როგორ დაიწყო გიორგი გიორგაძემ ძაფებით ხატვა და როგორ ეხმარება მას პროგრამირება ნახატების შექმნაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 22.09

გიორგი გიორგაძე ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ვინც ძაფებით ნახატებს აწყობს, ამაში კი საკუთარი პროფესია – პროგრამირება ეხმარება.
გიორგი გიორგაძე: ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. სიციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, როგორ იქმნებოდა ძაფით ნახატები, რაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა და რადგან იმ პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, გადავწყვიტე, მეცადა.
ეს იყო, დაახლოებით, სამი წლის წინ. პირველი ნახატი ძალიან ცუდი გამოვიდა, მაგრამ გადავწყვიტე, კიდევ მეცადა. ამ ტიპის ნახატი პროგრამით კეთდება, ნახატს ატვირთავ პროგრამაში და ალგორითმი გაძლევს ციფრებს, რომელსაც უნდა გაჰყვე, რომ შედეგი მიიღო. იმ პერიოდში პროგრამირებაზე ვსწავლობდი. ინტერნეტში რაც ვიპოვე, ის პროგრამა გადმოვწერე, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი, ამიტომ თვითონ გავაუმჯობესე და მისი საშუალებით მეორე ნახატი გავაკეთე. მეორე უკვე კარგი გამოვიდა.
მასალასაც მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდან ჩვეულებრივ სამკერვალო ძაფს ვიყენებდი, რაც ამ საქმისთვის ძალიან სქელია. შემდეგ გამოვიწერე ნეილონის ძაფი, რომელიც თმაზე ცოტა სქელია და ძალიან ლამაზი ნამუშევრები გამოდის.
– რა ჰქვია ამ საქმიანობას და საქართველოში თუ აკეთებს ვინმე, თქვენ გარდა?
– ამ შემოქმედებას სტინგარტი ჰქვია. ქართულად რომ ვთარგმნოთ ეს ძაფით ხატვას ნიშნავს. ეს სტინგარტის ერთ-ერთი მიმართულებაა. ინტერნტში რასაც ვუყურებ, პორტრეტებს, ძირითადად, ლურსმნებით ქმნიან და მერე ძაფით აფერადებენ. ეს ცოტა განსხვავებული მიმართულებაა – ლურსმნებით წრეს კრავ და ამ წრიდან ყველანაირი ნახატი შეიძლება აიწყოს, ისე, რომ ლურსმნები ფიქსირებულ პოზიციაზეა. ერთი წრე იძლევა სხვადასხვა ფორმის შექმნის საშუალებას, მთავარი აქ ძაფების მიმართულებაა.
– ძაფების მიმართულებას კი პროგრამა გიდგენთ, არა? ამ საქმით რომ დაკავდე, პროგრამისტი უნდა იყო?
– ასეა. პროგრამისტი შეიძლება, არ იყო, მაგრამ მოგიწევს პროგრამისტის პოვნა, რომ პროგრამა დაგიწეროს (იცინის). ამ მიმართულებით საზღვარგარეთ უფრო მუშაობენ. საქართველოში მხოლოდ ერთი იყო, თვალს ვადევნებდი, მაგრამ არ გამოსდიოდა და გვერდი დახურა. შეიძლება, ითქვას, რომ კონკურენტი არ მყავს. ინტერნეტში საჭირო პროგრამა ხელმისაწვდომი არ არის და ალბათ, ამიტომ. პროგრამირების ცოდნა უპირატესობაა. რაღაც თუ არ მომეწონება, როგორც პროგრამისტს, მე თვითონ შემიძლია კორექტირების შეტანა.
ჩემი სამი წლის წინანდელი და დღევანდელი ნამუშევრები ხარისხით ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან. დასაწყისში 2 500 მონახაზს ვაკეთებდი, ახლა რაოდენობა 4 500-მდე გავზარდე, შესაბამისად, ბევრად კონტრასტული და ლამაზი გამოდის. 240 ლურსმანს ვიყენებ, ყველას თავისი ციფრი აქვს და პროგრამა მეუბნება, ციფრების თანმიმდევრობას. სხვათა შორის, ლურსმნების შერჩევაც არ ყოფილა მარტივი. ბევრნაირი ვცადე და ახლა ვიწერ, რადგან აქ ვერ ვიპოვე ისეთი, როგორიც მინდოდა. ბოლოს რაც შევარჩიე, ძალიან წვრილია და ფაქტრობრივად, არც ეტყობა, ამიტომ უფრო ლამაზად ჩანს.
– რამდენად შრომატევადი პროცესია, რა დრო გჭირდებათ?
– პირველი პერიოდი ასაწყობად 12 საათი მჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 2 500 ხაზს ვიყენებდი. შემდეგ როგორც გითხარით, ხაზების რაოდენობა გავზარდე, მაგრამ, თუ არ გავჩერდები, უკვე 4 საათში შემიძლია დასრულება. გამოცდილებამ მომცა უფრო სწრაფად მუშაობის საშუალება. თუმცა, ამის ოთხი საათი გაუჩერებლად კეთება საკმაოდ რთულია, ამიტომ პაუზებს ვაკეთებ ხოლმე.
– რამდენად რთული სამუშაოა? ჩემი წარმოდგენით, ასეთი წვრილი ძაფით, ძალიან წვრილ ლურსმებზე ნახატის აწყობა საკმაოდ მყარ ნერვულ სისტემას მოითხოვს.
– კი, ძალიან დიდი მოთმინების უნარი სჭირდება. ძაფი თავიდან ერთ ადგილას მაგრდება, მერე ნახატი იწყობა და რომ დაასრულებ, მეორედ და ბოლოს მაშინ ამაგრებ. 4 500 ხაზი სადმე, შუაში რომ გაწყდეს, თავიდან ვიწყებ აწყობას. თორემ ელასტიკური ძაფია და ნახატი იშლება. აი, ეს ძალიან ცუდი მომენტია. წარმოიდგინეთ, ორი საათი რომ აწყობ, ძაფი გაგიწყდება და თავიდან იწყებ.
ეს კი რთულია, მაგრამ საერთოდ ისეთი პროცესია, თითქოს, გონებას ათავისუფლებ. არაფერზე ფიქრობ და პროცესს მიჰყვები. მე პირადად, არ მიყვარს დროის ტყუილად დაკარგვა და ნახატს რომ ვაწყობ, შემიძლია, პარალელურად ფილმს ვუყურო. უკვე დაზეპირებული მაქვს თითოეული წერტილი, საით უნდა წავიღო და ხელი ავტომატურად მოძრაობს.
– რამდენად ემოციურად გახსოვთ ის მომენტი, როცა პირველად გამოგივიდათ?
– პირველად რომ არ გამომივიდა, კიდევ ვცადე, მეორედ რომ გამომივიდა, შემეძლო, თავი დამენებებინა, რადგან ჩემი მისია შესრულებული იყო. თავიდან არ მიფიქრია ამ საქმის ბიზნესად ქცევაზე. უბრალოდ, სწავლის პარალელურად, თავისუფალი დრო მქონდა და რადგან ამ საქმემ ინტერესი გამოიწვია, ჩემი თავის გამოცდა გადავწყვიტე. ჯერ დედას სურათი ავაწყვე და მოეწონა. ეს რომ ნახეს, ჯერ ერთმა დამ მითხრა, მეც მინდაო, მერე – მეორემ და მაშინ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ნამუშევრები გამეყიდა კიდეც. ყველაფერი აქედან დაიწყო.
– ალბათ, ბევრს მოსწონს.
– ინსტაგრამ გვერდი შევქმენი, ნახატები განვათავსე. პირველი ნახატები ახლა ისეთი ლამაზი აღარ მეჩვენება, მაგრამ ხალხს ძალიან მოსწონდა და იმ ეტაპისთვის მეც მომწონდა. ბევრს ჰგონია, რომ ფანქრით შესრულებული ნახატი იყო, რომ იგებდენ ძაფებით იყო აწყობილი, უფრო ინტერესდებოდნენ და ნამუშევარს რეალურად რომ ნახულობდნენ, კიდევ უფრო მეტად მოსწონდათ, რადგან სინამდვილეში უფრო ეფექტურია, ვიდრე ფოტოზე.
– მარტივი სამუშაო ნამდვილად არ არის, ღირებულება როგორია?
– ღირებულება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ხალხს ჰგონია. თავიდან რომ დავიწყე, 200 ლარი ღირდა, ხაზები რომ დავამატე 250 ლარი გავხადე. ფასს რომ ვეუბნები ხოლმე, ძალიან იაფიაო მეუბნებიან და ბევრს 100-200 ლარი ზედმეტად მოუცია.
მოთხოვნას რაც შეეხება, როცა სოციალურ ქსელში აქტიური ვარ, ბევრი და თვეში შეიძლება, 20 გაიყიდოს, მეტის შესრულებას ფიზიკურად ვერ ვასწრებ. ეს ჩემი ჰობია და არა ძირითადი საქმიანობა.
– ამბობდით, ეს ხელოვნება ნაკლებად არის, ხელობააო. ხელოვნებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ხატვის ნიჭი არასდროს მქონია, მაგრამ გადახატვა შემეძლო. ხელობას რაც შეეხება, ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ტექნიკას, რაც სახლში გვქონდა, ვშლიდი. თავიდან ვაფუჭებდი, მერე აწყობაც ვისწავლე (იცინის). დღეს უკვე ბევრი რამ მაქვს ჩემი აწყობილი. ახლა ამ საქმით ვარ გატაცებული და ძირითადად, პორტრეტის სტილის ფოტოებს ვაწყობ, რადგან თუ ფოტოზე ბევრი დეტალი იქნება, ხარისხიანი აღარ გამოდის, კონტრასტი იკარგება. ასევე, მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში იწყობა, რადგან ნეილონი, რაც ამ საქმისთვის გამოიყენება, შავი და თეთრი უფერული არსებობს. სხვა ფერადი ძაფებით გაკეთება შეუძლებელია. ფონზე ფერის შეცვლა, ვცადე, მაგრამ არ მომეწონა.
– რამდენი წლის ხარ და პროფესიად პროგრამირება როგორ აირჩიე?
– 25 წლის ვარ. 10 წლიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, კონკრეტულად ციმბირში და ნავთობის მომპოვებელი ვიყავი, რაც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური იყო. განათლებაც შესაბამისი მაქვს. საქართველოში რომ დავბრუნდი, იგივე საქმიანობა ვეღარ გავაგრძელე. რადგან პროგრამირება მანამდეც მიტაცებდა, განათლება ამ მიმართულებით მივიღე და ახლა ამ სფეროში ვარ დაკავებული (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან