როგორ დაპატიჟეს უშიშროებაში კარლო საკანდელიძე და „ღვინის ქურდების“ ყველა მსახიობი ღვინის დასალევად
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 31.10, 2023 წელი

„ბატონმა სერგო ზაქარიაძემ სახალხო არტისტობაზე წარმადგინა და მე უარი ვთქვი — რა დროს ჩემი სახალხოობაა! მან მითხრა: ჩამოგირბინა თეთრმა რაშმა და მოაჯექი! უნდა მიიღო სახალხო არტისტის წოდებაო და მივიღე. სხვათა შორის, ჩემ მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალა. ჩემზე უმცროსები ბატონობით მომართავდნენ. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ მე მაინც ვარ!“ – შესაძლოა, მისი ცხოვრება სხვანაირადაც წარმართულიყო, იმ დღეს ფოსტალიონს გაზეთი რომ არ მიეტანა. 16 წლის ბიჭმაც გაზეთი გაშალა და... თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებდა. ჰოდა, თეატრალურში ჩაბარება და მსახიობობა გადაწყვიტა. მიაშურა თეატრალურ ინსტიტუტს და მიიღეს კიდეც. ინსტიტუტს რომ ამთავრებდა, მარჯანიშვილის თეატრისკენ უწევდა გული, მაგრამ ხორავამ გადაიბირა – კარლო და დოდო აბაშიძე რუსთაველის თეატრში წაიყვანა. საშუალო ტანის კარლო რუსთაველის თეატრის გრანდიოზულმა სცენამ დააფრთხო – „ვიდარდე, ამხელა სცენაზე რა გავაკეთო, სცენა გადამყლაპავს მეთქი“. აღმოჩნდა, რომ 21 წლის კარლომ სულ ტყუილად იდარდა – რუსთაველის თეატრის სცენას, არაერთი ტანაშოლტილი ვაჟკაცის გადამყლაპავს, არ გადაუყლაპავს. დღეს ამ თეატრის წინ მისი ვარსკვლავია. 27 წლის იყო, კინოში რომ გამოჩნდა – ქართული კინოს საეტაპო ფილმში, „მაგდანას ლურჯაში“, მენახშირის როლზე. მას შემდეგ 50-მდე სხვადასხვა როლი ითამაშა კინოში. კარლო საკანდელიძის დღიურები მისი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს ასახავს. ამჯერად, ეს შევარჩიეთ:
ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი
ბუბა ხოტივარი იხსენებს:
„მასთან თვეების განმავლობაში, დღეში 10-12 საათის განუწყვეტლივ მუშაობისას სულ მაინტერესებდა, როდის დაიღლებოდა, როდის მოერეოდა თვალებზე რული, როდის ამოიწურებოდა მისი ფანტაზია, იუმორი, ენერგია, როდის გაბრაზდებოდა („გვეყო დღეს, ხვალ განვაგრძოთ“) – არ ყოფილა ასე არასდროს!..
მინდა, გაგახსენოთ დიდი ხნის წინანდელი ჩემი მოგონებიდან ერთი ფრაგმენტი: „…მღვდლის გასახმოვანებლად დიდი მსახიობი – კარლო საკანდელიძე მოვიწვიე. კარლო ამ როლის გაკეთებაზე კი დამთანხმდა (და კარგადაც შეასრულა ის), მაგრამ ანარქისტის გახმოვანებაც მოინდომა. მე გამწარებული ვეძებდი ანარქისტს და არ ვიცოდი, გვერდზე რომ მყავდა. ბოლოს გამომიტყდა, არ მინდა, თავი მოგაბეზრო, მაგრამ გამსინჯე და ნახე, იქნებ მოგეწონოო. ეს არა თავისი (მღვდლის), არამედ ანარქისტის ხმით მითხრა, თანაც ისე გამიღიმა, ანარქისტი რომ იღიმება ეკრანზე – აგრესიულ-გაკვირვებული სახით და დაამატა ანარქისტის მაღალი ჩლიფინით: „მამაო ენუქ, ვინ შექმნა ქვეყანა?“ და თვითონვე უპასუხა მღვდლის ბოხი ხმით თავის თავს: „ღმერთმა, შე ანარქისტო!“, შემდეგ კი უპასუხა ისევ ანარქისტივით: „ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი ხომ შენმა ღმერთმა შექმნა!“.კინაღამ გავიგუდე სიცილით. მივხვდი, რომ ანარქისტის ხმა ნაპოვნია. ანარქისტის გახმოვანების დროს ვერაფრით ვახერხებდით ეპიზოდის დამთავრებას – შუა გზაში ისტერიული ხარხარი აგვიტყდებოდა ხოლმე. კარლო კი ბრაზობდა, ხელს მიშლითო. ასეც იყო. განსაკუთრებით შევუშალეთ ხელი კარლოს ამ სიტყვებზე: „მამაო ენუქ, იმ შენი ღმერთის რწმენა სასაცილოა! გეყო რელიგიური იავნანები!“ – მთელი სტუდია ხარხარებდა. კარლომ ბოლოს თვალები დაგვიბრიალა, გარეთ გაბრძანდით რეჟისორ-ასისტენტები, უთქვენოდ უკეთ ჩავწერო. ჩვენც ბავშვებივით დავემოჩილეთ და გარედან ვისმენდით, როგორ მუშაობდა ეს დიდი ვირტუოზი. შემდეგ კარლომ სულ აიწყვიტა და ბევრი სხვა მცირე როლიც გაახმოვანა. ვერავინ ხვდება, რომ ეს ერთი და იგივე მსახიობია. მაგალითად, მთვრალი გლეხი ისაკა, უსინათლოს რომ ურტყამს სოფლის მოედანზე. საერთოდ კარლომ მოახდინა ფილმის გახმოვანების ტექსტის მსახიობთა არტიკულაციაში ჩაჯენა-ჩაწყობა და გამოსახულებისა და დიალოგების ურთიერთკავშირის მოგვარება. დღედაღამ, უნიჭიერეს იამზე ტყავაძესთან ერთად გახმოვანების ბნელ დარბაზში იჯდა და შრომობდა. ორივეს აქვს ულევი მარაგი ქართული სიტყვებისა, რაც ასე გვაკლია ბევრ ჩვენთაგანს…”
დიდი ხნის პოლკოვნიკი კარლო
თავად კარლო საკანდელიძე იხსენებს:
„მე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და რამაზ ჩხიკვაძე დაგვპატიჟეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უფრო სწორედ, „კაგებეში“ – რაღაცას დღესასწაულობდნენ. იმ დილით გივი შემხვდა და ეშმაკურად მეუბნება:
– ააა, ხომ ვიცოდი, დიდი ხნის პოლკოვნიკი რომა ხარ.
– მე შენზე ადრე ვიცოდი, გენერალი რომ ხარ-მეთქი, – არც მე დავრჩი ვალში.
მაგათ აკადემიაში ერთი ათასი კაცი მაინც იყო შეკრებილი. პატარა სცენაზე აგვიყვანეს. მე ბოლოში დავჯექი. რამაზს ძალიან დიდი ფიალა მიართვეს. მან არც აცია, არც აცხელა – დამაცადეთ, სიტყვას ვამბობო და ფიალა კახის გადასცა. ახლა კახის სიტყვის დრო მოვიდა, იმანაც – გივის გადასცა. გივის ვუთხარი – მაიტა, მაიტა, მაგ ფიალას მაინც მე გადმომცემთ-მეთქი.
– ამ ჯამს დალევ შენა? – გულწრფელად წამოსცვივდა თვალები კახის.
დარბაზს მივესალმე, სადღეგრძელოც ვთქვი, რაღაცები ვიბოდიალე – გამარჯვებული გევლოთ-მეთქი, მოვიყუდე და დავლიე. ისეთი სიჩუმეა, ისეთი, ბუზის ხმას გაიგონებ. ხმა ჩაუვარდა დარბაზს. როგორც იქნა, დავცალე და ერთბაშად ატყდა ტაში, ყიჟინა და შეძახილები, ახლა კი გვჯერა, „ღვინის ქურდებში“ ის ჯამი ნამდვილად დალიეო. ის ფიალა დიდი კი იყო, მაგრამ ფილმში რომ ჯამია, იმაში ხუთი ლიტრა მაინც ჩადიოდა. მართლა კი არ დამილევია.”
წუწაობა
იღბლიანი აღმოჩნდა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობის, კარლო საკანდელიძის კინოდებიუტი „მაგდანას ლურჯაში“. მენახშირე ბიჭის სიმღერა კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ სპეციალურად მისთვის დაწერა, არადა, სწორედ ამ სიმღერის გამო მოხდა ერთი კურიოზი, რომელსაც ბატონი კარლო ასე იხსენებდა: „ფილმის გადაღებისას მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გორში, სასტუმროში ვცხოვრობდით. ძალიან ცხელი ზაფხული იყო. ახალგაზრდები ხშირად ვწუწაობდით, რათა ოდნავ მაინც გავგრილებულიყავით. ერთ-ერთი ასეთი გაგრილების დროს თავში შემთხვევით წყლით სავსე ჭურჭელი მომხვდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანეს. ყველა ძალიან შეშინდა, თავზე დამფოფინებდნენ, მოჰქონდათ ხილი, განსაკუთრებით ბევრი გორული ატამი, მეც ვჭამდი და ვჭამდი ამ ატმებს… მტკივანი თავი ვიღას ახსოვდა და დიზენტერიაც დამემართა. ერთ დილასაც საავადმყოფოში არჩილ კერესელიძემ მომინახულა და მითხრა, დღეს სიმღერა უნდა ჩავწეროთო, მაგრამ ისეთი სიმკაცრე იყო, რომ საავადმყოფოდან არც გამიშვეს და ვერც გავიპარე. არჩილი ძალიან შეწუხდა, რადგან სიმღერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხელმეორედ ჩაწერა დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. დაფიქრდა და უცებ მთხოვა, ეგებ იცოდე ვინმე, ვისაც შენი ტემბრის ხმა ექნებაო. იმ წუთში გივი ტორონჯაძე გამახსენდა. მართალია ოპერის მომღერლის ხმას განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, გივის მართლაც კარგად გამოუვიდა…“
შემოდი წრეში
„დათა თუთაშხიას“ გადაღების შემდეგ ნახევარი საქართველო ნიკანდრო ქილიას მეძახდა. ერთხელ, ჯერ კიდევ „გაის“ დროს, ფილმთან დაკავშირებით რაღაც კულტურულ ღონისძიებაზე ვანში მიგვიწვიეს. მანქანებით გავემგზავრეთ. საქმე ისე იყო, რომ ფილმის პერსონაჟების ტანსაცმელებით უნდა გავსულიყავით და ნიკანდრო ქილიას პოლიციელის ფორმა მანქანაში მედო. ვანის ცენტრალურ მოედანზე გავედი. ორი – სამი მოცლილი ინსპექტორი იდგა და არ ჩამისტვინეს? მაშინვე გავაჩერე მანქანა. არ გადმოვდივარ, ვიცი, რომ წესითა და რიგით თვითონ უნდა მოვიდნენ. ჯინაზე ისინიც არ მოდიან.
– შემოდი წრეში! – დამიძახა ერთმა.
– კარლო ვარ, საკანდელიძე, კარლო! – გავძახე რიხიანად.
– ჩემი უფროსიც რომ იყო, მაინც უნდა შემოხვიდე წრეში, – მაგათ, მოგეხსენებათ, თავიანთ უფროსზე დიდი უფროსი თუ ვინმეს ჰყავს, ვერ წარმოუდგენიათ. მსახიობს რომ ვერ იცნობენ და ისიც ვანში, ამაზე დიდი საწყენი მსახიობისთვის არაფერია და მართლა არ გავბრაზდი? ჩავრთე პირველი სიჩქარე და მოვუსვი. ცოდოს ვერ ვიტყვი, არ გამომკიდებიან. ასე, ორ-სამ საათში დამთავრდა ის ღონისძიება და იმავე გზით ვბრუნდები უკან. გახდა დამეზარა, ნიკანდროს ფორმით ვუზივარ საჭეს. ნომრები იცნეს და ისევ ჩამისტვინეს. გავჩერდი, გავაღე კარი და დინჯად გადმოვედი. გადმოვედი და წავედი ჯიქურ წრეში. ფორმამ თავისი გაიტანა, ამიღო სამივემ „ჩესტი“.
– ბოდიში, ბატონო ნიკანდრო, – თავი შეიფხანა ერთმა, – წეღან თქვენი მანქანა გავაჩერეთ, მარა საჭესთან ვიღაც უზრდელი აფერისტი იჯდა, ასე თქვა, კარლო ვარო.
– ჩემი მძღოლი იყო, – ვიცრუე წარბშეუხრელად.
– კიდევ ბოდიში, ბატონო ნიკანდრო (გაგებაში არ არიან, რომელ დროში ვცხოვრობთ), მიბრძანდით, თქვენ როგორ გაგაჩერებთ?!
რომ მივბრუნდი მანქანისკენ, დაბალი ინსპექტორი ეკითხება მაღალს:
– რომელი ნიკანდრო იყო ბიჯო, მაგი? რაცხა არ მეცნობა.
– რომელი და ქილია, ქილია, შე უტვინო… – ანათლებს მაღალი, – „დათა თუთაშხიას“ არ ხარ ნაყურები?!
ვანში კიდევ ერთი კვირა დავრჩი, მაგრამ აღარავის ჩაუსტვენია.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან