როგორ გადაარჩინა გიორგი ჯიბღაშვილი უკრაინელმა ჯარისკაცმა რუსის ტყვიას და რატომ დაინდო ის სნაიპერმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 22.03, 2022 წელი
„ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია, რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და წამის მეასედში მკრა ხელი, „აკოფში“ დამაწვინა და გადამარჩინა. შემდეგ კი ხუთი წუთის განმავლობაში, როდესაც მთელი არმია გვესროდა, ზურგს უკან მომყვებოდა და გამომიყვანა სამშვიდობოს, რის მერეც რამდენიმე წუთში დაიბომბა ის ტერიტორია, სადაც შეგვამჩნიეს. მიყვარხართ დედამიწაზე ყველა ერზე მეტად. თქვენ ხართ გული და სული, რომელიც ჩემშია“, - წერს ოპერატორი გიორგი ჯიბღაშვილი და უკრაინელ ჯარისკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
გიორგი ჯიბღაშვილი: 2021 წლის აპრილში „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წასვლა იგეგმებოდა უკრაინაში საოკუპაციო ზოლზე არსებული მდგომარეობის გასაშუქებლად. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ მიდიოდა მასობრივი დაბომბვა, რომელიც არ შუქდებოდა. გვინდოდა, რეალობა გვეჩვენებინა და ყველას გაეგო, რომ იმ ტერიტორიაზე ამდენი წლის შემდეგაც დაძაბულობაა. ამისთვის ვემზადებოდით, როცა შევიტყვეთ, რომ ქართველი ჯარისკაცი – დავით შარტავა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, მარიუპოლის რეგიონში დაიღუპა. მე და ჩემი ჟურნალისტი გავფრინდით, საოკუპაციო ზოლი გადავიღეთ და მართლაც, ვნახეთ, რომ ყველგან ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. დაბომბვა მიმდინარეობდა. ბოლოსკენ მოვიტოვეთ მარიუპოლი, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა. იქ შესვლა და მუშაობა ტელევიზიებისთვის ძალიან რთული იყო, რადგან არსებული მდგომარეობის გამო ჩაკეტილი იყო. მარიუპოლში ზუსტად იმ ტერიტორიაზე ჩავედით, სადაც დავით შარტავა დაიღუპა. სანგრის გათხრისას მას ჭურვი ჩაუგდეს ოკუპანტებმა, რომლის ნამსხვრევსაც ემსხვერპლა. მინდოდა, ზუსტად ის ადგილი გადამეღო, სადაც ეს მოხდა, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამიხსნეს, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო. რომ იქ შესვლის შემთხვევაში, 50/50-ზე იყო უკან ცოცხლად დაბრუნების შანსი. თუმცა, ამხელა გზაზე ვიყავი ჩასული, იქ ქართველი ადამიანი დაიღუპა და მინდოდა, მისი ოჯახისთვისაც და სხვებისთვის მეჩვენებინა, რა სიტუაციასა და გარემოში დაიღუპა ეს ადამიანი. მეუბნებოდნენ, რომ ეს ლოკაცია ძალიან ახლოს იყო რუსებთან. ვიდეოც გადამიღეს, სადაც მეუბნებიან, რომ თუ მე იქ შევიდოდი, უკრაინა არ იყო პასუხისმგებელი ჩემს სიცოცხლეზე. მაგრამ რადგან ემოციურად ძალიან ვიყავი დატვირთული, გადავწყვიტე, გამერისკა. მარტო შემიყვანეს იმ ტერიტორიაზე, ჟურნალისტი კი, ექიმთან ერთად, ხუთას მეტრში დატოვეს, რომ დაჭრის შემთხვევაში დაზღვეული ვყოფილიყავით. უკან ერთი ჯარისკაცი გამომყვა. გავიარეთ გარკვეული მანძილი და ეს ჯარისკაცი მეუბნება, ზუსტად ამ ადგილას დაიღუპა დავითიო. დავიწყე სთენდაფის ჩაწერა, სადაც ვყვებოდი, რომ დავით შარტავა ამ ადგილას დაიღუპა, რომ ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა და ასე შემდეგ. მოვრჩი თუ არა ჩაწერას, მესმის ყვირილი, დაწექი და უკრაინელი ჯარისკაცი ხელს მკრავს. იწყება საშინელი სროლა და თავზე გასროლილი ტყვიისგან დაფლეთილი მიწა გვეყრება. გრძელი სანგარი გვქონდა გასავლელი, როგორც გითხარით, ჟურნალისტსა და ექიმს ხუთასმეტრიანი დისტანცია მაშორებდა და იქიდან ყველა ერთად უნდა გავსულიყავით სამშვიდობოს. მაგრამ სანამ იქამდე მივაღწევდით, გვესროდნენ ყველაფრიდან. საბედნიეროდ, წამის მეასედში მოასწრო უკრაინელმა ჯარისკაცმა ყველაფრის დანახვა. მე რომ სთენდაფს ვწერდი, მან დაინახა, რომ რუსმა დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ამოყო თავი და იარაღი დამიმიზნა. ზუსტად ამ დროს მკრა ხელი და მისი ყვირილი რომ გავიგე, უკვე ძირს ვიწექი. ერთად გამოვიარეთ ის სახიფათო გზა. უკან მომყვებოდა და მკარნახობდა, სად უნდა გავჩერებულიყავით, როდის უნდა გაგვეგრძელებინა გზა, რადგან იმ დროს უკვე უკრაინელები გვაზღვევდნენ, როდის გავქცეულიყავით და მოკლედ, ამხელა დისტანციაზე წვალებით გამომიყვანა.
– როდის გაიაზრეთ, რას გადაურჩით?
– მაშინვე გავიაზრე, რადგან მსგავს სიტუაციაში პირველად არ ვყოფილვარ. მანამდე, ყირიმის არეულობის დროსაც იქ ვიყავი, კიევის არეულობის დროსაც, 2014 წელს. შესაბამისად, მსგავს სიტუაციას ასე თუ ისე, მიჩვეული ვიყავი.
– 2014-ში რა გამოიარეთ?
– მაშინაც დიდი არეულობა იყო. არავინ იცოდა, ვინ სად გარბოდა. კიევში ვმუშაობდით, მაიდნიდან სამოქალაქო დაპირისპირებას ვაშუქებდით. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. გარდა ამისა, შესაბამისი კურსებიც გავლილი მაქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აპრილში მარიუპოლში ნაკლებად გამიჭირდა.
აი, 2014-ში ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობდი და ჩემი პირველი ყველაზე ემოციური კადრი, რომელიც დიდხანს ტრიალებდა „იმედის“ პრომოში, ნამდვილად ძალიან მძიმე იყო ყველანაირად და მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ის ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო. ფართო კადრით ვიღებდი ხალხისა და პოლიციელების შეტაკებას, მოლოტოვის კოქტეილების სროლას და ასე შემდეგ. საშინელებები ხდებოდა. მე ხალხის მხარეს ვიდექი და უცებ, გაშლილ კადრში, სადაც ყველაფერი ჩანს, ჩემგან ხუთ მეტრში ადამიანს მოხვდა მოლოტოვის კოქტეილი. ამ ადამიანს სასწრაფომდე გავყევით და სამწუხაროდ, სასწრაფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ეს იყო ჩემთვის პირველი მიცვალებული, რომელიც უკრაინაში გადავიღე და ძალიან მძიმე იყო.
– ახლა არ გქონიათ უკრაინაში წასვლის შესაძლებლობა?
– ეს ყველაფერი რომ დაიწყო, კოვიდი მქონდა და წასვლა ვერ მოვახერხე. თუმცა, უკვე ჩაწერილი ვარ მოხალისედ და ველოდები, როდის მომეცემა იქ წასვლის შესაძლებლობა.
– უკრაინაში ცხოვრობდით, ალბათ, იქ ბევრი ახლობელი გყავთ...
– ფეხბურთელი ვიყავი, კიევის „არსენალში“ ვთამაშობდი. მერე პროფესია შევიცვალე. იქ გატარებული წლებიდან გამომდინარე, ბევრი მეგობარი შევიძინე. ახლა ერთ ჩემს ბავშვობის მეგობარს იარაღი უჭირავს და იბრძვის, როგორც მოხალისე, მეორე ბავშვობის ძმაკაცი აივანზე იარაღით ხელში დგას, ცხოვრებაში იარაღი არ სჭერია ხელში, მაგრამ ახლა ცოლი და ბავშვები უნდა დაიცვას, რომ სახლში ვინმე არ შეუვარდეთ. მყავს მეგობრები, რომლებიც სამხედროები არიან და იბრძვიან, თუმცა ყოველი საუბრის შემდეგ, აქეთ მამხნევებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– სიკვდილისთვის სხვა დროსაც ჩაგიხედავთ თვალებში?
– სანამ მარიუპოლში მოვხვდებოდით, მე და ჩემი ჟურნალისტი ლუგანსკის რეგიონში ვიყავით, სადაც დაბომბვა დაიწყო და რამდენიმე წამით შევასწარით თავშესაფარში. კიევის შიდა არეულობების დროს კი, როცა მთავრობა საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა, სნაიპერები მუშაობდნენ და მათთვის სულერთი იყო, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო თუ ჟურნალისტი, ყველას ესროდნენ. მაშინ ისეთი შემთხვევა მქონდა, როგორიც ალბათ, ბევრ ოპერატორს გამოუცდია. კადრს ვიღებდი, ფოკუსი გავასწორე და დავინახე, რომ სნაიპერი მიყურებდა და მიცინოდა. მიზანში ვყავდი ამოღებული, რა უნდა მექნა – უბრალოდ, ხელი ავწიე. არ მესროლა და გამატარა. ასე გადავრჩი. ერთხელ, მე და მიშა ფეიქრიშვილი ვმუშაობდით კიევში. სთენდაფის ჩაწერას მოვრჩით და ორ ნაბიჯში მოლოტოვის კოქტეილი აფეთქდა. ასეთი შემთხვევა უამრავია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, არ უნდა დაიბნე, ემოციები არ უნდა შეგეტყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან