როგორ დაწერა 12-13 წლის ასაკში ერეკლე ბეჟუაშვილმა 420-გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის წიგნი და რატომ დაიწყო მან „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად შესწავლა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 14.05

ერეკლე ბეჟუაშვილი 14 წლის ახალგაზრდა მწერალია, რომლის განათლების დონე და ინტელექტი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მას ამ ასაკში უკვე ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, უკვე წიგნის ავტორია.
– ერეკლე, უპირველესად, მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს, სად ცხოვრობთ, სწავლობთ და რა ინტერესები გაქვთ?
– ვსწავლობ თელავის პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც ერეკლე მეორემ დააარსა. მეფის ნაჩრდილარში გაზრდა და ისტორიულ ციხე-გალავანში 12 წლის გატარება ყველასთვის დიდი პატივია, მეტადრე, თუ შენც ერეკლე გერქმევა. ყველა საგანი მიყვარს, ნებისმიერი სფერო მაინტერესებს და მუდამ მახსოვს მეცნიერებათა აკადემიაში ჩემი სტუმრობისას მირონ ფირცხელანის ნათქვამი სიტყვები: ერეკლე, დღეს ყველაფერი ერთად უნდა იცოდე და კომპლექსურ მეცნიერებას ეძალებოდე, თორემ ისე ფონს ვერ გავალთო. თუმცა, მაინც გამოვარჩევდი ქართულს, ისტორიას და საბუნებისმეტყველო საგნებს, რომელთა გარეშე ჩვენი სამომავლო განვითარება წარმოუდგენელია. ვუკრავ ფორტეპიანოზე, ასობით ლექსის ავტორი ვარ, მაგრამ მთავარ საქმიანობად, რაშიც ყველა აკადემიკოსები უნდა ვიყოთ, ადამიანობა მიმაჩნია.
– 13 წლის ასაკში წიგნი გამოეცით, მოგვიყევით მის შესახებ, ანუ რამ გადაგაწყვეტინათ ამ წიგნის დაწერა და რა თემას ეძღვნება ის?
– „ტიბეტური საგანძური“ 420-გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის წიგნია, რომელიც „საქართველოს მაცნეში“ დაიბეჭდა. წიგნი – პირველი არხის თანამშრომლების სიტყვებით რომ ვთქვა – ერთგვარი ოდისეაა მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისიდან ინდოეთის გავლით ტიბეტში. ის ჟიულ ვერნისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის უკვდავ ხსოვნას ეძღვნება და დაკვირვებული თვალი წიგნში ბევრ საინტერესო მომენტს წააწყდება. უკვე წიგნის ბოლოს კი მკითხველი გაიგებს, თუ რა არის თვისებრ ტიბეტური საგანძური. რომანი ასე იწყება: „ჩემთვის ახლავე ცხადია, ამ მონათხრობს, რომელსაც „ტიბეტური საგანძური“ ვუწოდე, არავინ ირწმუნებს“...
– ალბათ, ყველას აოცებს ეს ფაქტი, რადგან 13 წლის ასაკში წიგნის დაწერა მართლაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი. როგორ მოახერხეთ, რა დრო დაგჭირდათ, რა სირთულეებს წააწყდით ამ პროცესში?
– ნათელია, რომ სირთულეები ყველაფერში გვხვდება, მაგრამ არ მსურს ვიცრუო – წიგნის წერისას განსაკუთრებულ სირთულეს არ შევხვედრივარ. შესაძლოა, წავაწყდი კიდეც, თუმცა, ისე იოლად დავძლიე, რომ სათვალავში არც ჩამიგდია. ძირითადად, ზაფხულში ვწერდი, როცა სკოლისგან ვისვენებდი. საგანგებო გარემოც არ დამჭირვებია, როცა და სადაც მომინდებოდა, იქ ვწერდი. შემდეგ გამომცემლობებს შევეხმიანე – ეს შედარებით რთული გამოდგა. რამდენიმე თვეში კი წიგნმა სამზეო იხილა ოჯახის ხარჯით. არ მიყვარს ამ ფაქტის თქმა, მაგრამ სადაც მივდივარ, ყველგან მთხოვენ ხოლმე ხაზგასმას: 12-13 წლის ასაკში ამ მოცულობის წიგნის გამოცემის პრეცედენტი არნახულია.
– ალბათ, ვინც თქვენს საუბარს უსმენს, ყველა აღნიშნავს განათლების დონეს, ინტელექტს. 14 წლის ასაკისთვის როგორ მოახერხეთ ამხელა ცოდნის დაგროვება? რისი დამსახურებაა ეს?
– არ ვიცი, რა მოვახერხე – ეს სრულად საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. მაგრამ, არის ერთი რამ: ჭეშმარიტად გულით მიყვარს წიგნები და ის ადამიანები, ვისი თვალიც კითხვით ირჯება. ლიტერატურაში ან ისტორიულ დოკუმენტალისტიკას ვანიჭებ უპირატესობას, ანდა სამეცნიერო ფანტასტიკას. ვაფასებ რელიგიურ წიგნებსაც, რომელთაგან ბერი გაბრიელის ცხოვრების აღწერას გამოვარჩევდი და რაც მალხაზ ჯინორიამ გააერთიანა წიგნში – „თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა”. თავისთავად ცხადია სახარებისა და „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულიც. მე; რუსთველის პატივისცემით, „ვეფხისტყაოსნის” ზეპირად შესწავლა დავიწყე და უკვე პროლოგს ვარ გაცდენილი. იმედია, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
– მინდა ოჯახის შესახებაც მოგვიყვეთ, რადგან ვფიქრობ, ამ პროცესში მათი წვლილიც დიდია…
– ოჯახი დიდი გარემოებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. რომ არა მშობლები, ბებია-პაპები და დედმამიშვილები, ვის რად უნდა მასეთი უღირალი სიცოცხლე?! ასე რომ, ოჯახს მუდამ დიდი მნიშვნელობა აქვს. ღმერთი რომ განკაცდა, მანაც არ ისურვა უმშობლებოდ ყოფნა. განა ამან არ უნდა დაგვაფიქროს?!
– ასევე, ქმნით ტანკებსა და ჰაიკუებს, ამ ინტერესზეც მოგვიყევით, თუმცა, დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად, ამ ტერმინთა მნიშვნელობა განვმარტოთ.
– ჰაიკუ იაპონური სამტაეპიანი ურითმო ლექსია – ერთი ტერცეტისგან შემდგარი. ტანკა ხუთ სტრიქონს მოიცავს. ორივეს მიზანი ადამიანში წუთიერი და ლამაზი სურათის შექმნით ესთეტიკის სიყვარულის გაღვივებაა. მოკლე ფორმით იოლად ითქმის ყველაზე დიდი სათქმელიც კი. ქართულ ლექსს არ უყვარს ტერცეტულობა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მეექვსის ავტორობით რამდენიმე ჰაიკუა აღმოჩენილი. სხვათა შორის, პოეზიის ეს განხრა ბატონმა გია მურღულიამ შემაყვარა, რისთვისაც კვლავ მადლობელი ვარ. შესაბამისად, რაც დაგროვდა ჩემი ლექსები, ქართული ჰაიკუები, პროზაული ტანკები, მოთხრობები და ჩანაწერები, ყველას ერთად თავი მოვუყარე და ბეჭდვას მალე დავიწყებ. ეს ახალი პოეტური კრებული 360 გვერდზე მეტს მოიცავს და საბოლოო სახელია „ვარსკვლავქვეშეთში“.
– როგორც ვიცი, სოციალურად აქტიური ცხოვრება გაქვთ – რით ხართ დაკავებული სწავლისა და წერის გარდა?
– დაკავებული ვარ საზოგადო პროცესში ჩართვით – მე და ჩემი თანატოლები ინტელექტუალურ თამაშებში ვიღებთ მონაწილეობას და ჯერჯერობით ვიმარჯვებთ კიდეც. აგრეთვე, 2024 წლის მარტში დავაფუძნე „აზროვნების კლუბი”, სადაც ყველაფერ კარგს ვაკეთებთ ფიქრიდან დაწყებული – გადაცემებით დამთავრებული (ამას მალე იხილავთ). დიახ, ჩემი სკოლის ინიციატივით ჩვენ საკუთარ არხს ვაფუძნებთ და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან