საზოგადოება

როგორ დაუბრუნა საქართველოს ივანე ანდრონიკაშვილმა ძირძველი ქართული მიწები და როგორ წაართვა მტერს მან გამარჯვების დროშა

№4

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 01.02, 2023 წელი

ივანე ანდრონიკაშვილი
დაკოპირებულია

გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი 1798 წელს კახეთში, სოფელ ქოდალოში დაიბადა. დედა – მარიამი ერეკლე მეორის შვილიშვილი, ბატონიშვილ ელენეს ასული და იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ მეორის და გახლდათ, მამა – მალხაზ ანდრონიკაშვილი სამეფო კართან დაახლოებული კახელი თავადების შთამომავლი იყო. მალხაზ ანდრონიკაშვილს თავად დიდი საგვარეულო მამულები ჰქონდა კახეთში, ცოლის მხრიდან კი – იმერეთში. მათ ორი შვილი შეეძინათ: ივანე და ანა.

1810 წელს იმერეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა. დატყვევებული სოლომონ მეორე მტერს მოხერხებულად დაუძვრა ხელიდან და ახალციხეში გაიქცა, მისი ოჯახი რუსეთში გაასახლეს. გასახლებულებს შორის იყო ივანე ანდრონიკაშვილი, მისი დედა და და. ისინი ჯერ ვორონეჟში ცხოვრობდნენ, შემდეგ პეტერბურგში გადავიდნენ. პეტერბურგში ცხოვრობდა სოლომონ მეორის მეუღლე, დედოფალი მარიამი, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავადა მულისშვილის აღზრდაზე.

იმ დროის რუსეთის იმპერიაში მამაკაცისთვის ყველაზე საოცნებო, სახელისა და დიდების მომტანი სამხედრო კარიერა იყო და ივანე ანდრონიკაშვილმაც ეს გზა აირჩია. 17 წლის თავადი „ანდონიკოვი“ იუნკერი გახდა. რამდენიმე წელიწადში მამა გარდაეცვალა. საქართველოში ანდრონიკაშვილების მამულები უპატრონოდ იყო და ნადგურდებოდა, რის გამოც ივანეს გული კავკასიისკენ მიუწევდა, მაგრამ...

1826-1828 წლების რუსეთ–სპარსეთის ომი ივანე ანდრონიკაშვილის სამხედრო კარიერის წარმატების დასაწყისად იქცა. 1826 წლის 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. მისი სიმამაცე შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის არმიის სარდალს, პასკევიჩს და მომდევნო ბრძოლებში ქართველი მეომარი გვერდიდან არ მოუცილებია. 1827 წლის 5 ივნისს გაიმართა ბრძოლა ჯავან–ბულახთან, ციხესიმაგრე აბას–აბადის აღების დროს ივანე ანდრონიკაშვილმა მტერს წაართვა დროშა, რომელსაც სპარსელები გამარჯვების დროშას უწოდებდნენ და კინაღამ სპარსეთის ტახტის მემკვიდრე – აბას–მირზა ჩაიგდო ტყვედ. ანდრონიკაშვილის დივიზია გაქცეული სპარსელების ჯარის იმ ნაწილს დაედევნა, რომელსაც ნაჯავ–ხანი სარდლობდა. თავადვე შეიპყრო ნაჯავ-ხანი და პასკევიჩს მიჰგვარა. ამ გამარჯვებისათვის ივანე ანდრონიკაშვილს წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენი გადაეცა.

ის მონაწილეობდა გენერალ–ლეიტენანტ სუხოტინის ლაშქრობაში, თავი ისახელა ეჩმიაძინთან და ერევანთან ბრძოლებში. მონაწილეობდა თავრიზის იერიშსა და აღებაში.

1828 წლის 14 აპრილს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი და ივანე ანდრონიკაშვილი აქაც აქტიურად ჩაება. ოსმალებთან ბრძოლამ კიდევ უფრო მეტი წარმატებები მოუტანა ქართველ მეომარს. 24 ივლისს ახალქალაქი რუსულ ჯარს ჩაბარდა. აქ მოპოვებული გამარჯვებისთვის ანდრონიკაშვილს წმიდა ანას მეორე ხარისხის ალმასებით მოჭედილი ორდენი გადასცეს. ახალქალაქის შემდეგ ანდრონიკაშვილი პასკევიჩთან ერთად ახალციხისკენ დაიძრა, 5-9 აგვისტოს სისხლისმღვრელი ბრძოლები ოსმალების სრული კრახით დასრულდა. 15 აგვისტოს ახალციხე დაეცა. ახალციხისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ივანე ანდრონიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინითა და წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

რუსეთ-ოსმალეთის ომმა გაააქტიურა ოსმალური ორიენტაციის ჩრდილოეთ კავკასია და საქართველოს წინააღმდეგ განაწყო. გახშირდა თავდასხმები კახეთზე, სადაც რეგულარული არმიისა და მილიციის მცირერიცხოვანი ნაწილები იდგნენ. აქ საჭირო იყო ისეთი კაცი, რომელსაც საომარი გამოცდილება და დიპლომატიური ცოდნა ექნებოდა. პაკევიჩმა ასეთ პიროვნებად ივანე ანდრონიკაშვილი მიიჩნია. მართლაც, ივანემ კახეთში სრული სიმშვიდე დაამყარა, შექმნა საგუშაგოები, რომელიც თავმდამსხმელების შემაკავებელი აღმოჩნდა და მათი იერიშის სრულად მოგერიება შეძლო.

ივანე მალევე დაუბრუნდა ბრძოლის ველს. 1829 წლის 19-20 ივლისს მონაწილეობს არზრუმის ბრძოლაში. ბაიბურთის აღებისას გამოჩენილი მამაცობისთვის ის წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1829 წელს რუსეთ–თურქეთის ომი დასრულდა და საქართველომ ძირძველი ქართული მიწები ახალციხე და ახალქალაქი დაიბრუნა.

1837 წელს დაიწყო ოსთა ანტირუსული გამოსვლები ჯავის ხეობაში. აჯანყების ჩასაქრობად ანდრონიკაშვილი გაგზავნეს და მან ისეთი სოფლებიც დაიმორჩილა, რომლებიც მანამდე რუსეთის შემადგენლობაში არ იყო.

1841 წელს ჩაება დაღესტნის ომში – შამილის წინააღმდეგ. მონაწილეობდა დაგოსთან ბრძოლაში. ერთ–ერთი ოპერაციის დროს შეეჯახა შამილს და მის რაზმს და მოპოვებული წარმატებისთვის გენერალ–მაიორის ჩინი მიიღო.

მიხეილ ვორონცოვმა ივანე ანდრონიკაშვილი თბილისის სამხედრო გუბერნატორად დანიშნა. ყირიმის ომის დროს ოსმალები ახალციხეში შეიჭრნენ და ახალციხე ალყაში მოაქციეს, აქ ჩარჩენილი გარნიზონი დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მიხეილ ვორონცოვმა გარნიზონის დახსნა ივანე ანდრონიკაშვილს დაავალა. შედეგმაც არ დააყოვნა. ივანემ ოსმალებზე ტრიუმფალური გამარჯება მოიპოვა და თბილისში დაბრუნდა.

1853 წელს გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1854 წელს კი ოსმალების წინააღმდეგ გურიაში იბრძოდა და ჩოლოქთან ბრძოლაში 10 000 მეომრით სელიმ ფაშას 35 000-იანი ჯარი დაამარცხა.

ყირიმის ომის შემდეგ ივანე ანდრონიკაშვილი თბილისის გენერალ–გუბერნატორის თანამდებობას დაუბრუნდა, თუმცა, მალე პირადი თხოვნით გათავისუფლდა და კახეთში, თავის მამულში, დაბრუნდა. მისი მეუღლე გახლდათ დავით ბატონიშვილის შვილობილი ნინო, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

ივანე ანდრონიკაშვილი 1868 წელს გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: ჭუმბურიძე დოდო. რუსული არმიის გენერალი – ივანე ანდრონიკაშვილი: 1798-1868 // ისტორიული პორტრეტები; ბერძენიშვილი მაქსიმე. ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1798-1868) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი