საზოგადოება

როგორ დაუკავშირდა ლიზი ჩქარეულის გზა პატრიარქს და რა სასწაულები ახლავს მის ნამუშევრებს

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 12:53 29.11

ლიზი ჩქარეული
დაკოპირებულია

ლიზი ჩქარეული ხელოვანი გახლავთ, რომლის ცხოვრებაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და რომლის ნამუშევრებსაც სასწაულები უკავშირდება. მისი ბიოგრაფიის შესახებ თავად ქალბატონი ლიზი მოგვიყვება.

ლიზი ჩქარეული: ბავშვობა ყაზბეგში გავატარე – ლამაზი, თბილი და საინტერესო. ის სურნელი და შეგრძნება, რაც ბავშვობას ახლავს მთელი ცხოვრება თან გაქვს. ძალიან კარგი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. შვილებზე გადამკვდარი მშობლები გვყავდა. თუკი რამე კარგი არსებობს, ჯანმრთელობის, ზოგადად სამყაროს, სილამაზის აღქმის კუთხით, მათი დამსახურებაა. მშობლებში ტრადიციაც იყო, ღმერთიც, სიყვარულიც. დედას – მერი ღუდუშაურს, ძალიან უყვარდა კითხვა და ხელსაქმე, ექთანი იყო და მორიგეობის დროს სულ წიგნი ჰქონდა თან. მამა – ნიკოლოზ ჩქარეული, მოჭიდავე იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სპორტის ოსტატი, ფიზიკურადაც, სულიერადაც ძლიერი პიროვნება. „ბარეცი“ ჰქონდა მეტსახელი. მან შეგვაყვარა მოგზაურობა, მთა, კლდე, ბუნება. ჩვენს ოჯახში შრომა, სწავლა და განათლება იყო პრიორიტეტი. ჩემი და – მარინა ჩქარეული, ბუნების დიდი ქომაგია, მეცნიერიც არის და შემოქმედიც. ჩვენ ერთმანეთის ძალა ვართ. მამიდაზეც აუცილებლად ვიტყვი: მან გაგვზარდა, ისიც ჩემი ოჯახია, „თამარ ქალს“ ვეძახდით, უსათნოესი ადამიანი იყო.

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და სულ ვხატავდი. პარალელურად, თოჯინები მყავდა და უამრავ ტანსაცმელს ვუკერავდი, ვუქსოვდი. დედაჩემს ჰქონდა ძალიან კარგი ხელი, მისი ულამაზესი ნაქარგობები გვაქვს. მეც და ჩემს დასაც გვასწავლა ქარგვა, ქსოვა, კერვა.

– როდის დაიწყეთ ხელოვნებისკენ სწრაფვა და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

– ალბათ, ყოველ ადამიანში არის ჩადებული ცხოვრების ხაზი და მისია, რომელიც უნდა ამოხსნა და მისდიო. არ მოგასვენებს თუ არ იპოვე. ეს იყო ხელოვნება და შემოქმედება, ის ბავშვობიდან ამედევნა, მომავალში კი დაიხვეწა, დღესაც ვითარდება, მდიდრდება და სავსე ხდება. სკოლის შემდგომ აკადემიური განათლების დრო დადგა. დავამთავრე ნიკოლაძის სასწავლებელი, შემდგომ – კულტურის ინსტიტუტის კედლის მხატვრობა-საეკლესიო მხატვრობის ფაკულტეტი. სადაც მოხდა ჩემი შემდგომი პროფესიის ჩამოყალიბება – ხატწერა. ეს არის ჩემი შემოქმედების ძირითადი სფერო. რომლის გარშემო ტრიალებს ყველა დანარჩენი შესაძლებლობები. შემოქმედება ამოუწურავია, თავისუფალია და ლაღი, როგორც ადამიანის შესაძლებლობები.

– სტუდენტობის პერიოდშივე განსაკუთრებული პასუხისგებლობა დაგკისრებიათ, ვგულისხმობ სახარებაზე მუშაობას, რამაც პატრიარქთან დაგაკავშირათ. როგორ მოხდა ეს ყოველივე და როგორ გახსენდებათ წლები, რომელიც სახარების მოხატვას დაუთმეთ?

– სტუდენტობა ოთხმოცდაათიან წლებს უკავშირდება – ომი, სიცივე, უსინათლობა, მაგრამ მაინც დიდი სიყვარული და ერთობა. ამ პერიოდში მოხდა ჩემი სახარებასთან ძალიან ახლოს მისვლა. ჩემი პედაგოგი ქალბატონი დეა ჯაბუა იყო, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მინიატურა ძალიან კარგად გამომდიოდა და გადაწყვიტა, სადიპლომო ნამუშევრად მოხატული სახარება გამეკეთებინა. ამას მოჰყვა დიპლომზე მუშაობის ერთი დიდი შრომით აღსავსე წელიწადი. უნდა მესწავლა ძველი ქართული დამწერლობა – ხუცური, გადამეწერა სახარება და მომეხატა. ზაფხულის არდადეგებზე ყაზბეგში წავედი და თან წავიღე სახარება ძველ ქართულად. ვისწავლე ხუცურიც. შევარჩიე მასალა, რაზეც სახარება უნდა გადამეწერა და მომეხატა. შევუდექი მუშაობას. უდიდეს სპეციალისტებთან ვიმუშავე ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც მოქვის სახარების ასლებს ვაკეთებდი. აქ შევისწავლე კალიგრაფიაც და მინიატურის ძირითადი პრინციპები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე ჩემი ცხოვრების გზაზე. ბოლოს ჩვენი სადიპლომოები საჩვენებლად პატრიარქთან მივიტანეთ, სადაც იხატებოდა ხბოს ტყავზე ხელით გადაწერილი სახარება სამების საკათედრო ტაძრისთვის – მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი და აქ განვაგრძე მინიატურების შესრულება – დამევალა მარკოზის სახარების მოხატვა. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ შესანიშნავ მხატვრებს შორის, ვინც სახარებაზე მუშაობდნენ. ეს იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი. მადლობა ღმერთს და მადლობა მის უწმინდესობას, რომ მომეცა ამის უფლება და შესაძლებლობა.

– რა ადგილი უჭირს თქვენს შემოქმედებაში ხატწერას?

– რა თქმა უნდა, ხატწერა უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის მუდმივი სულიერი ზრდა, ამოუწურავი. ეს არის კანონიკა, რომლის იქითაც უსაზღვრო სიმშვიდე და თავისუფლებაა.

– როგორც ვიცი, თქვენ მიერ შესრულებულ რამდენიმე ხატს მირონი სდიოდა. ძალიან საინტერესო იქნება ამ ხატების ისტორიის მოსმენა.

– ჩემ მიერ დაწერილ ხატებს მართლაც სდიოდა მირონი. მე ეს საკმაოდ გვიან გავიგე. სამეგრელოში მირონი 4 კანკელის ხატს სდიოდა, ყაზბეგში კი – ღვთისმშობლის ხატს, რომელიც სოფელ გარბნის წმიდა გიორგის სახელობის მეათე საუკუნის ტაძარშია.

ძალიან ჩუმად, მოკრძალებულად ვიყავი ამ საკითხის მიმართ, ამის ახსნა ღმერთმა იცის მხოლოდ და საუბარიც ცოტა მერიდება ხოლმე ამაზე. არ ვიცი, ეს დამთხვევა იყო თუ რა, ამ ამბების მერე ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა, რაც ოჯახის შექმნასა და ჩემი შვილის მოვლენას უკავშირდება. მადლობა ღმერთს და სამყაროს ყველა შესაძლებლობისთვის.

– როგორც ამბობთ, ბოლო დროს ხშირად ხატავთ ანგელოზებს, რა დატვირთვას ატარებს თქვენი არჩევანი?

– ბოლო დროს ხშირად ვხატავ ანგელოზებს, ესეც ბუნებრივად მოვიდა, გარემო რაღაცნაირად დამძიმდა და გაბოროტდა, თითქოს ეს გამოსავალია აგრესიისა და შურის გასაფანტავად. ბოლოს გავაკეთე გულსაკიდი მედალიონები, მფარველი ანგელოზები, რომლებიც ძვირფასი ქვებითაა შემკული და შეიძლება, ადამიანებმა ატარონ, როგორც თილისმა და მფარველი.

– როგორც ვიცი, მოხეურ სამოსსაც ქმნით.

– სახარებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ყაზბეგში დავბრუნდი და ყაზბეგის ისტორიულ მუზეუმში დავიწყე მუშაობა. აქ მოხდა ჩემი სამოსებით დაინტერესება. მუზეუმის ფონდში აღმოვაჩინეთ სამოსები, რომლებიც სრულიად უნიკალურია დიზაინით, ნაქარგობით, მასალით... თანამშრომლებთან ერთად გავაკეთეთ ამ სამოსების რესტავრაცია და გამოვფინეთ. მე კი სამოსების შექმნის სურვილი გამიჩნდა. ამას თან დაერთო პატრიარქის კურთხევა – ყველა კუთხეში შექმნილიყო რეწვისა და ხელსაქმის სახელოსნოები, ასე დავაარსეთ, „ჩქარეულების“ შემოქმედებითი სახელოსნო. აქ იქმნება, სამოსი, თექა, ნაქარგობა, სუვენირები და მრავალი საინტერესო ნიმუში.

– და თოჯინები – ესეც თქვენი ცხოვრების ნაწილია. როდის დაიწყეთ მათზე მუშაობა და როგორ თოჯინებს ქმნით?

– პანდემიის პერიოდში საცხოვრებლად დუშეთში გადავედით, სადაც ჩემი მეუღლის „დაჩაა“. დუშეთს აქვს თეატრი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მუშაობა დავიწყე თეატრის მხატვრად. აქვე აქვთ თოჯინების თეატრი, სადაც ახალი თოჯინები სჭირდებოდათ. დირექციისა და მერიის თანადგომით შევქმენი 8 თოჯინა შევქმენი. ესენია თეატრის მარიონეტული თოჯინები. რომ დავასრულე, უკვე ,„პიროვნებები“ იყვნენ. ბევრი ვიფიქრე მათ კონსტრუქციაზე, სახეებზე, სამოსზე. ახლა ისინი სცენაზე გასასვლელად მზად არიან და სპექტაკლს ელოდებიან.

– და ბოლოს, თქვენი ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს, რამდენად ახლოს არიან ხელოვნებასთან?

– მეუღლე ზურა ავსაჯანიშვილი და ქალიშვილი მარიამი – ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შემოქმედებაა. ამასაც ისე ვუფრთხილდები, როგორც ჩემს დაწერილ ყველა ხატს. მადლობა ღმერთს, ამ შემოქმედებისთვის. ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, ჩემი დაწერილი ხატი აფხაზეთში წაბრძანებულიყო. ახლა სრულდება ბიჭვინთის ღვთისმშობელი, რომელიც თვითონ მონახავს გზას როგორ ჩავიდეს აფხაზეთში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა