საზოგადოება

როგორ დაიწყო თეა გუნთაიშვილმა პატრიარქის ქადაგების შემდეგ თოჯინების კეთება და მისი რომელი ნახატი ამშვენებს ევროპარლამენტს

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 02.08, 2022 წელი

თეა გუნთაიშვილი
დაკოპირებულია

თეა გუნთაიშვილის ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებს. მისი ტილოები, თოჯინები და მინიატიურული კომპოზიციები მნახველებს განსაკუთრებული ემოციებით კვებავს.

თეა გუნთაიშვილი: ჩემი სიყვარული ხელოვნების მიმართ ოჯახიდან მოდის. ჩემი დიდი ბაბუა, ერმილე გორდელაძე კულტურის კომისარი და იმავდროულად, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი გახლდათ. ის 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა – დახვრიტეს, ჩემი დიდი ბებია, ოლია დადიანი კი ციმბირში გადაასახლეს. ბაბუა – ირაკლი გორდელაძე დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, სამხატვრო აკადემიის პლაკატის სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო. დედა, მანანა გორდელაზე – მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, მე კი მხატვარ-გრაფიკოსი გახლავართ. ვმუშაობ გრაფიკაში, ფერწერაში, ვამზადებ ხელნაკეთ თოჯინებს და რაც ისევ ჩემს ოჯახსა და ბავშვობას უკავშირდება – ვაკეთებ მინიატურულ კომპოზიციებს. ერთ პატარა ყუთში ვყვები თემატურად ამბავს. მთელი ბავშვობა ვუყურებდი ბაბუას სახელოსნოში, თუ როგორ მუშაობდა თეატრის ესკიზებზე და ქმნიდა ქართული ფილმების კინოსა და თეატრის აფიშებს. ალბათ, ეს იყო ჩემი ინსპირაციის წყაროც და იმის განმსაზღვრელიც, რომ დღეს მე არ ვჩერდები.

– პირველად როდის სცადეთ განცდილის გადმოტანა შემოქმედებაში და რა ფორმით?

– ჩემი პირველი კომპოზიცია, რომელიც სამი წლისამ დავხატე, ძალიან მოსწონებია ბაბუას და უთქვამს, თეა ჩემს გზას გაჰყვებაო. ჩემს განცდებსა და ემოციებს ბავშვობიდან გამოვხატავდი. ჩემი დიპლომზე მუშაობისას, როდესაც სამხატვრო სკოლას ვასრულებდი, ის ავბედითი 9 აპრილის მოვლენები მოხდა. ტილოზე ზეთის საღებავებით ძალიან ემოციურად შევასრულე ჩემი სადიპლომო ნამუშევარი – ტიმოთეს ღვთისმშობლის მონასტერი, რომელიც დღეს უწმიდესის და უნეტარესის კერძო კოლექციაში ინახება, საჩუქრად გადავეცი.

– შეგვიძლია, პატრიარქის შეფასების, მისი თქვენი შემოქმედებისადმი დამოკიდებულების შესახებაც ვისაუბროთ?

– დიახ. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ პატრიარქის ქადაგების შემდეგ დავიწყე თოჯინების კეთება. როდესაც მან იქადაგა, მე მაშინ ვერ მივხვდი, რატომ უნდა მეკეთებინა თოჯინები. ახლა კი მაქვს ამის ჩემეული ახსნა. რამდენიმე თვის შემდეგ გარდამეცვალა ბებო და აი, მაშინ მივხვდი, რომ თოჯინა არის ბავშვობა: სუფთა, წრფელი და ლაღი. ფერწერულ ნამუშევართან ერთად, პატრიარქს საჩუქრად გადავეცი ოთხი ქართული დედოფალი. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მე თოჯინების კეთება მისი ქადაგების შემდეგ დავიწყე და მითხრა, არასდროს გაჩერდეო. რაც შეეხება ფერწერულ ტილოს, მკითხა: რატომ დახატე ტიმოთესუბანი, ბორჯომიდან ხართო? მისთვისაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ ეს ტილო 9 აპრილის თემას და ჩვენს დამოუკიდებლობას მივუძღვენი. ჩვენი მფარველი ჩვენი დედაეკლესიაა – ეს იყო ჩემი სათქმელი.

– პირველი თოჯინა ბებიის გარდაცვალების დღეს შექმენით.

– დიახ. ეს არის ოლღა ბებია, რომელიც არის ჩემი პირველი თოჯინა. მე ის გურულ ბებიებს მივუძღვენი. ეს თოჯინა გავაკეთე ბებიას გარდაცვალების დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი და სიცარიელე დამხვდა. მე ბებიამ გამზარდა და ძალიან გამიჭირდა მისი დაკარგვა. რას ვაკეთებდი და როგორ ვძერწავდი არ მახსოვს. ვერც ვხედავდი, მთელი სახე ცრემლით მქონდა დაფარული. მას შემდეგ დავიწყე თოჯინებზე მუშაობა და შევქმენი ჩემი უსაყვარლესი ოლღა ბებია, ილიკო და ილარიონი, რომელიც ახლახან დავასრულე და გადავწყვიტე, ჩავიტანო ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში და მას გადავცე საჩუქრად.

– ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში გქონდათ გამოფენა...

– მე ორი პროფესია მაქვს. ვარ მხატვარი და ასევე, ვარ საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციაში, პრესსამსახურის უფროსი და კულტურული პროექტების ხელმძღვანელი. მარტის თვეში, ჩვენი ორგანიზაციის ორგანიზებით, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ჩატარდა გამოფენა, რომელშიც ჩემთან ერთად სხვა მხატვრებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენის სახელწოდება იყო „ჩვენი ხედვა ევროპას“. მე, რა თქმა უნდა, თემატურად გამოვფინე ნამუშევრები, რომელშიც იყო მესიჯები იმის შესახებ, რომ ჩვენც მალე მოვხვდებით ევროპის ქოლგის ქვეშ. ნამუშევრებიც სწორედ ამას ასახავდა. ჩემი ნახატი – „ევროპის ქოლგა“ ძალიან ემოციური აღმოჩნდა ევროპარლამენტარებისთვის და სიმბოლურად, საქართველოსგან სამახსოვროდ დაიტოვეს. ასე რომ, დღეს ის უკვე ევროპარლამენტს ამშვენებს.

- ცალკე მინდა გამოვყოთ თქვენი ეზო, რომელიც ძალიან საინტერესოდ და ლამაზად გაქვთ გაფორმებული და რამდენადაც შესაძლებელია, მოგვიყევთ მის შესახებ…

– თბილისში ზაქარიაძის ქუჩაზე ვცხოვრობ. ჩვენს ქუჩას ყველაზე სუფთა და ლამაზი ქუჩის სტატუსი მიენიჭა. მისი სლოგანია „სახლი ეზოდან იწყება“. მე სულ რამდენიმე წელია, გადმოვედი ამ ქუჩაზე. პატარა ეზო მაქვს. პანდემიის პერიოდში, ეს იყო ჩემი სივრცე, სადაც თავისუფლად გავდიოდი და გადავწყვიტე, აქ შემექმნა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ადგილი, სადაც დავისვენებდით. აქამდე მცენარეებთან არანაირი შეხება არ მქონდა, მაგრამ გავწევრიანდი ჯგუფებში და ბევრი რამ გავიგე. დავრგე ხეები, ყვავილები, მოვხატე ჭიშკარი და ყველა იმ ძველ ნივთს, რომელიც მქონდა ახალი სიცოცხლე შევძინე. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა მოუაროს თავის სივრცეს და ერთად შევქმნათ ლამაზი სამყარო ჩვენ გარშემო. დღეს ჩემი დილა ჩემს ბაღში ჩემს მცენარეებთან ერთად იწყება. ისევე, როგორც ჩემს ნახატებსა და თოჯინებს, მათაც ვესაუბრები. აქ ყველაფერი ჩემი ხელით შევქმენი და დღეს ის უკვე ჩემი და ჩემი მეგობრების საყვარელი ადგილია.

– გამოდის, ხელოვნებას დიდ ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში.

– ჩემი საქმიანობიდან და ნატურიდან გამომდინარე, არ შემიძლია, ხელოვნებას დრო არ დავუთმო. ეს ჩემი ყოველდღიური სიამოვნებაა. მე ამით ვცოცხლობ. ეს არის ჩემი თერაპია, ჩემი სულიერი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი