როგორ დავიცვათ თავი არტერიული ჰიპერტენზიისგან–საინტერესო რჩევებით კარდიოლოგი ანა რეხვიაშვილი
ავტორი: „თბილისელები“ 10:15 23.12
ექიმი კარდიოლოგი, ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ანა რეხვიაშვილი, სწავლასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული წარმატებული პროფესიონალია, რომლისთვისაც თითოეული მადლიერი პაციენტი ყველაზე დიდი ჯილდოა. ევროპული და ამერიკული გამოცდილება და სამეცნიერო-კლინიკურ კონფერენციებში აქტიური ჩართულობა ეხმარება იყოს კონკურენტუნარიანი და ფლობდეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რასაც პრაქტიკაში დიდი წარმატებით იყენებს.
ანა რეხვიაშვილი: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ვიყავი ასპირანტი, შემდგომში დოქტორანტი. სადოქტორო დისერტაცია დავიცავი არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმყოფებოდი ამერიკაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, და სხვა. მქონდა არაერთი საინტერესო შემოთავაზება, რასაც გარკვეული მიზეზების გამო არ დავთანხმდი და დავბრუნდი საქართველოში.
პროფესორის რანგში რეგულარულად გახლდით მიწვეული ევროპულ და სამხრეთ ამერიუკულ კლინიკებში, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და სპიკერის როლში ყოფნა ძალიან დიდი ადრენალინია ჩემთვის. მიყვარს სიახლეების ცენტრში ყოფნა, მუდმივი განვითარება და ამისთვის ბევრს ვშრომობ.
–პროფესიული ზრდის გარდა, რა მოგცათ ამერიკულმა გამოცდილებამ?
_ამერიკამ მასწავლა ნამდვილი თავისუფლების და თანასწორობის არსი. ვნახე ისეთი შემთხვევები, როცა ძალიან წარმატებული და გამოცდილი ექიმები აბსოლუტურად მეგობრულად ეურთიერთობებოდნენ თითოეულ პაციენტს და მათ მაგალითზე გავიაზრე, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ემყარება პარტნიორობის პრინციპს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი არის ის, რაც ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა გაიარონ. დასავლური გამოცდილების გაზიარებამ დამანახა, რომ ექიმის წარმატება, აღიარება თუ ფინანსური სტაბილურობა მოაქვთ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად და შედეგიანად ნამკურნალებ პაციენტებს.
–ვიცით რომ წმინდა მიქაელის კლინიკაში, რომლის გუნდის წევრიც ხართ, სულ მალე ძალიან საინტერესო სიახლეები ინერგება, მოგვიყევით ამის შესახებ
–ჩვენ ვგეგმავთ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკური მეთოდების გაფართოებას. კერძოდ, იანვრიდან დაინერგება თირკმელზედა ჯირკვლების ვენების ე.წ სამფლინგი, რომელიც ერთგვარად ოქროს სტანდარტია მეორადი ჰიპერტენზიების დიაგნოსტიკაში. მოხდება უშუალოდ თირკმელზედა ჯირკვლის ვენებიდან აღებულ სისხლში ალდოსტერონის, კორტიზოლის და რენინის აქტივობის შესწავლა, რომელიც მოგვცემს მეორადი ჰიპერტენზიების სწორი დიაგნოსტირების საშუალებას. ამ მიმართულებით ინოვატორები ვიქნებით ამიერკავკასიის რეგიონში.
ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა კვლევის ცენტრი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ აქტიურად ფუნქციონირებს. ქვეყანაში ჰიპერტენზიის გავრცელების მასშტაბებისა და შესაბამისად, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ აქციებს ფასდაკლების პაკეტებით, რათა არტერიული ჰიპერტენზიის თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
–რა პრობლემებით მოდიან თქვენთან პაციენტები?
–ვარ როგორც ექიმი კარდიოლოგი, ასევე ექიმი ინტერნისტი, ამასთან ჩემი ინტერესის სფეროს კარდიოლოგია წარმოადგენს და სრულად ვარ ჩართული კარდიოვასკულური დაავადებების მართვაში. ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს არტერიული ჰიპერტენზია, გულის რიტმის დარღვევები და ენდოთელიუმის დისფუნქციის შესწავლა წარმოადგენს.
_რა იწვევს ჰიპერტენზიას?
–პირველადი ჰიპერტენზია, იგივე იდიოპათიური ჰიპერტენზია არის უცნობი ეტიოლოგიის, ანუ არ აქვს გამოკვეთილი გამომწვევი ფაქტორი, რასაც ვერ ვიტყვით მეორად ჰიპერტენზიებზე, სადაც გამომწვევი მიზეზი იდენტიფიცირებადია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერტენზია არის დაავადება, რომელსაც მძლავრი რისკ-ფაქტორები აქვს, რომელთა თანაარსებობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს და ხელს უშლის მკურნალობისას კონტროლის მიღწევას.
საქართველოს რეალობაში, ამ მხრივ განსაკუთრებულად აღსანიშნავია სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება. ბევრმა არც იცის, რომ მგრძნობიარეა მარილის მიმართ. ამას ემატება მინერალური წყლის ჭარბი მოხმარებაც, განსაკუთრებით მამაკაცთა პოპულაციაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, დიდ გამოწვევად რჩება ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების მჯდომარე წესი, დისლიპიდემია, გენეტიკა და სხვა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ჰიპერტენზიის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით საგანგაშო სახეს იძენს; საშუალოდ ზრდასრული მოსახლეობის 40% ჰიპერტენზიის მატარებელია, რაც საქართველოში კიდევ უფრო შთამბეჭდავ ციფრებში აისახება. სამწუხაროდ, ხშირად მოდიან არასწორად, ყველა რეკომენდაცის დარღვევით ან „თვით-ნამკურნალები“ პაციენტები, სადაც საქმე უფრო გართულებულია. ჰიპერტენზიის მართვაში უმნიშვნელოვანესი არა მარტო წნევის ციფრების მექანიკური დაწევა, არამედ სამიზნე ორგანოთა დაზიანების თავიდან აცილება და გართულებათა პრევენციაა!
–რა სიმპტომებით მივხვდეთ რომ საქმე გვაქვს არტერიულ ჰიპერტენზიასთან?
–სამწუხაროდ, არტერიულ ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ, რადგან უმეტეს შემთხვევაში მას სიმპტომები არ გააჩნია. იღბლიანია პაციენტი რომელსაც მაღალი წნევის დროს აქვს თავის ტკივილი, გულისრევა, გულისფრიალი, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა, რადგან ახდენს ჰიპერტენზიის დეტექციას. შემთხვევათა უმეტესობაში კი, შესაძლოა პაციენტი იყოს ძალიან მაღალი წნევის მატარებელი და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს. ამ შემთხვევაში დეტექციის ერთადერთი საშუალება არტერიული წნევის კონტროლია, განსაკუთრებით სახლის პირობებში.
–უფრო ხშირად რა ასაკის პაციენტებში ხვდებით ჰიპერტენზიის პრობლემას?
–ორმოც წლამდე ასაკის ადამიანებში უპირატესად მეორადი ჰიპერტენზია გვხვდება, ხოლო პირველადი ჰიპერტენზია 40 წელს გადაშორებულ პოპულაციაშია უპირატესად გავრცელებული. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ჰიპერტენზიის გავრცელების მასშტაბიც. ამ მხრივ დროულ გამოვლენას, სწორ დიაგნოსტიკას, მართვას, კონტროლს და მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
–არასწორი კვება რა გავლენას ახდენს ჰიპერტენზიაზე?
–მარილი ვახსენეთ და ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი საკვებია მარილის მაღალი შემცველობით, განსაკუთრებით მინდა გამოვყო სწრაფი კვება, რაც ჰიპერტენზიისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. ხშირად მოდიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ მაღალი წნევა და უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვითა და კვებითი ჩვევების მოდიფიკაციით არტერიული წნევა ნორმალიზდება.
–რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მადლიერი პაციენტი თქვენთვის?
– მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი დიდებული რამ არის, რაც ადამიანებს გაგვაჩნია. მადლიერი პაციენტი ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისათვის, რაც ასახავს იმ გზას, რომელიც შენ, როგორც ექიმმა მასთან ერთად გაიარე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზაზე. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, პაციენტის კმაყოფილება უმთავრესია.
–ოჯახი გაგვაცანით
–წლების მანძილზე პროფესიამ ძალიან დიდი დრო და თავდადება მოითხოვა ჩემგან. ამიტომაც, ოჯახის შექმნამ და შვილმა ცოტა დაიგვიანა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა მყავს სამწლინახევრის ნიკოლოზი. ჩემი ოჯახი ის ნათელი და ბედნიერი მხარეა, რომელიც ცხოვრებას განსაკუთრებულ ფერებს სძენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან