საზოგადოება

როგორ გააცნო შალვა ბერიძემ „ვეფხისტყაოსანი“ იტალიას და როგორ დააფუძნა მან პარიზში „თეთრი გიორგი“

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 10.10, 2023 წელი

შალვა ბერიძე
დაკოპირებულია

შალვა ბერიძე 1892 წლის 29 თებერვალს ახალ სენაკში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ – ხარკოვის უნივერსიტეტი.

მუშაობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში, სადაც ნიკო მარისა და ალექსანდრე ხახანაშვილის რეკომენდაციით, ენათმეცნიერებაში დაიწყო კვლევები.

შალვა ბერიძემ მოსკოვსა და თბილისში რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნაკები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და პუშკინის მეგობრობის შესახებ. 1919 წლის მარტში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ, ნიკო მარის ინიციატივით, შალვა ბერიძეს მეგრული სიტყვიერებითი და ეთნოგრაფიული მასალების შეკრება და ჩაწერა მიანდო.

მეცნიერი, თბილისის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სამეგრელოში, ახალ სენაკში შეუდგა მუშაობას. 1920 წელს თბილისში ხელნაწერის უფლებით გამოიცა მისი 220-გვერდიანი წიგნი: „მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები“, რომლის წინასიტყვაობაში ის წერდა: „მეგრული ენის მასალები განზრახულია სამ წიგნად: პირველი – შეიცავს: შესავალს, ლექსებს, ზღაპრებს, ანდაზა-გამოცანებს, შელოცვებს, ლეგენდებს, ბატონყმობის ამბავს, თარგმანს მეგრულიდან ქათულად და სალექსიკონო მასალას; მეორე – ზუგდიდი–სამურზაყანოს კილოს ტექსტებსა და სამეგრელოს ეთნოგრაფიულ მიმოხილვას; მესამე – ჯვრის ტექსტებს, როგორც განსაკუთრებული თქმის ნიმუშს სვანური ენის გავლენის გამო“. სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მეცნიერის მიერ ჩაფიქრებული მრავალტომიანი გამოკველვის პირველი და უკანასკნელი წიგნი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ბერიძე ემიგრაციაში წავიდა.

1924 წლის სექტემბრის ბოლოს ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის აქტიურ წარმომადგენელთა ჯგუფმა, შალვა ბერიძის თაოსნობით, პარიზში დააფუძნა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია – „მომავალი“. მათ შეადგინეს 10 მუხლისგან შემდგარი დებულება, რომელიც მთლიანად ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენასა და კულტურულ–ისტორიული ტრადიციების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. დებულება თარგმნეს და გამოაქვეყნეს ფრანგულ პერიოდულ პრესაში. იმავე წლის 24 ოქტომბერს „მომავლის“ ერთ–ერთ სხდომაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები მიიწვიეს. შეფიცულთა ბელადმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი წინადადება ორგანიზაციისთვის „თეთრი გიორგი“, ვინაიდან გველეშაპის განმგმირავი თეთრი გიორგი იყო ქედუხრელი, მებრძოლი საქართველოს სიმბოლო. ორგანიზაციას სათავეში ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი ჩაუდგნენ.

პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, შალვა ბერიძე ძალიან ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. იგი ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ „აზიატიკში“. ლონდონში ინგლისურად გამოსცა „ქართველი პოეტები“, ფრანგულად დაწერა ნაშრომი – „ბაირონი და პუშკინი“, იტალიურად – „ლერმონტოვი კავკასიაში“. მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

1931 წელს პრინცესა სალომე დადიანის ინიციატივით საქართველოს შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით „გველისმჭამელი – ქართული პოემა“ და მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ განხილვაში. 1936 წელს „პარიზში მყოფ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა ასოციაციის“ მიერ გამართულ ვაჟა–ფშაველას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სალიტერატურო სხდომაზე ფრანგულად წაიკითხა მოხსენება „ვაჟა და მისი აფორიზმები“.

1934 წელს შალვა ბერიძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1936 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში, ნეაპოლში. სწავლობდა ბასკურ–ქართულ ურთიერთობებს, ქართულ-აღმოსავლურ კონტაქტებს, ქართველ მწერალთა შემოქმედებას, იტალიურად თარგმნიდა ქართულ ნაწარმოებებს.

1936-1948 წლებში ნეაპოლის აღმოსავლეთის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე ყოფილა. პროფესორ შალვა ბერიძის ლექციებს მსმენელთა ფართო აუდიტორია ჰყავდა, რომელიც დიდი ინტერესით ეცნობოდა კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში შალვა ბერიძემ აღმოაჩინა და გამოსცა კაპუცინების ორდენის ბერის ბერნარდო დი ნაპოლის ორი ჩანაწერი 1670-1680-იან წლებში საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

შალვა ბერიძე ძალიან ნაყოფიერი მკვლევარი იყო, ნაშრომებს აქვეყნებდა ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან – „ბედი ქართლისა“, „ივერია“, „ქართლოსი“ და სხვა. ის არის ათამდე წიგნისა და რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი – „ქართული ენა იტალიაში“, „ბასკური და ქართული“, „მედიცინა აღმოსავლეთში, აზია და ევროპა“, „მოგზაურობები კავკასიაში“, „პიეტრო დელა ვალე კავკასიაში“, „ქართული ენის ელემენტები“, „საქართველო და ფრანგული მწერლობა“, „წერილები „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებზე“.

დიდია შალვა ბერიძის, როგორც მეცნიერ–რუსთველოლოგის, ღვაწლი. ამ სფეროში პირველი ნაშრომი, სახელწოდებით – „რუსთაველი“, მან 1937 წელს წაიკითხა ნეაპოლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. თუმცა, რუსთველოლოგიაში მისი მოღვაწეობის დაგვირგვინებად უნდა ჩაითვალოს „ვეფხისტყაოსნის“ სრული პროზაული თარგმანი იტალიურ ენაზე, რომელიც 1945 წელს მილანში გამოქვეყნდა.

1966 წელს შალვა ბერიძემ, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წაიკითხა მოხსენება „რუსთაველის მსოფლიო მნიშვნელობა“, ხოლო რომში იტალიურ ენაზე გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები და ანდაზები. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო გამოკვლევა, მათ შორის 1967 წელს გამოსული წიგნაკი იტალიურ ენაზე „რუსთაველი და მედიცინა“.

გამოყენებული მასალების წყარო: ბერიძე შალვა // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. რაფიელ ინგილო-ივანიცკი. შალვა ბერიძე : ქართველოლოგიური მოღვაწეობა უცხოეთში // მე და ჩემი ეკლესია; მენაბდე, ლევან. ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა საზღვარგარეთ // ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა