როგორ ეშინოდა ნინო ჩხეიძეს გურანდა გაბუნიასი ოთარ მეღვინეთუხუცესის შეყვარების გამო
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.06, 2022 წელი

ნინო (ნინიკო) ჩხეიძეს ყველა იცნობდა არა მხოლოდ, როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. ქართულ თეატრში იგი გამორჩეული მსახიობი გახლდათ – სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებს. მას არ უთამაშია დედოფლები და გმირი ქალები. აძლევდნენ პატარა როლებს და მისი ბუნებრივი ნიჭი ამ ეპიზოდურ სახეებს მასშტაბს მატებდა. ძალიან ცოტაა ქართულ თეატრში ასეთი მსახიობი – მცირე როლებით დიდ სათქმელს რომ გვიტოვებენ! ის ერთგულად იცავდა ტრადიციებსა და ფასეულობებს. არც სხვათა დაცინვითა და აუგის თქმით უვლია კარიერისკენ. ერთხელ მითხრა: თუ სადმე არის შური და მტრობა, უპირველესად, თეატრი უნდა დავასახელოო. ამისი კონკრეტული მაგალითი შინ ჰყავდა, მეფე-მსახიობი, ძმა, რომელიც ძმადნაფიცისა და მეგობრის ბოროტი ამბიციის მსხვერპლად იქცა. ალბათ, ამიტომაც (თუნდაც პროტესტის ნიშნად) თეატრისათვის ასე ჩვეული და დამახასიათებელი ინტრიგებისთვის არასდროს ეცალა. ეს, ნინიკო ჩხეიძის ძალიან ლამაზი, სურნელოვანი, სინაზითა და სიკეთით აღსავსე დღიურებია.
ხსოვნას შერჩენილი ზესტაფონი
„როცა დედაჩემს ვუსაყვედურე, არ შეგრცხვა, 22 წლის ვაჟკაცი თავზე გადგა და შენ პატარა ბავშვს აჭყავლებდი-მეთქი?! გაკვირვებულმა მიპასუხა: ბავშვის მუცლად მოწყვეტა უდიდესი ცოდვაა, ამას როგორ ჩავიდენდიო.
უშანგიმ და ჩემმა მეორე ძმამ რუსული განათლება მიიღეს, დანარჩენ ხუთ დას, მათ შორის მეც, საქართველოს გასაბჭოებამ მოგვისწრო – ზესტაფონში გაიხსნა სკოლები და აღარც რუსული ენა გვაწუხებდა და აღარც – ფრანგული. უზარმაზარი ადგილ-მამულების მეპატრონეები ვიყავით როგორც სოფელ ფუთში, ისე – ზესტაფონში. მაგრამ, კოლექტივიზაციის წყალობით, ჩამოგვართვეს ვენახები, ზვრები, ველები, მინდვრები, ტყეები და ზესტაფონში დაგვიტოვეს პატარა „შეკვრიტინებული“ ეზო, სადაც ჩემი მამაპაპეული ოდა დგას და, სადაც ახლა უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმია გახსნილი. გადასარევი მოსწავლე ვიყავი: სულ გადაჭიკჭიკებული იყო სკოლის საპატიო დაფა ჩემი სურათებით (ცოტა ტექნიკურ საგნებში მიჭირდა). სკოლაშივე ვწერდი ჯერ ლექსებს, მერე პროზაში მოვსინჯე ჩემი თავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვთამაშობდი პიესებში. მე-7 კლასში ვიყავი, როცა სასკოლო სპექტაკლში წუკას ბებია ვითამაშე. მეხვეოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გადასარევად ვასრულებდი როლს. განა რა უნდა მეთამაშა, მაგრამ უშანგის დაუკავშირეს ეს ყველაფერი. ვკითხულობდი ლექსებს...“
***
ზესტაფონიდან ნინიკო ჩხეიძე ძმასთან ჩამოვიდა – ეს იყო და-ძმის თანაცხოვრების პირველი შემთხვევა. მანამდე ის უშანგის იშვიათად, მხოლოდ ზაფხულობით ხედავდა ზესტაფონში და მაშინაც მამლებსა და ინდაურებს დასდევდა სახრით, რომ მათს ყივილსა და ქოთქოთს არ შეეწუხებინა დიდი მსახიობი. ახლა კი თბილისში ძმასთან ისეთი ზღაპრულ-რომანტიკული სულიერი გარემო დახვდა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც ინატრებდა. ეს იყო ხელოვნების საუფლოში დანთებულ სულთა ციაგი.
შთაბეჭდილებებმა, ნანახმა და განცდილმა „ჩემი ნაოცნებარი უნივერსიტეტი მიმატოვებინა. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა ყოფილიყო უშანგი ჩხეიძის იდუმალი სამყარო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. დავხურე უნივერსიტეტის ხუთივე კურსი, მაგრამ უკვე სახელმწიფო გამოცდებზე აღარ გავედი. მივედი ჩემს ძმასთან, წამოწოლილი იყო, რაღაცას კითხულობდა და ვუთხარი: მიშუამდგომლე მარჯანიშვილის თეატრის დირექტორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, შალვა ღამბაშიძესთან, რომ თეატრში მიმიღოს-მეთქი. უშანგი გაოცდა, წამოჯდა საწოლზე, მთელი კორპუსით შემობრუნდა ჩემკენ, გაშტერებული მომჩერებოდა. მერე მომკიდა ხელი, მიმიყვანა სარკესთან და მეუბნება: განა, რა განათლების პატრონი შენ ხარ: ჭკუა არა გაქვს, ნიჭი და გარეგნობა; რას გიგავს სიფათი, კაცი რომ დაგინახავს, გაიქცევა; ან რა როლები უნდა ითამაშო – რაღაც მთლად დალაგებული ვერ ხარო. რა თქმა უნდა, ჩემი ძმის დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ, რადგან ახლა ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, შევბედე და ვუპასუხე: რანაირი სიფათიც მაქვს, ისეთ როლებს ვითამაშებ-მეთქი. ბოლოს უშანგიმ მითხრა: რახან ასე გინდა მსახიობობა, და, რადგან თვალი უნდა დავხუჭო შენს ნიჭსა და გარეგნობაზე, აგერაა, ბატონო, თეატრალური ინსტიტუტი, შედი, ისწავლე, დაამთავრე და თეატრში მისვლაზე მერე იფიქრე. ასეთი თავხედი როგორ უნდა იყო, რომ ამხელა თეატრში, აკადემიურ თეატრში, მოგინდეს მსახიობობა. კიდევ სწავლა? ამდენი ხანი როგორ მოვიცადო, მე ახლავე მინდა მსახიობობა-მეთქი, – ვუპასუხე. მოკლედ, შევუწუხე გული, ორჯერ-სამჯერ შევახსენე კიდეც. მერე ამიხსნა: ასე ერთბაშად არ შემიძლია გადავწყვიტო შენი ბედი და მომავალი, დრო მჭირდებაო. გავიდა ორიოდე თვე და ერთხელაც ვხედავ, გაქათქათებული კონვერტი უჭირავს ხელში და მეუბნება: წადი ახლა მარჯანიშვილის თეატრში შალვა ღამბაშიძესთან, მიუტანე ეს კონვერტი, იქნებ მიგიღოსო... ეს იმხელა დათმობა იყო უშანგის მხრიდან, ისეთი მხარდაჭერა და ანგარიშის გაწევა თავისი უმცროსი დის მიმართ, რომ სიხარულით ლამის გული გამისკდა“.
სამსახიობო გზის დასაწყისი
„ფრთებგამოსხმულმა ჩავირბინე თეატრში. შალვა ღამბაშიძის მდივანმა მკითხა: რა გნებავთო. ავუხსენი, რომ წერილი გამომატანა უშანგი ჩხეიძემ-მეთქი. მანაც ერთბაშად წარმტაცა ხელიდან ეს კონვერტი და შეიტანა დირექტორთან. აწურული ვდგავარ კართან. ათი წუთის შემდეგ ოთახიდან მესმის სიცილ-ხარხარი. მივხვდი, რომ ბატონი შალვა ხმამაღლა კითხულობდა უშანგის წერილს. შევწუხდი: რა შეუბრალებლები არიან ჩემ მიმართ ჩემი ოჯახის წევრები, ნეტავ, რა წერია ასეთი იმ წერილში, რომ ხალხი გადაფიჩინდა სიცილისაგან-მეთქი. თურმე უშანგი სწერდა: გიგზავნით ჩემს დას. ეტყობა, ისეთი ნიჭიერია, რომ არ უნდა ქართველ ერს დაუკარგოს თავისი ტალანტი და, თუ შესაძლებელია, მიიღეთ თეატრშიო. ბატონი შალვა გამოვიდა, მომეფერა, დამიყვავა და მითხრა: გამიხარდა, ეს სურვილი რომ გაგჩენია. უშანგი ისე არ გამოგგზავნიდა ჩემთან, რამე სახეიროს რომ არ გატყობდესო. თავად მე უშანგი სცენაზე არ მინახავს. როცა თბილისში ჩამოვედი, მას თეატრი უკვე მიტოვებული ჰქონდა. როგორც გითხარით, ჩვენ შვიდნი ვიყავით, მე – ნაბოლარა, რომელიც ყველას ფეხებში ვებლანდებოდი და ვინ ჩამომიყვანდა აქ უშანგის სცენაზე სანახავად?! 1926-1927 წლებში უშანგის ზესტაფონსა და ქუთაისში ჰქონდა გასტროლები, მაგრამ არც იქ წამიყვანეს. დედაჩემმა მითხრა: რვა საათზე ქათამივით გეძინება და სად გაპორწიალო. რად გინდა წარმოდგენის ნახვა. აგერ გყავს მარჯანიშვილი, ახმეტელი, ხორავა, ვასაძე, ჭავჭავაძე და ანჯაფარიძე... ჩვენს ეზოში ქეიფობენ და აქ უყურე, ეს უფრო საინტერესოაო – ასე მატყუებდნენ“! როცა მარჯანიშვილის თეატრში მიმიღეს, ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“ იდგმებოდა. მასიურ სცენაში დამაყენეს: ისეთ მიზანსცენაში მოვხვდი, რომ აქეთ მედეა ჯაფარიძე დამიდგა გვერდით და იქით – მარინე თბილელი. ტირილი დავიწყე და ვთხოვე ვახტანგ ტაბლიაშვილს: ცოტა სხვაგან გადამიყვანეთ, ამ ორი ლამაზმანის გვერდით მე, მათხოჯი რომ ვდგავარ-მეთქი. ეგ არაა თქვენი საქმე, ბატონო, დადექით იქ, სადაც მე დაგაყენეთ! – მიპასუხა“.
***
სანამ სცენაზე ფეხს დადგამდა, ნინო ჩხეიძესთან მივიდა სერგო ზაქარიაძე (რომელიც ზესტაფონში მისი მეზობელი იყო) და უთხრა: „გილოცავ თეატრში მოსვლას! არასოდეს დაგავიწყდეს, რომ უშანგის და ხარ“.
„ტყავში ვძვრებოდი, რათა პატარა როლით მეთქვა დიდი სიტყვა. ფაქტურა არ მქონდა, რომ გმირები მეთამაშა. ხანდახან, როცა როლის გაგება გამიჭირდებოდა, უშანგის ვთხოვდი: დამეხმარე გააზრებაში-მეთქი. ასე მიპასუხა: წადი, დადექი მარჯანიშვილის თეატრის კულისებში, უყურე, როგორ თამაშობენ „ვარსკვლავები“ და ისწავლი, როგორ უნდა არტისტობაო. რაღაცას რომ წავუკითხავდი, არ შემომხედავდა, თავდახრილი მისმენდა. ერთხელაც ვკითხე: რატომ არ მომჩერებიხარ-მეთქი? – მე რომ შემოგხედო, მაშინვე შეგეშლება, მთავარი ძაფი გაგიწყდება და დაიბნევიო. დღეს სიამოვნებით ვამბობ, რომ დამთავრებული მაქვს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დაოსტატების აკადემია!“
***
თავისი სამსახიობო კარიერის მწვერვალად ცირუნიას როლს მიიჩნევს სპექტაკლში „მთვარის მოტაცება“. ამდენი სახასიათო როლების შემდეგ თეატრში, კინოსა თუ სატელევიზიო დადგმებში, ცირუნია იყო პირველი დრამატული როლი. თარაშ ემხვარს მერაბ თავაძე თამაშობდა.
„ერთ რეპეტიციაზე სპექტაკლის რეჟისორი რეზო მირცხულავა პარტერიდან მეუბნება: დაიჩოქე და წვივები დაუკოცნე თარაშს, შენი გაზრდილიაო. მე ვუთხარი: დაიცადეთ, ბატონო რეზო, ორი დღეა ეს თავაძე რაც თეატრში მოვიდა, გავიცნო კარგად და მერე მუხლებსაც დავუკოცნი და ფეხებსაც-მეთქი. ამის შემდეგ თავაძე ჩემთან გადმოსახლდა, დამდევდა უკან, რომ შეეყვარებინა ჩემთვის თავი. დამყვებოდა პურზე, ბაზარში, თეატრში... ყველგან და მე რა გული მომითმენდა, ისეთი ვაჟკაცი, როგორიც მერაბია, არ შემყვარებოდა. ის იყო თარაშ ემხვარის როლის ერთ-ერთი დიდებული შემსრულებელი. კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდა ყველა რეპეტიციას. ერთ სცენაში ვუყვებოდი თარაშს, როგორ გარდაიცვალა დედამისი – რომ შაბათ საღამოს თავი დაიბანა, ილოცა, დაწვა და მერე აღარც ამდგარა, ნათელი დაადგეს მის სულს! თარაში დედის სავარძელში იჯდა, მისი „ფსალმუნნი“ ეკავა ხელში, ცრემლიანი თვალი უციმციმებდა და მეუბნებოდა, მიმღერე რამეო და მეც ვმღეროდი – „მოუოხე ბატონებო“... ჩონგურზე მასწავლეს დაკვრა და თავად ვუკრავდი. მერე მეტყოდა, „შოუ ნანაც“ მიმღერეო და მასაც ვმღეროდი. ამ დროს ბატონი კონსტანტინე პარტერიდან ამოხტა სცენაზე, დამიკოცნა სახე, მეფერა... ეს სურათი აჩვენეს ტელევიზიითაც, როგორც ერთგვარი რეკლამა მაყურებლის მოსაზიდად წარმოდგენაზე“.
მრავალსახეობა სიყვარულისა
„ჩემს ჯგუფში, ჯერ ბაღში და მერე სკოლაში სწავლობდა, ლევიკო საყვარელიძე, ძალიან მომწონდა და მიყვარდა, თუმცა ეს სიყვარული ჩემს გულში ჩუმი და უთქმელი იყო. ჯერ ერთი, პატარა, ღლაპი ვიყავი და რას ვიტყოდი, ვერც გავბედე და, მეორეც, რამე რომ მეთქვა, ჩემი ძმა ხომ ლეკურით წამაცლიდა თავს. ეს სიყვარული ზესტაფონში დარჩა! მერე ხახუტა გოცაძეს შევუყვარდი, კაი ბიჭი იყო ხახუტა, მაგრამ მე გლეხს ვერ გავყვები-მეთქი, – გამოვაცხადე. ამის გამო ლექსიც მომიძღვნეს. „ჩხეიძე ნინო, ვიქტორის შვილო, / ხახუტასთვის სიცოცხლე ხარ, ოქროზე ძვირო, / ძაან ნუ გაიპრანჭები, შე მარტო ცხვირო!“ მიყვარდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, მაგრამ გურანდასი მეშინოდა; მიყვარდა რეზო ჭიჭინაძე (რეზო ვის არ უყვარდა, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი, მთელი ქალაქი მასზე იყო შეყვარებული). მიყვარდა გივი ბერიკაშვილიც. ედუარდ შევარდნაძე მეთორმეტე სიყვარული იყო...“
***
2010 წელს, ფეხი რომ მოიტეხა, ქირურგი, ტრავმატოლოგი ლუხუმ ჭანტურია შეუყვარდა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა 91 წლის ნინიკო ჩხეიძეს, ისეთი მომხიბვლელი ქირურგი ადგა თავზე. ამ „უკანასკნელი სიმღერა-გრძნობის“ შესახებ წერილიც დაწერა: „ბებრის ყვავილობა“ დაარქვა. თუმცა, ეს რომანტიკული გატაცებანი, „სიყვარულები“, ხანმოკლე იყო, რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ასეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ქორწინება.... მომავალი მეუღლე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ტატიშვილი, მუსიკალური ნიჭისა და ტალანტის უპირატესობით შეარჩია. ჩემმა ძმამ მოლოცვაც ვერ მოასწრო, ისე მალე დავშორდით ერთმანეთსო, – დანანებით გაიხსენა. კარგად ახსოვს, როგორ შეაფასა უშანგიმ მისი საქმრო, როგორც უაღრესად განათლებული, ერუდირებული და ჭკვიანი. „ძალიან მიყვარდა გოგი ტატიშვილი და დღესაც მიყვარს! როცა ის წამიმღერებდა: „რû ïîñòîé, ïîñòîé, êðჭñჭâèöჭ ìîÿ!“ – თავი ყველაზე ბედნიერ და ლამაზ ქალად წარმომედგინა!“ ამ ერთადერთი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, ისიც მსახიობი, ქალბატონი მაია ტატიშვილი, რომელიც ბიძისა და მშობლების თეატრში საიმედო დასაყრდენ ბოძად დგას, ერთგული მეგობარი და ნიჭიერი მსახიობი! შვილთაშვილიც სამსახიობო გზას გაჰყვა, – ტრადიცია გრძელდება!
არშემდგარი „რომანი“
„საახალწლოდ ტელევიზიით გაუშვეს ვაჟა-ფშაველას „ტყის კომედია“, თაგვს ვთამაშობდი. ცოტა ხანში მომივიდა წერილი, მწერდა ვინმე ტალახაძე, 40 წლით ჩემზე უმცროსი. როგორც ჩანს, აფიშაზე მოეწონა ჩემი სახელი, გვარი, ტიტულები (სახალხო არტისტიც რომ ვიყავი, ალბათ, ესეც) და მაინცდამაინც მე მომწერა, თანაც წერილს დაურთო ამონაწერები, ქსეროქსზე გადაღებული წითელი ჯვრისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციიდან, სადაც კი უმუშავია. გადასარევი წერილი იყო – 10 ფურცელი. მეკითხებოდა: თუ გაქვს აგარაკი მთაში, ბარში, ზღვაზე; თუ გყავს მანქანა, რა მარკის, რა ფერის, როგორი ნომრებით; ვინ გყავს ზემდგომ ორგანოებში ნაცნობები; რა აზრის ხარ ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობაზე, შევთანხმდეთ და დავქორწინდეთო (ს. მეტრეველი). წერილს თავისი სურათიც მოაყოლა – აწოწილი იყო, გრძელი-გრძელი, ჩურჩხელასავით! კითხვის ნიშანს ჰგავდა, ისეთი იყო, მაგრამ, რადგან არ ვუპასუხე და მისი გრძნობები არ მივიღე, როგორც ჩანს, ეწყინა! ამ ამბიდან ცოტა ხანში კრება დაინიშნა თეატრში. პენსიაზე არ გაუშვათ მსახიობებიო? – ამბობდა გაიოზ კანდელაკი. ვინ არიან საპენსიო ასაკისო? – იკითხეს დარბაზიდან. ასეთთა ჩამონათვალში ჩემი გვარიც გაისმა. უცებ წამოხტა შოთა მშვენიერაძე: რას ამბობთ, ქალი თხოვდება, 40 წლით უმცროს ბიჭზე უნდა დავაქორწინოთ და ახლა უშვებთ პენსიაზე, არ გრცხვენიათო?!. დაწვა თეატრი, ხოხავდნენ პარტერში, ისეთი ამბავი ატყდა ამ კრებაზე“.
მადლობითა და იმედით
„დედა იყო მეასე წელში, როცა კვდებოდა. ამ დროისთვის უკვე მისი ყველა შვილი მიწაში იწვა. გარდაცვალების წინ სასთუმალთან ვეჯექი, მითხრა: გახსოვს, რომ მსაყვედურობდი, რატომ გამაჩინე, როცა ამხელა შვილები გყავდა უკვეო?! – ამიტომ გაგაჩინე, რომ შენ ახლა ტკბილად დამიხუჭავ თვალებს და ბედნიერი წავალ იმ ქვეყნად. გაგაჩინე, რომ ერთი შვილი მაინც მადგეს სიკვდილის წინ თავზე. დედაჩემის მამა, ვანო ვაშაძე, 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, გენეტიკა კარგი მაქვს! სხვათა შორის, ეს ის ივანე ვაშაძეა, 10 წლის უშანგი ჩხეიძე რომ წაიყვანა ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირზე“, რომელშიც დარისპანის როლს ვალერიან შალიკაშვილი ასრულებდა. ნანახითა და შალიკაშვილის თამაშით გაოგნებულ უშანგის ბაბუისთვის უთქვამს: აი, ბაბუა, მეც მაგისთანა მსახიობი მინდა გამოვიდეო!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან