საზოგადოება

როგორ გაათავისუფლა ტყვეობიდან სოლომონ ზალდასტანიშვილმა ხუთასამდე ქართველი და რატომ არ დანებდა ის თანამებრძოლების წამების შემდეგაც

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 22.02, 2021 წელი

სოლომონ ზალდასტანიშვილი
დაკოპირებულია

სოლომონ ზალდასტანიშვილი გამორჩეული ქართველი სამხედრო მოღვაწეა, რომელმაც ჯერ საქართველოში ცხოვრების დროს იბრძოლა ძალიან ბევრი სამშობლოს თავისუფლებისთვის და შემდეგ იძულებით ემიგრაციაში მყოფმა განაგრძო დაუღალავი შრომა საკუთარი თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად.

სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი 1891 წელს დაიბადა სამტრედიაში. განათლება თბილისში მიიღო, რის შემდეგაც, სწავლის გასაგრძელებლად პეტროგრადში წავიდა. იქ სწავლობდა წმიდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე, ოფიცრის ხარისხით, თურქისტანის მერვე პოლკში დაინიშნა.

სოლომონი პირველ მსოფლიო ომში ჩაება და ორჯერ მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა. 1917 წელს, რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ზალდასტანიშვილი სამშობლოში პოდპოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა და 1921 წლამდე, როგორც საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა. 1921 წლის თებერვალში, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ კი – მათ წინააღმდეგ.

1921 წლის მოვლენების შემდეგ სოლომონ ზალდასტანიშვილმა სამშობლო დატოვა და თავი სტამბოლს შეაფარა. თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია, სოლომონი ემიგრაციიდანაც აქტიურად ებმება საქართველოს განმათავისუფლებელ ბრძოლაში და მიზნის მისაღწევად, ერთ წელიწადში კოტე აფხაზთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებულ ზალდასტანიშვილს გეგმების განხორციელება არ დასცალდა. ის ბათუმშივე დააპატიმრეს და ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. თუმცა, სოლომონს მისივე ყოფილი თანაპოლკელები დაუდგნენ თავდებში და მისი საქართველოში დატოვება მოახერხეს.

მალე სოლომონ ზალდასტანიშვილი კოტე აფხაზის თანამებრძოლია. ის გახდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა“ და მასთან შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლისათვის.

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენია „ჩეკას“. მათ დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ შემადგენლობა. აწამეს და სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად დახვრიტეს კოტე აფხაზი. დახვრეტილთა შორის ასევე იყო ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი. ააოხრეს კახეთი, სვანეთი, გურია და ფაქტობრივად, მთელი საქართველო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, „სამხედრო ცენტრს“ ფარ-ხმალი არ დაუყრია. მის ახალ მეთაურად გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე დაინიშნა, თანაშემწე კი პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი გახდა.

თანამებრძოლთა სიკვდილით დასჯისა და უსასტიკესი რეპრესიების შემდეგ სოლომონ ზალდასტანიშვილი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო საბჭოთა რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასა და აჯანყების მომზადების საქმეში. მიუხედავად მისი აქტიურობისა, ზალდასტანიშვილი, თითქოს, უჩინარი გახდა, მტერი მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებდა. მაგრამ „ჩეკას“ გამოსავლის პოვნა არ გასჭირვებია და მთელი სიმძიმე სოლომონის ოჯახს დაატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ყოფასთან უწევდა გამკლავება, საოცარი გამძლეობა გამოიჩინა ზალდასტანიშვილის მეუღლემ – მარიამ ხირსელმა. სოლომონის დასასჯელად დააპატიმრეს მისი ძმები. თუმცა სამშობლოსთვის გულანთებული პატრიოტი ვერ გააჩერეს.

1923 წლის აპრილში, სოლომონის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საიდუმლო სამხედრო ყრილობა, რომლის მიზანიც აჯანყების გეგმის გაზიარება იყო. ჩამოაყალიბეს ფიცის ტექსტი, რომელიც სოლომონმა მთიანეთში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს გაუგზავნა. ამის შემდეგ მათ „შეფიცულები“ ეწოდათ.

სამწუხაროდ, 1924 წლის აჯანყება დამარცხდა და სოლომონ ზალდასტანიშვილი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. მასთან ერთად იყო შალვა ამირეჯიბიც. ქართველმა მებრძოლებმა თავი ამჯერად საფრანგეთს შეაფარეს. სოლომონმა მალე თან წაიყვანა ოჯახის წევრები – მეუღლე და შვილები. პარიზში მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მათი ურთიერთობა გაგრძელდა და მალე ნათესაურ კავშირშიც გადაიზარდა. ქაქუცა სოლომონის ერთ-ერთი ვაჟის – ოთარის ნათლია გახდა.

სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაშიც განაგრძობდა მოღვაწეობას. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს „ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების“ გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა „საქართველოს“ რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ეხმარებოდა ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მონაწილეობდა „კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების“ ქართული სამეცნიერო წრისა და სხვა ქართული საგანმანათლებლო ორგანიზაციების მუშაობაში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის სხვა ემიგრანტებთან ერთად ჩაება საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. მათ იმედი ჰქონდათ, რომ თუ გერმანია გაიმარჯვებდა, მაშინ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ამ მიზნით სოლომონი მოხალისეთა რაზმის „თამარ მეორის“ მეთაური გახდა.

სამხედრო-პოლიტიკური საკითხების გარდა სოლომონ ზალდასტანიშვილი დაინტერესებული იყო ქართველ ტყვეთა ბედით. რუმინეთში ყოფნისას ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყვეს, რომ საბჭოთა ტყვეთა ბანაკში 500-მდე ქართველი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სოლომონმა გერმანელებს სთხოვა ქართველი ტყვეების ბანაკიდან თავისუფალ სამუშაოზე გადაყვანა და თანხმობაც მიიღო, მაგრამ ხელმძღვანელობა მხოლოდ 90 კაცის გადაყვანას დათანხმდა. რასაც სოლომონმა უპასუხა, რომ ოთხასი ქართველის წამებისა და სიკვდილისათვის დატოვებას ვერ მოითმენდა და თუ სხვა გზა არ გამოჩნდებოდა, ისიც მათ გვერდით დარჩებოდა. მართლაც, ზალდასტანიშვილი ბანაკში დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლო, სანამ მიზანს არ მიაღწია, ეს შანსი არ გამოუყენებია. სწორედ, მისი ძალისხმევით გაანთავისუფლეს ხუთასივე ტყვე. მათ შორის იყვნენ ქართველები და ქართველი ებრაელები. თუმცა თავად ავად გახდა და იმავე წელს, ბუქარესტის საავადმყოფოში, ტვინის ანთებით გარდაიცვალა.

გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის შესაფერისი პატივით დაკრძალეს, ქართველთა თხოვნით, პირველ და მეორე მსოფლიო ომის გმირთა სასაფლაოზე, რუმინეთში.

ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს ატარებს.

წყარო: საქართევლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი