საზოგადოება

როგორ დაკარგა რეზო კლდიაშვილმა ნინო რამიშვილის თერმოსი და რატომ დაუბრუნა მას უკან საჩუქარი ნანი ბრეგვაძემ

№45

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 13.11

რეზო კლდიაშვილი
დაკოპირებულია

ქიმიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, დრამატურგი და ასე შემდეგ. დაჯილდოებულია დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიით – პროზაში, საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის დარგში – დრამატურგია, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით „წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის“ – „ზარატუსტრას ჟამი“. ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა საპატიო სიგელი. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიანიჭა წოდება – „ხელოვნების ქურუმი“. არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ეს, რეზო კლდიაშვილის მოგონებებით სავსე დღიურია, ვფიქრობ, მშვენიერი საჩუქარი ქართველი ერისთვის, ჩვენი მკითხველისთვის.

გომიაშვილის მაგიერ...

„რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ ჯერ მარჯანიშვილის თეატრში დადგა ჩემი პირველი პიესა – „საპოვნელა“ (1995 წელი), შემდეგ კი – რუსთაველის თეატრში – „შორაპნელი ქალბატონები“ (1998 წელი) და ასე შემიძღვა იმ სამყაროში, თეატრი რომ ჰქვია. დღესაც ახლო მეგობრები ვართ და არაერთ საინტერესო ამბავზედაც ვფიქრობთ… ვნახოთ.

ერთ საღამოს „ჩემი საპოვნელა“ უნდა ეთამაშათ მარჯანიშვილში. აგვიანებდა მსახიობი მიშა გომიაშვილი, რომელიც მეორე მოქმედებაში უნდა შესულიყო. არადა, დარბაზი მაყურებლით იყო გადაჭედილი. იძულებულნი იყვნენ, სპექტაკლი დაეწყოთ. სოფიკოს არ გაუმხილეს, რადგან სცენაზე იდგა უკვე. შევამჩნიე, რომ რეჟისორი მედეა კუჭუხიძე, რომელიც, ზოგადად, წარმოუდგენლად გაწონასწორებული ქალბატონია, ღელავდა. ბოლოს მე მომიბრუნდა:

– რეზო, ტექსტი ხომ გახსოვს?

– მახსოვს!

– გრიმი გაუკეთეთ! რეზო შევა სპექტაკლში გომიაშვილის მაგიერ!

სხვა გამოსავალი არც არსებობდა – კაცი მსახიობის ჭაჭანება არ იყო თეატრში და რომც ყოფილიყო, მერე რა? იმერულად გამოვიდე თავპატიჟი, თუმცა გულში ვოცნებობდი, გომიაშვილი არ მოსულიყო. რა შანსი მივარდებოდა? ბოლოს „დამითანხმეს“ და საგრიმიოროსკენ წავედი. ატყდა შეძახილი:

– მოვიდა! მოვიდა!

საერთო სიხარულს მეც შეუერთდი. რა მექნა?

ნეტა რა უნდა ამ კაცს

2001 წლის 22 ოქტომბერი. ფიქრის გორა. თეატრი „ვერიკო“. ჩემი მონოპიესის – „მარტოობის ბინადრის“ პრემიერაა. ჭკუაზე არა ვარ. პრემიერამდე ორი საათით ადრე „დავიშმოტკე“ – „ბლეიზერი“, ნაცრისფერი შარვალი, „ინსპექტორები“. რასაკვირველია, „დავიდუხე“; მოვახტი მანქანას და მივადექი თეატრის ეზოს. იქვე, კუთხეში, მარტოდმარტო იჯდა ბატონი კოტე. გამომხედა.

– ნერვიულობ?

ნირწამხდარმა ვუპასუხე:

– ცოტ-ცოტა!

მივუახლოვდი და როგორც მაშინ იყო მიღებული, გადავკოცნე. შეწუხდა ბატონი კოტე:

– რა არის, ამდენი სუნამო რომ დაგისხამს?

ახლა მე შევწუხდი – ნეტა რა უნდა ამ კაცს-მეთქი. გამომხედა და მითხრა:

– კაცს სისუფთავის სუნი უნდა ასდიოდეს და არა – სუნამოსიო!

რას მეუბნებოდა ბებიაჩემი ელიჩკა? რას გვიჩიჩინებენ დღეს? აგერ, ნახეთ, ამ კორონავირუსმა რამდენი კარგი საქმეც გააკეთოს და ეს ზედმეტი კოცნა-პროშნა მოვიშოროთ. როგორც ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი რამაზ ლაღიძე მეუბნებოდა: უარყოფითში დაინახე დადებითი!

წარმოდგენის ყურებისას საოცარი გრძნობა დამეუფლა. არ მინდოდა, რომ სპექტაკლი დამთავრებულიყო. გენიალურია სოფიკო. მთლიანად სპექტაკლიც არაჩვეულებრივია, ძალიან ღრმა, ძალზე თანამედროვე. ამავე დროს მასში რაღაც ქადაგებაც დავინახე. სულის ზეიმია. ამდენი განსაცდელის მიუხედავად, ადამიანი სულით არ უნდა დაეცეს. ჩვენც აუცილებლად უნდა გავუძლოთ გაჭირვებას. ნათელი წინაა!

ქალი მარაოთი

ქუთაისი ზაფხულობით საფრანგეთის ცნობილ ქალაქ კანს ემსგავსებოდა. თბილისიდან გასტროლებზე ცნობილი მსახიობები ჩამოდიოდნენ სხვადასხვა თეატრიდან – „ოპერისა და ბალეტის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის“, „მუსკომედიის“… ერთ ასეთ ზაფხულს ვნახე სწორედ, სრულიად შემთხვევით, სერგო ზაქარიაძის „ოიდიპოსიც“. სპექტაკლს სამი შემსრულებელი ჰყავდა – 12.00 საათზე ოიდიპოსს ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა; 15.00-ზე – სერგო ზაქარიაზე და 20.00-ზე – აკაკი ხორავა. იმ დღეს ქუთაისში ცხელოდა. თეატრის წინ უიმედოდ, მაგრამ ჯიუტად ვიდექი, მეგობრებთან ერთად. შეუძლებელს „ვეჭიდებოდით“ – შეპარვა გვინდოდა შენობაში. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდა თეატრის წინ უცნობი, სიმპათიური ქალბატონი – მარაოთი ხელში. ტალღასავით გადაიარა ხმამ – ფატი გოკიელი! ფატი გოკიელი! რუსთაველის თეატრის მაშინდელი დირექტორის – დოდო ანთაძის მეუღლე აღმოჩნდა ის უცნობი. ქალბატონი შეჩერდა. თითქოს ისვენებსო. შეჯგუფებულ ბავშვებს ღიმილით გადმოგვხედა და ხელით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. მკლავზე დამეყრდნო და გვარი მკითხა. ესიამოვნა, კლდიაშვილი რომ აღმოვჩნდი. მკითხა, სპექტაკლზე ხომ არ მინდოდა დასწრება. მორცხვად დავეთანხმე და ქალთან ერთად ავუყევი მესხიშვილის თეატრის პატარა აღმართს. ყურებჩამოყრილსა და გაოცებულ მეგობრებს ნიშნისმოგებით დავუქნიე შორიდან ხელი. ასე აღმოვჩნდი არა თუ სპექტაკლზე, რეჟისორის ლოჟაშიც კი. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შემოვარდა ლოჟაში აღელვებული მამაკაცი; მაყურებელთა დარბაზს აკვირდებოდა დაჟინებით, თან შიგადაშიგ ხმადაბლა გაიძახდა – „ბðჭâî, კóòჭèñè!“ სწორედ ეს უცნობი აღმოჩნდა დოდო ალექსიძე. ფატი გოკიელმა ჩემი თავი წარუდგინა რეჟისორს:

– დოდო, გაიცანი! ეს ყმაწვილი კლდიაშვილია!

– ოðჭâჰჭ? – ისე თქვა, ზედაც არც შემოუხედავს ჩემთვის. მხოლოდ მაყურებლით გადაჭედილი დარბაზით ტკბებოდა. ასე ვნახე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სპექტაკლში – „ოიდიპოს მეფე“ და ასე უცნაურად გავიცანი რეჟისორი – დოდო ალექსიძე.

მოცლილები

ქალბატონ ნინო რამიშვილთან ჩემი მოულოდნელი შეხვედრა მოსკოვში შედგა; მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმროში გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში, რა თქმა უნდა, „სუხიშვილებიც“ მონაწილეობდნენ. ჩემი მეუღლე – ირინა ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას და მეც ჩავედი მოსკოვში, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. არ იცით, გორკის სახელობის პარკში, საქართველოს პავილიონთან რა ხდებოდა. დილით სასტუმრო იცლებოდა. მხოლოდ მე და ქალბატონი ნინო ვსაუზმობდით ერთად სასტუმროს კაფეში. ამ დროს თენგიზი რეპეტიციებს ატარებდა; არც ჩემს მეუღლეს ეცალა ჩემთვის. „მოცლილები“ მხოლოდ ქალბატონი ნინო და მე ვიყავით. ქალბატონ ნინოს მანქანა ემსახურებოდა და ხან იუსიპოვის მამულში ვიყავით რესტორანში და ხან – სად. ამასობაში კარგადაც გამიცნო, გაიგო, რომელი „ოპერიდან“ ვიყავი. ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ახალგაზრდობიდან ახლობლობდნენ ირინას ბებიასა და ბაბუასთან. ჩემი გვარი და ზოგადად, კლდიაშვილობა მუდამ მშველის და აქაც მიშველა. ერთი სიტყვით, ავეწყვეთ. ქალბატონი ნინო მუდამ თან დაატარებდა უცნაურ, პატარა რკინის თერმოსს, ყავით, რომელიც მაშინ ჩემთვის „უცხო ხილი“ იყო. ერთხელაც მიამბო, რომ ცხელი ყავის გარეშე ვერ ძლებდა და თერმოსი ფრენისასაც მუდამ ასე ჩახუტებული დაჰქონდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალბატონმა ნინომ თერმოსი მაჩუქა. შევწუხდი, მაგრამ იმერლობა არ გამომივიდა. ერთხელაც დასავლეთში მარტო მივდიოდი ჩემი მანქანით. რიკოთს რომ გავცდი, პატარა სასაუზმესთან ცივი წყალი ავიღე და ყავა გავიკეთე. ნაცნობი შემხვდა, ვისაუბრეთ. თერმოსი და ცივი ყავა ქუთაისს რომ გავცდი, მაშინ გამახსენდა; გული დამწყდა. უკან ღამით გამოვიარე და იქაურობა დაკეტილი დამხვდა. ექვსი თვის შემდეგ ისევ მოვხვდი იმ სასაუზმესთან; მეპატრონეს უიმედოდ ვკითხე: თერმოსი დამრჩა და ხომ არ გინახავთ-მეთქი. კლიენტს ელაპარაკებოდა, არც შემოუხედავს, ისე მითხრა: ნახე, იმ თაროზე თუ დევსო და რას ვხედავ – თ ე რ მ ო ს ი! ჩემი თერმოსი!

ჩემი მაწყევარი გურანდა

1995 წელია. „მარჯანიშვილში“ დაიდგა ჩემი პიესა – „საპოვნელა“. პიესა ჩემმა მეგობარმა – მაია ბოკუჩავამ მიუტანა წასაკითხად ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს. მესამე დღეს დამიბარეს და რეჟისორი მედეა კუჭუხიძე გამაცნეს. გაიმართა პრემიერა. მოკლედ, მაყურებელი „მოასკდა“ თეატრს. სოფიკო ჭიაურელი დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ თეატრს. ერთ დღესაც თეატრის ფოიეში შემხვდა გურანდა გაბუნია და ხმამაღლა მომმართა:

– შენ ჩაგდევი თეთრ კუბოში!

– მე მეუბნებით, ქალბატონო?

– დიახ, შენ, ვაჟბატონო! – და გამშორდა.

ვიფიქრე, ეს რა მაგრად არის-მეთქი.

იმ დღის მერე რომ დავინახავდი ჩემს „მაწყევარს“, თვალს ვარიდებდი. გავიდა წლები. მე და ირინა სტუმრად მივდიოდით ჩემი მეუღლის ნათლიის – ზაზა კახიანის ოჯახში. ამ დროს მარჯანიშვილის მოედანზე, სადარბაზოდან გამოვიდნენ ბატონი ოთარი და გურანდა.

– ირინკა, ასე გვიან – კახიანებთან?

„აუ, – ვიფიქრე, – ეს ქალი კუდიანია, ამას ვის გადავეყარე-მეთქი“. ორივემ სიყვარული აუხსნა ირინას. მალიკო მრევლიშვილზე ისაუბრეს დიდი პატივისცემით. იმ დღის მერე შევრიგდით და დავმეგობრდით კიდეც მე და გურანდა. „ჩაგდევი თეთრ კუბოში!“ კი დღესაც ჩამესმის, თუ მცა საათივით კი ამეწყო საქმე მისი დაწყევლის შემდეგ: ორ წელიწადში ჩემი მეორე პიესაც დაიდგა „მარჯანიშვილში“ – „იადონას თეატრი“. მერე, რომ გავუშინაურდი, ვეხვეწებოდი კიდეც გურანდას, დამწყევლე-მეთქი. პასუხი: Îñòჭâü!

ნანის ამბავი სამ სერიად

პირველი სერია – 1969 წელი, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო საკონცერტო დარბაზში „ორერას“ კონცერტები იმართებოდა, მგონი, მთელი თვე. „ორერას“ წევრები „ინტურისტში“ ცხოვრობდნენ. მე პრაქტიკაზე ვიყავი ბათუმში. 20 წელი ახალი შესრულებული მქონდა. „ინტურისტში“ ვცხოვრობდი. ნანი ღიმილით მესალმებოდა, როგორც ყველას. ერთ მშვენიერ დღეს ხმა დაირხა – ჩარკვიანების აგარაკზე ნანის დაბადების დღეს უხდიანო. ნანი სასტუმროდან ამალით გამოვიდა. მე მარტო ვდგავარ – რას აკეთებო, – მკითხა. მხრები ავიჩეჩე. მიმითითა, იქვე მდგომ მანქანაზე, – ჩაჯექიო. ასე აღმოვჩნდი ნანის დაბადების დღეზე. თუ კარგად მახსოვს და არ მეშლება, 28 წელი შეუსრულდა – ასე ითქვა. იმ ზაფხულს, აგვისტოში კი, უკვე, ნანის წყალობით, პოლონეთში აღმოვჩნდი. როგორ? მეორე სერია: ბათუმიდან რომ ჩამოვედი, აგვისტოში, პოლონეთში უნდა გავმგზავრებულიყავი და კომკავშირის ცეკაში მითხრეს, ჯგუფიდან ამოგიღესო. როგორია? შეურაცხყოფილი გამოვედი ცეკას ეზოდან და ნანი შემხვდა, გამიღიმა. შემამჩნია უხასიათოდ ყოფნა, მიზეზი მკითხა. აქ დამელოდეო და ოც წუთში ჯგუფში ჩამსვეს. მესამე სერია. პოლონეთიდან რომ ჩამოვედი, ნანისთვის საჩუქარი მინდოდა მიმერთმია – მზის სათვალე. როგორღაც მოვახერხე. გამიღიმა და მითხრა – დიდი მადლობა, ძალიან მომწონს, მაგრამ ეგ სათვალე ჩემი და შენი სახელით იმ გოგონას აჩუქე, ვინც მოგწონს! შევუსრულე. გოგონა იქვე, მოშორებით მელოდებოდა. ნანის გამოვემშვიდობე და გოგონას მივუახლოვდი, სათვალე სახეზე მოვარგე – ნანი ბრეგვაძემ გაჩუქა-მეთქი და ბედნიერები გავუყევით ბარნოვის ქუჩას.

კარგი, ნუ გაახურე!

ჩემი მასწავლებლის – აკადემიკოს რამაზ ლაღიძის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე გამოვაქვეყნე წერილი – „ბატონი რამაზ ლაღიძე“, რომელიც, რასაკვირველია, მის მეუღლეს – ქალბატონ მზია ახმეტელს მივართვი. წერილი პარიზშიც გადაიგზავნა ბატონი რამაზის ძმების – ჯვანშერისა და თორნიკეს ოჯახებში. საუბარია მიტროფანე ლაღიძის შვილებზე. წერილი იღბლიანი აღმოჩნდა; ბევრმა დამირეკა. ის წაუკითხავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ევგენი ხარაძესაც და ქალბატონი მზიასთვის დაურეკავს – ჩემი ტელეფონის ნომერი უთხოვია. მე ხომ ეს ამბავი არ ვიცოდი? ერთ დღესაც ტელეფონი რეკავს. ყურმილს ვიღებ და ევგენი ხარაძის ხმით ვიღაც მკითხულობს

– ბატონ რევაზს სთხოვეთ!

– რას ღადაობ?!

პაუზა.

– ევგენი გაწუხებთ, ხარაძე. ბატონი რევაზ კლდიაშვილი ბრძანდებით?

– შანსი არაა! კარგი, ნუ გაახურე! რომელი ხარ?

პაუზა.

– ბატონო რევაზ, ქალბატონი მზია ახმეტელის ნებართვით გირეკავთ!

– ბატონოოო?!

და ბატონი ევგენი არ ბრაზდება. ბოლომდე მეუბნება, რატომაც დამირეკა.

ჩემს ბოდიშებს რა ფასი ჰქონდა. დანარჩენი არ მკითხოთ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა