როგორ გადაარჩინა ქაშუეთის ეკლესია დანგრევას ეკლესიის ეზოში მოსიარულე ბერიას ფეხშიშველმა დედამ - მართა ჯაყელმა
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 27.06, 2023 წელი

საქართველოს ავტოკეფალია და ჭადრაკის პრინციპით მოთამაშე ხელისუფლება და კათალიკოს-პატრიარქები
დღევანდელ ნომერში სერგო ვარდოსანიძე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ამბებს გიამბობთ, რაც საშუალებას მოგცემთ მთელი სიცხადით სწორედ იმ პერიოდების საქართველოში იგრძნოთ თავი, როცა ეკლესიებში ხელისუფლების ზეწოლით თუ მღვდელთა ურთიერთდაპირისპირებებით გამოწვეული შიდა პრობლემები გაჩნდა. როგორ ჩანდა გარედან ეს ყველაფერი? ზოგჯერ რა ანონიმური წერილები იწერებოდა მათგან და მათ სახელზე, რა ეკრძალებოდათ, ვინ ვის და რისთვის იცავდა კბილებით სინოდზე ან უთხრიდა სამარეს ზურგს უკან, ამ ყველაფერს, ამ ნომრიდან გაიგებთ.
„...ჩატარდა მეოთხე საეკლესიო კრება. ახალი პატრიარქი აირჩიეს. ახალმა კათალიკოს-პატრიარქმა, ქრისტეფორე ციცქიშვილმა, გამოაცხადა, რომ ის კურსი, რომელიც ამბროსის ჰქონდა აღებული, კონფრონტაცია ხელისუფლებასთან, მცდარი იყო. ჩვენი კურსია ლოიალობა და თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. როგორც კი მათ ეს გამოაცხადეს, მაშინვე შეიკრიბა პარიზის ქართული ემიგრაცია. პარიზში ჩვენ გვქონდა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელმაც გამოაცხადა, რომ გადის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან და გადადის კონსტანტინეპოლის ეკლესიის იურისდიქციაში. ქრისტეფორე ციცქიშვილი ავტოკეფალიისთვის ერთ-ერთი მებრძოლი, საკმაოდ განათლებული პიროვნებაა, მაგრამ ტრაგიკულია და რატომ არის ტრაგიკული, გეტყვით. ის რეფორმა, რაც მათ ჰქონდათ, ცხოვრებაში არ გაუტარებია. მერე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი გახდა, უკვე წაგვართვეს ეკლესია, დახვრიტეს სასულიერო პირები, ის რამდენიმე მამხილებელი წერილს უგზავნის ფილპე მახარაძეს, სადაც მკაცრად დაგმო ხელისუფლების ეს ქმედება. ფაქტობრივად, უცებ ლოიალობიდან ხელისუფლების შეურიგებელ ოპონენტად იქცა. ხელისუფლებამ ქრისტეფორეც სასტიკად შეავიწროვა და ისიც, ასევე, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუნებრივად, სიმსივნით (1932 წელი). კათალიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე ხელისუფლებას უგზავნის წერილებს – საშინელ დღეშია ეკლესიაო. ამავე დროს, ხელისუფლების ზეწოლით (1930 წელს), საპროტესტო წერილს უგზავნის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს და რომის პაპს, თავი დაგვანებეთ, ჩვენთან ყველაფერი კარგად არისო. სამწუხაროდ, ამბროსი ხელაიას შემდეგ ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს.
30-იანი წლები - კიდევ უფრო
მძიმე წლები საქართველოსთვის
„...მარტო ეკლესიის პრობლემა არ არის 30-იანი წლები და ამიტომ, ცოტა წინა პერიოდებიდანაც, 20-იანი წლებზეც ცოტა მეტს მოგახსენებთ. როდესაც ბოლშევიზმი დამკვიდრდა, მათთვის მოაზროვნე ადამიანები სრულიად მიუღებელნი აღმოჩნდნენ. მაგალითად, 1926 წელს უნივერსიტეტის რექტორობიდან ათავისუფლებენ ივანე ჯავახიშვილს. მანამდე, ერთმა უნამუსო წითელმა პროფესორმა, პერაშკოვმა (რომელმაც მერე ხაჭაპურიძედ გადაიკეთა გვარი) თარგმნა ასეთი წიგნი – „სამოქალაქო ომის ისტორია“. შენიშვნაში უწერია ასეთი რამ: ქართველ რეაქციონერ, შოვინისტ ისტორიკოსთა ხროვას ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. ივანე ჯავახიშვილი ევროპული ტიპის უნივერსიტეტის დამაარსებელი იყო და ეს უნივერსიტეტი, რასაკვირველია, ამ სახით არ უნდოდათ. უნდა მომხდარიყო მეცნიერების, მწერლების მოთვინიერება. ასევე მოქმედებდეს სხვა მიმართულებითაც. მაგალითად: სკოლებში საქართველოს ისტორია ჩაანაცვლა კლასთა ბრძოლის ისტორიამ. ამ კლასთა ბრძოლის ისტორიაში ასწავლიდნენ უოტ ტაილერს, ჯაკერიას, პუგაჩოვს. საქართველოდან მხოლოდ უტუ მიქავას აჯანყებაზე იყო. 1934 წელს სამოქალაქო ისტორია აღდგა, მაგრამ ის ჟდანოვის, კიროვისა და სტალინის თეზისების საფუძველზე უნდა დაწერილიყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ისტორიაც უნდა გადაქცეულიყო ხელისუფლების მსახურად. რაც შეეხება ეკლესიას. ეკლესიასაც, ბუნებრივია, ხელს არ აძლევდა მებრძოლი ეკლესია, რომელიც მორწმუნეთა და ეროვნულ ინტერესებს იცავდა. მათთვის უფრო მისაღები იყო მხოლოდ ისეთი ეკლესია, რომელიც თავიდან ბოლომდე კომპრომისზე წავიდოდა, აქაც და რუსეთშიც, თუმცა რუსეთში 1925 წლიდან, როდესაც ტიხონი გარდაიცვალა 1943 წლამდე პატრიარქი აღარ ჰყოლიათ. ჩვენთან პატრიარქები მაინც იყვნენ, თუმცა, ამ პატრიარქებს არეალი შეზღუდული ჰქონდათ. საქმე იქამდე მივიდა, კალისტრატე ცინცაძე თავის დღიურში ასეთ რამეს წერს: „დამიბარა კიროვის რაიონის ფინანგეტმა. მივედი 12 საათზე. არ შემხვდა. მდივნის პირით შემომითვალა: გადასახადს თუ არ გადაიხდი, სიონს დავხურავ“. ქაშუეთის ეკლესია... ხელისუფლებამ მისი დანგრევა განიზრახა. ეს ისტორიული ღირებულების არ არის. მე-20 საუკუნეშია აშენებული. ამის ასლია, აგერ, სამთავისიო. ჰიგიენის სახლის, ანუ აბანოს აშენება უნდოდათ. რა თხოვნები არ ყოფილა. არაფერმა გაჭრა. მანამდე სამხედრო ტაძარი დაანგრიეს. უწმიდესი კალისტრატესთვის ქაშუეთი განსაკუთრებული იყო, იქ დიდი ხნის განმავლობაში დეკანოზი იყო და ძალიან უყვარდა. გადაწყვიტა, რომ ბოლო წირვა ჩაატაროს ქაშუეთში, როგორც გამოსამშვიდობელი წირვა. ჩაატარა წირვა სასოწარკვეთილმა პატრიარქმა. გამოვიდა ეზოში და ხედავს. ლავრენტი ბერიას დედა, მართა ჯაყელი (მოწრმუნე ქალი იყო) ფეხშიშველი უვლის ტაძარს. ეჰ, ჩემო მართა, დაემშვიდობე შენს ქაშუეთს. ხვალიდან აღარ იქნებაო. როგორ, ეს რას ნიშნავსო, – იკითხა გაოცებულმა ქალმა. როგორც ჩანს, ბერიას დედას ბერიასგან აკრძალული ჰქონდა, რაიმე საკითხზე რომ მიემართა, მაგრამ ჰყავდა მეკავშირე, რომლის მეშვეობითაც ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებს შეატყობინებდა. 1939 წლის ბოლოა და ბერია უკვე მოსკოვშია. დამიწერე და მე გავუგზავნი ლავრენტისო. არის რეზოლუცია: „შეაჩერეთ! ლავრენტი ბერია“. ეს, მართა ჯაყელის დამსახურება იყო. კიდევ არის წერილები. მოქალაქე კანდიდ ჩარკვიანს, რომელიც აქ ბერიას მემკვიდრე იყო, 30-იანი წლებიდან – ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. გადასახადების გადაუხდელობის გამო სიონის ეკლესიასა და სვეტიცხოველს ხურავენ და ამ ყველაფერს დეტალურად აღწერს კალისტრატე ცინცაძე (გადასახდი კი ისეთი მძიმე იყო, რომ ვერავინ გადაიხდიდა). სვეტიცხოვლის დახურვა როგორ შეიძლება, იქ პატრიარქებს აკურთხებენ, აქეთ მირონის მომზადება ხდებაო... არაფერი პასუხი არ არის. ყველაფერი შეიცვალა 1941 წლის 22 ივნისს, როცა ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 23 ივნისს კათალიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გააკეთა საჯარო განცხადება: საქართველოს სამოციქულო ეკლესია მხარს უჭერს საბჭოთა მთავრობას გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პრესაში დაიბეჭდა. ეს რომ აქ დაიბეჭდა, სასწრაფოდ იქაც დაიბეჭდა, რუსეთში. პატრიარქის მოსაყდრე იყო სერგი და ასევე დაბეჭდა ყოველთა სომხეთა კათალიკოს-პატრიარქმა გეორქ მეექვსემ. მაშინ საბჭოთა კავშირმა შეცვალა ეკლესიისადმი დამოკიდებულება. არავის აღარ გახსენებია ბეგარა. სამაგიეროდ, ეკლესიამ დაიწყო მრევლში შემოწირულობის შეგროვება ფრონტისათვის. თბილისში მოდის დეპეშა: „კათალიკოს-პატრიარქ კალისტარტე ცინცაძეს. წითელი არმიის სახელით მადლობას მოგახსენებთ“. ი.ს. (კათალიკოს-პატრიარქს სტალინი სემინდარიიდან იცნობდა. სტალინი თავდაპირველად ხომ მღვდლობას აპირებდა. კირიონიც იცოდა, ლეონიდეც, ამბროსიც და ყველა). 1943 წელს რუსეთში პატრიარქი აირჩიეს. იმავე წელს რუსეთმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, იმიტომ რომ სტალინს სხვა გეგმა ჰქონდა. რუსეთში ახალ კონსტანტინეპოლს ჰქმნიდა. ამ შემთხვევაში, რაც მეტი მართლმადიდებლური ეკლესია იქნებოდა მის მხარეზე, უფრო მნიშვნელოვანი იყო. აღმოჩნდა, რომ რუსეთი საქართველოს ეკლესიას არ სცნობდა. ქვეყანა თავზე გვენგრევა და რა დროს ეგ არისო. კისრისტეხით ჩამოვიდა სტავროპოლის მთავარი ეპისკოპოსი ანტონი 1943 წლის 28 ოქტომბერს და 31 ოქტომბერს რუსეთის ეკლესიის სახელით გამოაცხადა, რომ ევქარისტური კავშირი აღდგა და რუსეთი აღიარებს საქართველოს ეკლესიის ტერიოტორიულ ავტოკეფალიას, მაგრამ სტალინმა საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოსთან იმთავითვე შექმნა რელიგიის საქმეთა კომიტეტი, რომელსაც უშიშროების გენერალი კარპოვი ჩაუდგა სათავეში. 1947 წელს ჩვენთან შეიქმნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რწმუნებულის აპარატი. მას სათავეში კალე ქადაგიშვილი ჩაუდგა. როგორც პეტრე პირველის დროს, მაგალითად, სინოდის წევრებს, მღვდელმთავრებს არ ჰქონდათ უფლება პირდაპირ მიემართათ იმპერატორისათვის, ეს მხოლოდ ობერპროკურორის მეშვეობით შეიძლებოდა, აქ უკვე, როდესაც რელიგიის საქმეთა კომიტეტი შეიქმნა, ეკლესიას არ ჰქონდა უფლება ამ კომიტეტის გვერდის ავლით საერო ხელისუფლებისათვის რაიმე საკითხზე მიემართა. აი, ეს მოდელი შეიმუშავეს“...
ავტორიტეტული პატრიარქი
კალისტრატე ცინცაძე
„...როდესაც მიტროპოლიტი კალისტარტე კათალიკოს-პატრიარქმა მუდმივ მოსაყდრედ გამოარჩია, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და უპირატეს მღვდელმთავრად, ყველაზე მეტად ამან გააღიზიანა ქუთათელი მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე. საშინელ წერილებს წერს, ლანძღავს მას და არის ერთ ამბავში. დავით კაჭახიძე იყო მოსაყდრე ქრისტეფორე ციცქიშვილისა, ახლა მასთან მოუვიდა დავა. გადაყენება მოინდომა. მერე ის ბათუმ-შემოქმედელად გადაიყვანეს. რთული კაცი იყო. მისი არქივის მასალები რომ ნახოთ, ასეთი რამ უწერია: გავა დრო, ვიღაც ტვინნაღრძობი გადაფურცლავს ჩემს ამ მასალებს და ალბათ, მე გამამტყუნებსო. მერე მეც დავწერე. სამწუხაროდ, ეს ტვინნაღრძობი მე აღმოვჩნდი და უნდა გაგამტყუნოთ-მეთქი. ქმედებებში ნამდვილად გასამტყუნებელი იყო. კალისტრატე ძალიან შევიწროებული იყო, ის მიტროპოლიტი იყო ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი და იმის მეტი არაფერი. ამ შევიწროებაში დავით კაჭახიძე დიდ როლს ასრულებდა, რაღაცებს აძახებდა. თავის დროზე იქ იყავი, მათთანო, ანუ ამბროსისთან... კაჭახიძესაც უნდა ჰქონოდა პატრიარქობის სურვილი, მით უმეტეს, როდესაც ქრისტეფორე გარდაიცვალა, მაგრამ მოხდა საოცრება. შეიკრიბა სინოდი. პირველი სიტყვა სწორედ დავით კაჭახიძემ ითხოვა. კალისტრატეს ეგონა, ალბათ, ისევ მის ლანძღვას დაიწყებდა, იმიტომ რომ ყოველ სინოდზე ლანძღავდა. „ახლა გაგიკვირდებათ, რასაც მე ვიტყვი. ჩვენ ახლა უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ახლა უნდა მივიღოთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. ავირჩიოთ ისეთი კაცი, რომელიც საბოლოო განადგურებისგან იხსნის ეკლესიას. კალისტრატეა ასეთი კაცი. მე მასთან სულ დავა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ უპირატესი იყო გონებით, ჭკუით, მოხერხებით, დიპლომატიითა და ყველაფრით. ამაზე უკეთესი არავინ არისო. ახლა, გამოცანაა ეს. რა მოხდა, რამ შეცვალა ეს კაცი. არსებობს ერთი ვერსია, რომ კალისტრატემ მიიღო სტალიისაგან ერთ-ერთ დღესასწაულზე მილოცვის ბარათი. ეს დავით კაჭახიძეს ნანახი ჰქონდა ან ვიღაცამ მისცა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ მან ხომ იცოდა, რომ ისინი სემინარიიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ეს მილოცვა მან შემთხვევით მესიჯად არ მიიღო. აი, ასეთ ვითარებაში პატრიარქი გახდა კალისტრატე. მის ჩანაწერებში ერთგან ასეთი რამ წერია: ახლა ტენდენციაა, გაკრეჭილი სასულიერო პირები რომ განიმოსენ, ეკლესიაში დააბრუნონ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ, უკან არ უნდა მივიღოთ ისინი. იქნებ როგორმე გადავრჩეთ რამდენიმე მოქმედი ეკლესიაო. 1 450 მოქმედი ეკლესია იყო და 1 600 სასულიერო პირი. 1 947 წელს, როდესაც რწმუნებულმა კალე ქადაგიშვილმა პირველად მოსთხოვა მას, – რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ მოქმედი ეკლესიები და სასულიერო პირებიო – 15 მოქმედი ეკლესია და 30 სასულიერო პირი აღმოჩნდა. ამ დროს (კალისტრატე რომ პატრიარქია) ორი მღვდელმთავარი გადაუსახლეს -–„ტროიკის“ დასკვნის საფუძველზე, ეპისკოპოსი ეფრემი, შვიდი წელი გადასახლებაში იყო და მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე ქუთათელი, რომელიც გადასახლებაში დაიღუპა. ასამდე სასულიერო პირია დახვრეტილი და კიდევ რამდენია, რომლებზედაც ჩვენ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. აი, ამ მდგომარეობაშია კალისტრატე, მიუხედავად იმისა, რომ ლოიალურია, დამოუკიდებელი მოქმედებები აღარ შეუძლია. ხელისუფლებას ის კოლექტიური მართვის სისტემაც არ აწყობს და მოსთხოვა სხვა. კათალიკოს-პატრიარქმა რეორგანიზაცია მოახდინა. საკათალიკოსო სინოდი შეცვალა კათალიკოსის თანასინოდით, რაც ერთპიროვნული მმართველობა ნიშნავდა.
კირიონ კათალიკოსის დროს მართვა-გამგეობის დებულებაში და იმ საკათალიკოსო საბჭოში შედიოდა ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... მღვდელმთავრებს გამოიწვევდნენ ექვსი თვის ვადით. ამას გარდა არსებობდა საკათალიკოსო სასამართლო, საეპარქიო სასამართლო და საეპარქიო საბჭო, რომელიც აკონტროლებდა ეპარქიის მღვდლმთავარს, მის ფინანსებს, მის ქმედებებს, ყველაფერს. პირველი შეზღუდვა მოხდა კირიონის გარდაცვალების შემდეგ, 1920 წელს, როცა ცვლილება შეიტანეს მართვა-გამგეობის დებულებაში. საეპარქიო საბჭოები და საეპარქიო სასამართლოები გაუქმდა. საკათალიკოსო სასამართლო საკათალიკოსო საბჭომ შეითავსა. პირველი ეს მოხდა. 1927 წელს კი კიდევ უფრო შეიზღუდა. 1927 წლის დებულებამ იარსება 1945 წლამდე. 1945 წლის მართვა-გამგეობის დებულებამ იმოქმედა 1995 წლამდე, ანუ ახლა, ჩვენი ეკლესია 1995 წლის დებულებითაა. ეს პროცესი იყო და ერთ დღეს არ მომხდარა.“
1937 წელი. ¹
ეკლესია და რეპრესიები
„...1937 წელს ეკლესიიდან გამოჰყავთ სასულიერო პირები და ხვრეტენ. დაახლოებით ამ დროისთვის ოცდაათი სასულიერო პირია დახვრეტილი. კალისტრატემ მღვდელმთავარი გადასახლებისგან ვერ დაიცვა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია ოდნავ დათბა, იქ საქმეები სხვანაირად წავიდა. არსებობს ასეთი წერილი, შინსახკომის თავჯმდომარის აქვსენტი რაფავასადმი: მშობელ ეკლესიას სჭირდება ეფრემ ეპისკოპოსი და გთხოვთ, დარჩენილი დრო აპატიოთ და გამოუშვათო. გამოუშვეს. ჩამოვიდა. კალისტრატემ სპეციალურად რკინიგზის სადგურზე დაახვედრა ეტლი, მიტროპოლიტობა მისცა და ქუთაისში გაუშვა. როგორ ფიქრობთ, ეფრემი, ეს ნატანჯი კაცი უკვე შეძლებდა რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ეკლესიისთვის. კი, 1962 წელს, როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში იყო, ეფრემი ლევილში წავიდა და პანაშვიდი გადაუხადა დემოკრატიული მთავრობის წევრებს და გარდაცვლილებს. ეს იყო შოკი აქ, ამათთვის. ეფრემისგან ამას არ ელოდნენ. მეორედ რომ მიიწვიეს იქ. აქაურმა რელიგიის რწმუნებულმა ბუჯიაშვილმა, მოსკოვში დეპეშა გაგზავნა: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაშვება. ამაზე მე ვერ ვაგებ პასუხსო. უგზავნიან წერილს ეფრემს – თქვენო უწმინდესეობავ, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მოსკოვმა უარი თქვა თქვენს გაშვებაზეო.“
ბელი მოქმედებები აღარ შეუძლია. ხელისუფლებას ის კოლექტიური მართვის სისტემაც არ აწყობს და მოსთხოვა სხვა. კათალიკოს-პატრიარქმა რეორგანიზაცია მოახდინა: საკათალიკოსო სინოდი შეცვალა კათალიკოსის თანასინოდით, რაც ერთპიროვნულ მმართველობას ნიშნავდა.
კირიონ კათალიკოსის დროს მართვა-გამგეობის დებულებაში და იმ საკათალიკოსო საბჭოში შედიოდა ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... მღვდელმთავრებს გამოიწვევდნენ ექვსი თვის ვადით. ამას გარდა არსებობდა საკათალიკოსო სასამართლო, საეპარქიო სასამართლო და საეპარქიო საბჭო, რომელიც აკონტროლებდა ეპარქიის მღვდლმთავარს, მის ფინანსებს, მის ქმედებებს, ყველაფერს. პირველი შეზღუდვა მოხდა კირიონის გარდაცვალების შემდეგ, 1920 წელს, როცა ცვლილება შეიტანეს მართვა-გამგეობის დებულებაში. საეპარქიო საბჭოები და საეპარქიო სასამართლოები გაუქმდა. საკათალიკოსო სასამართლო საკათალიკოსო საბჭომ შეითავსა. პირველი ეს მოხდა. 1927 წელს კი კიდევ უფრო შეიზღუდა. 1927 წლის დებულებამ იარსება 1945 წლამდე. 1945 წლის მართვა-გამგეობის დებულებამ იმოქმედა 1995 წლამდე, ანუ ახლა, ჩვენი ეკლესია 1995 წლის დებულებითაა. ეს პროცესი იყო და ერთ დღეს არ მომხდარა.“
1937 წელი. ¹
ეკლესია და რეპრესიები
„...1937 წელს ეკლესიიდან გამოჰყავთ სასულიერო პირები და ხვრეტენ. დაახლოებით ამ დროისთვის ოცდაათი სასულიერო პირია დახვრეტილი. კალისტრატემ მღვდელმთავარი გადასახლებისგან ვერ დაიცვა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია ოდნავ დათბა, იქ საქმეები სხვანაირად წავიდა. არსებობს ასეთი წერილი, შინსახკომის თავმჯდომარის აქვსენტი რაფავასადმი: მშობელ ეკლესიას სჭირდება ეფრემ ეპისკოპოსი და გთხოვთ, დარჩენილი დრო აპატიოთ და გამოუშვათო. გამოუშვეს. ჩამოვიდა. კალისტრატემ სპეციალურად რკინიგზის სადგურზე დაახვედრა ეტლი, მიტროპოლიტობა მისცა და ქუთაისში გაუშვა. როგორ ფიქრობთ, ეფრემი, ეს ნატანჯი კაცი უკვე შეძლებდა რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ეკლესიისთვის. კი, 1962 წელს, როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში იყო, ეფრემი ლევილში წავიდა და პანაშვიდი გადაუხადა დემოკრატიული მთავრობის წევრებს და გარდაცვლილებს. ეს იყო შოკი აქ, ამათთვის. ეფრემისგან ამას არ ელოდნენ. მეორედ რომ მიიწვიეს იქ. აქაურმა რელიგიის რწმუნებულმა ბუჯიაშვილმა, მოსკოვში დეპეშა გაგზავნა: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაშვება. ამაზე მე ვერ ვაგებ პასუხსო. უგზავნიან წერილს ეფრემს – თქვენო უწმინდესობავ, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მოსკოვმა უარი თქვა თქვენს გაშვებაზეო.“
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ეკატერინე პატარაია
იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან