საზოგადოება

როგორ გადააფიქრებინეს 72 წლის პიპინიას 18 წლის გოგოს ცოლად შერთვა

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:00 04.10

გურამ ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

გურამ (ლორთქი) ლორთქიფანიძის შემოქმედებითი ცხოვრების ეს ეპიზოდები რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას უნიკალურ ფილმს, „არაჩვეულებრივ გამოფენას“ უკავშირდება, რომელშიც ასევე, გაერთიანებულია ამ ფილმის მთავარი გმირის, პიპინიას როლის შემსრულებლის, ვასილ ჩხაიძის მოკლე ცხოვრებისეული მომენტები. ფილმიც, ისევე, როგორც სხვა კარგი ფილმები თუ სპექტაკლები, დარჩა ქართული ხელოვნების ისტორიას, ქვეყანას, როგორც კულტურული მემკვიდრეობა.

შემთხვევით ნაპოვნი აგული ერისთავის როლი

„მოსკოვში, ორწლიან კინოსარეჟისორო კურსებზე ვსწავლობდი. თბილისში პრაქტიკებზე მომავლინეს, სწორედ მაშინ იღებდნენ „არაჩვეულებრივ გამოფენას“. რეზო გაბრიაძე, ჩემთან ერთად, სასცენო განყოფილებაზე სწავლობდა. ვიცოდი რომ ამ ფილმზე მუშაობდა, მაგრამ იქ, მოსკოვში, რატომღაც სცენარი დაუწუნეს – როგორ შეიძლება, საბჭოთა მოქანდაკე, დიპლომიანი მხატვარი სასაფლაოებზე დადიოდეს და ასე დაჩაგრული იყოსო. რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარი იყო და თავიდან სცენარს „სიყვარული, ხანჯალი და ღალატი“ ერქვა. სხვათა შორის, მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი კაპლერი იყო, რომელსაც შემდგომ ცოლად სტალინის ქალიშვილი – სვეტლანა ალილუევა ჰყავდა. სწორედ მან დაუწუნა სცენარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ქართველებს დასანახავად ვერ იტანდა, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს. რომ ჩამოვედით, მაშინვე შევუდექით მზადებას ფილმის გადასაღებად. დავიწყეთ მთავარი, პიპინიას როლის შემსრულებლის ძებნა. სცენარის მიხედვით, ის, ყველაზე საინტერესო ტიპაჟი იყო. ამ როლისთვის ძალიან ბევრი გაისინჯა – გიორგი საღარაძე, გურამ საღარაძის მამა, ვასილ კახნიაშვილი და სხვები. გადასაღები ადგილის შესარჩევად ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში ჩავედით. ფოთის თეატრში იყო ერთი მსახიობი, გვარად დობორჯგინიძე. ძაღლების სცენა რომ არის, იქ თამაშობს პატარა ეპიზოდს. გვითხრა, ჩვენთან თეატრში ერთი მოყვარული მსახიობი იყო, უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ახლა, სოფელ აცანაში ასწავლის ფრანგულს, გერმანულსა და მათემატიკას. ნახეთ ეს კაცი, ძალიან საინტერესო პიროვნება არისო. წავედით აცანაში მე, ელდარი და ჩვენი ოპერატორი, გია გერსამია. პირველი მე შევედი ეზოში. ორსართულიანი აგურის დაუმთავრებელი სახლი ჰქონდა. უცებ რაღაც სილუეტი გამოჩნდა. ოთახში იატაკი არ იყო, ეს კაცი გადებულ ფიცარზე იდგა და შარვალს აუთოვებდა. პირში ჩაიგუბებს წყალს, დაასხამს, ჩაიგუბებს, დაასხამს, გაუსვამს უთოს და ასე... რაღაც გაბურძგნული, უცნაურად გამოიყურებოდა. ელდარს გადავულაპარაკე ჩუმად – ა, მოვლენა კაცი-მეთქი. დავჯექით, ვისაუბრეთ. დაიწყო, სად მაქვს მაგის ბედი და საშუალებაო... მოკლედ, ჩვენი აზრი ძალიან მოეწონა. დავუტოვეთ სცენარი და დავიბარეთ სინჯებზე. იმ დროს ძველ კინოსტუდიაში ვიყავით. ჩამოვიდა სინჯებზე. პირველ, ორ სინჯზე ძალიან ღელავდა, თითქოს არ მოგვეწონასავით, მაგრამ ელდარი თავს იკლავდა, არ უნდოდა მისი ხელიდან გაშვება. ერთხელ, გამოვდივართ კინოსტუდიიდან მე და ვასილიჩი – ვასილ ჩხაიძე. რაღაცას ვუხსნი. იქვე დგანან ლანა ღოღობერიძე, ელდარი, ლეილა გორდელაძე და გვიყურებენ. ელდარი მომიახლოვდა და მეუბნება: ახლა როგორც საუბრობდი, პავილიონში შევიდეთ და იქ გადავიღოთ ეს, პარტნიორობა გაუწიეო. უცებ გადამაცვეს რაღაც პერანგი, კოსტიუმები ჯერ არ იყო შეკერილი. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და დავიშალეთ. მაშინ სინჯებს, როგორც წესი, სამხატვრო საბჭოც ესწრებოდა ხოლმე, რომ ნახეს რამდენიმე ეპიზოდური სცენა, თქვეს, ვიღას ეძებთ, ეს აგულია, ეს კი – პიპინიაო. ჩემს როლზეც ხომ რამდენიმე მსახიობი გასინჯეს. ასე აღმოვჩნდი რეჟისორის თანაშემწე აგული ერისთავის მთავარ როლზე.

აგულის თავი მარჩელო მასტროიანი ეგონა

იმ დროს, როცა ქართველი რეჟისორები ფილმებს იღებდნენ, ყველაფერი ნორმატივებში ჯდებოდა. მსახიობებს კატეგორიების მიხედვით უხდიდნენ ჰონორარს. მე ფილმში დღეში 25 მანეთს მაძლევდნენ. ყველაზე მეტად სასაფლაოს სცენა მომწონს. იცით, რატომ? ჩემი თავი იმ მომენტში მარჩელო მასტრიოანი მეგონა. ძალიან მიყვარს ეს მსახიობი. რატომღაც, ასე წარმომედგინა, რაღაც ფეიერვერკი უნდა ყოფილიყო. როგორია, აგული ერისთავი დგას, მონოლოგს კითხულობს, თან, თავის თავს დასცინის, საინტერესო მომენტია. არა უშავს რა სცენა გამოვიდა. მთლად არ ჩამიგდია.

ვასილიჩი მორიდებამ დაღუპა

ვასილიჩი მამაჩემს გავაცანი. პატარა სუფრა გაიშალა. მამაჩემმა არაყი გამოუტანა – არაყი მორჩევნიაო, თვითონ თქვა. მე და მამა კი ღვინოს ვსვამდით. დალია ერთი ჭიქა. ვხედავ, ძლივს გადაყლაპა. უცებ რაღაც მიაყოლა დალია მეორე, გალურჯდა კაცი. ვააა, ვიფიქრე, რა ხდება. უცებ, მამაჩემმა დაიყვირა – ვაიმე, სპირტი გაიომიტანიაო. შეწუხდა ძალიან კაცი. ზოგმა რომ იცის პირდაპირ თქმა, სასმელს დაგიწუნებს, სუფრას... ვასილიჩმა პირიქით – ხმა არ ამოიღო. ადგება, გაივლის, დაჯდება, ისევ – ადგება, გაივლის, გამოივლის, დაჯდება... მერე დამეგობრდნენ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენც, სულ მამა-შვილივით ვიყავით.

ვასილ ჩხაიძე პოპულარული ამ ფილმით გახდა. შემდეგ იყო „შერეკილები“, „ლაზარე“, „პირველი მერცხალი“ და ასე შემდეგ.

ქორწილია, ქორწილი!

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ ეკრანებზე 1970 წელს გამოვიდა. მოსკოვში პირველი ეკრანი არ მისცეს. მხოლოდ მეორე ეკრანზე გაუშვეს. თქვეს: როგორ შეიძლება, ქართველ მოქანდაკეს რუსი ცოლი ჰყავდეს, ვერ იპოვოს თავისი სახლის გზა და ასე იბორიალოს სასაფლაოებზეო. არადა, რეჟისორმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო. ბოლოს მოსკოვშიც აღიარეს. ჩემი მეტყველება აგულის როლის გასახმოვანებლად მიუღებელი აღმოჩნდა და სხვა მსახიობები დასჭირდათ. თუმცა, გახმოვანებისას აგულის გმირი სულ სხვანაირი გამოჩნდა. ელდარმა თქვა, თუ ძმა ხარ თავი დამანებე, ისევ შენ უნდა იბლუყუნო მასეო. ასე თუ ისე, ქართულადაც და რუსულადაც მე მომიწია გახმოვანება. პიპინიას როლი კი ეროსიმ გაახმოვანა. ვასილ ჩხაიძე ამ ფილმის გადაღების დროს 72 წლის იყო. ბათუმში მასობრივი სცენების გადაღების დროს, ულამაზესი ბერძენი 18 წლის გოგონა მოეწონა. გამოგვიცხადა, ცოლად უნდა შევირთოო. ვუთხარი: ვასილიჩ, სირცხვილია, ჩუმად იყავი, კაცო. შვილიშვილად კი არა, შვილთაშვილად გეკუთვნის-მეთქი. რა მოხდა, ერთი წელიწადი მაინც ხომ ვიქნებით ერთადო. აი, ასეთი უცნაური კაცი იყო. ამ დროს ვასილიჩი როგორი უწესიერესი და განათლებული კაცი იყო... რა ექნა, ის გოგო მოეწონა და დაუწყო არშიყი. შამპანურზე დაპატიჟა. სხვათა შორის, ის გოგოც აჰყვა. ჩვენ გავიძახოდით: აბა, ქორწილია, ქორწილი!.. რა გვეთქვა, აბა?! ძლივს გადავაფიქრებინეთ. თორემ, მართლა არ ვიცი, რა იქნებოდა.

გადაღების ჩასაშლელად

ქვების სცენა რომ არის, ხომ გახსოვთ. მე და დოდო ვზივართ შიშვლები. თავზე დაგვადგნენ ქუთაისელები – ჟორჟიკა იაშვილი, ცნობილი კალათბურთელი ოთარ სულაბერიძე, მერაბ კიკნაძე, სოსო ხარაბაძე, ელიზბარ ლომინაძე. ქუთაისური დიალექტით ზემოდან გადმოგვძახეს: მორჩით ახლა გლახაობას და საქმეს ვეწიოთო. ელდარმა უთხრა: კაცო, გვაცალეთ გადაღება. მოვრჩებით და ამოვალთო. იმწუთას მზე იყო და უნდა გადაგვეღო. მოვიდნენ მეორდ, მესამედ და შემდეგ წავიდნენ. ჩვენ გადაღება გავაგრძელეთ. ვატყობთ, წყალმა ყელამდე მოიმატა. ისე შეგვეშინდა, ყველანი ამოვედითდა აქეთ-იქით გავრბოდით. თურმე წასვლამდე იმათ გაუშვიათ წყალსაცავიდან წყალი, რომ ამოვსულიყავით. რა უნდა გვექნა, წავედით გელათში და „შევუბერეთ“.

არღაც მოვწევ, აღარც დავლევ...

ბათუმში ერთი თვე გადაუღებლად წვიმდა. ამიტომ გადაღება შეჩერებული გვქონდა. ვზივართ სასტუმროს დერეფანში, კონიაკს მივირთმევთ და რაღაცას ვაყოლებთ. შემოვიდა ვასილიჩი და გვეუბნება: მეტი აღარ შემიძლია, მორჩა, აღარც პაპიროსს მოვწევ, აღარც დავლევ, ძალიან გთხოვთ, აღარ დამაძალოთო. კარგი ვასილიჩ, მაშინ ისე მაინც ჩამოჯექი და ჩაი დალიე-მეთქი. დავუსხი 50 გრამი. გადაყლაპა. მერე მეუბნება: 50 გრამი რა არის, კიდევ დამისხიო. ახლა – პაპიროსი მომაწევინეთო... მერე მოგვიტრიალდა და ისევ დაგვიწყო ლანღვა. ხომ გითხარით, თქვე მამაძაღლებო, არ დამაძალოთო.

გადასაღები მოედნიდან სასამართლო დარბაზამდე

ჯულიეტა ვაშაყმაძე, რომელიც ამ ფილმში თინიკოს როლს თამაშობს, ყოველთვის თავს განსაკუთრებულად უვლიდა. საერთოდ, მას ყველაზე კარგი მახსოვრობაც ჰქონდა. მარტო თავისი კი არა, ყველას ტექსტი, სიტყვა-სიტყვით, ზეპირად იცოდა. ძალიან უყვარდა საღამოობით მარტო გავლა. ხუთჯერ მაინც უნდა გავიარ-გამოვიარო, ისე ვერ დავიძინებ, ძილის წინ ეს აუცილებელიაო. ერთ საღამოსაც მარტო გავიდა გასასეირნებლად ბულვარზე და ვიღაცა ორი ლაწირაკი აეკიდა. დაუწყეს ძალიან ცუდად არშიყი, შეურაცხყოფა მიაყენეს. ეგონათ, რადგან მსახიობია, ისეთიაო. ერთ-ერთი მათგანი თანამდებობის პირის შვილი აღმოჩნდა. ატყდა ერთი ამბავი. ჩაერია მილიცია, ბოლოს და ბოლოს საქმე სასამართლომდე მივიდა. ჯულიეტამ არავითარ შემთხვევაში არ დაუთმო. ვინ არ მიუგზავნეს, აპატიეო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გადაღება რომ დამთავრდებოდა, სასამართლოზე მიდიოდა. ჯულიეტამ თქვა, მინდოდა; ჩემი სიტყვა მეთქვა სასამართლოზე და შემერცხვინაო. ასეც მოხდა. სასამართლოზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ ბიჭებს, უკანასკნელ დონეზე გაულანძღა მშობლები. მერე მოსამართლეს უთხრა, გაუშვით ახლა, ამათ დაჭერა სულაც არ მინდოდაო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა