როგორ გაასამართლეს აფხაზური დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუა და რა შანსი მისცა მას ღმერთმა ციხეში ყოფნისას
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 29.05

ირაკლი ბებუა მილიციის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს, მას შემდეგ დააკავეს, როცა აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, ხელისუფლება „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მან სწორედ ამ დღეს აფხაზური დროშა დაწვა. ბებუას ქმედებას აფხაზეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადგილობრივთა ნაწილი სოხუმის ცენტრალურ მოედანზე მის გამოყვანას, მუხლებზე დაჩოქებასა და სახალხოდ დაწვას ითხოვდა, ნაწილი შედარებით ლმობიერი იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა, მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. დროშის დაწვის ფაქტს თავად ირაკლი არ უარყოფდა, არც დაკავების დროს გამოუჩენია დაუმორჩილებლობა. სასამართლოზე მას საკმაოდ მძიმე სამი მუხლი შეუფარდეს – ბრალად ედებოდა სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი ან მძიმე შედეგები მოჰყოლოდა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. 9 წლით თავისუფლების შეზღუდვა გამოუტანეს განაჩენად და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. თუმცა, საბოლოოდ, ირაკლის მოუწია 4 წლისა და 6 თვის ციხეში გატარება და 2025 წლის 30 მარტს მან საპატიმრო დატოვა და დღეს თბილისში, თავის ოჯახში იმყოფება.
მიუხედავად ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენელთა დიდი მცდელობისა, ირაკლი, ჯერჯერობით თავს იკავებს ინტერვიუებსა და გადაცემებში მონაწილეობისგან, თუმცა, ჟურნალ „თბილისლებს“ დაგვთანხმდა და ჩვენც გამოვკითხეთ დაკავებისა და ციხეში გატარებული წლების ამბები.
ირაკლი ბებუა: გალში ვარ დაბადებული, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა. 5-6 თვის ვიყავი, ომი რომ დაიწყო და ჩვენი ოჯახი იქიდან დუშეთში გადავიდა დროებით საცხოვრებლად, შემდეგ – თბილისში, სადაც გავიზარდე. ბებია გალში დარჩა. ბავშვობაში ჩავდიოდი ხოლმე დასასვენებლად. ბაბუაც რომ გარდაიცვალა, მაშინაც ჩავედი. 2020 წელს კი, ბებიასთან რომ ჩავედი, ცოტა გამიგრძელდა დარჩენა. მართალია, ომის საშინელება ჩემი ასაკის გამო არ შემხებია, მაგრამ მოსმენილი ამბებიდან ვიცოდი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქრისტიანულად და ადამიანურად ცხოვრებას ვცდილობდი და ამაში შედის სწორედ პატრიოტიზმი და ჩემი ქვეყნის სიყვარულიც. მოკლედ, 24 წლის ასაკში ჩავედი ბებიასთან, თავიდან არ ვიცოდი, რამდენ ხანს დავრჩებოდი, თუმცა ცოტა გამეწელა და ჩავრჩი.
– შეგიძლია, ის დღე გაიხსენო, 30 სექტემბერს, ეგრეთ წოდებული, აფხაზეთის მილიციის წარმომადგენლებმა რომ დაგაკავეს?
– 30 სექტემბერს, ეგრეთ წოდებული, აფხაზეთის მთავრობა „დამოუკიდებლობის დღეს“ ზეიმობდა. ორი დღით ადრე შევამჩნიე ბანერზე დიდი ასოებით ეწერა – „დამოუკიდებლობა“. მივედი შენობასთან და შეგნებულად წავუკიდე ცეცხლი და დავწვი. როცა ვწვავდი, ვიცოდი, ეს უნდა გამეკეთებინდა და დიდად არ მიფიქრია, ამას რა მოჰყვებოდა. ნელ-ნელა განვაგრძე გზა და ერთ საათში დამაკავა აფხაზურმა პოლიციამ. არც გავქცეულვარ, არც გავძალიანებულვარ. გაიმართა სასამართლო და 9 წელი მომისაჯეს. რეალურად, სრულად უნდა მომეხადა 4 წელიწად-ნახევარი.
– როგორი იყო აფხაზეთის ციხეში გატარებული დღეები, როგორ გექცეოდნენ ზედამხედველები და საკანში მყოფი პატიმრები?
– ის ადამიანები გავაბრაზე, სულში ჩავაფურთხე. არაა აფხაზეთი ცალკე რესპუბლიკა და დამოუკიდებელი, მაგრამ მათ ასე უნდათ და ასე იზრდებიან. იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად, სულში ჩაფურთხებულად და შესაბამისად, იყო აგრესია ჩემ მიმართ, სიტყვიერი შეურაცხყოფები. თუმცა, წამება ნამდვილად არ ყოფილა. კი ვიგინებოდი გულში, მაგრამ თავს ვიკავებდი.
ამ ოთხწელიწად-ნახევარში, უამრავი ადამიანი შემოჰყავდათ და გაყავდათ კამერაში – რუსიც, უზბეკიც, აფხაზიც და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ჩემი მხრიდან იყო ხოლმე პატიმრების მიმართ მკაცრი საუბრები, „აფეთქებები“, მაგრამ მერე პატიებას ვთხოვდი. არ დამავიწყდება, ერთი რუსი კაცი იჯდა ჩემთან ერთად კამერაში. ძალიან კარგი კაცი იყო, ვიაჩესლავი ერქვა. მასთანაც მქონდა დარღვევები საუბარში, მაგრამ სიძულვილით საუბარი კარგს არასოდეს მოიტანს, ეს გააზრებული მაქვს. რაც არ უნდა სიმართლეს ეუბნებოდე ადამიანს, თუ ქრისტიანი ხარ, აგრესია უნდა მოთოკო, თორემ, რუსები რომ ჩვენი მტრები არიან, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, ვიაჩესლავმა, რომ გაიგო, მიშვებდნენ, დედის ნომერი დამიწერა და მომცა, დაურეკეო. წამლის „ბარიგობას“ ედავებოდნენ, 15 წელი ჰქონდა მისჯილი, დედასთან კავშირი არ ჰქონდა და მე რომ დავურეკე და ამბები მოვუყევი, დედამისს ძალიან გაუხარდა. კამერაში აფხაზებთანაც მომიწია ყოფნა და რომ იგებდნენ, მათი დროშა დავწვი, ზოგი აგრესიას უხეშად გამოხატავდა, ზოგიც თავს იკავებდა. კი ვბრაზობდი, მაგრამ კამერაში ყველა ერთი უფლებით სარგებლობს. ქალებიც ისხდნენ ჩვენთან ერთად ციხეში, ერთი გამყოფი „რეშოტკა“ გვყოფდა და ჰაერზე სეირნობის დროს, წიგნებსა და ფსკვნილებს მჩუქნიდნენ. რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი აფხაზეთის ციხეში წლობით ჯდომა, მაგრამ ლოცვა დამეხმარა და ღმერთმა გადამარჩინა. როცა ლოცულობ და ღმერთთან გაქვს ურთიერთობა, მეტი ძალა, ლავირება გაქვს აცილებისაც, მოთმინებისაც, გული გითბება და სხვანაირად ხედავ. იყო მოსუსტების პერიოდები, როცა არ ვიმუშავე საკუთარ თავზე, არ მივიღე საკვები და დავსუსტდი.
– რატომ აკრძალე ლოცვა და კვება, რატომ დაეცი სულიერად? როგორც ვიცი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც გქონდა.
– აზრებს ავყევი, დავიბენი და მოვისუსტე. ამაზე საუბარიც არ მინდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მანამდე პატარა პრობლემა მქონდა, მაგრამ იქ გართულდა, ნერვიულობისა და უჭმელობის ფონზე. ზოგადად, მჭამელი არც მანამდე ვყოფილვარ და ახლაც დამდევენ – ჭამე, ჭამეო (იცინის).
– სასამართლოზე საკმაოდ მძიმე სამი მუხლი წაგიყენეს. იმასაც კი ამბობდნენ, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც კი მიუსაჯონო. მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა. ვინ იყო შენი ადვოკატი და რამდენად კმაფოფილი იყავი მისი დაცვით?
– სასამართლო რომ ჩატარდა, 9 წელი მომისაჯეს, საერთო რეჟიმით, ანუ ეს იმას მიშნავს, რომ ეს დრო ნახევრდება. ჩემი სახელმწიფო ადვოკატი იქაური იყო, აფხაზი, გვარად ბაგათელია. წამიყენეს სამი მძიმე მუხლი: ვანდალიზმი, ტერორიზმი და სხვისი საკუთრების დაზიანება.
– როგორი იყო ოთხწლინახევრის შემდეგ, თავისუფლების პირველი დღე?
– რომ გამომიშვეს, ამდენხნიანი ციხეში ყოფნის შემდეგ, ცოტა აგონიაში ვიყავი. იმასაც კი ვუშვებდი, რომ შესაძლოა, თბილისში ვეღარ ჩამოვსულიყავი. არ ვიყავი დარწმუნებული, თუ მშვიდობიანად ჩამოვიდოდი. 30 მარტს ენგურის ხიდზე საზღვარი რომ გადმოვიარე, დამხვდნენ სუსის თანამშრომლები და მათ წამომიყვანეს სახლში. ჯერ სახლში ვარ, მერე კი მუშაობას დავიწყებ.
– ირაკლი, ციხეში ყოფნისას ბევრი ფიქრის დრო გქონდა. გათავისუფლების მერე ოცნებები და მიზნები ხომ არ შეგეცვალა?
– არც ოცნებები შემცვლია და არც მიზნები. არის საკუთარ თავთან ბრძოლები, რასაც სიამაყე და ვნებები გკარნახობს, მაგრამ არის ერთი მიზანი – დარჩე ადამიანად და გაძლიერდე სიკეთის კეთებით. მინდა, კეთილსინდისიერად ვიცხოვრო, ადამიანურად. დიდი ოცნებები არ მაქვს, ჩემი მთავარი ოცნება ადამიანად დარჩენაა. ღმერთმა შანსი მომცა და როცა შეიძლებოდა, ცუდი დამმართნოდა, ეს გზა შედარებით იოლად გამომატარა და უარესი ამარიდა. ციხეში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ დამანახვა, გამზარდა. სხვათა შორის, ციხეში პატიმრებიც და ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებიც გაბრაზებული მეუბნებოდნენ: ახლა შენ რომ გახვალ აქედან, გმირის წოდებას მოგანიჭებენო (იცინის). მეცინებოდა ამაზე. ახლა, ხშირი აღსარება და ზიარება მჭირდება, რომ უკეთ ვიგრძნო თავი. იმასაც ვფიქრობ, ცოტა ხნით მონასტერში მამაოებთან წავიდე, რომ მერე უკეთ დავინახო, რა არის ჩემი საკეთებელი მომავალში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან