საზოგადოება

როგორ დაკარგა სამეგრელომ სამთავრო ეკატერინე ჭავჭავაძის სიჯიუტით

№40

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 10.10, 2023 წელი

უტუ მიქავა
დაკოპირებულია

„ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ვიცოდეთ სწორი ფაქტები“ – ასე იწყება ალეკო ელისაშვილის გადაცემათა ციკლიდან – „მეომრების ქვეყანა“ – ერთ-ერთი გადაცემა, სამეგრელოს გლეხთა სახალხო აჯანყებაზე, როცა ეკატერინე დედოფლის გაჯიუტებით სამთავრო უქმდება. აჯანყებულთა, ყმა გლეხთა მოთხოვნაზე – შეუმქმნან ადამიანური პირობები, შეუმცირდეთ გადასახადები – სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე სხვაგვარად პასუხობს. იგი გლეხთა დასაშოშმინებლად, დასახმარებლად, მათ შორის სამხედრო დახმარებისთვის, რუსეთს, ქუთაისის გუბერნატორს ნიკოლოზ კოლიუბაკინს მიმართავს. რუსეთიც ამ მომენტს ელოდა. აი, რა უთხრა აჯანყების მეთაურმა უტუ მიქავამ ქუთაისის გუბერნატორს: სამშობლო შეგვჯავრდა, ოხრადაც კი დარჩეს ისეთი სამშობლო, როცა თავიც კი ვერ შეგიფარებია სადმე, როცა შენზე ნადირობენ, ნადირივით დაგდევენო... ეს იყო ერთ-ერთი დიდი აჯანყება საქართველოს ისტორიაში. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ალეკო ელისაშვილი: „სამეგრელოს გლეხთა აჯანყება უმიზეზოდ არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზები, ძალიან კონკრეტული წინაპირობები. მასშტაბური წინაპირობა იყო, ეგრეთ წოდებული ყირიმის ომი (ყირიმის ომი შემდეგ დაერქვა) – ომი რუსეთის იმპერიას, საფრანგეთ-ბრიტანეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. მასში სარდინიის სამეფო და ერთი ორი პატარა ქვეყანაც მონაწილეობდა, მაგრამ ძირითადი დაპირისპირებული მხარეები იყვნენ ესენი – ერთი მხრივ, რუსეთის იმპერია და მეორე მხრივ – საფრანგეთი, ბრიტანეთი და ოსმალეთი. ბრძოლები ძალიან დიდ ტერიტორიაზე, მიმდინარეობდა, მაგრამ ძირითადი, ბრძოლა ყირიმის ნახევარკუნძულზე იყო. ამიტომ დაერქვა მას ყირიმის ომი (1854-1856 წლები). ფრანგებმა, ბრიტანელებმა და ოსმალებმა დესანტი გადასხეს ყირიმში და ბოლოს და ბოლოს სევასტოპოლი, ძალიან დიდი, გაჭიანურებული ბრძოლის შედეგად, მაგრამ მაინც აიღეს. კავკასიის ფრონტი ცალკე იყო. როგორც ყოველთვის, ქართველებისა და სომხების დახმარებით, რუსეთის არმიამ შეავიწროვა თურქეთის არმია მისსავე ტერიტორიაზე. ერთ დროს ისტორიული სომხეთის, ტაო-კლარჯეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, ალყაში იყო ყარსი. ძლიერი შეტევა მიმდინარეობდა. ამიტომ, ოსმალებმა გადაწყვიტეს, რომ სადმე სუსტი წერტილი ეპოვათ და რუსეთის ძალები დაექსაქსათ. ასეთი ადგილად მიიჩნიეს აფხაზეთი და 1855 წელს ბრძოლებში საკმაოდ გამოცდილი თურქი სარდალი, ომარ ფაშა გადმოვიდა აფხაზეთში, სოხუმის მიდამოში უზარმაზარ დესანტთან ერთად. მან აიღო სოხუმი და დაიძრა სამეგრელოს მიმართულებით. ენგურზე ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ერთი მხრივ, რუსების და მეორე მხრივ, სამეგრელოს სახალხო ლაშქარი იბრძოდა, მაგრამ ძლიერი შემოტევა იყო და შემოაღწიეს სამეგრელოში. რამდენიმე თვის განმავლობაში თურქებმა შეძლეს სამეგრელოს ტერიტორიის დაკავება. თუმცა, ერთადერთი ციხე ვერ აიღეს – ეს იყო ჭაქინჯვის ციხე. აქ, რა თქმა უნდა, ომარ ფაშამ, მაშინდელ მმართველებს დადიანებსა და დადიანთა რძალს, ეკატერინე ჭავჭავაძეს შესთავაზა, რომ მის მხარეზე გადასულიყვნენ და ერთად ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე კატეგორიული უარი მიიღო და ყველას გასაოცრად, ამ გაპრანჭულმა, თბილისელმა პატარძალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, რომელიც კარგ ცხოვრებას იყო მიჩვეული, უცბად აისხა იარაღი, თბილისშიც, ჭავჭავაძეებთან, კახეთშიც და სამეგრელოში, მით უმეტეს, დარაზმა ხალხი (პირისპირ ვერ შეებმებოდა) და დაიწყო პარტიზანული ბრძოლები. აი, ამ ქალის ვაჟკაცობით გაქეზებულმა სამეგრელოს მთელმა მოსახლეობამ იარაღი აისხა, როგორც იცოდნენ ხოლმე, გაიხიზნენ ტყეებში და დაიწყეს პატარ-პატარა ჯგუფების საოცარი ჩასაფრებებისა და საოცარი თავდასხმების მოწყობა. ბევრი ამბავი შემოგვრჩა ზეპირსიტყვაობით. დაწერილი ცნობები არ გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთი გადმოცემა, რომელიც დღემდე ცოცხლობს მარტვილის რაიონში და სოფელში, სალხინოში, არის ის, რომ ვინმე გმირი კახას მეთაურობით, ქართველებმა მოახერხეს, თურქების საკმაოდ დიდი რაზმი შეიტყუეს მდინარის ხეობაში და ერთ მოხერხებულ და დავიწროებულ ადგილას, ღამით, დაახლოებით, 50-კაციანი რაზმით თავს დაესხნენ მათ და როგორც ჩვენთან ხდებოდა ხოლმე, რამდენჯერმე აღმატებული მოწინააღმდეგე დაამარცხეს. და, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. მთელს სამეგრელოში მსგავსი ჩასაფრებები, მსგავსი თავდასხმები იყო. საერთო ჯამში, რამდენიმეთვიანი ლაშქრობის შემდეგ, ომარ ფაშა იძულებული გახდა, რომ ხმელეთის, გურიის გზით თურქეთში დაბრუნებულიყო და სამეგრელომ შეძლო, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ (თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ. უფრო მეტი თავდასხმა არც ყოფილა) ამ თავდასხმის მოგერიება. თურქები კუდამოძუებულები გაუშვეს სამეგრელოდან. მისი შემოჭრის შედეგები იყო სავალალო. მთელი სამეგრელო იყო გადამწვარი, გაძარცული, დანგრეული. მთელ სამეგრელოში ერთი მთელი ნაგებობა აღარ მოიპოვებოდა, თურმე, რომ აღარაფერი ვთქვა სოფლებზე, რომლებიც (თითქმის ყველა) გაპარტახებული იყო. შესაბამისად, მოსახლეობა იძულებული გახდა, როგორმე თავი გაეტანა – სარჩო და საბადებელი რომ ჰქონოდა, ტყეებში გახიზნულიყო და პატარ-პატარა მდელოები და ველები დაემუშავებინა, იქ დაეთესა სხვადასხვა მცენარე და უბრალოდ, ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ. შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე რამ მოხდა: წესით, ეკატერინე ჭავჭავაძეს (დადიანების რძალი) უნდა დაეყვავებინა სამეგრელოს მოსახლეობისათვის ასეთი გმირული წინააღმდეგობისთვის, ასეთი ბრძოლისთვის და თავზე ხელი გადაესვა. ასეთ დროს კარგი მმართველი ერთგვარ საგადასახადო შეღავათებს მიანიჭებდა და სხვადასხვა სასათბურე პირობებს შეუქმნიდა და მადლიერებას ასე გამოხატავდა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ მოხდა საპირისპირო. ამასობაში, სანამ ეს ყირიმის ბრძოლა მიდიოდა, გარდაიცვალა ნიკოლოზ პირველი, რუსეთის იმპერატორი და ახალი იმპერატორი, ალექსანდრე მეორე ტახტზე უნდა ასულიყო. ინაუგურაციის ცერემონიაზე ეკატერინე ჭავჭავაძე დაპატიჟეს. მისი იქ წასვლა, თავის ამალასთან ერთად, თან, კარგად გამოპრანჭვა, გამოწყობა, „ფრანციცული“ კაბების ყიდვა ძალიან დიდი ხარჯი იყო და ეს ხარჯი ეკატერინე ჭავჭავაძემ ისევ გლეხობას დააკისრა. მან სახლთუხუცესს ჩიქოვანს დაავალა, რომ მთელს სამეგრელოში, ტყეებში გახიზნული გლეხები, ყმები მოეძებნა, უკან დაებრუნებინა და მათთვის ახალი გადასახადები შეეწერა. ამასთან, გლეხებს დადიანების კუთვნილ კარ-მიდამოში, მიწის ნაკვეთებზე უფასოდ, მუქთად ამუშავებდნენ. ძალიან ამოუვიდათ ყელში სამეგრელოს მოსახლეობას და როგორც ამაყმა და ჯიუტმა ხალხმა, ფეხი დააბაკუნა და თქვა: არა! არავითარ შემთხვევაში ასე გაგრძელება, ასეთი უმადური და ასეთი სასტიკი დამოკიდებულება არ შეიძლებაო და მარტვილში, სალიპარტიანოში იფეთქა ამბოხების პირველმა ნაპერწკალმა, პირველმა ცეცხლმა. სოფელ სალხინოში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დადიანები გლეხებს მათ სასახლის კარზე აიძულებდნენ, უფასოდ ემუშავათ, აი, იქ გაჯიქდნენ. სამუშაო ინვენტარი დაყარეს, თოფები აიღეს და თქვეს, რომ დღეის იქით არანაირ გადასახადებს დადიანებს აღარ გადაუხდიდნენ და პირველ რიგში, ისინი საკუთარ თავს, საკუთარ სოფლებს, საკუთარ ოჯახებს მიხედავდნენ. სალხინოში დაწყებულ ამბოხებას სათავეში ჩაუდგა (თვითონ ხალხმა, დემოკრატიული წესით აირჩია ამ სოფლის გამორჩეული კაცი) უტუ თოდუა. სალხინოში დაწყებული აჯანყება თანდათან მთელ სამეგრელოს მოედო და ხანძრად იქცა. მეორე მძლავრი კერა დადიანების წინააღმდეგობისა და გლეხთა ამბოხისა იყო ჯვარი და იქ სახალხო ლაშქრის მეთაურად აირჩიეს მჭედელი უტუ მიქავა. საერთო ჯამში, მთელი სამეგრელო დადგა ფეხზე. მთელმა სამეგრელომ აისხა იარაღი და ყველა კატეგორიულ უარს აცხადებდა მუქთად მუშაობაზე, დამატებით შეწერილ გადასახადებზე. საერთო ჯამში, მთელი სახალხო მოძრაობა გაერთიანდა და ამბოხებულებმა (ძველი ციხის ადგილას) დადეს ფიცი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. სახალხო მოძრაობის ლიდერად აირჩიეს უტუ მიქავა. შემდეგ კიდევ უფრო აზვირთდა ეს მოძრაობა და (1856 წელს დაიწყო ამბოხება) 1857 წლის 12 მაისს ამბოხებულებმა იმდენი ქნეს, ზუგდიდიც კი არიეს – დადიანების მთავარი საყრდენი. ასევე, უარი შეუთვალეს ეკატერინე ჭავჭავაძეს რაიმე ფორმით მოლაპარაკებაზე. ამიტომ, ეკატერინე ჭავჭავაძე ბოლოს იძულებული გახდა, რომ დასახმარებლად რუსებისთვის მიემართა. სამეგრელო რუსეთს მაშინ ჯერ კიდევ ავტონომიის სატატუსით ექვემდებარებოდა, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სამთავრო იყო. რუსები ასე პირდაპირ და ღიად ვერ ერეოდნენ ხოლმე სამეგრელოს საქმეებში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკატერინე ჭავჭავაძემ მაინც რუსეთს მიმართა, ქუთაისის გუბერნატორს ნიკოლოზ კოლიბაკინს დახმარება სთხოვა, მათ შორის სამხედრო და რა თქმა უნდა, რუსებიც ამ მომენტს ელოდნენ. დაინახეს, რომ სამეგრელოში წყალი ამღვრა და მიხვდნენ, რომ ამ მღვრიე წყალში შეეძლოთ სწორედ მათთვის სასარგებლო თევზის დაჭერა და ეს თევზი, რა თქმა უნდა, სამთავროს გაუქმება იქნებოდა. ეს აზრი ისედაც თავში სულ უტრიალებდათ. განსხვავებით ეკატერინე ჭავჭავაძისგან, კოლიბაკინი შეხვდა ამბოხებულებს. და წარმოიდგნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გლეხები, ყმები, იყვნენ, როგორი მაგრები აღმოჩნდნენ, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს რვა პუნქტიანი მოთხოვნა – ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს, თან, ძალიან ადამიანური და მარტივი მოთხოვნები, მათ შორის: რომ დამატებითი გადასახადები აღარ დაეწესებინათ, რომ ადამიანების წამება შეწყვეტულიყო... რატომ არ უნდა შეესრულებინა ეს რომელიმე დადიანს, თუნდაც, ეკატერინე ჭავჭავაძეს. რას ითხოვდნენ ისინი – არაფერს, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური მოთხოვნები იყო, არანაირი პოლიტიკური მოთხოვნები. რა თქმა უნდა, კოლიბაკინმა დრო გაწელა, მან გადაწყვტა, რომ ამით მოეგო და თანდათან რუსული სამხედრო კონტინგენტი შემოეყვანათ. ჯერ საცხენოსნო პატრული შემოუყვანიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულები იარაღს არ ყრიდნენ, მაინც დაიწყო რუსული სამხედრო დაწოლა, წნეხი სამეგრელოს სამთავროზე. ბოლოს, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ რუსებმა შეძლეს სახალხო წინააღმდეგობის ჩახშობა. ორმოცამდე მოთავე, ლიდერი და ორგანიზატორი დააკავეს, მათ შორის ორი გამორჩეული სახალხო ლიდერი – უტუ მიქავა და უტუ თოდუა. ისინი რუსეთში, ერთსა და იმავე ადგილას არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს. იქიდან უტუ თოდუა ვერ დაბრუნდა ცოცხალი, ხოლო უტუ მიქავა დაბრუნდა და იგი ხალხმა სოფლის მამასახლისადაც აირჩია. ამასობაში რა მოხდა: გლეხების მოთხოვნები არ შესრულდა, ეკატერინე ჭავჭავაძემ თავისი ვერ გაიტანა, მაგრამ ერთადერთი რაც მოხდა, ამ ყველაფრიდან ხეირი ნახეს რუსებმა, რომლებმაც 1867 წელს, ამ აჯანყებიდან ათ წელიწადში, გააუქმეს სამეგრელოს სამთავრო და მთლიანად რუსეთის იმპერიას მიუერთეს. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, სამეგრელო-ოდიშის სამთავრო უკვე იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა