საზოგადოება

როგორ ეხმარება ნონა გოგოლაური ადამიანებს განკურნებაში და რა სასწაულის ძალით შეძლო თავად უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ფეხზე წამოდგომა

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 19.09, 2023 წელი

ნონა გოგოლაური
დაკოპირებულია

ნონა გოგოლაურის ცხოვრება სასწაულებით არის სავსე. ის უმძიმეს დაავადებას ებრძვის და გამოკვლევების პასუხების მიხედვით, ახლა სიარულიც კი არ უნდა შეეძლოს, მაგრამ მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ, მის თავს სასწაული მოხდა, რომელზეც თავად მოგვითხრობს.

ნონა გოგოლაური: დაახლოებით 15 წელია, ამ პრობლემის წინაშე ვარ. ტკივილები რომ დამეწყო, კლინიკაში მიმიყვანეს და წლების განმავლობაში ვიტარებდი გამოკვლვებს, მაგრამ არაფერი ჩანდა. 8-9 წლის წინ, თავის ტვინზე ერთიანად 13 წანაზარდი აღმომაჩნდა. ექიმი გადაირია, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მე კი ამ დროს ჩვეულებრივად დავდიოდი ფეხზე, შემეძლო საუბარი, მუშაობა და სხვა ყველაფერი, როცა ჩემი მდგომარეობის მიხედვით, გადაადგილებაც კი შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. შემაშფოთებელი დიაგნოზი მქონდა. მითხრეს, რომ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი, სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ბელგიაში წავედი, რადგან იქ მეგობრები მყავდა. საშინელი შეტევა დამემართა და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეტლში აღმოვჩნდი, საიდანაც ექვსი თვე ვერ ვდგებოდი. გაფანტული სკლეროზისა და ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დამისვეს. ექიმები ჩემს ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ დღეები დათვლილი მქონდა, თუმცა ეს ჩემთვის არ უთქვამთ. ძალიან დავმძიმდი და საოცრად გავხდი – მდგომარეობა ძალიან რთული იყო. როცა ჩემმა უფროსმა შვილმა, სოფიამ გაიგო, რომ მე ფეხზე გავლა აღარ შემეძლო, იმდენად განიცადა, რომ ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაშინ ვკითხე უფალს: ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, რომ ფეხზე წამოდგომა აღარ შემიძლია-მეთქი. მე ჩემი მძიმე დიაგნოზების შესახებ არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო. კიბო რომ მქონდა, ვიცოდი, მაგრამ ასეთი მძიმე ფორმა თუ იყო, ეს – არა. საშინელი ტკივილები მქონდა, მაგრამ ამისთვის უფალს მადლობას ვუხდიდი. არასდროს მითქვამს – რატომ მე? ვიცი, რომ მეც ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ. როცა უფალს ვკითხე, რა დავაშავე ისეთი, რომ ფეხზე გავლა აღარ შემეძლო, ზუსტად იმ მომენტში, კათოლიკური ეკლესიიდან ზარების რეკვის ხმა გავიგე. ამ დროს მარჯვენა ფეხში სითბო ჩამეღვარა. მეგობრის შვილს დავუძახე, ისიც შეშინებული შემოვარდა, ეგონა, ეტლიდან გადმოვვარდი. ვუთხარი, მიშველეთ, ფეხში სითბოს ვგრძნობ-მეთქი. იფიქრეს, რომ მომეჩვენა, რომ იმედს ვებღაუჭებოდი. თითები რომ ავამოძრავე, ეს ნამდვილი სასწაული იყო. ფეხზე დაყენებას ვითხოვდი, იმედი მქონდა, რომ დადგომას შევძლებდი, მაგრამ არ გამომივიდა. მეორე დღეს კიდევ ვცადეთ და ერთი წამით გავძელი. მესამე დღეს ჩემი ფეხით გადმოვედი საწოლიდან. მთავარი იცით, რა არის? სანამ ეს მოხდებოდა, მაშინ, როცა უკვე სასოწარკვეთაში ვვარდებოდი, მამა გაბრიელი გამომეცხადა. სამ საფეხურზე ამიყვანა და რკინის სცენაზე შავებში შემოსილი საეკლესიო პირების გვერდით დამაყენა. ხელები მაღლა აღაპყრო და ორი გზა მიჩვენა. მაშინ განსაკუთრებული შინაგანი რწმენა ვიგრძენი, ვიგრძენი, რომ მე ფეხზე გავივლიდი. ეს ყველაფერი იმდენად რეალური იყო, მაშინვე მეგობარი გავაღვიძე და დაიმედებულმა ჩემი გამოცხადების შესახებ მოვუყევი. ჩემ გარშემო არავის ჰქონდა იმედი, რომ მე ამას შევძლებდი, თუმცა ამ ხილვიდან სამი დღის მერე ავდექი და ისე გავიარე, თითქოს პრობლემა არასდროს მქონია. ფეხზე რომ დავდექი ექიმს შეეშინდა, უკან დაიხია. ვერ იგებდნენ, რა მოხდა. მკურნალობა მაშინვე შევაჩერე და ჩემს საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. ოთხი თვე არ მომცეს დაბრუნების უფლება, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. სასწაულის შესახებ ახსნა კი მათთვის მიუღებელი იყო. მდგომარეობა ვერ შეაფასეს. ვერაფერი გაეგოთ, მიყურებდნენ ადამიანს, რომელიც სიკვდილის პირას ვიყავი და სიკვდილის ნაცვლად ფეხზე წამოვდექი და გავიარე. ოთხი თვის შემდეგ გამომიშვეს საქართველოში და ექიმიც გამომაყოლეს. ჩამოვედი თუ არა, მეორე დღესვე მამა გაბრიელთან მივედი. იქ დედა პარასკევა დამხვდა და გულში ჩამიკრა. მკითხა, აქამდე სად ხარო?! ვუთხარი: დედაო, მე ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, განა ისეთი რა გავაკეთე, რომ მამა გაბრიელმა სამ დღეში წამომაყენა ფეხზე წელსქვემოთ სრულიად მოწყვეტილი ადამიანი-მეთქი. მიპასუხა, შვილო, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართო. დავით ჯიშკარიანს დაურეკა და სთხოვა ამობრძანებულიყო. მამა გაბრიელის კელიაში შემიყვანეს, მის ჯორკოზე დამსვეს და პირველი ზიარება იქ მივიღე. ამის გამო უბედნიერესი ადამიანი ვარ. შემდეგ ისევ გართულდა ჩემი მდგომარეობა და ამჯერად გერმანიაში წავედი სამკურნალოდ. საშინელი ტკივილები მქონდა. სიმართლე გითხრათ, მე უკვე გავითავისე ეს ტკივილები და მათთან ერთად ცხოვრებაც. ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ მთიშავს კიდეც, მაგრამ უფალს მადლობას ვეუბნები ამ ყველაფრისთვის. კიბო ისეთ ადგილას მაქვს, რომ ექიმები ვერ ეხებიან, რადგან ეს უფრო სახიფათოა. ჩემი სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ვერ უნდა ვხედავდე, ვერც უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ უფლის წყალობით, ყველაფერს ვახერხებ. გერმანიაშიც წელსქვემოთ მომწყვიტეს, ორჯერ ამიღეს ხერხემლიდან სითხე. ხუთი თვე იქ ვიჯექი ეტლში. მეუბნებოდნენ, რომ ავთვისებიანი კიბო მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მალე მოვკვდებოდი. მე ვეუბნებოდი, რომ ფეხზე გავივლიდი, რომ მამა გაბრიელი არ მიმატოვებდა. მათ გიჟი ვეგონე. მთელი ეს პერიოდი მამა გაბრიელის ზეთს ვსვამდი. სისხლის ანალიზი ამიღეს და მასში წამლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ჩემს მეუღლეს უთხრეს, თქვენი ცოლი პრეპარატებს არ იღებსო და საავადმყოფოში დამაწვინეს. იქ თვითონ მასმევდნენ წამლებს, მე კი მამა გაბრიელის ზეთს სვამდი, რომელიც დედა პარასკევამ გამატანა. ათ დღეში ისევ ამიღეს სისხლის ანალიზი და წამლის კვალი ისევ ვერ აღმოაჩინეს. მერე ცდების ჩატარება დამიწყეს, რას იზამდნენ, ვერ აეხსნათ რა ხდებოდა. აქ თუ კი რამ გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს ცოცხალი დედა ჰყოლოდათ. სასწაული მოხდა და ხუთ თვეში იგივე განმეორდა, ფეხზე გავლა შევძელი. იქაც ანალოგიურად, უკვე აღარ იცოდნენ, რა ეთქვათ ჩემი მდგომარეობის შესახებ. სიარული რომ შევძელი, ისევ საქართველოში დავბრუნდი, რადგან ჩემს შვილებს, ჩემს სოფიასა და ვაჟიკოს ჩემი გვერდით დგომა სჭირდებოდათ. საქართველოში კომატოზურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამის შემდეგ ისევ ვეღარ დავდიოდი. ექიმთან ხელში აყვანილი მიმიყვანეს. მან გამსინჯა და თავი გააქნია ვკითხე, ვეღარ გავივლი-მეთქი? და როცა უიმედო თვალებით გამომხედა, ვუთხარი, მე მაინც გავივლი-მეთქი. მოვიდა და გულში ჩამიკრა, რადგან უკვე წლებია, ხედავს როგორ ვებრძვი მე ამ დაავადებას. 4 თვის შემდეგ, შუაღამისას, როცა 41 გრადუსი ჰქონდა სიცხე, ისევ ჩამეღვარა ფეხში სითბო და მე ისევ შევძელი გავლა. ეს უფლისა და ჩემი მამა გაბრიელის დამსახურებაა.

– მამა გაბრიელი სხვა დროსაც გამოგცხადებიათ?

– მე ბევრჯერ ვარ იმქვეყნად წასული და უკან მობრუნებული. კომატოზურ მდგომარეობაში ყოველთვის ვხედავდი გარდაცვლილ ახლობლებს, მაგრამ ახლოს არავინ მოდიოდა. მამა გაბრიელი ხელს მკიდებდა და უკან მოვყავდი. მამა გაბრიელის გვერდში დგომას მე ყოველთვის ვგრძნობ, ბევრჯერ დამინახავს კიდეც სამთავროში. მას ხილულად ვხედავ. მარტო მე არა, ორმა ადამიანმა დაინახა ჩემს სახლში, შეეშინდათ და ეგონათ, რომ მოეჩვენათ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს მოჩვენება არ ყოფილა. მე ჩამაცვეს მანტია, რომლითაც მამა გაბრიელი ამოაბრძანეს. ამით მე მამა გაბრიელმა გულში ჩამიკრა, მე ეს ვიგრძენი.

– სხვის დასახმარებლადაც იპოვეთ ძალა საკუთარ თავში...

– უფლის წყალობით, უკვე წლებია, რაც წმინდა ნიკოლოზის მირონით წყალს ვამზადებ, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა. წმინდა ნიკოლოზის მირონი პირველად მამა სერგიმ მომცა. მითხრა, რომ იტალიიდან გამოუგზავნეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისგან წყლის გაკეთება დავიწყე და დავალევინე გოგონას, რომელსაც ორ თვეში შხამიანი ჩიყვი გაუქრა. აქ მე არაფერ შუაში ვარ, ამას წმინდანები აკეთებენ. მე მამა გაბრიელმა მითხრა, რომ ხელში მომეცემოდა ძალა, რომლითაც ადამიანების განკურნებას შევძლებდი. ეს, დაახლოებით, ოთხი წლის წინ მითხრა. დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი ხელის ერთი დადებით შაკიკი სამ ადამიანს გაუქრა. ძალიან გთხოვთ, არ გეგონოთ, იმას ვამბობდე, რომ მე ვახდენ სასწაულებს, ამას მამა გაბრიელი და უფალი აკეთებს. ეს უფლის წყალობაა. მე მხოლოდ ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ – ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდოდა, დახმარებოდა ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება და საშუალება არ აქვს. სხვა ყველაფერი უფლის ნებაა. ჩემთვისაც დავამზადე წყალი, მაგრამ სამ დღეში აიჭრა. სხვები მას თვეობით იღებენ, მე კი ვერ ვსვამ ჩემ მიერ მომზადებულ წყალს. ამიტომ მედიკამენტების მიღება მჭირდება. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები კი საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამასთან ერთად კიდევ ბევრი პრობლემა მაწუხებს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ. ვისაც შეუძლია, ყველა ხელს მიწყობს და ყველასი მადლიერი ვარ. წამლებს ეკონომიურად ვსვამ და ყველაზე მეტად ქირის გადახდა მიჭირს, თუმცა, უფლის რწმენა მაქვს. მუშაობა რომ შემეძლოს, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მწამს, რომ უფალი უიმედოდ არ დამტოვებს

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა