საზოგადოება

როგორ გაათხოვა მამამ 14 წლის ასაკში მარო თარხნიშვილი და რატომ დაკარგა მან იტალიაში მომღერლის კარიერა

№3

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 25.01, 2022 წელი

მარო თარხნიშვილი
დაკოპირებულია

მარო თარხნიშვილი – პირველი ლოტბარი ქალი საქართველოში, რომლის ხმითაც დიდი ქართველი კომპოზიტორები გაოგნებულები იყვნენ. თარხნიშვილების ოჯახში ქართული სიმღერა კულტი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ 13 წლის გოგონამ ახალგაზრდების გუნდი ჩამოაყალიბა და მას თავად ხელმძღვანელობდა. ამით დაიწყო პირველი ქართველი ლოტბარი ქალის დიდი ეროვნული მოღვაწეობა. შეუძლებელია მის მიერ შესრულებული „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „ნამგლური“, „ბერიკაცი ვარ“, „კახური მრავალჟამიერი“, „თამარ ქალი“ ქართველმა არ იცოდეს, რადგან მარო თარხნიშვილის სიმღერები დღესაც პოპულარობით სარგებლობს.

ავტობიოგრაფია „ჩემი ბავშვობა“

„მე მეცხრე შვილი ვიყავი ჩემი დედ-მამისა. დედ-მამა, ჩემები: ესტატე ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავი და დედა კი მექანარიშვილის ქალი, ნატალია იოსების ასული. ხუთი ქალი და ოთხი ვაჟი ჰყავდათ, მე სულ უმცროსი, ბოლო შვილი ვიყავი. მშობლებსაც და და-ძმებსაც ძალიან ვუყვარდი და მანებივრებდნენ. ოთხი წლისა რომ ვიყავი, ჩვენთან მოსული სტუმრები ამიყვანდნენ ხელში და მამღერებდნენ. მამას ოჯახი ძალიან სტუმრიანი იყო ქართლში. თუკი თავადაზნაურობა ცხოვრობდა ვინმე, არ გაივლიდა თვე, რომ დაჩარდახებული ურმით, ფაიტონებით, ცხენებით ჯალაბეურით ჩვენთან არ მოსულიყვნენ, განსაკუთრებით შემოდგომიდან გაზაფხულამდე. მამას საუკეთესო ბარის მამულები ჰქონდა სხვა თარხნიშვილებთან შედარებით. სახნავ-სათესი ნაფუზრები, ყურძნის ბაღები (ზვრები) და კარწინ დიდი ხილის ბაღი, რომელშიც გაზაფხულიდან ნოემბრამდე სხვადასხვა ჯიშის ხილი მწიფდება, ყურძნის კრეფა სოფლის ხალხის დახმარებით ათი დღეზე მეტი გასტანდა ხოლმე. კრეფის დროს ზვარში იშლებოდა ლურჯი სუფრა, იკვლებოდა ცხვრები, თხები, ქათმები, დეკეულები. თბილისიდანაც ბევრი ნათესაობა ჩამოგვდიოდნენ, იყო ქეიფი და ხალისიანი მუშაობა. ამ დიდ ოჯახს ბარაქაც დიდი ჰქონდა, იტყვიან ხოლმე, სტუმრიანი ოჯახი ბარაქიანიაო. მართლაც, ასე იყო. კარებზედ საღამოს 500 სული ცხვარი შემოეფინებოდა სოფელში, მოვიდოდნენ ფარეხში. ჩვენი ალექსი მეცხვარე ყველაზედ უფროსი და გამოცდილი კაცი იყო, ჩამოიტანდნენ ყველს დაგროვილს მთელი ზაფხულისას რამდენიმე ფუთობით. სახლის მოსამსახურე ქალები, დედაჩემის ზედამხედველობით, დასჭრიდნენ, დაამარილებდნენ და ჩააწყობდნენ დიდ ქილებში, ზამთრისა, გაზაფხულისა და ზაფხულისათვის სახარჯოდ. დედას ასეთი ხასიათი ჰქონდა, პირველი დღეს მთელი ჩვენს ნათესავებსა და მეზობლებს ყველას გაუგზავნიდა, მიირთვით ჩვენი ცხვრის ყველიო – მაგათ არ აქვთ და მე რა ყელში უნდა ჩამივიდესო. მამაჩემის ოჯახს ძალიან უმრავლდებოდა ოჯახში მსხვილ ფეხა საქონელი და ფრინველებიც. მაგალითად, მე მახსოვს, ჩემს პატარაობას ზამთარში თავლაში (ბოსელი) თავს მოიყრიდნენ ხოლმე საღამოებით, ბუხარს აყრიდნენ შეშას, გაჰქონდა გრიალი, გადაღობილი იყო, ცალ გვერდზედ მწველავი კამეჩი და ძროხები ებნენ, მეორე გვერდზედ – მუშა საქონელი და ცხენები. ბუხრის გვერდით ხალიჩაგადაფარებული ტახტი იდგა მუთაქებით დაყრილი წინ. გაშლილი ჰქონდათ პატარა სუფრა და იქვე სველი ხელადებით წითელი ღვინო და მწვადებს მოჯამაგირეები სწვამდნენ, დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ. მეზობელი თავადი გიგი იორამიჩი განთქმული იყო მისი მოყოლილი ამბებით, მხიარული ხასიათით, ახლო მეზობელი აზნაურები – პ. ლ. მაღალაშვილები, კოტეტიშვილი ილიკო და სხვები. ღამის 1-2 საათამდე მასლაათობდნენ და ხუმრობდნენ, შემდეგ დიდთოვლიან ზამთარში დაიშლებოდნენ და სახლებში გაეშურებოდნენ. მახსოვს, ერთ ზაფხულს, ორი კვირის განმავლობაში, 50 სული ღორი დაგვეხოცა რაღაცა სენით, მამას ეს ჯავრი გულთან არ მიუტანია, მოჯამაგირეები იმათ გადაყრას ვერ აუდიოდა ჩვენთან ახლო ხევში, კავთურაში. მამა ესტატე იტყოდა ხოლმე, რა უყოთ, ზოგი დაიხოცება, ზოგი დარჩება. კიდევ მალე გამრავლდება, ოღონდ თქვენ კარგად მყავდეთო. გლეხობას ძალიან უყვარდათ მამა – ესტატე. თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდებოდა, მასთან მოვიდოდნენ და სთხოვდნენ: კნიაზ ესტატე, ასე და ასე გაჭირვება მაქვს, ანდა ჭირნახული მაკლდება გაზაფხულიაო, მაშინათვე დაეხმარებოდა, მისცემდა: წაიღე, ბიჭო, ამას სესხათ არ გაძლევო. თუ მთავრობა დაბეგრავდა ანდა რაიმე, უეჭველად უშველიდა, დაეხმარებოდა, დაიხსნიდა. მას ავტორიტეტი დიდი ჰქონდა მეფის რეჟიმის დროს და ამიტომ გლეხობას მამა ესტატეც ძალიან უყვარდა. გაზაფხულზედ, როცა ბაღების დამუშავების დრო მოვიდოდა, მათგან არჩეული კაცი მოვიდოდა და დიდმარხვის შუა რიცხვისთვის შესთავაზებდნენ, ბატონო ესტატე, ჩვენ 30-40 კაცი მზადა ვართ ერთი დღით, თუნდაც მეორე დღეც პატივი გცეთ და ზვარში დავბაროთ, დავთესოთო; მამაც დაეთანხმებოდა და იმ დღით მთელ საბარავს გადააბრუნებდნენ ხოლმე, სამაგიეროდ, ისეთ სადილს და ვახშამს, სამხარს უშლიდა ჩვენი ოჯახი, რომ სახსოვრად და მოსაგონად ჰქონდათ. სიმღერებს ხომ გრიალი გაჰქონდა. საღამოს მაგარი მთვრალები მიდიოდნენ სოფლის ორღობეში სიმღერით. სოფელმა ხომ იცოდნენ ეს ამბავი და იძახოდნენ, თარხნიანთგან მოდიან, დღეს იმათთან იყვნენ და ფხიზელებს რას გამოუშვებდა ნათლია ესტატეო! სახლებში რომ მივიდოდნენ, იძახოდნენ მთვრალები, ღმერთმა ააშენოს ესტატე თარხნიშვილის ოჯახიო. ეს მახსოვს მე – მაროს. მართალია, მამა ესტატე ყოვლად დოვლათიანი და ბედნიერი კაცი იყო, ვაჟები ვერ შერჩა, დაეხოცა ოთხივენი და ერთი ქალიც. ასე რომ, ოთხი დებიღა დავრჩით. ეფემია, უფროსი და იყო, ეკატირინე, დარო და მე.

ხშირად მამას გორის უეზდის მცხოვრები თავადაზნაურობა (თუ შეიძლება, ასე ვთქვათ) ესტუმრებოდნენ ხოლმე. ქეიფი და პურმარილი სამ დღეობით გრძელდებოდა. ოჯახში იმ დროს ნათესავები თბილისიდანაც ხშირად დადიოდნენ ჩვენთან: მიხეილ ყორღანაშვილი, კარგი მომღერალი იყო. მას ძველად ედისონის მომღერალს უძახდნენ. იმას მე დიდი გატაცებით ვუსმენდი ხოლმე, როცა ჩვენთან დადიოდა ხოლმე. მერეც შაური ღირდა ყურებში გასაკეთებელი რეზინი, რომლითაც ვისმენდი ედისონის დაკრულ მის სიმღერებს: „ურმულს“, „შიქასტებას“ და სხვა სიმღერას. მე მაშინ 6-7 წლისა ვიყავი. გორიდან ხშირად მოდიოდნენ მამასთან ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები, მირავოი პასრედნიკი ოჯახით – გენერალი იყო, გიორგი იორამიჩი. ძალიან მიყვარდა ცეკვა-თამაში, რისთვისაც მამასგან ყოველთვის მქონდა კარგი ტარა, დიდი გარმონები, მაშინ დაირა იცოდნენ, რომელიც ახლაც კარგად მაქვს შენახული. სოფლის ახალგაზრდა ქალების, ვაჟებისა და პატარძლების უფროსად მე ვთვლიდი ჩემს თავს. გავაჩენდი ლხინს დიდ კალოზედ და...

„რამ შემაყვარა მუსიკა ხალხური“

მე ვსწავლობდი და ჩემი და დარიკო ერთად. იმან ვერ შესძლო სწავლა ავადმყოფობის გამო, მე კი მეოთხე კლასიდან წამომიყვანა მამამ ისევ ჩემს სოფელში, კავთისხევში. თოთხმეტი წლისა გამათხოვეს, მამა უკვე კარგად მოხუცი იყო. ეს იყო 1905 წელში. ასე იტყოდა ხოლმე მამა: ქალს არ უნდა დიდი სწავლაო, წერა-კითხვაც ეყოფა, მეტი არაა საჭიროვო. შვილები მალე მეყოლა და გადავედით ქალაქ გორში მე და ჩემი მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. ეკატირინე 11 წლით უფროსი იყო ჩემზედ. გულით მხიარული ხასიათისა იყო, თუმცა მე, როგორც ყველაზედ უმცროსს, თავს როგორ გამიყადრებდა, მაგრამ იმდენად საქმის ერთგულება და გამბედაობა აღმომაჩნდა ჩვენს სასიმღერო ასარეზზედ, რომ სრულიად უპრეტენზიოდ დამთანხმდა. ჩვენი პირველი ნაბიჯის გადადგმა სოფელ კავთისხევიდან დაიწყო, შემდეგ კი ქალაქ გორიდან. უფრო ოფიციალურ მუშაობას შევუდექით 1910 წელს და დღემდის ვაგრძელებ. სამწუხაროდ კი, ჩემი საყვარელი უფროსი და ეკატირინე თარხნიშვილი, რომელიც 1910 წლიდან 1949 წლამდის გვერდით მედგა კონცერტებზედ, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, პერსონალური პენსიონერი, გარდაიცვალა 1956 წელს. დავრჩი ფრთაჩამოტეხილივით, ჯერ მკვიდრი და ჩემი, მერე ამდენი მუშაობის წლები ერთად გავატარეთ. ბევრი გაჭირვებაც და დალხინებაც ვნახეთ, დაღი დამასვა მწუხარებამ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მქონდა უფლება, მეღალატნა ჩემი საყვარელი საქმისთვის, რადგან მეც ჩემი ახალგაზრდობის წლები ამ ხალხურ საგუნდო ხელოვნებას შევალიე და ჯანმრთელობაც. მაინც ვერ ვღალატობ.

***

1949 წელს 13 მარტს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე სერგეი სოლომონის ძე ნადარეიშვილი (ქ. თბილისში, მაჩაბლის ქუჩა N4-ში ვცხოვრობ) სისხლის წნევით. ამ მძიმე მოულოდნელმა მწუხარებამ ჩემზედ ძალიან იმოქმედა. მეც მომერია სისხლის წნევა ნერვიულობის მიზეზით. ხელოვნების წრიდან ჩემმა მტრებმა მიხელთეს დრო და ხელოვნების საქმეთა უფროსის მოადგილემ კანდელაკმა, შალვა მშველიძემ, ის მაშინ სახ. ანსამბლს ხელმძღვანელობდა და მას ჩემი ხელმძღვანელობით გუნდი უშლიდა ხელს, ეღობებოდა, ალბათ და მისი მოცილების მიზნით შეათანხმეს ცეკას მდივან რ. შადურთან ჩვენი გაუქმების შესახებ. მე როცა ლეჩკომბინატში ვიწექი, სწორედ მაშინ, 17 დეკემბერს მოვიდა ბრძანება ანსამბლის გაუქმებისა, რამაც უფრო მეტად ჩამაგდო ლოგინად. 1950 წლის თებერვლის პირველიდან ჩემმა მატერიალურმა მდგომარეობამ იძულებული გამხადა, დამეწყო სადმე მუშაობა თვითმოქმედების ხაზით, მაინც რომ შემენარჩუნებინა ამდენი წლის სტაჟიც და უდანაშაულოდ დასჯილმა, ხალხიდანაც, ბუნებიდანაც, შევუდექი სარეწაო კავშირის კულტსახლში გუნდის შექმნას, სადაც უზომო ენერგიის დახარჯვა დამჭირდა. ჩემს საბედნიეროდ, კულტურის სახლის დირექტორი გამოდგა ჩემი წარსული მუშაობის მცოდნე ამხანაგი ქორიძე, მეტად კულტურული ადამიანი, რომელმაც თავისი დახმარებით გამიადვილა მუშაობა. ამ ჩემთვის დამამცირებელ ადგილზედ მოხვედრა, იქ მუშაობა თვალსაჩინოდ წარიმართა. ასე რომ, სამ ოლიმპიადაში მივიღეთ მონაწილეობა 1950 წელს, 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ დათვალიერებაზეც პირველობა მიიღო. ანსამბლი 1952-შიც მხატვრული თვითმოქმედების დათვალიერებაზეც საპატიო ადგილზედ გავიდა; რისთვისაც ორჯერ დაჯილდოვდა, როგორც პრემიალური ფულადით, აგრეთვე, საპატიო სიგელებით. როგორც ხელმძღვანელობა, ისე ანსამბლის წამყვანი ძალებიც. 1953 წლის პირველი იანვრიდან ქალაქ თბილისის ოლქის მიერ მიწვეული ვიყავი სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად. აქაც ინტრიგანმა ხალხმა იქონიეს გავლენა და თბილისის ოლქის გუნდს ქალაქ გორში მიუჩინეს სამყოფელი ადგილი. გადავსახლდი მეც, რა მეტი ღონე მქონდა, ოღონდ თვითმოქმედების ტანჯვას მოვცილებოდი. ამავე წლის ივნისში ოლქის გაუქმებასთან დაკავშირებით გუნდიც დაიშალა. მის შემდეგ, კიროვის რაიკომის თხოვნით, დამაბრუნეს ძველ ადგილზედ სარეწაო კავშირის კულტსახლში, გუნდის დასაარსებლად და დღესაც იქ ვმუშაობ. ხელფასი – (600) ექვსასი მანეთი. ამავე დროს, 1954 წლის 1 აპრილიდან მიმიწვიეს ქალაქ რუსთავის კულტსახლში გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ანსამბლში ამჟამად 86 კაცია გაერთიანებული, მუშა-მოსამსახურენი. ხელფასი ასეთი შრომისათვის გადიდებულია 750, მეტი არ არსებობსო. მიმაქვს ასეთი ტანჯვით ეს წუთისოფელი, ერთ დროს ხალხისათვის საყვარელ მაროს. ვისი მსხვერპლი ვარ, ის უკვე ზემოთ მაქვს ნათქვამი. ის კი გამომრჩა მხედველობიდან – 1952 წელში, როცა ქ. თბილისში ვმუშაობდი სარეწაოს კულტსახლში, ერთსა და იმავე დროს დაბა კასპშიც მიმიწვიეს კასპისა და მასში შემავალი რაიონების მასწავლებელთა გუნდის დასაარსებლად. დავაარსე გუნდი 40 კაცისა და ქალის შემადგენლობით, იმავე წლის სექტემბრის 28 და 29-ში, ჩამოვიყვანე გუნდი თბილისში. მასწავლებელთა სახლში ჩავატარეთ კონცერტი, რაზედაც შეფასება კარგი მიიღეს – მადლობით. წავიდა ანსამბლი, რადგან კასპის განათლების განყოფილებამ ამას მიაღწია, მეტი აღარ შეეძლოთ ჩემი ხელფასის ძლევა თვიურად 1 000 მანეთის და ნოემბერში შეწყვიტეს გუნდის მუშაობა ჩემთან.

„50 წელი სცენაზედ“

იქ 1910 წელში უკვე გავბედე დიდი საზოგადოების წინაშე სცენაზედ გამოსვლა საქველმოქმედო საღამოებზედ. ყოველდღე მე, ჩემი უფროსი და – ეკატირინე და ოთხი კაცის ბანი. გავმართე კოხტა ჯგუფი და ხშირად გვიხდებოდა გამოსვლები სცენაზედ. 1917 წელში უკვე მე და ჩემი და ჩვენი ოჯახებით თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად. ცუდი წლები შემხვდა მე ჩემს ახალგაზრდობაში დაწყებულ საქმისთვის, მაგრამ მე ჩემს საყვარელ სიმღერებს არ მოვშვებივარ. წყეულ თვითმპყრობელობის დროს თავადის ქალი ვებრძოდი ხალხის მჩაგვრელებს და ვმღეროდი მათთვის საწინააღმდეგო პროგრამას... მიუხედავად ამისა, ბევრჯერ მისმენდნენ მეფის ჟანდარმები, ზოგჯერ შუბლშეკრულები, ზოგჯერაც იღიმებოდნენ, ალბათ, ჩემი ხმა ხიბლავდათ... ასე გავატარე აქეთ თავადები და იქით – მეფის ხალხი. 1921 წელში მარტოხელა ქალი, ჩემი პატარა სამი მოსწავლე შვილისა და ოჯახის პატრონი, სასწავლებლად შევედი კონსერვატორიაში, მესამე კურსზედ. შემხაროდნენ ბალანჩივაძე მელიტონი, არაყიშვილი დიმიტრი, ფალიაშვილი ზაქარია, ხშირად მეტყოდნენ ხოლმე: მაგ ყელში სალამური გაქვსო. აბა, დაამთავრებ კონსერვატორიას და იტალიაში გაგგზავნითო, ჩამოხვალ და შენი კარგი და მშვენიერი ხავერდოვანი ხმით ჩვენს ოპერას ეყოლება კონტრალტოვო. ასე შემომხაროდნენ ისინი, მაგრამ არც აქ გამიღიმა საბოლოოდ ბედმა, რადგან მეუღლე დიმიტრი თარხან-მოურავი გარდაიცვალა 24 წელში და ჩემმა წინსვლამ ისევ უკან დაიწია. სამი ბავშვის უპატრონო მიტოვებაც აღარ შეიძლებოდა. დილით ოთხ სკოლას ვასწავლიდი სიმღერებს, საღამოებით კლუბებში და თიატრებში კონცერტებსაც ვაძლევდი. ჯანმრთელობას რომ არ შეეწყო ჩემთვის ხელი, ალბათ, ამდენ ტანჯვას ვერც შევძლებდი. მივაღწიე საბჭოთა ხელისუფლებამდე და შვილებიც მოიზარდნენ. აი, ცოტა გავიშალე წელში. ჩემს მოღვაწეობას დაედო ღირსეული შეფასება და ცხოვრებაც. დღესაც ვმუშაობ ადგილმრეწველობის კულტსახლში ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელად. მადლობა პარტიას და ხელისუფლებას, რომ იციან ამაგის დაფასება მშრომელი ხალხისა და დღეს ჩემი პროფესიის ხალხში პირველმა მივიღე სახალხო არტისტის წოდება. მადლობა ჩემს დამფასებლებს, რათა სხვებმაც მომბაძონ.“

ეკატერინე პატარაია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი