საზოგადოება

როგორ ძარცვავდნენ და ღუპავდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქებს

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 10.06, 2023 წელი

კირიონი ლეონიდე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი #21-23

ლეონიდეს მომხრეები

სერგო ვარდოსანიძე: ...საერთოდ, მართვა-გამგეობის იმ დებულებაში, რომელიც 1917 წელს დაამტკიცეს, პირდაპირ ჩაიწერა, რომ კათალიკოს-პატრიარქი კირიონი არის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთის ეპისკოპოსი, ხოლო, ტფილისში ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე დარჩა. ეს ხარვეზი იყო – მცხეთა-თბილისი უნდა ყოფილიყო ერთის – კათალიკოს-პატრიარქის. ტფილელი მიიჩნეოდა კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ (ავტომატურად ასრულებდა მოსაყდრე კათალიკოს-პატრიარქის მოვალეობას 1919 წლის 23 თებერვლამდე). ახალი არჩევნები აღარ ჩატარებულა, ვინაიდან ლეონდე კათალიკოსის მომხრეებმა მიიჩნიეს, რომ ლეონიდემ პირველ საეკლესიო კრებაზე ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა. თერთმეტი ხმით ნაკლები მიიღო კირიონმა, ამიტომ იგი ახალი არჩევნების გარეშე აკურთხეს ( 1919 წლის 23 თებერვალი).

კირიონის მკვლელობა

„საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქ (ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობიდან ერთ თვეში) კირიონის მკვლელობა შეკვეთილი მკვლელობაა და ეს ძალიან ფილიგრანულად მოხდა. გავიდა რამდენიმე ხანი და ამ მკვლელობის შესახებ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია საუბარი. მას ჰქონდა ცხოვრების ასეთი წესი: ღამის 12-1 საათზე იძინებდა და დილის 5 საათზე დგებოდა. იმ ოთახში, სადაც იგი ისვენებდა, ისე ვერ შეხვიდოდით, თუ წინა ოთახს არ გაივლიდით. იმ ოთახში, რომელშიც რამდენიმე ადამიანს ეძინა, ამტკიცებდნენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგონიათ. ბრაუნინგს (დამბაჩას) ისეთი ხმა ჰქონდა, ორ კილომეტრში გაიგონებდით. გამორიცხული იყო, ვერავის გაეგონა. სად იყო მაშინ მაყუჩიანი იარაღი? რომ არ გამოვიდა კირიონი ოთახიდან, შევიდნენ დილის 6 საათზე და სისხლში ცურავდა. მისი დამბაჩა კი იქვე ეგდო (რევოლვერით დადიოდა). ტყვიები, რომელიც მის ბრაუნინგში იყო და ტყვიები, რომელიც მისი გულიდან ამოიღეს – სხვადასხვა აღმოჩნდა. აქ საეჭვოა ვინმე მეეტლე ვასილ კბილაშვილი. საერთოდ გაქრა ეს კაცი. კირიონი ხომ მან აიყვანა საპატრიარქოდან, მარტყოფის საზაფხულო რეზიდენციის ღვთაებრივი მონასტრიდან. მას გარდა კიდევ ბევრი პიროვნებაა ამ საქმეში საეჭვო. ფაქტობრივად, ეს მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.

კირიონის მომხრეები

...კირიონის მომხრეების მიმართაც განხორციელდა ტერორი. მოკლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, რომელიც კირიონის უახლოესი თანამებრძოლი იყო. მოკლეს დიაკონი (შემდგომში მღვდელი) ტიმოთე ბაკურაძე, (იგი კირიონის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა), მოკლეს კირიონის უახლოესი მორჩილი ბერი, არმაზის მონასატრის წინამძღვარი მირიან ბექაური... ამ დროის მთავრობაში ნოე ჟორდანიაა. ნოე ჟორდანიამ ძალიან დიდი მწუხარება გამოხატა კირიონის გარდაცვალების გამო და გასცა განკარგულება, გამოეძიათ ეს საქმე. ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ ნოე რამიშვილი. დაიწყო გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა. რაც შეეხება ტიმოთე ბაკურაძის მკვლელს, ვინ იყო – გაურკვეველი დარჩა. ანტონ გიორგაძე 1918 წლის სექტემბერში მოკლეს – სიძემ, რომელიც მოსყიდული იყო, საკვებში ვერცხლისწყალი შეურია. მირიან ბერის მკვლელები კი, იყვნენ მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მცხოვრებნი – კვახაძე და აღაჯანოვი, რომლებიც დაიჭირეს, მაგრამ ვისი შეკვეთით მოქმედებდნენ, ეს მათ საგამოძიებო საქმეში, სამწუხაროდ, არ ჩანს. როგორც წესი, ასეთ დროს პირველი, ეჭვმიტანილი მთავრობაა. შეიძლებოდა, ნოე ჟორდანიას ხელი ყოფილიყო ამაში? ალბათ, ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ ჟორდანია კირიონს უდიდეს პატივს სცემდა. კირიონს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ყველა პატივს სცემდა. მერე მოხდა გაუცხოება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, იმიტომ რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აცხადებდა – ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთო. მათი გაგება სეკულიარიზმისა და ეკლესიის სრულიად განსხვავებული იყო. მაგალითად, მთავრობამ გააკეთა რა? სკოლები ეკლესიისგან გამოყო, ეკლესიას ჩამოართვა სასწავლებლები, მონასტრის ბერებს წაართვეს მიწები. მათ არ სჭირდებათ., ყველაფერი უნდა გათანაბრდესო. სადავო გახდა საეკლესიო განძის საკითხი – ის სახელმწიფო საკუთრება იყო თუ საეკლესიო? ეკლესიამ მთავრობას განუცხადა: დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადეთ, ამაში საკმაო წვლილი გვაქვს შეტანილი და ჩვენი ეკლესია არ არის ჯერ ისეთი ძლიერი, რომ ასე უცებ ყველაფერი წაგვართვათო. შემდგომში უკვე კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წერდა: გავიგეთ, რომ ეს მთავრობა სოციალისტურია. გავიყაროთ, მაგრამ გაყრაც უნდა მოხდეს ისე, როგორც ცივილიზებულ სამყაროს შეეფერება. ამ გაყრაშიც უნდა იყოს სამართლიანობა. ასე რომ, დაიწყო პრინციპული დავა საეკლესიო სიწმიდეებისა და განძის გამო. ქუთაისის გელათის მონასტრის საცავიდან (რაც კი სიწმიდეები იყო), ყველაფერი მუზეუმში გადაზიდეს ისე, რომ ამის შესახებ არც ქუთათელი ნაზარე ლეჟავა ჩააყენეს საქმის კურსში და არც აქაური ეკლესიის წარმომადგენლები. აი, მაშინ, კათალიკოს-პატრიარქმა ნოე ჟორდანიას საგანგებო წერილით მიმართა – აგვიხსენით, რა ხდება. ჩვენ არაფრის საქმის კურსში არ ჩაგვაყენეთ. ჩვენ გვეშინია, რომ თქვენ ბიუჯეტი არ გაქვთ ისეთი და, რისთვის გჭირდებათ ეს განძი, არ გაყიდოთო... (იცოდნენ, რომ მთავრობა არ იყო მაინცდამაინც მორწმუნე). ჟორდანიამ უპასუხა: გავარკვევთ ყველაფერს და მოგახსენებთო, მაგრამ არაფერიც არ გაარკვია. ლეონიდემ მეორე წერილით მიმართა იმავე საკითხზე. კიდევ არ მიიღო პასუხი. ამის შემდეგ ლეონიდე წამოვიდა, წამოიყოლა რამდენიმე მღვდელმთავარი და მთავრობის სხდომის მიმდინარეობის დროს პირდაპირ შევიდა. მე მოვედი საქართველოს ეკლესიის სახელით! უკიდურესად შეურაცხყოფილი ვარ და გიცხადებთ გაკიცხვას, თუ ასეთ რამეს გააკეთებთო. ჟორდანიამ უპასუხა: თქვენ უნდა იცოდეთ, სად მოხვედით და როგორ ლაპარაკობთ. მე თქვენგან ამ ტონით ლაპარაკს არ მივიღებო. შეგიძლიათ, დამაპატიმროთ კიდეცო, – უთხრა კათალიკოს-პატრიარქმა. მთავრობის თავმჯდომარე ხართ, მაგრამ მე, ჩემი სინდისი მავალდებულებს გითხრათ, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, სრულიად მიუღებელიაო. მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. ჯერ არ გვაქვს კანონი მიღებული ამაზე. სახელმწიფოში სახელმწიფოს ვერ შევქმნით და, თქვენ არ ხართ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელიო, – უთხრა ჟორდანიამ. – ამის გარკვევა გვინდოდა თქვენ როგორ თვლიდით და გასაგებიაო, – უპასუხა კათალიკოს-პატრიარქმა, გამოტრიალდა და წამოვიდა. შეიკრიბა საკათალიკოსო საბჭო და გააკეთა საპროტესტო განცხადებაც, მაგრამ როდესაც თბილისს მეთერთმეტე არმია მოუახლოვდა, კათალიკოს-პატრიარქმა დაივიწყა ეს ყველაფერი. მაშინდელ სამხედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, მთავრობის გვერდით დადგა და მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდა. საკათალიკოსო საბჭო ისევ შეიკრიბა და დაიწყეს ფიქრი – რა ვუყოთ საეკლესიო სიწმიდეებს. ეშინოდათ – თუ მე-11 არმია შემოვიდა, აქ რა მოხდება მერე, კაცმა არ იცისო. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება: ის, რაც მუზეუმებში იყო, ქუთაისში გადაემალათ. ახლა რომ ბაგრატის ტაძარია, იქ იყო იმერეთის ეპისკოპოსების საეპარქიო სახლი. ამ განძის შესახებ იცოდნენ არქიმანდიტმა პავლე ჯაფარიძემ, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ, ეპისკოპოსმა დავით კაჭახიძემ და კიდევ ერთმა სასულიერო პირმა (არ დავასახელებ, იმიტომ რომ მისი შთამომავლები ცოცხლები არიან). სწორედ მან გასცა ეს ამბავი. იყო, ასევე, ასეთი პიროვნება – ვალია ბახტაძე, ქუთაისის პარტიული ლიდერი, საგანგებო კომისიის წევრი (მაშინდელი უშიშროება). 1923 წელს ამოიღეს ეს განძი და რა იყო იქ? ექვსი ბაჯაღლო ოქრო ბრილიანტის თვლებით, კათალიკოს-პატრიარქების მიტრები მეცამეტე, მეთვრამეტე საუკუნეების, ჯვარპანაღიები და კიდევ უამრავი ასეთი რამ. ეს ყველაფერი შთამბეჭდავი, ამავე დროს საშინელება იყო. გადაადნეს ყოველივე და გაყიდეს მყარ ვალუტაზე, უცხოეთიდან პური რომ შემოეტანათ. ასე დაიკარგა სამუდამოდ. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოქროს ისტორიული მიტრა კათალიკოს-პატრიარქისა ოთხი კილოგრამი ოქროსი (თან, შედარებით დაბალი ხარისხის ოქრო), ერთი ისტორიული ჯვარპანაღია და კუნკულ-ბარტყული. ბოლშევიკებმა ატეხეს დიდი ამბავი: აი, რომ გაიტანეს მენშევიკებმა, ახლა ჩვენ დავიცავთ ყველაფერსო და დიაწყეს აღწერა ეკლესია-მონასტრებში, თუკი სადმე ოქროსა და ვერცხლის ნივთები იყო. სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, სეიფებს დაგიდგამთ, რომ დაცული იყოსო. ისინიც, უბედურები, აძლევდნენ ამათ ინფორმაციას – აგერ ბატონებო, დაგვრჩა ერთი ოქროს ხატი... ის გვაქვს, ეს გვაქვს... 1924 წელს გამოვიდა სახკომსაბჭოს თავმჯდომარის, მოლოტოვის განკარგულება. ესენი ყველაფერი ამოიღეს და გადაადნეს. როცა აქ მეთერთმეტე არმია შემოვიდა, კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქუთაისში გადავიდა, მაგრამ 15 აპრილს დაბრუნდა და დახვდა სიურპრიზი. ერთი ავტომანქანა ჰყავდათ, უკვე, ჩამორთმეული. 1921 წლის 15 აპრილს მაშინდელმა მარიონეტულმა რევკოვმა (გამყიდველი ფილიპე მახარაძე ედგა სათავეში) გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა. იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა. ეს რას ნიშნავდა? ეს იმას ნიშნავდა, რომ რაც კი ეკლესიას რაიმე ჰქონდა, ყველაფერი უპატრონოდ გამოცხადდა. მერე სახელმწიფო დაეპატრონა. კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე აქ იყო იმ დროს, როცა ქალაქში ქოლერა იყო მოდებული. თბილისელები მტკვრის წყალს სვამდნენ და ეს წყალი უკვე დაბინძურებული იყო. უთხრეს, რომ თქვენთვის წყაროს წყალს მოვიტანთ ხოლმეო. არა, ეს ხალხი რას იფიქრებს, მე წყაროს წყალი ვსვა და ამათმა – ეს წყალიო. დასნებოვნდა და გარდაიცვალა.

შეიკრიბა საკათაკილო საბჭო. აქ უკვე ბოლშევიკები არიან. სხვათა შორის, მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ბოლშევიკებთან. როცა ის სამხედრო ტაძარში სიტყვით გამოვიდა, ბოლშევიკებს ღორები უწოდა და დაგმო ისინი. თავის დროზე კირიონსაც, ვიდრე რუსი ბოლშევიკები შემოვიდოდნენ, მათ მიმართ ერთი მკვეთრად უარყოფითი ქადაგება ჰქონდა. 1917 წლის ნოემბერში ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა მიმართვა-წერილი: ღელავს და ბორგავს ჩრდილოეთის ეს საშინელება, რომელიც წალეკვით ემუქრება კაცობრიობას. ახლა თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს მომავალი (ეროვნულ საბჭოს მიმართავდა, რომელსაც იგი მომავალში ხელისუფლების მთავარ საყრდენ ძალად მოიაზრებდა). როდესაც ლეონიდე გარდაიცვალა, რევკოვმა მისცა უფლება, ის კირიონთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში დაესაფლავებინათ. კვლავ შეიკრიბა საკათალიკოსო საბჭო. რა ქნან – ფიქრობენ, ვინ აირჩიონ მოსაყდრედ? ორმოცი დღე მოსაყდრემ უნდა მართოს ეკლესია და, გაუგზავნეს დეპეშა ცხუმ-ბედიელ მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას, რომ მოსაყდრედ ხარ გამორჩეული და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. მან უპასუხა: ახლა სოხუმში იმდენად მძიმე ვითარებაა, ვერაფრით დავტოვებ აქაურობას (ადგილობრივი ბოლშევიკები ავიწროებდნენ ეკლესიას და მართლაც, საშინელი სიტუაცია იყო შექმნილი), მაგრამ საეკლესიო კრებაზე კი ჩამოვალო. ბოლშევიკებმა არ მისცეს უფლება ეკლესიას, საეკლესიო კრება თბილისში გამართულიყო და გელათში გაიმართა. ეს იყო 1921 წლის 5 სექტემბერს. კრებაზე ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი – ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად ამბროსი ხელაია აირჩიეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ეკატერინე პატარაია

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა