საზოგადოება

როგორ დალაშქრა ტიტე მიქაძემ ევერესტი და სად ცურავდა ის ზვიგენებთან ერთად

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 23.05, 2023 წელი

ტიტე მიქაძე
დაკოპირებულია

მოგზაური ტიტე მიქაძე ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო, საკმაოდ სახიფათო და განსაკუთრებული ექსპედიციიდან დაბრუნდა, რომლის შესახებაც ახლა თავად გვიამბობს.

- ტიტე, როგორ გადაწყვიტე ევერესტის დალაშქვრა - National Geographic-ის ექსპედიციის ფარგლებში და რას მოიცავს ეს ექსპედიცია?

ტიტე მიქაძე: ამერიკაში ყოფნისას დავუახლოვდი National Geographic-ის წარმომადგენლებს და მივიღე მოწვევა მათ ექსპედიციაში ჩართვის შესახებ პერუში, რომელიც გასული წლის 18 მარტს იყო. იქიდან გამომდინარე, რომ 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო, მე კი ბებიით უკრაინელი ვარ, გადავწყვიტე, არ იქნებოდა სწორი, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, ექსპედიციაში წავსულიყავი. ვარჩიე, უკრაინაში წავსულიყავი და უკრაინელი ხალხისთვის აღმომეჩინა დახმარება. ჩავედი, მივედი შტაბში, საიდანაც პროდუქცია მიმქონდა ლტოლვილებისთვის, ცხელ წერტილებში ვაგზავნიდით დახმარებას, ვზრუნავდით ცხოველებზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, ვაცნობე National Geographic-ს და ამის შემდეგ, ერთწლიანი ლოდინი მომიწია. ერთი წლის მერე ხელახლა მიმიწვიეს ექსპედიციაში, მაგრამ ამჯერად უკვე Everest base camp-ის დასალაშქრად.

ეს ექსპედიცია ნამდვილად რთულია, დაახლოებით, 120 კილომეტრის გავლა გიწევს ფეხით მთაში. ავდივართ 5 700 მეტრამდე. გზაზე საკმაოდ რთული პირობებია. მწირია საკვები და ხშირია მოწამვლის შემთხვევაც. ეს იყო შემეცნებითი ექსპედიცია, რომლის მიზანიც გახლდათ ადგილობრივების გაცნობა, მათ კულტურასა და ისტორიასთან ზიარება და აქედან გამომდინარე, უაღრესად საინტერესო იყო. გვყავდა ნეპალელი ექსპედიტორი, ნეპალელი ჰიმალაითმცოდნე, ექიმი, ნეტფლიქსის გადამღები ჯგუფი კანადიდან, მთამსვლელები, ფოტოგრაფები, მწერლები - ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან. სულ ათნი ვიყავით. ათიდან ერთ-ერთი გახლდით მე, რომელმაც მსვლელობიდან მეცხრე დღეს ქართული დროშა ავაფრიალე Everest base camp-ის თავზე, ზღვის დონიდან 5 362 მეტრის სიმაღლეზე.

- ცნობილი ამბავია, რომ ევერესტის სილამაზე ბევრს იზიდავს, მაგრამ ამ სილამაზის მიღმა, სამწუხაროდ, ბევრი ტრაგედია და სიკვდილი იმალება. კონკრეტულად ეს ლაშქრობა რა რისკებს მოიცავდა?

- როგორც ევერესტის მწვერვალზე, რომელიც 8 848 მეტრის სიმაღლისაა, ასევე, base camp-ზე მსვლელობისასაც ფიქსირდება ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. ეს არის საკმაოდ რთული გზა, რთული რელიეფით - კლდოვანი, ქვიანი და ყინულიანი. როგორც გითხარით, ხშირია მოწამვლის შემთხვევები. მე რომ ჩავედი, სწორედ მაშინ დაიღუპა ერთი ებრაელი მამაკაცი, რომელიც მოიწამლა 5 200 მეტრის სიმაღლეზე. სამწუხაროდ, ცუდი ამინდები იყო, ვერტმფრენი ვერ ავიდა, დახმარება ვერ აღმოუჩინეს და გაუწყლოებით გარდაიცვალა მესამე დღეს.

- ერთია წინასწარი წარმოდგენები და მეორე - რეალობა. როგორი აღმოჩნდა რეალურად ეს პროცესი? რა ემოციები მოიტანა ამ თავგადასავალმა?

- მოლოდინი იყო, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა. ამას წინასწარვე კარგად ვაცნობიერებდი, მაგრამ ფილმში, ფოტოებსა თუ ვიდეოებში ნანახ სილამაზეს მილიონჯერ გადააჭარბა რეალურად ნანახმა. პირველად შევიგრძენი მთის სიდიადე. პირველად შემეშინდა იქ ყოფნის. ევერესტი გაშინებს, მაგრამ თან გიზიდავს. გინდა, კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდე და ამ პროცესში საოცარი შეგრძნება გეუფლება. დანიშნულების ადგილას მისვლა საოცრად ემოციური იყო. წარმოიდგინეთ, ცხრა დღის განმავლობაში ნორმალურად არ გვიჭამია, არ გვძინებია, ყინვაში ვიყავით. -18 და -16 გრადუსში გვიწევდა ღამე ძილი. ასვლისას, დღეში დაახლოებით 9-10 კილომეტრს გავდიოდით, რაც მარტივი ნამდვილად არ იყო და ამ სირთულეების გადალახვის შემდეგ, დანიშნულების ადგილას მისვლა, მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და სიამაყის მომგვრელი მომენტი იყო. გარემო ზღაპრული, ჰიმალაური - დაწყებული ადამიანებიდან, დამთავრებული რელიეფით, კულტურით და ასე შემდეგ.

- საერთოდ, მოგზაურობა როდის დაიწყე?

- ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა გეოგრაფია და ისტორია. ამ საგნების დამსახურებით დავიწყე ოცნება მოგზაურობაზე. 18 წლის ასაკში დავიწყე ნულიდან ჩემი პირველი ბიზნესსაქმიანობა და ამან გამიხსნა გზა მოგზაურობისკენ. პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, ფილიპინები იყო. მას შემდეგ „მოვიწამლე“ და უკვე 12 წელია, ვერ ვჩერდები. ამ დროის განმავლობაში 76 ქვეყნის მონახულება შევძელი. ამ ქვეყნებიდან ბევრმა მოახდინა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ეგზოტიკური ფილიპინები, აფრიკული ქვეყნები - კენია, ტანზანია, ზანზიბარი, საოცარია იქაურობა, ცხოველთა სამყარო, მათი თავისუფალი გადაადგილება და ასე შემდეგ. გამოვარჩევდი ისლანდიას - იქ პირველად რომ ჩავედი, თავი სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე მეგონა. მინდა გამოვყო ბრაზილიაც, რიო -დე -ჟანეირო, ფაველები, კოპაკაბანა და ასე შემდეგ. ასევე, ამაზონის ჯუნგლები, იქაური საინტერესო ტომები, ამაზონის დელფინი, რომელიც ძალიან განსხვავებულია და ასე შემდეგ.

- სადმე სერიოზულ ხიფათში თუ გახვეულხარ?

- ერთი ამბავი გადამხდა ტანზანიაში, პასპორტი წამართვეს და ცდილობდნენ, ჩემთვის ფული გამოეძალათ. თავიდან დახმარება შემომთავაზეს გემის ბილეთის ურიგოდ შესაძენად, რომლითაც ზანზიბარში უნდა გადავსულიყავი. რატომღაც ვენდე და პასპორტი და ფული მივეცი. ცოტა ხანში მოდის ვიღაც და მეუბნება, შენი პასპორტი გაიტაცეს, მაგრამ მე შემიძლია შენი დახმარება, თუ ას დოლარს გადამიხდიო. ამან ძალიან გამაღიზიანა, თან პოლიციაც იქვე იყო. რომ შემხედეს და მიხვდნენ, არ დავთანხმდებოდი მათ შემოთავაზებას, სიტუაციის დაძაბვას, არჩიეს, უკან დაებრუნებინათ პასპორტი და ფული.

- ექსტრემი თუ არის შენი მოგზაურობის შემადგენელი ნაწილი?

- ექსტრემი ჩემი მოგზაურობის შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არის. მოგზაურობისას საკმაოდ სახიფათო გადაწყვეტილება არაერთხელ მიმიღია. მაგალითად, რიო -დე -ჟანეიროში ავსულვარ ფაველებში, მაშინ, როდესაც პოლიციაც მაფრთხილებდა, ეს არ გამეკეთებინა, რადგან რისკი დიდი იყო. ექსტრემალური იყო თუნდაც ეს მსვლელობა ევერესტზე, ასევე, ცურვა ზვიგენებთან ერთად მალდივებზე, დაივინგი მექსიკაში, რაც ფაქტობრივად, გულისხმობს დიდ ჭაში ჩასვლას და ასე შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი