საზოგადოება

როგორ დაუსვა წერტილი ირაკლი აბაშიძემ ქართველთა ლანძღვა-გინებას

№47

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 29.11, 2022 წელი

ირაკლი აბაშიძე
დაკოპირებულია

ირაკლი აბაშიძეს აზროვნება და მედიტაცია ტვირთად აწვა. თავადაც ასე ათქმევინა რუსთაველს: „მე მხოლოდ განსჯის, მხოლოდ განსჯის ვიყავ მლოცველი“. პოეზიაშიც და პირად ცხოვრებაშიც „ცდილობდა, პასუხი გაეცა ყოფნა-არყოფნის ჯერაც ამოუხსნელი დილემისათვის“ (ე. მაღრაძე). ალბათ, ამიტომაც უწოდა თავისი სიცოცხლის 80 წელს „სულ ეკალივით ვარდი, სულ სიზმარივით ცხადი“... გაქანებული კომუნიზმის ეპოქაში იქმნება და იწერება იმ რანგის პოეზია, რომელიც სათქმელის სიღრმით, პოეტური სახეების ფერადოვნებითა და სისადავით არა მხოლოდ ხიბლავს, არამედ შეძრავს მკითხველს... თავად პოეტი ცხოვრების ბოლოს ასე წერდა: „მე-20 ყრილობაზე, პიროვნების კულტის გამჟღავნების შემდეგ, პირადად ჩემთვის ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა და მეც იქვე განვსაზღვრე ჩემი შემდგომი სიცოცხლისა და შემოქმედების აზრი. დიახ, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი პერიოდი, ახლებურად გააზრებული გზა, რომელსაც მე „რუსთაველის ნაკვალევზე“ დავარქვი და საითკენაც მე ჩემი პოეტური კალმით მოვუწოდე ჩემს მკითხველს და მთელ ჩემს ქვეყანასაც. ეს გახდა ჩემი ერთადერთი იდეური მრწამსი, ჩემი პოლიტიკური პარტია“. პოეტის მიერ ამ ახლებურად გააზრებულ გზაზე კიდევ ერთი ბიძგი გაჩნდა. 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ დათრგუნა ქართველი ადამიანი, ჩაუკლა სული და ეროვნული თავმოყვარეობა. სწორედ ასეთ ფონზე იწყებს ირაკლი აბაშიძე რუსთაველის სახელის უკვდავყოფას, დასტურად იმისა, კაციჭამიები ვართ თუ როცა „ვეფხისტყაოსანს“ ვწერდით, ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ ისინი, ვინც ქართველთა ველურობით აპელირებდა... მეოცე საუკუნის საქართველოში ირაკლი აბაშიძის თაოსნობით მოწყობილმა ყველაზე გრანდიოზულმა დღესასწაულმა – რუსთაველის 800 წლის იუბილემ „წერტილი დაუსვა ქართველთა ლანძღვა-გინებას“ (მ. ბერძენიშვილი) და მაშინ, როცა მთელ საბჭოეთში (და მის გარეთაც) ამსხვრევდნენ ქართველი ბელადის (წარმომავლობაზე აქცენტებით) ძეგლებს, უპირველესი ქართველის – რუსთაველის ძეგლი აღიმართა სწორედ საბჭოეთის დედაქალაქში, მოსკოვში. ქართველმა ადამიანმა დაიბრუნა რწმენა საკუთარი თავისა და შესაძლებლობისა. რუსთაველი-აბაშიძის შეხვედრის ეს დიადი წუთები ნათლად წარმოგვიჩენს მოვლენის მნიშვნელობას: მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა დიდი პოეტი – ირაკლი აბაშიძე. პალესტინაში გადახვეწილ რუსთაველს ასე მიმართავს პოეტი: „გულით სწყუროდა შენს შორეულ შთამომავალს, წარმოედგინა, რას განიცდიდი და ფიქრობდი შენ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. მაშ, ეს „ხმები“ ისე ჩაუთვალე მას, თითქოს მართლაც გაეგონოს იგი პალესტინის ქართულ ჯვრის მონასტერში, შენს უკანასკნელ თავშესაფარში, შენი დაკარგვიდან შვიდასი წლის შემდეგ“. ეს ეპიგრაფი ციკლისა პალესტინა, „პალესტინა“ თავადაა გულიდან ამოხეთქილი და მარადისობაში ჩაძირული პოეტური პროზა... ირაკლი აბაშიძემ „მგოსნის გზნებით და მდევრის გზნებით“ იარა ჯვრის მონასტრამდე, ერთი ნატვრით: „ერთ უთქმელ სიზმარს ვწერდი და ვხევდი, ერთ უქმნელ სურათს ვქმნიდი და ვშლიდი, მე შენს თეთრ აჩრდილს კვალდაკვალ ვდევდი...“ ვერცერთი კინოკამერა ვერ შეძლებდა ასეთი სიღრმით, სიზუსტით, დეტალიზაციით იმის აღდგენას, რაც მან სიტყვით გადმოგვცა.

ცხოვრებამ ურთულეს გზებზე ატარა ირაკლი აბაშიძე, ჰქონდა მაღალი პარტიული თანამდებობები, პოლიტიკური რეჟიმი ითხოვდა კომპრომისებს, მაგრამ არ გაუცვლია და არ გაუყიდია არც სამშობლო და არც პირადი ღირსება. სინანული თან სდევდა მის ცხოვრებას, რაღაც სტანჯავდა. არ ასვენებდა „უკვდავი სევდები“, „ეს ხმა გაბმული, ხმა გამკითხავი“, „უკმარისობის უკურნავი სენი“, „კაცური მარცხები“ – ასე ღრმად და რთულად, ფაქიზად და ქვეცნობიერი ტაქტით იქნებ არავინ შეხებია ამ თემას მთელ საბჭოთა პოეზიაში და იშვიათად თუ გასულა ვინმე სამშვიდობოს ასეთი „ბეწვის ხიდით“ (გ. მარგველაშვილი). მწვავედ განიცდიდა პოეტი რაღაცას, ძილსა და შვებას რომ უკრთობდა... იქნებ არც არსებობდა რამე კონკრეტული, სერიოზული მიზეზი, მაგრამ მისი მშფოთვარე სული მაინც შეურვებული იყო: „ასჯერ ნატყვიარ გულს არ ნდომია ეს ზღვარ-სამანი, მე ეს მშვიდობა არც მინატრია, მე სხვა რამ დამრჩა დღეს დასანანი“.

ამასთანავე, ფასდაუდებელია ირაკლი აბაშიძის დამსახურება რეპრესირებულ ქართველ მწერალთა რეაბილიტაციის საქმეში. საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იხსენებს: „ქართველ მწერალთა სწრაფი რეაბილიტაცია რომ მოხდა, ირაკლის უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მან იქონია ამ მიმართულებით დიდი გავლენა ვასილ მჟავანაძეზე, ირაკლიმ დააჩქარა ეს პროცესი“. უფრო მეტიც, საბჭოეთში პირველი იყო ირაკლი აბაშიძე, რომელმაც 1954 წელს მოსკოვის „ლიტერატურნაია გაზეტაში“ გამოაქვეყნა წერილი, როგორც თავად ამბობდა, პირველი კეთილი სიტყვა 1937 წელს უდანაშაულოდ დასჯილი მწერლების შესახებ მთელ საბჭოთა კავშირში – ეს იყო პიროვნების კულტის ეპოქაში დაღუპული მწერლების პირველი რეაბილიტაცია და, საერთოდ, უდანაშაულოდ დასჯილთა რეაბილიტაციის პირველი იდეა. აღარაფერს ვამბობთ ქართული ენციკლოპედიის სრულიად უნიკალური მნიშვნელობის 11 ტომზე, მისი რედაქტორობითა და დაუღალავი შრომით რომ მომზადდა. ამიტომაც არაა გადაჭარბებული გურამ ასათიანის ეს შეფასება: „რენესანსის ეპოქიდან იყო ამოსული: პოეტი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, ენციკლოპედისტი, მკვლევარი, ერისკაცი...“

ნუგზარ ფოფხაძე: „ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ბატონ ირაკლი აბაშიძესთან. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ახალგაზრდული წლებიდან ვგრძნობდი მის კეთილ დამოკიდებულებას და, რა გასაკვირია, გაათმაგებული სითბოთი ვცდილობდი, გადამეხადა მისი ყურადღება-მოფერებისთვის. მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩვენ – მისი ახალგაზრდა მეგობრები და ისინი – „ბებერი მეზურნეები”, ანუ როგორც თავის უახლოეს სამეგობროს უწოდებდა ბატონი ირაკლი, ხშირად ვახერხებდით ერთად ყოფნას, ქალაქგარეთ გასვლას... მისი მეგობრები კი არანაკლებ საინტერესო და დიდებული ადამიანები გახლდნენ: აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, პროფესორი დავით ჩხიკვიშვილი, ბატონი როინ მეტრეველი და არაერთი სხვა ნიჭიერებითა და კეთილშობილებით გამორჩეული, დამსახურებული პიროვნება... ამ ფანტასტიკურ ადამიანებთან ჩვენი ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთ „უნივერსიტეტს” ვამთავრებდით, თავისი „ასპირანტურითა” და „დისერტაციით” დამთავრებული. რამდენ სიახლეს ვისმენდით, ვიგებდით. რა ინტელექტუალური პაექრობის მოწმეები ვხდებოდით... და ყველაფერ ამას ახლდა საოცარი იუმორი, სიხალისე. მოგონებები ისეთი, ვერსად რომ წაიკითხავდი და გაიგონებდი.

კომპოზიტორმა ეთერ ჭელიძემ შექმნა სიმღერა ირაკლი აბაშიძის ლექსზე: „ჭაღარა თბილისო”. ვიდრე ტელე-რადიოკომიტეტში მოიტანდა, როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის მოასმენინა და, ყოველ შემთხვევაში, მისი მხარდაჭერა დაიბევა. ბატონმა ირაკლიმ დამირეკა და სიმღერას რეკომენდაცია გაუწია. არცერთ კომპოზიტორს ასეთი „ჩაწყობა” იმ დროს ნამდვილად არ სჭირდებოდა, მაგრამ ინერცია ინერციად რჩებოდა. ერთადერთ სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში კონკურენცია დიდი იყო. ამას ემატებოდა რადიო-ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს მკაცრი ფილტრი. არც ის იყო ჩემთვის დამალული, რომ „ძველები” მაინცდამაინც არ სწყალობდნენ „ახალბედებს” ან „ნაკლებად ცნობადებს”, ამიტომ, ყოველ პარასკევ დილით უშუალოდ ვხვდებოდი კომპოზიტორებს, უწინარესად, ახალგაზრდებს, ჯერ კიდევ და ვახალისებდი მათ ჩვენთან თანამშრომლობისკენ. ვცდილობდი, პირადად ჩემთვის ჩაებარებიათ „პროდუქტი”. ეს „ხერხი” აადვილებდა კონტროლს სამხატვრო საბჭოს, ეგრეთ წოდებულ, „კონიუნქტურაზე” და მეტ-ნაკლებად აადვილებდა ახალი თაობისთვის „გზის გაკვალვას”. ამ მიდგომაში გვერდში მედგნენ მუსიკალური რედაქციების ხელმძღვანელები – ევგენი მაჭავარიანი და ლალი ვარდანაშვილი, მაგრამ სამხატვრო საბჭოში ისეთი ავტორიტეტები შედიოდნენ, რომ არ იყო ადვილი მათი „დათრგუნვა”, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შეწუხებული ლალი ვარდანაშვილი, რომელმაც უკვე იცოდა ბატონი ირაკლის ზარის შესახებ, ჩემთან შემოვიდა და მაცნობა: სამხატვრო საბჭომ ეთერ ჭელიძის ეს სიმღერა დაიწუნა და მის ეთერში გაშვებას გზა გადაუკეტა. მიზეზი? აბსურდული! ეგ პროფესიონალი არ არისო და... როგორც ჩანს, ზოგიერთის პირადულმა მოტივებმა გადაძალა შემოქმედებითი ობიექტურობა. ამ „გარკვევაში” ვარ და ისევ მირეკავს ბატონი ირაკლი, შეწუხებული. უკვე გაუგია სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე და იმაზე დარდობს, რომ მე თავი არ ვიგრძნო უხერხულ მდგომარეობაში, რომ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. არადა, სიმღერა აშკარად მომწონს. ბატონ ირაკლისაც შესანიშნავი გემოვნება აქვს. ჩემთან ვიხმე გოგი დოლიძე, თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე, თამაზ ელიავა... ჩემი „გაჭირვება” გავანდე და მოვთხოვე მაქსიმალური ობიექტურობით სიმღერის შეფასება. დასკვნა – მხოლოდ დადებითი.

სამხატვრო საბჭო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარესთან არსებული სათათბირო ორგანო გახლდათ. ჰოდა, მათი თათბირი არ მივიღე და...

ვურეკავ ბატონ ირაკლის და სტუმრობის ნებართვას ვთხოვ. „ქართული ხმების” ბიჭებთან ერთად თავზე დავადექით ცხელი ხაჭაპურებით ხელდამშვენებულნი. მასპინძელმა ჩათვალა, რომ „დაწუნებული” სიმღერის გამო „შესარიგებლად” მივედი. ბიჭებმა ოპერატიულად შესწავლილი „ჭაღარა თბილისიც” უმღერეს და... ამასობაში „მოამბე“ ჩაირთო, რომელიც ბატონი ირაკლისთვის სრულიად მოულოდნელად გაიხსნა – ეთერ ჭელიძის ამ სიმღერის პრემიერით. ირაკლი გახარებულია. ჩვენც – მასზე მეტად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი