საზოგადოება

როგორ ერიდებოდათ უხეშობის ბორის პაიჭაძესთან მოწინააღმდეგეებს მოედანზე

№20

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 24.05

ბორის პაიჭაძე
დაკოპირებულია

განრისხებული ქართველებით სავსე გასახდელი შიშის მომგვრელი სანახაობაა. დინამო „თბილისი“ „ცსკა-სთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 1:4 აგებდა და ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა მეორე ადგილზე გადასვლის შანსი, რომელზედაც იმ დროისთვის სწორედ მათი მეტოქე იმყოფებოდა. გასახდელში დინამოს მაშინდელი მწვრთნელი, მიხაილ ბუტუსოვი შევიდა და დაძაბულობის დონემაც იკლო. მწვრთნელმა თბილისელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორს, ახალგაზრდა ბორის პაიჭაძეს შეხედა. ის იყო ერთადერთი შემტევი, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული ტაქტიკით, ერთ ხაზზე განლაგებული ხუთი შემტევით თამაშის დროს, თავისუფალი მხატვრის როლს ასრულებდა, რის გამოც საბჭოთა მწვრთნელებისგან კრიტიკის მოსმენა უწევდა. ბუტუსოვმა კი მოსკოველებთან შესვენების დროს განაცხადა: „ან ყველა ფორვარდი ითამაშებს, როგორც ბორია, ან მეორე ადგილი თქვენთვის არ არის!“ ამ მომენტამდე 35 წლით ადრე, ფეხბურთი საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ადგილობრივები, ძირითადად, ლელოს თამაშობდნენ – სპორტის სახეობას, რომელიც რაღაცით რაგბის ჰგავს, თუმცა ბურთი გაცილებით მძიმეა და ზოგ შემთხვევაში 16 კილოგრამსაც კი იწონის... ადრე თუ გვიან, ტრადიციულს ყოველთვის ცვლის რაღაც ახალი და, როგორც წესი, ეს სიახლე სხვა ქვეყნიდან შემოდის. ამჯერად, ბორის პაიჭაძის ცხოვრების ეპიზოდებს გადაგიშლით.

ფეხბურთი საქართველოში ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ ფოთის პორტში და ადგილობრივი ახალგაზრდებიც დააინტერესეს მათთვის უცხო ხილით, თუმცა უფროსებს ახალი თამაშის მიღება გაუჭირდათ. მაგალითად, სოლომონ პაიჭაძეს, რომელიც ფოთის პორტში მტვირთავებს ხელმძღვანელობდა, სძულდა ფეხბურთი. როდესაც ბავშვები სოლომონს ხედავდნენ, ბურთს მალავდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ. უფროსი პაიჭაძე ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობიანი ლიდერი იყო. რევოლუციური 1905 წლის გაფიცვის დროს მან ფოთში დასარბევად გამოგზავნილი დესანტის შეჩერება საუბრით შეძლო, რის გამოც ერთი თვე ციხეში გაატარა. სოლომონს ექვსი შვილი, ოთხი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავდა. გამორჩეული კი ბორისი იყო, რომელიც სკოლაში შესანიშნავად სწავლობდა და კლასში ნამდვილი ლიდერი იყო. ერთადერთი, რაც სოლომონს პატარა ბორისის ქცევაში აღიზიანებდა, მისი ფეხბურთისადმი სიყვარული იყო, რომელმაც უმცროსი პაიჭაძე ფოთის ნაკრებამდე მიიყვანა. სოლომონი მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, რომელშიც ბორისმა დუბლი შეასრულა, თანაგუნდელებმა ის ჰაერში აიტაცეს... პაიჭაძის საფეხბურთო კარიერის შემდეგი ნაბიჯი სევასტოპოლს უკავშირდება, სადაც ფოთის ნაკრები უკრაინული ტურნეს ფარგლებში გაემგზავრა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და 10 ფეხბურთელი კავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში მიიწვიეს. ათეულში ბორის პაიჭაძეც მოხვდა, რომელმაც ინსტიტუტის გუნდის რიგებში საბჭოთა კავშირის 1935 წლის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრას ლავრენტი ბერია ესწრებოდა და იმდენად მოიხიბლა ახალგაზრდა პაიჭაძის თამაშით, რომ ბორისის თბილისის დინამოში გადაყვანის ბრძანება გასცა. 1937 წელს ბორის პაიჭაძე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიიღო. სანაკრებო დონეზე პაიჭაძეს არ უთამაშია, რადგან მისი მოღვაწეობის პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრები, უბრალოდ, არ არსებობდა. ფეხბურთელის ახლობლებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ბორისი ლავრენტი ბერიას საყვარელი მოთამაშე იყო. მაგრამ, ამან ხელი არ შეუშალა ბორისის მამის, სოლომონ პაიჭაძის დაპატიმრებას. მკაცრი და სამართლიანობის მოყვარული ქართველი, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, პარტიისთვის მიუღებელი იყო. 1936 წელს პაიჭაძე ბერიას პირადად შეხვდა, მაგრამ მამის გათავისუფლებაზე საუბარი მოერიდა.

საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ

1936 წელს, როდესაც ბერიასთან გამომიძახეს, მამაჩემის შესახებ თქმა ვერ გავბედე. 1942 წელს, მოსკოვში ყოფნისას ბერიასთან შეხვედრა მოვითხოვე, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები თავის შეკავებას მთხოვდნენ, რადგან ეგონათ, რომ პრობლემები შემექმნებოდა. საბოლოოდ, ბერიასთან შეხვედრა შედგა და მამაჩემის პრობლემის შესახებ ვუამბე. მითხრა, რომ ყველაფერს გაარკვევდა და კაბინეტში შევიდა. შემდეგ დაბრუნდა და თქვა: „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მამაშენი გარდაიცვალა. აქამდე სად იყავი, ბორია?“ – იხსენებდა პაიჭაძე ვადიმ ლეიბოვსკისთან ინტერვიუში. ახლა კი გადავხედოთ, რას წერს საკუთარ ცხოვრებაზე ლეგენდარული ფეხბურთელი.

კვაჭიჭა

„7 წლის ვიყავი, როცა ფოთის ოთხკლასიან სკოლაში დავიწყე სწავლა. იმ დროს ფეხბურთი ფოთში ძალიან პოპულარული იყო და ბიჭები თამაშებს არ ვაცდენდით. ქალაქში ბევრი გუნდი იყო: ფოთის პირველი და მეორე ნაკრები, ნავსადგურის მუშათა გუნდი, „ურანი”, „რემედასი”, გემთმშენებელი ქარხნისა და რკინიგზელთა გუნდები... საუკეთესო გუნდები მინდორზე თამაშობდნენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაშინ ფოთის საფეხბურთო მინდორი ერთადერთი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. რომ იცოდეთ, რა გუნდების მატჩები მინახავს იქ! მაშინ ჩვენთვის, პატარა ბიჭებისთვის, მთავარი მატჩებზე უბილეთოდ მოხვედრა იყო. ჭიშკარს მკაცრი ალე გაბისონია იცავდა, მტრისას, თუ უბილეთოდ დაგიჭერდა! ჩვენი სახლიდან სტადიონამდე 700 თუ 800 მეტრი იყო, მე და ჩემი მეგობრები, როგორც წესი, ჯერ ჩემთან ვიკრიბებოდით და მერე ერთად მივდიოდით თამაშებზე. მე და ჩემი თანატოლები თითქმის ყოველდღე ვთამაშობდით. ძალიან გვეხმარებოდა ყველასთვის საყვარელი და მისაბაძი ფოთელი კაცი ხიტუ ჯაიანი, ნამდვილი ათლეტი და ერთ-ერთი პირველი ტანმოვარჯიშე. სხვათა შორის, იმ დროს ტანვარჯიში ძალიან პოპულარული იყო. ტანმოვარჯიშეთა საქალაქო ნაკრებში ხიტუს გარდა ურდუ ნაჭყებია და კაკო ქოიავაც ირიცხებოდნენ. მახსოვს, მათ საჩვენებელ გამოსვლებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. 1929 წელს, 14 წლისა, პირველად ჩამოვედი თბილისში: მოსწავლე კალათბურთელთა საქალაქო ნაკრების შემადგენლობაში პიონერთა რესპუბლიკურ ჩემპიონატში უნდა გვეთამაშა.

როცა წამოვიზარდეთ და ჩვენი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, დაბებსა თუ ქალაქებშიც დავიწყეთ თამაში. პირველი გასვლითი მატჩი სუფსაში გავმართეთ. 16 წლისა უკვე ფოთის ნაკრებში ვირიცხებოდი. ერთხელ, დაღლილ-დაქანცულები ბათუმიდან მატარებლით ვბრუნდებოდით. გზაში გურული გლეხები დაგვემგზავრნენ, კუპეში მსხლით სავსე კალათები შემოგვიწყვეს და თვითონ პაპიროსის მოსაწევად გავიდნენ. ვერ მოვითმინე, ერთს ხელი დავტაცე და მაგიდის ქვეშ შევძვერი, ავტეხე ერთი ხრაშა-ხრუში! შემცბარმა ეფრემ ლაითაძემ მკითხა, მანდ რას აკეთებო. თავი გამოვყავი და მთელი სერიოზულობით ვუპასუხე: მაცადე, კვაჭიჭა მსხალს ვჭამ-მეთქი. იმ დღის შემდეგ ფოთელები კარგა ხანს კვაჭიჭას მეძახდნენ.

დეპეშა

რადგან ნავსადგურის მუშათა უბანში ვიზრდებოდი, პატარაობიდანვე შორეულ მოგზაურობასა და ნაოსნობაზე ვოცნებობდი. მეზღვაურობა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რამდენიმე უცხოურ ენაზე შესანიშნავად მოსაუბრე, იმხანად ხანშიშესული, მაგრამ მკვირცხლი და ხალისიანი კაცი – ვლადიმერ მარჯანიშვილი გავიცანი. ბატონი ვლადიმერი ლეგენდარული კოტე მარჯანიშვილის ძმა და ფოთის მუშათა კლუბის პიონერული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლდათ. 1933 წელს ფოთის საზღვაო ტექნიკუმი მეორე თანრიგის მექანიკოსის ატესტატით დავამთავრე, თუმცა ბურთთან მეგობრობა არც მაშინ შემიწყვეტია... ივლისში, ტექნიკუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ფოთის პირველობაზე ვითამაშე გემთმშენებელი ქარხნის გუნდში – მარჯვენა გარემარბი აკლდათ და მისი ადგილი დავიკავე. ბუცები სწორედ მაშინ ჩავიცვი პირველად! თამაშის შემდეგ სამუშაოდ ტუაფსეში გავემგზავრე, სადაც მოტორისტად მოვეწყვე გემ „ტენდრაზე”. ხუთი თვის შემდეგ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, საოკეანო გემ „მეტალისტზე” გადამიყვანეს. მალე ერთკვირიანი შვებულება მომცეს და მითხრეს: გემი ბათუმში დაიტვირთება და შემდეგ ლონდონისკენ წავა, შინ წადი და მერე ბათუმში შემოგვიერთდიო. ვფიქრობდი, რომ ოცნება მალე ამიხდებოდა და უცხოეთის ქვეყნებს ვნახავდი, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ? დედაჩემისგან ავისმომასწავებელი დეპეშა მივიღე: სასწრაფოდ ჩამოდი, მამას სულზე თუ მოუსწრებო. პირველივე თბომავალს გავყევი! ფოთში შუაღამისას ჩავედი, შინ ფეხაკრეფით მივედი, მაგრამ ვხედავ სინათლე არ ანთია და დარაბებიც დახურულია. გულისკანკალით დავაკაკუნე. დედაჩემი შემეხმიანა, რომელი ხარო? ბორია ვარ-მეთქი და ატეხა ყვირილი: სოლომონ, სოლომონ, ადექი, ჩვენი ბიჭი ჩამოსულაო! სიხარულისგან მამას გადაცმა დაავიწყდა, საცვლებისამარა იდგა და მიღიმოდა. ვუსაყვედურე, ეს რა ხუმრობა იყო-მეთქი?! დეპეშის ამბავი მეორე დღეს გავიგე: თურმე ბათუმის და ფოთის ნაკრებთა მატჩი საქართველოს პირველობაზე ფრედ 1:1 დასრულებულა, ბათუმელებს კი შედეგი გაუპროტესტებიათ და გადათამაშება ნეიტრალურ მოედანზე, თბილისში დაუნიშნავთ. მეგობრებს უფიქრიათ, ბორიას გარეშე ვერაფერს გავხდებითო და დეპეშაც ამიტომ მომწერეს. სწორედ მეგობრების ეგოიზმმა და ეშმაკობამ გადაარჩინა პაიჭაძის სიცოცხლე, რადგან რეპრესიების დროს კონტრრევოლუციური ქმედებების ბრალდებით პირველ ყოვლისა იმ პირებს იჭერდნენ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.

ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არც დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემის თხოვნამ გაჭრა. თბილისში, ლენინის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ, 2:1 მოვიგეთ. ორივე გოლი მე გავიტანე! იმ შეხვედრის შემდეგ თბილისში გადასული ფოთელი ბიჭების ალყაში მოვექეცი. ერთ-ერთი მათგანი კაკო ყალიჩავა იყო, რომელიც 17 წლისა უკვე ფოთის ნაკრებში თამაშობდა. ბევრი ვისაუბრეთ, საბოლოოდ კი კაკოს და სხვების თხოვნით, თბილისში რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. ჯერ მოსამზადებელი კურსების მსმენელი გავხდი, 1934 წლიდან კი პირველ კურსზე ჩავირიცხე... 1935 წელს დაუვიწყარი ტურნე გვქონდა დონბასში – ერთი თვის განმავლობაში 29 მატჩი გავმართეთ და ერთიც არ წაგვიგია! კაცმა რომ თქვას, არც არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ იმ დროს ჩვენს ლექსიკონში სიტყვები „წაგება”, „დავიღალე” და „აღარ შემიძლია” არ არსებობდა!

ბასკების „სულიკო“ და მეორე მსოფლიო ომი

1936 წელს თბილისის „დინამოში” მოვხვდი... რაც დრო გადიოდა, დინამოელები სულ უფრო პოპულარულები ვხდებოდით. ახალგაზრდები ვიყავით და სახელ-დიდების გაძლება, რა დასამალია და, გვიჭირდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთ მშვენიერ დღეს შურა დოროხოვს ვარჯიშზე ეტლით მისვლა მოუნდა. თბილისის უკანასკნელი მეეტლეები მაშინ კინო „ოქტომბერთან” იკრიბებოდნენ. მოკლედ, მივიდა ჩვენი შურა და ეუბნება, ფული არ მაქვს, წამიყვანე და ადგილზე გადაგიხდიო. მეეტლემ იუარა. შურამ არ დაიხია, ესა და ეს ვარ, „დინამოში” ვთამაშობო. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გაბრაზებულმა მეეტლემ მათრახი გადაუჭირა. შურამ ორი დღე ვერ ივარჯიშა – ავადმყოფობა მოიმიზეზა! ისეთ მატჩებს, როგორიც „დინამოსა” და ბასკეთის ნაკრების დაპირისპირება იყო, არავინ ივიწყებს, ასეთი შეხვედრები იმთავითვე ისტორიის კუთვნილება ხდება! ბასკები შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები… თამაშის შემდეგ დინამოელებმა სტუმრებს რესტორან „ორიენტში” ვუმასპინძლეთ. შუა ქეიფის დროს რომელიღაც ჩვენიანმა „სულიკო” წამოიწყო, ბასკები კი, ჩვენდა გასაკვირად, მას სასიამოვნოდ აჰყვნენ. დიდებული საღამო იყო! მერე გვითხრეს, რომ სტუმრებს „სულიკო” არაერთხელ უმღერიათ მოსკოვსა და ლენინგრადში.

1941 წელს ჩვენ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ იცით რამაც შეგვიშალა ხელი? 22 ივნისს, როცა ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ შევიტყვეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, სინამდვილეში რა ხდებოდა, თუმცა მთავარი უკვე მომხდარიყო – ხალხის სულიერი სიმშვიდე დაირღვა. 24 ივნისს ლენინგრადში „დინამოს” 3:2 მოვუგეთ და მოსკოვის „დინამოსთან” ერთად ლიდერები გავხდით, თუმცა იმ ჩემპიონატში აღარ გვითამაშია. ჩვენ სრული შემადგენლობით შევუერთდით საბჭოთა არმიას – მე, მაგალითად, უშიშროების ორგანოში დავიწყე მუშაობა. ფეხბურთს ომის დაწყებიდან ორ წელიწადში დავუბრუნდი. ერთ მშვენიერ დღეს თბილისის დინამოელები შეგვკრიბეს და გვითხრეს, ამხანაგური თამაშებისთვის მოვმზადებულიყავით. ერთ-ერთი მატჩი სტალინგრადში უნდა ჩაგვეტარებინა, მიწასთან გასწორებულ ქალაქში. მატარებლით ჩავედით – ჩვენი, ფეხბურთელების ვაგონი სამხედრო შემადგენლობის ბოლოში იყო ჩაბმული. უნდა გენახათ, ხალხი რა სიხარულით გვხვდებოდა – ადგილობრივ „ტრაქტორთან” თამაშს უამრავი ადამიანი დაესწრო!..

ყველაზე მძიმე ტრავმა

1947 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის თასის მატჩში მოსკოვის „ტორპედოსთან” დავშავდი. იმ მომენტში, როცა ფეხი ვიტკინე, ნიკოლაი მოროზოვს ვეთამაშებოდი. წლების შემდეგ ის საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა... მოგვიანებით მინდორს კი დავუბრუნდი, მაგრამ ძველებურ დონეს ვერასდროს მივაღწიე. იმ ტრავმის შემდეგ სხვადასხვა ექიმს მივმართე, თბილისიდან წყალტუბოშიც გამგზავნეს სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოგვიანებით მოსკოვში ცნობილ ქირურგს აბრამ ლანდასაც ვეწვიე – ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. დადგინდა, რომ გვერდითი მყესი მქონდა გაწყვეტილი. თავიდან ლანდა ოპერაციას უარობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამთანხმდა. ცხრა თვის შემდეგ დავუბრუნდი მინდორს. ომის გამო გაცდენილი წლების ჩათვლით, მთელი ხუთი წელიწადი გამიცდა! როცა ამაზე ვფიქრობ, ძალიან მწყდება გული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...