საზოგადოება

როგორ გადაარჩინა მეგობარმა ლადო აფხაზავა და რის გამო დაიჭირეს მამამისი

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 26.01, 2022 წელი

ლადო აფხაზავა
დაკოპირებულია

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, როგორც ამბობს, საკუთარი მოსწავლეებისთვის იმის სწავლებას ცდილობს, რაც მათ საკუთარი და სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება.

ლადო აფხაზავა: როცა პატარა ვიყავი, მშობლებმა ველოსიპედი მიყიდეს და გადავწყვიტე, სასწრაფოდ გარეთ გავსულიყავი. ჩემს კლასელებს უკვე ჰქონდათ და ერთი სული მქონდა, მათთან როდის მივიდოდი ჩემი ველოსიპედით. ძალიან ვჩქარობდი და წავიქეცი, ძალიან ცუდად დავვარდი. ხელი და ფეხი ჩემს ტანქვეშ მომყვა. მისი გათავისუფლება ვერ შევძელი. ჩემ გარშემო ადამიანები შეიკრიბნენ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხელ-ფეხი გაეთავისუფლებინათ, ექიმის ლოდინი დაიწყეს. იმის შიშით, რომ არაფერი დაეშავებინათ ხელი არავინ შემაშვილა. მე ამ დროს სულ გასისხლიანებული ვეგდე დაბლა. მაშინ რვა წლის ვიქნებოდი და ყველაზე მეტად მინდოდა, ვინმე მოსულიყო, ჩამხუტებოდა და ხელში ავეყვანე. მაგრამ მხოლოდ ეს მესმოდა: „ხელი არ მოჰკიდოთ“, არადა ამ დროს მხოლოდ ადამიანური სითბო მჭირდებოდა, მინდოდა ვინმეს ვენუგეშებინე. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, შორს გადით, ჰაერი მიეცითო. ჰაერიც მქონდა, მხოლოდ ხელ-ფეხის გათავისუფლება და სითბო მჭირდებოდა. შიშით ვერც ვლაპარაკობდი, თავს მაღლა ვერ ვწევდი, მხოლოდ ადამიანების ფეხებს ვხედავდი და უცებ დავინახე, რომ ჩემკენ ბავშვის ფეხები მორბოდა. წრე გამოარღვია და ახლოს მოვიდა. ჩემი მეგობარი ზურიკო ბარამიძე იყო. წამომაყენა, ხელ-ფეხი გამითავისუფლა და მოტეხილობას გადამარჩინა. პერანგი გაიძრო და სახიდან სისხლი მომწმინდა. მერე ფეხზეც ავდექი და თავის სახლში წამიყვანა. ექიმი გვიან მოვიდა, როცა უკვე აღარ მჭირდებოდა. მაშინ უკვე საკუთარ სახლში ვიყავი, დედამ მალამოები წამისვა და თავს უკეთ ვგრძნობდი. იმ მომენტში იმ პატარას რომ არ ეყოჩაღა, შეიძლება, ტკივილისგან შოკში ჩავვარდნილიყავი და ხელი და ფეხი აუცილებლად მომტყდებოდა. იმ დროს ზურიკოს მადლობა ვერ გადავუხადე. ბავშვები ვიყავით და ამიტომ თუ რატომ, არ მახსოვს, ამაზე აღარ გვისაუბრია. მას შემდეგ წლები გავიდა. ზურიკო 2008 წელს გარდაიცვალა. როდესაც რუსეთმა ფოთში ბომბი ჩამოაგდო, მას გული გაუსკდა. ზურიკოს სუსტი გული ჰქონდა, ექიმებმა გვითხრეს, რომ მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა, ზედმეტი ემოციები არ შეიძლებოდა – არც კარგი და არც უარყოფითი. ძალიან ვუფრთხილდებოდით. მაგრამ როდესაც ფოთის დაბომბვა დაიწყო, მისი შვილი, რომლის მეურვეობაც ახლა მე მაქვს აღებული, სვანეთში იყო. რატომღაც ზურიკოს ეგონა, რომ ყუმბარა სვანეთში ჩამოაგდეს, ჩემი შვილი ხომ არ მოყვა დაბომბვაშიო, ინერვიულა, გული გაუსკდა და იმწუთას გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამომიტივტივდა ეს მოგონება ჩვენი ბავშვობიდან. ზურიკოს დეკემბერში აქვს დაბადების დღე და მის საფლავზე ვიყავი წასული. ყველაფერი გამახსენდა, საფლავის ქვასთან დავდექი და მადლობა გადავუხადე. თუმცა, მივხვდი, რომ ძალიან დამაგვიანდა. ცხოვრება ასეთია, შესაძლოა, ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩეს, შეიძლება, ძალიან დავაგვიანოთ. მე აღმოვაჩინე, რომ მადლობის თქმა ძალიან დავაგვიანე. ზურიკო რომ დღეს ცოცხალი იყოს, შეიძლება, არც ეს ისტორია გამხსენებოდა და არც მადლობა გადამეხადა. ძმებივით ვყოფილიყავით გვერდიგვერდ, მაგრამ მაინც. ეს რომ გავაცნობიერე, ამიტომაც დავჯექი და დავწერე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მით უმეტეს, პანდემიაა, რთული პერიოდია. მინდოდა, ეს ისტორია სხვებისთვის ყოფილიყო შთამაგონებელი. მე სახლში ბიჭები მყავს. სესხი ავიღე და ცენტრალური გათბობა დავაყენე. ძალიან თბილად ვართ. ყველა ოთახში სითბო გვაქვს. გუშინ ჩემი ბიჭები მეუბნებიან, სახლში ნამეტანი თბილაო. კარგი, ჩავუწევ-მეთქი. მაგიტომ კი არ გვითქვამს, მაგრამ რამდენი ადამიანია ახლა სითბოს გარეშე, თოვლია, ცივა და ზოგს გათბობა არ აქვს, ზოგს შეშა არ აქვს, ზოგს – გაზი, ზოგს – ფული ჩვენ კი ამდენი სითბო გვაქვს სახლში და ტყუილად გვეხარჯებაო. გამიხარდა, რომ ამ ყველაფერზე იფიქრეს.

– გაჭირვებები ბავშვობაში საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ?

– მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში დავიბადე, სამი და მყავდა, მე ნაბოლარა ვარ. მამა ხის მოხელე იყო, დედა საბავშვო ბაღში მრეცხავად მუშაობდა. კომუნისტების დროს მამა დაიჭირეს. ერთი სამსახურიდან გამოსული, ჩუმად მეორეში მიდიოდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახისთვის რამე ეშოვა. დაიჭირეს ამ მიზეზით და გაზეთებშიც დაწერეს, ძალიან ცუდად მოქმედებს, ორი სამსახური აქვსო. როცა დაკითხვაზე წაიყვანეს, იქ უთქვამს, რა ვქნა, ჩემს შვილებს ოთხი „ბუხანკა“ პური, „ვრემიის“ შემდეგ სჭირდებათო. „ვრემია“ საკმაოდ გვიან იწყებოდა. რა ექნა, ბავშვებს ჭამა გვინდოდა. სოფელი იცინოდა, ასე უთქვამს დაკითხვაზეო, მერე გაზეთშიც დაიწერა ამის შესახებ. ჩემი მშობლები ბევრს წვალობდნენ, ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ შვილებისთვის და ამისთვის ტყავს იძრობდნენ. არასდროს გვქონია რამე სხვაზე მეტი. გვყავდა მეზობლები, თანამდებობებზე რომ მუშაობდნენ და სამსახურიდან ყველაფერი სახლში მოჰქონდათ. მამა ველოსიპედით დადიოდა, მეზობელი ჩინოვნიკები – მანქანებით. ჩვენ მდიდრულად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ყველაზე მეტი სიმდიდრე ჩვენ გვქონდა. დედას და მამას ერთხელაც არ უჩხუბიათ ჩვენი თანდასწრებით. გავიდოდნენ მეორე ოთახში და იქ საუბრობდნენ, ნაწყენები რომ იყვნენ, გაღიმებული სახით უწყრებოდნენ ერთმანეთს. ცდილობდნენ, ჩვენ არაფერი შეგვემჩნია.

– როგორ ფიქრობთ, თანადგომის მაგალითები ადამიანებს სიკეთისკენ უბიძგებს?

– ეს პოსტი რომ „ფეისბუკზე“ დავდე, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ტირილი ვერ შეიკავეს, გული გაუთბათ. შევეცადე, ამ პოსტით ადამიანური ღირებულებები და ადამიანურობის დეფიციტი გამომევლინა, რაც დღეს აშკარად იგრძნობა. მე იმიტომ კი არ გავხდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რომ საქართველოში ყველაზე განათლებული მასწავლებელი ვარ. ძალიან ბევრი მასწავლებელი მეჯიბრება, მე ლადოზე უფრო ჭკვიანი და განათლებული ვარო, ამტკიცებენ. ცდება ადამიანი, რომელიც განათლებაში მეჯიბრება. ჩემზე განათლებული მასწავლებლები ჩემს სკოლაში, ჩემ გვერდით მუშაობენ. ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ვარ და არა ინტელექტუალური თამაშის. მე ჩემს მოსწავლეებს მომავლისთვის ვამზადებ და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას ვაჩვევ. ჩემმა მოსწავლეებმა შეიძლება, გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ვერ დაიმახსოვრონ და წიგნში წაკითხული ჩემამდე სრულყოფილად ვერ მოიტანონ, მაგრამ ღირებულებები ისწავლონ, თანამშრომლობა შეეძლოთ, სოფელი და მეგობრები უყვარდეთ, პატივისცემა იცოდნენ, მოვალეობებს იაზრებდნენ. მე მივაგენი სხვადასხვა პროექტული სწავლებით, სხვადასხვა თამაშებით ბავშვების უფრო ადამიანურობისკენ ცვლილების გზას. ახლახან სათბური გავაკეთე სოფელ ნიგვზიანში. სახლში, რომელშიც მე დავიბადე და გავიზარდე, მეორე სართული დავშალე. პირველი სართული ქვა იყო, მეორე – ხე. ხე გავყიდეთ, რადგან შეკეთება აღარ შეიძლებოდა. ქვის სართულზე რკინის კონსტრუქცია დავამაგრეთ, გადავხურეთ და ორანჟერეა გამოგვივიდა. ვფიქრობდი, ვინ დამესაქმებინა იქ. სოციალური საწარმოს გაკეთების იდეა მქონდა. მინდოდა, ახალგაზრდები, რომლებიც დროს ქუჩაში ატარებდნენ, სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი შეუჩერეს, შემომეკრიბა და დამესაქმებინა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღმოვაჩინე ქუჩაში. დაელაპარაკებოდი და ძალიან ცუდი სიტყვებით მოგმართავდნენ. რომ მივედი და ვუთხარი, საწარმო მინდა გავაკეთო და მცენარეების მოშენება-გაყიდვა მაქვს გეგმაში-მეთქი და შევთავაზე, მოდი ერთმანეთს დავეხმაროთ-მეთქი, ცოტა დამცინეს, ამიგდეს. დაცინვა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ უნდა იბრძოლო. თუ გინდა, სხვა ადამიანის ცხოვრება შეცვალო, შეურაცხყოფა და არასასიამოვნო დამოკიდებულებებიც უნდა მოითმინო. ბიჭები, ვინც ქუჩაში ტყუილად იდგნენ, ადამიანებს აღიზიანებდნენ და კარგ საქმეს არ სჩადიოდნენ, ძალიან ცუდი საუბარი და დამოკიდებულებები ჰქონდათ, საკუთარ ფანტაზიებს ვერ ახორციელებდნენ, რაც მათზე ცუდად მოქმედებდა და საერთო ჯამში, ცუდი წრე იკვრებოდა, ახლა საქმითაა დაკავებული. დავრგეთ მცენარეები, დავაფესვიანეთ, ლოდინი მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, რაღაცებით ვახალისებდით. პირველი შემოსავალი გავყიდეთ და იცით რამდენი თანხა შემოვიდა? – 11 ათასი ლარი. ამ თანხიდან ერთი კაპიკი არ ამიღია. ვალი, რომელიც რემონტისთვის ავიღე, ახლაც მაქვს და პროცენტებს ვიხდი, შემოსული თანხისთვის კი არაფერი მომიკლია. მთელი შემოსული თანხა ბიჭებს წინ დავუდე: ეს ფული თქვენია, მოდი გადავითვალოთ, ვის რამდენი ერგება-მეთქი. ბავშვები, რომლებსაც ქუჩისგან ცოტა დაუნდობელი სახეები ჰქონდათ მიღებული, უცებ ისეთი ადამიანურები და გულიანები გახდნენ, მათ გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ, მათთან ურთიერთობა ძალიან დიდ სითბოს მგვრის. შეიძლება, ადამიანს ერთი ლუკმა გაუყო ან შენი მონდომებითა და მოთმინებით დაეხმარო. რომ არ მომეთმინა და შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით მეპასუხა, დღეს ხომ უფრო აგრესიულები იქნებოდნენ? დღეს ჩვენ მეგობრები ვართ და გაზაფხულს ველოდებით ახალი მოსავლისთვის.

მე რასაც ჩემი მასწავლებლები მასწავლიდნენ, ის რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო, ვფიქრობ, რომ მათ დავღუპავ. ჩვენს მომავალს სრულიად სხვა გამოწვევები აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი