საზოგადოება

როგორ ემალებოდა ვალერიან თევზაძე ორმოცი წელი საბჭოთა არმიას და რა თანხა დააწესეს მის ხელში ჩასაგდებად

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.02, 2023 წელი

ვალერიან თევზაძე
დაკოპირებულია

ვალერიან თევზაძე პირველ მსოფლიო ომში კაპიტნის ჩინით მსახურობდა, სადაც მთავარი მოვალეობის შესრულებასთან ერთად, ქართველ ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას უწყობდა ხელს. ის თბილისში 1917 წლის დეკემბერში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში კი დამოუკიდებელი საქართველოს არმიის რიგებში იყო და მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელთა, მესხეთის აჯანყებულ მაჰმადიანთა და საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში. იყო საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო წესდებებისა და ინსტრუქციების შემმუშავებელი კომისიის მდივანი, რომლის თავმჯდომარეც გენერალი ილია ოდიშელიძე გახლდათ. ვალერიანი ასევე ასრულებდა საიდუმლო სამხედრო მისიებს ოკუპირებულ აჭარასა და სოჭის ოლქში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. მან თავი შეაფარა ჯერ თურქეთსა და გერმანიას, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. მასაც, ისევე, როგორც ბევრს, იმედი ჰქონდა, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ თურმე, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.

„ჩემი იმედი, რომ ბოლშევიკთა მმართველობა რუსეთში დიდხანს არ გასტანდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. რუსეთის ხალხი, მიჩვეული მონობას ჯერ მონღოლებისას და მერე ოთხასწლოვან დესპოტურ მეფის რეჟიმს, უყოყმანოდ დაემორჩილა ბოლშევიკურ ხელისუფლებას”, – წერდა თევზაძე მემუარებში.

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლონეთთან იმ მიზნით, რომ მათ თავის უმაღლეს სამხედრო სკოლებში მიეღოთ ქართველი ოფიცრები. პოლონეთის მაშინდელმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია, მათ შორის იყო ვალერიან თევზაძეც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში. მათ შეინარჩუნეს საქართველოს მოქალაქეობა და როგორც უცხოელები, არ იყვნენ ვალდებულნი, ომის შემთხვევაში მასში მონაწილეობა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, ყველა ქართველმა ოფიცერმა გამოთქვა სურვილი ემსახურა პოლონეთის არმიის საფრონტო ერთეულებში.

ვალერიან თევზაძემ პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში მოიპოვა დიპლომირებული ოფიცრის წოდება. ის, ასევე, სწავლობდა სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად კი, ასწავლიდა რემბერტოვის ქვეითთა საწვრთნელ ცენტრში. იმ პერიოდში პოლონეთის მიერ წარმოებულ ყველა სამხედრო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 1939 წლის სექტემბერში ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის დროს, იგი სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს და გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს – Virtuti Militari-ის ვერცხლის ჯვარი დაიმსახურა.

ერთ–ერთი ბრძოლის დროს ვალერიან თევზაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ვერმახტის ქართველი ოფიცრების ჩარევით. პოლკოვნიკი თევზაძე „ტომაშის“ ფსევდონიმით შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. 1944 წელს დაინიშნა – Armia Krajowa-ს მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.

პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გერმანელებმა „ვოისკო პოლსკეს“ ყოფილი პოლკოვნიკის თავი დიდ თანხად – 200 ათას რაიხსმარკად შეაფასეს, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაიგდეს. ვალერიან თევზაძე, რომელსაც გერმანელები მთელ პოლონეთში ეძებდნენ, გამოგონილი სახელით ლეგალურად ცხოვრობდა იქვე, ერთ პატარა ქალაქში. დღისით მშვიდობიანი მოქალაქე ღამით მრისხანე მოწინააღმდეგედ იქცეოდა და თანამებრძოლების რაზმთან ერთად მოსვენებას არ აძლევდა ფაშისტებს. პოლონელი პარტიზანების მოუხელთებელ მეთაურს, რომელსაც პოლონელები „კავკასიელ არწივს“ უწოდებდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში თავისი აგენტურაც ჰყავდა, რომლის საშუალებითაც მან ტყვე ქართველებთან კონტაქტის დამყარება მოახერხა, ბანაკებიდან გაქცევაში დაეხმარა და თავის პარტიზანულ რაზმში ჩარიცხა.

1944 წლის ივლისში „არმია კრაიოვას“ ხელმძღვანელობამ ურჩია ქართველ ოფიცრებს, მოსალოდნელი რეპრესიების გამო წითელი არმიის შემოსვლისთანავე დაეტოვებინათ პოლონეთი. ვალერიან თევზაძემ დარჩენა ამჯობინა და საბჭოთა რეპრესიების თავიდან ასაცილებლად შეცვლილი სახელითა და გვარით – ვალერი კრიჟიჟანოვსკი – ორმოცი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა პოლონეთში. აქვე გარდაიცვალა კიდეც ღრმად მოხუცებული, 93 წლის. როცა საბჭოთა არმიამ პოლონეთი დაიპყრო და თავისი რეჟიმი დაამყარა, ძალოვანი სტრუქტურები ძალიან ეცადნენ, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. ვალერიან თევზაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თავი იატაკქვეშეთს შეაფარეს და ანტიკომუნისტური ორგანიზაცია „მებრძოლი პოლონეთი“ დააარსეს. მან არც თავისი მეუღლის ნამდვილი ვინაობა გაამხილა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ დად აცნობდა საზოგადოებას.

ანდერძის თანახმად, პოლკოვნიკ თევზაძის საფლავზე მისი ნამდვილი სახელი და გვარია მითითებული და აწერია ეპიტაფია: „როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელი ერის მიწაში”.

ვალერიან თევზაძე სამწერლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან ვარშავაში პოლონურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „კავკასია. გეოგრაფიული აღწერილობა“. პარიზში გამომავალ ჟურნალ „ივერიაში“ კი გამოქვეყნდა მისი მემუარები – „განვლილი გზა“.

2009 წელს ძერჟონიუვში გაიხსნა ვალერიან თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი, რომელიც დგას იმ შენობის წინ, სადაც ის ომის შემდეგ მრავალი წელი მუშაობდა. იმ სახლს კი, სადაც პოლონეთის არმიის ქართველი პოლკოვნიკი 40 წელი ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაუკეთეს.

გამოყენებული მასალების წყარო: თევზაძე ვალერიან // ქართველები უცხოეთში; გრიშიკაშვილი, ამბროსი. პოლონეთის არმიის ზოგიერთი ქართველი კონტრაქტის ოფიცრის ბიოგრაფია: ორი სამშობლოს გმირი ვალერიან თევზაძე // ქართველები პოლონეთში; ვალერიან თევზაძე... / გიორგი კალანდია // ქართველები პირველ მსოფლიო ომში; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა