საზოგადოება

როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.11, 2022 წელი

მერაბ ფირანიშვილი
დაკოპირებულია

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მერაბ ფირანიშვილი: როგორც ყველა ბავშვს, ხატვა მეც მიყვარდა. თუმცა, არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ეს პროფესიად გამეხდა, უფრო გასართობი მეგონა. მაშინ ისიც არ ვიცოდი, თუ ამ პროფესიას უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდნენ. სკოლა ვლადიკავკაზში დავამათავრე, აბა, იქ ვინ მეტყოდა ამას?! სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩავედი და საბურთალოზე, მხატვრების უბანში მოვხვდი. უდიდესი მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი ცხოვრობდა ამ უბანში. გავიცანი ეს გენიალური ადამიანი და ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე. მან ბუნებრივი ნიჭი დაინახა ჩემს ნახატებში. ლეონარდო და ვინჩის ილუსტრაციებიანი წიგნი მომცა და ერთ-ერთის ასლის გაკეთება დამავალა. მე ეს საქმე ძალიან კარგად გამომდიოდა და ზუსტი ასლი გავაკეთე. არ ელოდა, ძალიან მოეწონა. მითხრა, შენ ქანდაკების მიმართულებაზე უნდა ჩააბაროო. ნახატით მიხვდა ჩემს ნიჭს. მოქანდაკეები სხვანაირად ხატავენ, ფორმები ისე ამოჰყავთ, როგორც ქვაში და იმ ნახატში მეც ეს გავაკეთე. მერაბის გარდა ვერავინ დამაყენებდა ასე სწორ გზაზე. წინასწარმეტყველივით იყო. ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა, ყველაფერს ერთი შეხედვით ხვდებოდა. მისი შემხედვარე კიდევ უფრო დავინტერესდი ქანდაკებით. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მაგრამ ძირითადად, მაინც მერაბის მიმართულებით მივდიოდი. აკადემიაში ცოტა სხვანაირად მასწავლიდნენ, მაგრამ მე მერაბის სტილი უფრო მომწონდა. აკადემიაში ამას ამჩნევდნენ და რატომღაც შემიძულეს. ბოლოს იმდენი მოახერხეს, რომ გამრიცხეს. თუმცა, მერე შემთხვევით აღმადგინეს და დიპლომი მომცეს. მაშინ ყველაფერს მოსკოვი აკონტროლებდა. მათ შორის სადიპლომო ნამუშევრებსაც ისინი ამოწმებდნენ, რომ ანტისაბჭოური არაფერი გაპარულიყო. გარიცხვის მიუხედავად, ბოლოს მეც გამოვფინე ჩემი სადიპლომო ნამუშევარი და ისე მოხდა, რომ რუსეთიდან მოვლინებულ შემმოწმებელს ყველაზე მეტად ჩემი ქანდაკება მოეწონა. უთქვამს, ეს ყველას სჯობსო. ის კი არ იცოდა, რომ მე გარიცხული ვიყავი. მერე უცებ გამომიძახეს აკადემიიდან (იცინის). ამის შემდეგ სოფელში დავბრუნდი და სკოლაში ხატვას და ხაზვას ვასწავლიდი, თუმცა, არ მომწონდა სკოლაში მუშაობა. საქმე ისაა, რომ მთელი ყურადღება ბავშვებზე გადაგაქვს და საკუთარ თავს კარგავ. ამიტომ იქიდან წამოვედი და ბუნების დაცვაში დავიწყე მუშაობა. მიყვარდა ბუნება და მომწონდა ეს საქმე. შემთხვევით, თბილისში ერთი მევენახე კაცი გავიცანი, რომელმაც ტყეში გაველურებული ვაზის ჯიში იპოვა. მითხრა, წაიღე ეს ნერგები, იქნებ გაიხაროს ყაზბეგშიო. არადა, ყაზბეგში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. აქ ვაზი არ ხარობს. წამოვიღე და მართლაც, გაიხარა. ახლა იმხელა და ისეთი ჯიშიანია, გაოცდებით.

– გამოდის, პირველი ადამიანი ხართ, ვინც ყაზბეგში ვაზი გაახარა.

– ამის გამო ოქროს მედლით დამაჯილდოვეს. თან, საოცარი სამკურნალო თვისებები ჰქონია. რამდენიმე კაცმა წაიღო და ზოგმა გაახარა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს აინტერესებს. ბევრგან ვერც ხარობს. ჩემთან საუკეთესოდ ხარობს. თანდათან დამსხვილდა. მტევნები გადიდდა, დატკბა, ყინვას უძლებს და ყინვების მერე მწიფდება, საოცარია. ღვინოც საოცარი გამოდის. ღვთაებრივი რამეა.

– ხელოვნებას დავუბრუნდეთ. ღია ცის ქვეშ მუზეუმი გაქვთ მოწყობილი. ქართველებისთვის თუ უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილი შექმენით, ძალიან შთამბეჭდავი, უზარმაზარი ქანდაკებებით. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– აკადემიაში გასწავლიან ანატომიას, როგორც ანბანს, მაგრამ ორიგინალობას – არა. რომ დაამთავრებ სწავლას, სიახლეს მერე თვითონ უნდა მიაგნო. თუ მხოლოდ შაბლონებს მისდევ, ეს არ არის ხელოვნება. შენ რომ წერა-კითხვა იცი, მაგრამ ლექსს ვერ წერ, პოეტი ხომ არ ხარ? იგივეა აქაც. ქანდაკების გაკეთება ანატომიურად იცი, ყველანაირი სიზუსტით აკეთებ, მაგრამ, თუ სიახლეს ვერ მიაგნებ, ხელოვანი არ ხარ. ბევრი ფიქრი დამჭირდა. არ მინდოდა, რომელიმე მასწავლებელს დავმსგავსებოდი, არც მერაბ ბერძენიშვილს. დრო გავიდა და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი იმაზე, რომ მე ღია ცის ქვეშ უნდა მემუშავა ქვაზე, თანაც, ქვებიდან ყველაზე გამორჩეულზე – გრანიტზე, რომელიც მარადიულია, არასდროს ფუჭდება. რომ გინდა, გააკეთო, ერთია, მაგრამ მთავარია, რა უნდა გააკეთო? ამაზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ასეთი საინტერესო თუ გამოვიდოდა და მთელი მსოფლიო ამ ქანდაკებების სანახავად აქ მოვიდოდა, ეს ნამდვილად არ წარმომედგინა. ადგილი, სადაც ახლა ჩემი ქანდაკებებია, გზისპირია. მიტოვებული ადგილი იყო, სადაც ზვავისგან ჩამოტანილი ქვები ეყარა, ერთ მეტრამდე ზომის, თუმცა არა იმხელა, რამხელაც ახლა ქანდაკებებია. ერთხელაც, საქმე არ მქონდა, მივედი ამ ქვებთან, წავარტყი-წამოვარტყი ჩემი ნაჯახი და სასიამოვნო განცდა დამეუფლა. ქვამ ნელ-ნელა ადამიანის ფორმა მიიღო. გამიტაცა ამ პროცესმა. მერე ეს ქვა მეპატარავა. წავედი, ორი დიდი ქვა მოვიტანე, ერთმანეთზე დავდე და ოთხ მეტრამდე გამოვიდა. ერთმანეთზე დადგმულ ორ ქვას რომ შევხედე, ვეფხვსა და მოყმეს მივამსგავსე, ნაჯახს გრძელი ტარი გავუკეთე, რომ ბოლომდე მივწდომოდი და დავიწყე კაკუნი. ცოტა აბსტრაქტული, თუმცა საინტერესო ქანდაკება გამოვიდა. ეს გამოვიდა, მაგრამ როგორ გამეგრძელებინა? ნელ-ნელა ჩამოყალიბდა იდეა. დარიალის ხეობაში მიყვარდა სიარული, იქ ერთი ქვა ალექსანდრე ყაზბეგს მივამსგავსე. მყინვარწვერის ფორმა ჰქონდა. წამოვიღე. წონით ათ ტონაზე მეტი იყო. ბუნებრივი ფორმის მიხედვით, მისგან უცებ გავაკეთე ქანდაკება. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ქვა თვითონ მკარნახობდა.

– ქვას პოულობთ და მისი ფორმა თვითონ გკარნახობთ, ვისი ქანდაკების შექმნა შეიძლება მისგან?

– ამაშია საქმე, ეს გამოვიდა ჩემი სტილი. რაღაც რომ უნდა გამოიყვანო ქვისგან, ეს სხვაა და მე რომ ვპოულობ ქვებს, იქ უკვე გამოყვანილია, იქ უკვე ჩანს ფორმა. ბუნება თვითონ მიჩვენებს, რა უნდა შევქმნა ქვისგან. არ ვიცი, რომელია უფრო სწორი – ბუნება მეხმარება მე თუ მე ვეხმარები ბუნებას. ერთმანეთს ვეხმარებით. ბუნება დიდი მხატვარია და მერე, მის ნამუშევარს რამე თუ ზედმეტი აქვს ან აკლია, მე ვაკლებ ან ვამატებ და საბოლოო სახეს ვაძლევ. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. ნამუშევარს არ უნდა ეტყობოდეს ნაწვალები. ეს ძალიან ფოტოგრაფიული გამოდის და გზარავს. ეს აღარ არის ხელოვნება. რომ შეხედავ, ვერც კი გაიგებ, ვისი ნამუშევარია, რადგან ანალოგიურს სხვებიც აკეთებენ. მე უწვალებლად, ბუნების დახმარებით გამომდის ასე და გამოდის ორიგინალური. თუმცა, ზამთარში აქ ვერ გამოვდივარ და შარშან აკვარელით დავიწყე მუშაობა ფერწერაში, შევეცადე, აქაც ორიგინალური გზისთვის მიმეგნო, ზედმეტი წვალების გარეშე. თუ დააკვირდებით, ერთი ხელის მოსმით გაკეთებული ყველაფერი კარგია, ნაწვალები არაფერი ვარგა.

– ცოტა ხნის წინ მაცხოვრის ქანდაკება გააკეთეთ კვარცისგან, რომელიც როგორც წესი, თურმე, ქანდაკებისთვის არ გამოიყენება, თუმცა, ძალიან საინტერესო გამოვიდა.

– ასეა. ნებისმიერ მოქანდაკეს რომ ჰკითხო, რატომ არ აკეთებ კვარცის ქანდაკებასო, გიპასუხებს, რომ არ კეთდება. რაც არ შეიძლება, რაც აკრძალულია, მე ზუსტად მისგან უნდა გავაკეთო რაღაც – ეს არის ჩემი პრინციპი. კვარცი იშლება, ამიტომაც არ აკეთებენ მისგან ქანდაკებას. ქვა, რომლისგანაც მაცხოვრის ქანდაკება გავაკეთე, შემთხვევით ვნახე დარიალის ხეობაში. ამ ზომის ერთადერთი კვარცია. ვიფიქრე, ვნახოთ, თუ არ შეიძლება-მეთქი. უცებ გავაკეთე მისგან მაცხოვრის ქანდაკება. შიგ კვარცში რკინის ნაწილაკებია, ძალიან პატარა ზომის. მუშაობის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, წვიმა წამოვიდა, გავედი მეორე დღეს და სახეზე სისხლივით არ იყო წამოსული? წვიმამ რკინა დაჟანგა და მაცხოვარს სახეზე სისხლი ჩამოეღვენთა. გამოვიდა ნაწამები სახე. ეს გააკეთა ბუნებამ.

– უცხოელი ტურისტები თუ ქართველები როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?

– ვინ არ მოდის აქ – არაბები, ინდოელები, ჩინელები, კორეელები, ევროპელები, ამერიკელები – ნაირ-ნაირი ხალხი და საინტერესო ის არის, რომ ყველას ერთნაირი რეაქცია აქვს – ამბობენ, რომ ეს ქანდაკებები საოცრად არიან ბუნებასთან შერწყმული და რომ ძალიან ორიგინალური ნამუშევრებია. თითქოს, პირი შეკრეს (იცინის). ქანდაკებას რომ აკეთებ, ისიც უნდა იცოდე, რა მასალისგან გააკეთო და სად დადგა. ქვაც ბუნებრივია, ადგილთანაც ძალიან ორგანულადაა შერწყმული და ალბათ, ეს მოსწონთ. ქანდაკებები ჩვენი ქვეყნის ისტორიას აცოცხლებენ. ვინც საქართველო გადაარჩინა, ვინც საქართველო ასახელა – მეფე იყო, გმირი, წამებული თუ მწერალი – მე მათ ქანდაკებებს ვაკეთებ. ეს ქანდაკებები უკვდავები არიან, რადგან გრანიტში შესრულებული ქანდაკება უკვდავია. მათ შორის არიან ყაზბეგი, ვაჟა, ილია, რუსთაველი. ეს ჩვენი ისტორიაა. ერთია წიგნში რომ კითხულობ და მეორეა, გაცოცხლებულ ისტორიას რომ ხედავ ღია ცის ქვეშ და შეგიძლია, მას ხელით შეეხო. უცხოელები რომ მოდიან და ამ ადამიანების ქანდაკებებს ხედავენ, მათი ვინაობით, მოღვაწეობით ინტერესდებიან და მათგან გამომდინარე ექმნებათ წარმოდგენა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე. ამ ადგილზე ათი ქანდაკება დგას. სალოცავშიც დგას დიდი წმიდა გიორგის ქანდაკება, მეზობელ სოფელში, მცხეთაში, სხვადასხვა ადგილზე შეხვდებით ჩემს ნამუშევრებს. ადრე პატარებსაც ვაკეთებდი, ახლაც ვაკეთებ ცოტ-ცოტას. რაც მუზეუმში მაქვს, ამ დიდ ნამუშევრებს არაფრით არ გავყიდი, თუმცა, პატარა ქანდაკებებზე კერძო შეკვეთებს ვიღებ და სახლში რაც მაქვს, იმათაც ვყიდი. ახლა ვახტანგ გორგასლის დიდ ქანდაკებას ვაკეთებ. ყოველდღიურად წინ მივიწევ და რომ ვხედავ, გამოდის, ხალისი მემატება. მალე დავასრულებ კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა