდა ითამაშოო. საინტერესო როლი იყო და რატომ უნდა მეთქვა უარი? არტისტი ვარ და ეშმაკიც უნდა ვითამაშო, ჯოჯოხეთის მაშხალაც და ღვთაებაც, თუ შემიძლია.”

ნებადართული კომენტატორობა

ბატონ კოტე მახარაძეს თეატრში მუშაობა და საფეხბურთო რეპორტაჟების წაყვანა ერთდროულად უწევდა. ამის გამო რუსთაველის თეატრში ხშირად უსიამოვნებები ხვდებოდა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას თავად იხსენებდა: „ჩემ გამო რუსთაველის თეატრში ორჯერ ჩატარდა კრება, მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგო ზაქარიაძე იყო. ერთხელ გაბრაზებულმა მითხრა, ასე როგორ შეიძლება, კაცო? მარჯანიშვილი საფლავში ცხრაჯერ გადაბრუნდება, რომ გაიგოს კოტე მახარაძე სტადიონიდან პირდაპირ სცენაზე ადის და ურიელ აკოსტას თამაშობსო. კრებაზე ხმები გაიყო და ბატონ სერგოს უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი – დავრჩებოდი თუ არა სამუშაოდ. ბოლოს ხელები ასწია და მითხრა: „გეტყობა, ძალიან გინდა, ნებას გრთავ, იკომენტატორე“. ამის შემდეგ თეატრი ხელს მიწყობდა და საფეხბურთო მატჩის დღეებში სპექტაკლს არ მინიშნავდნენ“.

მახარაძე – სიცოცხლისუნარიანი ფაშისტი

რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა JAMnews-ს კოტე მახარაძესთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა: „კოტე მახარაძე, რომელსაც მომავალში გენიალურობა ეწერა, მაშინ თბილისის რუსთაველის თეატრის დასის წევრი იყო და სხვადასხვა ადგილას კონფერანსიედ მუშაობითაც ჰქონდა დამატებითი შემოსავალი. მისი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი იყო მოკლე დადგმა, რომელიც საბჭოთა პარტიზანებს ეძღვნებოდა. დაახლოებით, რვის ნახევარზე კოტე მახარაძეს, რომელიც ფაშისტს თამაშობდა, თავის ფაშისტურ ზურგში ტყვია ხვდებოდა, ყვირილით ეცემოდა სცენის მიღმა, სასწრაფოდ გარბოდა, ფაშისტის ფორმას იხდიდა, ადამიანურ სამოსს იცვამდა და „ლუკმაპურის საშოვნელ სამსახურში“ მიდიოდა. ერთხელაც „პარტიზანებმა“ პირი შეკრეს – და მახარაძეს თავის კუთვნილი ტყვია ზურგში და კულისებში კი არა, გულში და დეკორაციებს შორის ყოფნისას მოხვდა. რაღას იზამდა – დაეცა. თან, ხანგრძლივი სცენაა. არადა, ოც წუთში კონცერტია. და აი, პარტიზანები ხედავენ, რომ ფაშისტი მოკლული არ არის, უბრალოდ დაჭრილია. კვნესის და კულისებისკენ მიცოცავს! პარტიზანებმა მას თავში რამდენიმე საკონტროლო გასროლა მიაყენეს, მაგრამ არ გაჭრა. სიცოცხლისუნარიანი ფაშისტი ავტომატების ჯერით ერთიანად დაცხრილეს, მაგრამ ის კულისებისკენ ცოცვას ჯიუტად არ წყვეტდა – „ესესელს“ სრულიად განსაცვიფრებელი სიცოცხლის ჟინი აღმოაჩნდა! და მაშინ მოხუცი პარტიზანი – ლეგენდის მიხედვით, ეს დიდი სერგო ზაქარიაძე იყო – მცოცავ ფაშისტს ლამის კულისების შესასვლელთან წამოეწია და გზა გადაუღობა. ახალგაზრდა ფაშისტმა მახარაძემ თავი კორიფეს ჩექმებში ჩარგო და დადუმდა, გული ცუდს უგრძნობდა. ზაქარიაძე ჯარისკაცის სხეულის გვერდით ჩამოჯდა, ხელი თმაში ჩაავლო, თავი აუწია, სახეში ჩახედა და დიდმნიშვნელოვნად თქვა: „მკვდარია“. და მახარაძე სცენის დასრულებამდე ასე იწვა”.

რეპორტაჟი უმიკროფონოდ

„...აი, უკვე დიუსელდორფში ვარ. დავდივარ ქალაქში და ვეძებ სასტუმროს. ქუჩებში გაკრულია მომავალი თამაშის აფიშები. გადავხედე შეხვედრის პროგრამებს და ცოტა არ იყოს, გაკვირვებული და ნაწყენი დავრჩი: „თბილისის“ მაგივრად ყველგან „ტიფლისი“ წერია. ამის შესახებ შევჩივლე ჩემს გერმანელ მეგობარსა და ჟურნალისტს კარლ–ჰაინც ჰაიმანს: რატომ „ტიფლისი?“ მან მიპასუხა, რომ გადახედა ყველა წყაროს, ენციკლოპედიებს, ჰიტლერის დროინდელსაც კი და ყველგან ნახსენებია – ტიფლისი. მთელი ღამის განმავლობაში ვავსებდი მუყაოს ქაღალდის სავიზიტო ბარათებს, სადაც გარკვევით და ნათლად დავწერე ერთი სიტყვა Tbilisi. სტადიონზე ყველაზე ადრე მივედი და ეს ბარათები კომენტატორთა მაგიდებზე დავდე. ჩემმა გეგმამ გაამართლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომენტატორთა უმრავლესობა სწორად წარმოთქვამდა – „დინამო“ თბილისი... ჩემი ყველაზე ბედნიერი რეპორტაჟი დავიწყე მცირე ექსკურსით და მაყურებელს გავახსენე ის გზა, რომლითაც გუნდები ფინალამდე მოვიდნენ. თქვენც სიამოვნებით გაგახსენებთ. თბილისელებს წილისყრამ საწყის ორ ეტაპზე არცთუ ისე ძლიერი მეტოქეები არგუნა. საკმაოდ ადვილად იქნენ დამარცხებულნი ბერძნული „კასტორია“ და ირლანდიური „უოტერფორდი“. შემდეგი მეტოქე კი უკვე სერიოზულთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა – ინგლისის თასის მფლობელი ლონდონის „,ვესტ ჰემ იუნაიტედი“. შემდეგ ეტაპზე თბილისელებს ჰოლანდიური „ფეიენოორდის“ განიარაღება მოუწიათ. პირველი მატჩი თბილისში მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათი უპირობო გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. როტერდამული მატჩი კი გახდა მიკერძოებული მსაჯობის ნათელი მაგალითი. ავსტრიელმა არბიტრმა ვიორერმა უტიფრად გააუქმა თბილისელთა მიერ წესების სრული დაცვით გატანილი სამი (!) გოლი, დაგვინიშნა ძალიან საეჭვო პენალტი და ბოლოს შეხვედრას დაამატა შვიდი წუთი, რომლის საფუძველი არ არსებობდა. ჩვეულებრივ, არ მიყვარს მსაჯის ნამოქმედარზე საუბარი, მაგრამ ვიორერის მსაჯობით გაცოფებული ვიყავი. მახსოვს გულიდან წამოსული ფრაზა: „რამდენი გოლი უნდა გაიტანოს „დინამომ“, რომ ერთი მაინც ჩათვალოს?!“. მსაჯის ასეთმა გაუგონარმა და არნახულმა დახმარებამ მაინც ვერ უშველა „ფეიენოორდს“. დინამოელებმა გაუძლეს. სხვა გუნდი იყო მაშინ – უმაღლესი კლასის, ტექნიკური, მძლავრი, მტკიცე და მებრძოლი ხასიათის. მეორე დღეს ჰოლანდიური პრესა აღნიშნავს ამ ფაქტს და ბულვარული პრესის დარად დაწერს: რამდენი კარატი იყო ის ბრილიანტი, რომლითაც სიონისტურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ფეიენოორდს“ განაგებენ, ავსტრიელი არბიტრი ვიორერი, სავარაუდოდ, დააჯილდოეს...

ანგარიშით 0:2 წაგების მიუხედავად, თბილისელები მაინც გავიდნენ ფინალში, სადაც მათ, მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი, იენის „კარლ ცაისი“ ელოდებოდა, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშა ისეთი სახელოვანი კლუბები, როგორებიცაა, წინა გათამაშების გამარჯვებული ესპანური „ვალენსია“, იტალიური „რომა“ და პორტუგალიური „ბენფიკა“. ამრიგად, 1981 წლის 13 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისის ქალაქ დიუსელდორფის სტადიონ „რაინშტადიონზე“ ერთმანეთის წინააღმდეგ დადგნენ ,,კარლ ცაისი“ იენა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან და „დინამო“ თბილისი.

როგორც ახლა მახსოვს, თამაშის დასრულების შემდეგ ვთქვი: „წარმომიდგენია, რაც ახლა თბილისში ხდება! ხარობს საქართველოს უძველესი დედაქალაქი! ეს უდიდესი წარმატებაა ქართული და სრულიად საბჭოთა ფეხბურთისთვის“. ამის შემდეგ „გარკვეულმა ორგანოებმა“ გამაწამეს შეკითხვებით, თუ რას ვგულისხმობდი და რა ქვეტექსტი ედო ჩემ ფრაზას – ქართული ფეხბურთი. მაშინ ჩვენ სამუშაოს შესრულებისას გამუდმებით განვიცდიდით დიდ წნეხს. ამასთან დაკავშირებით მინდა, გავიხსენო 1972 წლის შემთხვევა. მიმყავდა ერევნის „არარატისა“ და გერმანული „კაიზერსლაუტერნის“ საპასუხო შეხვედრა. დასრულდა პირველი ტაიმი და დიქტორის ყურსასმენები სწრაფად მოვიხსენი, რადგან მოსკოვიდან აუცილებლად იქნება მითითება. ვიღაც ამხანაგი იქსი, რომელიც სხვადასხვა ხმით საუბრობდა ხოლმე და არასდროს წარმოგიდგებოდა, ამჯერად ასეთ რამეს მეკითხება: „გამუდმებით რატომ ამბობთ ,,სომეხი ფეხბურთელები?“ – ვპასუხობ: ,,ნუთუ ისინი არ არიან სომხები?“ – „რასაკვირველია, – მეთანხმება ამხანაგი იქსი, – მაგრამ ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ თქვათ „საბჭოთა“ ანდა „ჩვენი ფეხბურთელები“. აი, ასე იყო ყველაფერი!

შემდეგ არაერთხელ უთქვამთ, რომ მე იმ დღეს ქვეყანას ვაუწყე, ალბათ, საუკუნის ყველაზე სასიხარულო ამბავი. მთელი ერი გარეთ გამოვიდა – მამაკაცები, ქალები, ბავშვები. ადამიანები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მიირთმევდნენ შამპანურს, ეხვეოდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს. ზეიმმა დილამდე გასტანა. მთელი რეპორტაჟი ღამის სამ საათზე გაიმეორეს. იმავე ღამეს გამოჩნდნენ ჩემი გვარის „სპეციალისტები“, რომლებმაც თურმე, მაშინ აღმოაჩინეს მისი ფუძე – „მახარე“, რაც ქართულად სიტყვასიტყვით „გამახარე“ ან „მაუწყე სასიამოვნო ამბავი“ ნიშნავს, და დაადასტურეს, რომ 13 მაისის საღამოს სრულებით გავამართლე ჩემი გვარის სემანტიკური საწყისები.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული