საზოგადოება

როგორ დავიცვათ ბავშვები სეზონური ვირუსებისგან – საჭირო და საინტერესო რჩევები ხათუნა ლოლაძისგან

№53

ავტორი: „თბილისელები“ 10:30 30.12, 2024 წელი

ხათუნა ლოლაძე
დაკოპირებულია

პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი და რადიოლოგი – ქალბატონი ხათუნა ლოლაძე, კარგი განათლებითა და საინტერესო პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევა. წარმოშობით ცხინვალიდანაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა დაოჯახდა და მეუღლის ბიზნესსაქმიანობის გამო საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც წარმატებული სამედიცინო კარიერა შექმნა და წლების შემდეგ, ისევ ოჯახის ინტესრესების გათვალისწინებით, სამშობლოში დაბრუნდა. ქალბატონი ხათუნა დღეს არაერთ სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობს, მისი პროფესიული საქმიანობა ერთდროულად სამ მიმართულებას მოიცავს, რაც მასთან მისულ პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს ძალიან უმარტივებს. ქალბატონ ხათუნას პროფესიონალიზმი არაერთხელ დაფასებულა. წელს ის წარდგენილი იყო „პერსონა 2024 წლის“ დაჯილდოებაზე, სადაც წლის საუკეთესო ექიმის ტიტული მიიღო.

ხათუნა ლოლაძე: სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი მაქვს: პაპიდები ექიმები მყავდა, მამიდაჩემი – ია დავითაია, ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ და ვფიქრობ, ჩემს პროფესიულ არჩევანზე ამ გენეტიკურმა ფაქტორმა იქონია გავლენა. სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორდინატურაში გინეკოლოგიის განხრით ვაპირებდი ჩაბარებას, ისე მოხდა, რომ გინეკოლოგიური პრაქტიკების დროს აღმოვაჩინე, მშობიარობის შემდეგ ახალშობილებთან დაკავშირებული მანიპულაციები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ქალბატონების პოსტმშობიარობის პროცედურები, მაშინ მივხვდი, რომ პედიატრია იყო ის მიმართულება, სადაც ვხედავდი საკუთარ პროფესიულ მომავალს.

– როგორ გადაინაცვლეთ პედიატრიაში?

– ორდინატურა პედიატრიაში გავიარე, გავხდი პედიატრი და ამბულატორიულ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ზოგადად კარგი მუსიკალური სმენა მაქვს, მუსიკალური შვიდწლედიც მაქვს დამთავრებული და ვფიქრობ, ეს დამეხმარა, რომ პრაქტიკული საქმიანობის დროს, ჩემი სმენის წყალობით ხშირად ვახერხებდი გულის მანკების აღმოჩენას, როდესაც საკუთარ თავში ეს უნარი აღმოვაჩინე, გადავწყვიტე, შესაბამისი კურსები გამევლო. შევისწავლე ბავშვთა კარდიოლოგია, რასაც დაემატა კიდევ ერთი მიმართულება – ექოკარდიოლოგია, რადგან კარდიოლოგისთვის ექოსკოპიის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაში. 2012 წლიდან გახლავართ ბავშვთა კარდიოლოგი და ვაკეთებ ექოსკოპიას 0-დან 18 წლამდე ბავშვებში. მოკლედ, სამი მიმართულება გავაერთიანე და ჩემთან მოსულ პაციენტს ვაფასებ როგორ პედიატრიულად, ისე კარდიოლოგიურად და საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიასაც ვუკეთებ.

– არ გვითქვამს, რომ თქვენი განათლების ყველა საფეხური და კარიერის უდიდესი ნაწილი მოსკოვს უკავშირდება.

– დავამთავრე სეჩენოვის აკადემია და ძირითადი პროფესიული პრაქტიკაც მოსკოვში გავიარე, 2001 წელს ჩავაბარე ორდინატურაში და 2003 წლიდან ვარ მოქმედი პედიატრი, ამ მიმართულებით უკვე 22- წლიანი გამოცდილება მაქვს. 2021 წლამდე მოსკოვში, ბავშვთა ამბულატორიულ ცენტრში ვიმუშავე. პრაქტიკები, ასევე მოსკოვში, ბაკულევის კლინიკაში გავიარე.

– საქართველოში როდის დაბრუნდით და აქ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– საქართველოში 2021 წლის ბოლოს დავბრუნდი და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ მოვიცავი მთელი თბილისი და დღეს არაერთ კლინიკასთან ვთანამშრომლობ. გარდა ამისა, ვარ მოწვეული სპეციალისტი გორის სამედიცინო ცენტრში, სადაც ორ კვირაში ერთხელ ჩავდივარ.

– ვირუსების აქტიური პერიოდია, როგორია ვაქცინის როლი თავის დასაცავად?

– აცივებასთან ერთად, ვირუსები აქტიურდება. მომართვიანობა განსაკუთრებით დეკემბრის თვიდან გაიზარდა, ამიტომ ვფიქრობ, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის საშუალებაა. ისინი, ვისაც გაკეთებული აქვს გრიპის ვაქცინა, საერთოდ არ ავადდებიან ან გაცილებით მარტივად გადააქვთ ვირუსი. ვაქცინაციის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ხშირად მოავადე ბავშვებში. 5 წლამდე ასაკში გაკეთებული პნევმოკოკური ვაქცინა იცავს ბავშვებს პნევმოკოკური ინფექციისგან. 5 წლამდე ასაკის შემდგომ წელიწადში ერთხელ კიდევ საჭიროა გრიპის ვაქცინაცია, ზოგს უჭირს გადაწყვეტა, ჩაუტაროს თუ არა ბავშვს აცრა. საკუთარn მაგალითზე გეტყვით, რომ სამი შვილი მყავს და სამივე ვაქცინირებულია როგორც გეგმურად ისე არაგეგმურად. არაგეგმურ ვაქცინაში მოიაზრება მენინგოკოკისა და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ვაკეთებ საერთაშორისო კლინიკებში – „აიემსისა“ და „სილქმედიკალში“.

– გარდა ვაქცინისა, ცხოვრების წესით როგორ მოვახდინოთ ავადობის პრევენცია?

– განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვები ვეცადოთ, რაც შეიძლება, ხშირად ვასეირნოთ ჰაერზე, ნაკლებად გვყავდეს დახურულ სივრცეში, რაც უფრო მეტად იქნება ბავშვი ფიზიკურად დატვირთული, მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. სეზონურად კარგი იქნება ვიტამინოთერაპია. კარგია, თუ ვატარებთ აუზზე, ასევე მნიშვნელოვანია, თუ შევძლებთ მათ წაყვანას მთასა და ზღვაზე. მთის ჰაერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმუნიტეტის ამაღლებას, ზღვის წყალი კი კარგია კუნთების განვითარებისთვის. ამ მხრივ, ურეკი არაჩვეულებრივი არჩევანია.

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავთ, უფრო მეტად რა პროფილით ხართ დატვირთული?

– დაახლოებით 70 პროცენტით ვარ დატვირთული ბავშვთა კარდიოლოგიასა და ექოსკოპიაში და 30 პროცენტით – პედიატრიაში.

– თქვენს პრაქტიკაში ხშირად ხვდებით გულის მანკებს?

– ამ ორი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვარ, ჩემ მიერ დიაგნოზტირებული, გულის მანკის დაავადებული მეათე საოპერაციო პაციენტი გავგზავნე „ჯოენისა“ და „ჯერარსის“ კლინიკებში, რაც წარმატებით დასრულდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კუთხით, ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე ამ პატარების ჯანმრთელობაში. მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში კარდიოქირურგია ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული.

– ოჯახი გაგვაცანით, რა როლი აქვს მას თქვენს წარმატებაში?

– ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში ჩემს მშობლებსა და მეუღლეს გადამწყვეტი როლი აქვთ. მეუღლე ბიზნესმენია, სუპერმარკეტების ქსელ „ნატურალს“ ფლობს. გვყავს სამი ვაჟი. უფროსი უკვე 25 წლისაა და ინგლისში, ნოტინგემის უნივერსიტეტი დაამთავრა. შუათანა და უმცროსი 18 და 7 წლისები არიან.

– მიუხედავად ძალიან დატვირთული დღის რეჟიმისა, საკმაოდ აქტიური ხართ სოციალურ ქსელებშიც.

– ყველა სოციალურ პლატფორმაზე ვაქტიურობ და მაქსიმალურად ვცდილობ, საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს. საკმაოდ დადებითი გამოხმაურებები მომდის და ამ ტიპის აქტივობით ბევრ ადამიანს ვეხმარები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა