საზოგადოება

როგორ დაკარგა საცხოვრებელი ალუაშვილების ოჯახმა და რა ტრაგედია გამოიარეს მათ

№53

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 04.01

ალუაშვილების ოჯახი
დაკოპირებულია

ალუაშვილების ოჯახი 2021 წელს ახალ, საკუთარ ბინაში შეხვდება. მამა-შვილი – ნუგზარ და ომიკო ალუაშვილები საზოგადოებამ ერთი ფოტოთი გაიცნო, რომელიც მერიის გადაწყვეტილებით აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟის დროს, შემთხვევით გადაიღეს. მართალია გაირკვა, რომ მათი სახლი არ დანგრეულა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოჯახი რთულ მატერიალურ პირობებში ცხოვრობს. ამბავი იმით დასრულდა, რომ თბილისის მერმა მათ ოთხოთახიანი ბინა აჩუქა. ალუაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრი , ალექსანდრე ოჯახის რთული ცხოვრების ისტორიას ,,თბილისელებს" უყვება.

ალექსანდრე ალუაშვილი: ექვსი და-ძმა ვართ. უფროსი და 29 წლისაა და ახლა მეხუთე შვილზეა ფეხმძიმედ. გვყავს მამა და, რა თქმა უნდა, სიძე. ყველა ერთად ვცხოვრობთ და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– დედა როდის დაგეღუპათ?
– მე და ჩემს უფროს დას დედა ცოცხალი გვყავს. ჩვენს უმცროს ოთხ და-ძმას ჰყავს დედა დაღუპული. მამაჩემის მეორე მეუღლე, დაახლოებით, ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. კარგი ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა შვილები. მოულოდნელად გაუსკდა გული 43 წლის ასაკში. ჯანღონით სავსე ადამიანი იყო და მანამდე კბილიც არ ასტკიებია, მაგრამ ერთ დილას მოულოდნელად გარდაიცვალა.
მაშინ ყველაზე პატარა – ლუკა ათი თვის იყო, ომიკო – სამი წლის. ყველასთვის რთულია დედის დაკარგვა, მაგრამ პატარებს განსაკუთრებით გაუჭირდათ მასთან განშორება. ლუკა თვეების იყო და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, ვერც ომიკო აცნობიერებდა მომხდარს, მაგრამ მიცვალებული დაკრძალვამდე სახლში რომ გვესვენა, ძალიან განიცდიდნენ. ომიკო, მით უმეტეს, სულ დედაზე იყო მიჯაჭვული. მაცივარში რომ გვესვენა მიცვალებული, ტიროდა, დედას შესცივდა, გადააფარეთო. დაკრძალვის დროს, მიწის დაყრა რომ დაიწყეს, მაშინაც ძალიან განიცადა, დედას ეტკინებაო.
დედის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა მათი გაზრდა. ჩვენი ცხოვრება დიდი ბრძოლა იყო. ჩემი და და მამიდა დაგვეხმარნენ და ბავშვები ყველამ ერთად გავზარდეთ. ომიკოს ახსოვს დედა, ლუკას – არა და გვეკითხება ხოლმე, ყველა ბავშვს ჰყავს, ჩვენი დედა სადაა, და ჩვენ ვეუბნებით, რომ ის ცაშია.
– როდესაც მამა მეორედ დაოჯახდა, როგორ შეხვდით ამ ამბავს?
– ცუდად (იცინის). მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა. თავიდან არ ვიცნობდით ამ ადამიანს და მამას ხშირად ვეჩხუბებოდით ამ ნაბიჯის გამო, მაგრამ როდესაც გავიცანით და მან თავისი თვისებები გამომაჟღავნა, მერე შევიყვარეთ და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
– აფრიკის დასახლებამდე სად ცხოვრობდით?
– მუშთაიდის ბაღში. მამა დაახლოებით ოცდაათი წელი მუშაობდა იქ. თავშესაფარი ჰქონდა გამოყოფილი და მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით. ასაკში რომ შევიდა, მუშაობა აღარ შეეძლო და უსამსახუროდ დარჩა. სამწუხაროდ, მის სამსახურთან ერთად სახლიც დავკარგეთ. ამის შემდეგ ჩვენი ძალებით ავაშენეთ სახლი აფრიკის დასახლებაში. ჩემი სიძე ხელოსანია და ამ საქმეში მან შეიტანა დიდი წვლილი.
– მრავალშვილიან ოჯახში ერთადერთი შემომატანი მამა იყო?
– მამა და მეც – 16 წლიდან ვმუშაობ. უცებ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით – საცხოვრებელს ვკარგავდით. მამამ რომ სამსახური დატოვა, მაშინვე ვერ გავიაზრეთ, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. რამდენიმე თვე ქირით ვცხოვრობდით და საკმაოდ მალე ბანკის ვალებით, მაგრამ სახლის აშენება მოვახერხეთ.
– 16 წლის ბიჭები, ძირითადად, მთლიანად მშობლებზე არიან დამოკიდებულები. სად მუშაობდით იმ ასაკიდან?
– 16 წლის არც ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. ცხოვრების ჟინი მქონდა, მინდოდა, იმაზე უკეთესი ყოფა მქონოდა, ვიდრე მქონდა. მინდოდა, ყველაფერი ჩემი ხელით გამეკეთებინა. თავიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი, კონკრეტულად გაჯის ხელოსანთან. სრულწლოვანი რომ გავხდი, სხვა, უფრო სტაბილური სამსახური მოვძებნე – დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. თავიდან მეეზოვე ვიყავი, მაგრამ თბილისის მერიის არა, კერძო დასუფთავების სამსახურში. ახლა „ისთ ფოინთში“ – ჩემს დიდ ოჯახში ვმუშაობ. ახლა სპეცპროექტის ცვლის უფროსი ვარ დასუფთავების სამსახურში. ფასადების წმენდა, სიმაღლეზე მუშაობა, გენერალური სამუშაობის ჩატარება – საკმაოდ ბევრი მოვალეობა მაქვს.
– 18 წლის ასაკში მეეზოვედ მუშაობა რომ დაიწყეთ, გქონდათ არასასიამოვნო მომენტები? სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თავს სხვებისთვის ზემოდან ყურების უფლებას აძლევენ.
– ძალიან ბევრი ეგეთი მომენტი ყოფილა, მიგრძნია, რომ ზემოდან გადმოუხედავათ, რადგან მეეზოვედ ვმუშაობდი, მაგრამ ბავშვობიდანვე დიდი ადამიანივით ვაზროვნებდი. არ მაინტერესებდა მათი რეაქცია. ვიცოდი, რა იყო სწორი, რა არასწორი, ისიც ვიცოდი, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი და ჩემს სამუშაოს პატიოსნად ვასრულებდი. მეორე-მესამე კლასიდან მქონდა ჩაბეჭდილი გონებაში, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
– იმ დროს რა იყო ამის ინსპირაციის წყარო?
– მე და ჩემი და სკოლა-ინტერნატში ვიზრდებოდით მშობლებისგან შორს და მოკლებული ვიყავით ოჯახურ ყოფას, რომელიც ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ძალიან კარგი კლასი და მასწავლებლები გვყავდა. მათთან დღემდე ვმეგობრობთ და ნათელმირონობაც გვაკავშირებს. ჩემი და 17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. ფაქტის წინაშე დაგვაყენა, გაგვეპარა. საბედნიეროდ, სიძე ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. თავიდან ცალკე ცხოვრობდა, მეუღლესთან ერთად, მაგრამ მამაჩემის მეორე მეუღლე რომ გარდაიცვალა, მან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო და-ძმაზე და მას შემდეგ ვცხოვრობთ ყველა ერთად. ახლა ოჯახში მე და ჩემი სიძე ვმუშაობთ, სოციალური დახმარებაც გვაქვს. შეიძლება; ბევრი არა, მაგრამ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მამა პროფესიით ელექტრიკოსია, სამსახურის დატოვებიდან მალე ინსულტი დაემართა და დღემდე მოჰყვება პრობლემები – მეტყველებაც დაქვეითებული აქვს და არც ფიზიკურად მუშაობა შეუძლია.
– დედასთან არ გაქვთ ურთიერთობა? როგორ გაიყო თქვენი გზები?
– ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ დაახლოებით, 23 წელია, რაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედას ახლა სხვა ოჯახი აქვს. დაშორების შემდეგ მე და ჩემი და მამასთან დავრჩით. პატარა ვიყავი მაშინ და დიდი დროც გავიდა, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ რთული იყო დედის გარეშე დარჩენა. მამიდა და მამა გვივლიდნენ, მაგრამ დედასაც არ გაუწყვეტია ჩვენთან ურთიერთობა.
– დედასთან გაუცხოების მომენტი არ გქონდათ?
– კი, გაბრაზებულები ვიყავით, რომ წავიდა. თუმცა დედაა და არასდროს გვითქვამს მასზე უარი. მამა და მამიდაც არ გვიხატავდნენ მდგომარეობას ტრაგიკულად.
– სკოლა-ინტერნატში როგორ მოხვდით?
– ცხრაწლიანი სკოლა-ინტერნატი იყო მაშინ „ზეემკაზე“, სადაც ორშაბათიდან პარასკევამდე ვიყავით და შაბათ-კვირას სახლში მოვდიოდით. მაშინაც გვიჭირდა და ალბათ, მშობლებმა ჩათვალეს, რომ ჯობდა, ძირითადად იქ ვყოფილიყავით. თუმცა, იქ გატარებული წლები ძალიან კარგად მახსენდება. რატომღაც „ინტერნატი“ უხეშად ჟღერს და ხალხს მასზე არასწორი წარმოდგენა აქვს. იქ ვსწავლობდით ისევე, როგორც ნებისმიერ სკოლაში სწავლობენ. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩვეულებრივ სკოლად გადაკეთდა, ძალიან მოსიყვარულე მასწავლებლები გვყავდა და არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინეთ. ჩემი აზრით, ცხოვრების სასწავლად, სწორის და არასწორის გასარჩევად, ჰარვარდის დამთავრება არაა აუცილებელი. ამის სწავლა ინტერნატშიც შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...