როგორ დაიწყო ლიკა ბუხნიკაშვილმა მოულოდნელად ხატვა და რატომ რცხვენია მას, როცა მხატვარს უწოდებენ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.04

ლიკა ბუხნიკაშვილი თვითნასწავლი მხატვარია, გამორჩეული ისტორიით. მისი შემოქმედება ერთგვარი თერაპიაა, რომელიც პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.
ლიკა ბუხნიკაშვილი: ხატვა საკმაოდ გვიან ასაკში დავიწყე, სრულიად მოულოდნელად, ჩემი ავადმყოფობის გამო. საშინელი პანიკური შეტევები მქონდა და მკურნალობის პარალელურად, დროის გასაყვანად, გადავწყვიტე, რაღაც დამეხატა. ავიღე ფურცელი და ფანქარი და პირველად ანგელოზი დავხატე. „ფეისბბუქზე“ ავტვირთე ჩემი ნახატის ფოტო და ჩემდა გასაკვირად, ჩემს ბუთქუჩა ანგელოზს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზუსტად მიღებული კომპლიმენტების დამსახურებით განვაგრძე ხატვა. ეს პანდემიამდე ორი თვით ადრე ხდებოდა, ანუ პანდემიას დავასწარი და როცა პასიური პერიოდი დაიწყო, მე უკვე ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ვხატავდი გოგო-ბიჭებს, პუტკუნებს, გამხდრებს და ძალიან საინტერესო თემატიკა იყო. რომ ვათვალიერებ, ახლაც მომწონს ის ნამუშევრები. პანდემიამ და სახლში ჯდომამ ძალიან შემიწყო ხელი. უამრავი თავისუფალი დრო მქონდა. ასე და ამგვარად, დავიხვეწე, ჩემი სტილი დავიჭირე, მიმართულება ჩამომიყალიბდა. ძალიან მიხარია – უცხო გარემოშიც რომ ნახონ, უკვე ჩემს ნამუშევრებს ცნობენ. თან, პარალელურად, ვმკურნალობდი და მასთან ერთად ხატვა ერთგვარი თერაპიაც გამოვიდა. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასე დავარქვი ჩემს შემოქმედებას (იცინის).
– ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა?
– ვერ ვიტყვი, რომ ხატვით განვიკურნე, ეს შედეგი წამალმა მომცა, უბრალოდ, ხატვა მეხმარებოდა, რომ დრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გამეყვანა. ერთ ადგილს მიშტერებული არ ვიჯექი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფიც კი, როცა თავს საშინლად ვგრძნობდი, მაინც ვხატავდი. რაც უფრო ცუდად ვიყავი, უფრო მეტად ფერად ნახატებს ვქმნიდი. პარადოქსია, მაგრამ ასე იყო. შემდეგ ტელევიზიაში გააკეთეს სიუჟეტები ჩემ შესახებ, სტუმრად მიმიწვიეს. ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა ჩემს ნახატებზე, გამოიცა საბავშვო წიგნი „მშვიდობის ყვავილი“ ჩემი ნახატებით და ჩემი პოპულარობა გაიზარდა (იცინის).
– ალბათ, აუდიტორიის განსაკუთრებული კომპლიმენტებიც ერთ-ერთი მთავარი სტიმული გახდა თქვენთვის.
– გულით ვამბობ, რომ არა სოციალური ქსელები, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ხატვა 10-15 წლის წინ რომ დამეწყო, ოჯახის წევრებს ვაჩვენებდი, მოიწონებდნენ და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. ჩემი ფეისბუქ-მეგობრების გამოხმაურება ჩემთვის დიდი სტიმული გახდა. ამან გამაგრძელებინა ხატვა, თორემ შეუმჩნევლად ჩაივლიდა ჩემი ნიჭი, რომელიც ასე შემთხვევით აღმოვაჩინე.
– თქვენში ხატვის ნიჭი ამ ასაკამდე არ შეგიმჩნევიათ?
– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. სკოლის პერიოდში გადახატვა კარგად შემეძლო, სხვაზე მეტს ვაკეთებდი, მაგრამ არა იმდენად, რომ ამას გაგრძელება მოჰყოლოდა. განსაკუთრებული ნიჭი არ შემიმჩნევია. გადახატვის გარეშე არ ყოფილა გამონათებები, ანუ, დამოუკიდებლად ვერაფერს ვქმნიდი. თუმცა, ხატვა მიყვარდა და ძალიან მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი. ეს სურვილები სკოლის პერიოდშივე დასრულდა.
– ხატვა რომ დაიწყეთ, იდეები საიდან მოდიოდა?
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი. თითქოს, ჩემში რაღაც იყო დაგუბებული, მოდიოდა და მოდიოდა. ვულკანივით ამოხეთქა. არ ვიცი, როგორ ვხატავდი, არც ის ვიცი, როგორ ავითვისე ტექნიკა. ალბათ, ღმერთისგან მოდის. ახლაც, შეიძლება, არ ვიცოდე წინასწარ თემა, ტილო ავიღო და ხატვის დროს მომივიდეს იდეა და მაშინვე შევასხა ფრთები. ხატვის დროს უბედნიერესი ვარ და დასრულებისას, შედეგს რომ ვხედავ, მით უმეტეს.
ორი წლის წინ გამოფენა მქონდა, ახლა კიდევ ერთი გამოფენის გამართვას ვაპირებ, რადგან პირველი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მაისის ბოლოს მექნება „აბრეშუმის გალერეაში“ და ასამდე ნამუშევარს გამოვფენ.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ნახატების გაყიდვა ძალიან მიჭირს. შვილებივით არიან, მითუმეტეს, თუ უკვე „დავაჩარჩოვე“ და სახლში ადგილი მივუჩინე, საერთოდ ვეღარ ველევი. შეიძლება, ითქვას, რომ სახლში გალერეა მაქვს (იცინის). შესაძლოა, დადგეს დრო და ამაზე აქტიურად დავიწყო ზრუნვა. ამ ეპატზე მხოლოდ იმას ვყიდი, რაც მემეტება.
– შეკვეთებზეც არ მუშაობთ?
– ოღონდ შეკვეთები არ არსებობდეს (იცინის). რამდენჯერმე დავხატე შეკვეთით და ჩემთვის ეს ძალიან დიდი დისკომფორტი აღმოჩნდა. მე ვხატავ ჩემი სიამოვნებისთვის და როცა შეკვეთაზე ვმუშაობ, პასუხისმგებლობის გამო, ძალიან ვნერვიულობ, ამიტომ არ მიღირს, თავისუფლება მირჩევნია, მე ხომ იმიტომ ვხატავ, რომ ბედნიერი ვიყო, ამიტომ არ მინდა შეკვეთებზე მუშაობა. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ლექსის ან მოთხრობის ილუსტრაციებთან დაკავშირებით და უარი ვთქვი, არ მინდოდა, ზედმეტად მენერვიულა. ხატვას კომერციული კუთხით არ ვუდგები. ჯერ ვერ ველევი, მაგრამ რამდენი ნახატი უნდა დავაგროვო? ოდესმე ხომ უნდა გავყიდო? არ ვიცი, ვნახოთ (იცინის). გაჩუქება უფრო არ მიჭირს, გაყიდვა კიდევ სხვა არის.
– რა სიხშირით ხატავთ?
– პირველი სამი წელი დღეში 12 საათი ვხატავდი, სულ ვხატავდი. ახლა – აღარ. ახლა შეიძლება, ორი კვირა მეწვიოს მუზა, მთელი დრო ვხატო, მაგრამ მერე გადამიაროს. ახლაც პაუზა მაქვს, ალბათ, ამოიფრქვა, რაც შიგნით იყო დაგროვილი და უკვე ხასიათის მიხედვით მომდის ან არ მომდის მუზა. ახლა ჩემს ცხოვრებაში ცურვას უკავია დიდი ადგილი, ყოველდღე ვცურავ და რომ ვიცი, სახლიდან უნდა გავიდე, ასეთ დღეს ვერ ვარ ნაყოფიერი. ხატვის შეწყვეტა არ მიყვარს და როცა ვხატავ, მთელი დღე სახლში უნდა ვიყო, გარეთ გასვლა არ უნდა მიწევდეს.
– ოჯახშიც ხომ არ აიყოლიეთ ვინმე ხატვაში?
– დიდი ოჯახი მაქვს, მაგრამ – არა. უკვე ჩემს ნახატებსაც მიეჩვივნენ და აღარ აქვთ განსაკუთრებული ემოციები (იცინის). ადრე სულ ვეკითხებოდი, მოსწონდათ თუ არა. ახალი ნახატები ახლა უკვე ჩვეულებრივი მომენტი გახდა, აღარ უკვირთ.
– როგორც ვხვდები, თავიდან ბოლომდე თვითნასწავლი ხართ.
– აბსოლუტურად. არანაირი განათლება არ მიმიღია, ისეთი ვიდეოც კი არ მიყურებია, საიდანაც რამეს ვისწავლიდი და თავსაც ვერ დავდებ, შეიძლება, შეცდომითაც ვხატავ. მე ჩემი სტილი მაქვს, რომელიც მომწონს და მსიამოვნებს. ყველაზე ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემი მეგობარი პროფესიონალი მხატვრები მაქებენ ხოლმე. ამბობენ, რომ ძალიან კარგი მხატვარი ვარ. სიმართლე გითხრათ, კი მიხარია ამის მოსმენა, მაგრამ თან მრცხვენია. მხატვარს რომ მეძახიან, მგონია, რომ მივითვისე ეს წოდება. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ახლა ეს ნამდვილად თერაპიაა. როცა ვხატავ, ბედნიერების ჰორმონებით ვივსები.
პროფესიით პედაგოგი ვარ, ცხრა წელი დაწყებით კლასებთან ვიმუშავე, რის შემდეგაც ბიზნესით ვიყავი დაკავებული. გუდაურში ძალიან ლამაზი კოტეჯი მაქვს, „არტ ჰაუსს“ ეძახიან. ინტერიერზე მუშაობაც მიყვარს და იქაც იგრძნობა ჩემი ხელწერა, რაც ძალიან მოსწონთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან